რომან აბრამოვიჩს რომან აბრამოვიჩის ნახევარი მილიარდი ფუნტი მართებს
იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთი მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა, გრანდ-კლუბებსაც კი უჭირთ თავის გატანა და ამის მაგალითებს პრაქტიკულად, ყოველდღიურად ვაწყდებით. რიგითი კლუბები კი, მაგალითად, ისეთი, როგორიც ინგლისური „პორტსმუთია“, ვალებშია ჩაძირული და გაკოტრებასთანაა ახლოს. „პორტსმუთმა“ 60 მილიონის დაფარვა ვერ მოახერხა და თავი ბანკროტად უკვე გამოაცხადა. ბრიტანეთში ეს „ისჯება“ და გუნდს ცხრა ქულას ჩამოართმევენ.
გასულ სეზონში კატალონიურმა „ბარსელონამ“ რისი მოგებაც კი შეიძლებოდა, ყველაფერი მოიგო. მიუხედავად, ამისა კლუბის მოგებამ მხოლოდ რვა მილიონი ევრო შეადგინა და ხომ წარმოგიდგენიათ, სხვები რა მდგომარეობაში იქნებიან.
„გასულ წელს მთლიანი გასავალი 216 მილიონი ევრო იყო, შემოსავალი კი რვა მილიონით მეტი, რაც ჩვენი გუნდისთვის სარეკორდოა. იმედია, სვლას ამ ტემპით გავაგრძელებთ და მომავალში უფრო მეტს მივიღებთ,“ – ეს განცხადება „ბარსას“ პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ ორიოდე კვირის წინ გააკეთა.
გადასახადების მაღალი პროცენტის გამო ყველაზე მძიმე დღეშია ინგლისური კლუბები. ბრიტანეთის ყველაზე მძლავრ და ტიტულოვან კლუბს, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვალი 700 მილიონი გირვანქა აქვს. კლუბის მფლობელი გლეიზერების ოჯახი გამოსავალს ვერ პოულობს და გუნდის სტადიონის – „ოლდ ტრაფორდის“ გაყიდვას აპირებს. არენის საწყისი ფასი ნახევარი მილიარდი ფუნტია და ეს თანხა ვალებს საკმაოდ შეამცირებს, მაგრამ თუ ეს მოხდება, გაყიდულ სტადიონზე „მანჩესტერს“ თამაში იჯარით მოუწევს და თითოეული შეხვედრის ჩატარება, სავარაუდოდ, 50 ათასი ფუნტი დაუჯდება.
ლონდონის „არსენალმა“ ვალები თითქმის 40 პროცენტით შეამცირა, რითაც პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამძლე კლუბის რეპუტაცია დაადასტურა. ახლა, „მეთოფეთა“ დავალიანება 203,6 მილიონ ფუნტს შეადგენს. კერძოდ, კლუბმა სარგებელი თავისი ძველი სტადიონის „ჰაიბერის“ ტერიტორიაზე 261 შენობის გაყიდვით ნახა. ლონდონელთა ხელმძღვანელობა კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას და შემდეგ თანხის ინვესტირებას ახალი ფეხბურთელების შეძენაში მოახდენს.
საინტერესო სიტუაციაშია ლონდონის „ჩელსი“. კლუბს ოფიციალურად 500 მილიონ ფუნტზე მეტი აქვს ვალი, მაგრამ ეს ვალი დედაქალაქურ კლუბს რომან აბრამოვიჩის კომპანიის მართებს.
„აბრამოვიჩი ბიზნესმენია. როცა მან „ჩელსი“ იყიდა, განაცხადა, რომ კლუბს ფინანსური პრობლემები არ ექნებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი გუნდს ფულს აჩუქებდა. „ჩელსი“ ვალს აბრამოვიჩის ბანკიდან იღებდა და ეს ვალი 500 მილიონს აჭარბებს და კლუბი ყოველთვიურ პროცენტს იხდის“, – ასეთია რუსი ოლიგარქის წარმომადგენლის განცხადება და ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო სიტუაციაა.
გამოდის, რომ გუნდი ვალს იღებს აბრამოვიჩის ბანკიდან, რათა ფული აბრამოვიჩის კლუბის განვითარებას მოხმარდეს და პროცენტს იხდის ისევ აბრამოვიჩის ბანკში. ამ ფინანსური ოპერაციის აზრი, ალბათ, მარტო თავად მილიარდერმა იცის.
შავ დღეშია „ლივერპულიც“. კლუბის ამერიკელმა მფლობელებმა ტომ ჰინკსმა და ჯორჯ ჯილეტმა ახალი სტადიონის მშენებლობა დააპირეს, მაგრამ, საამისო 500 მილიონს კი არა, ვალების გასასტუმრებლად საჭირო 600 მილიონსაც ვერსად შოულობენ. ამბობენ, მათ კლუბის გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილიო, მაგრამ ამ ეტაპზე მყიდველის პოვნა გაუჭირდებათ. გასულ კვირას „მანჩესტერის“ და „ლივერპულის“ ფანები გაერთიანდნენ და კლუბების ამერიკელი მფლობელების წინააღმდეგ ერთობლივი აქცია გამართეს. ისინი კატეგორიულად მოითხოვდნენ, რომ კლუბს არა ბიზნესმენი, არამედ ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანები მართავდნენ, მაგრამ ამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოვიდა.
აი, მადრიდის „რეალის“ ვალები ოფიციალურად სრულად არის დაფარული, თუმცა ამბობენ, რომ კლუბის ახალმა პრეზიდენტმა – ფლორენტინო პერესმა „საიდანღაც“ ოთხასი მილიონი ევრო მოიტანა.
„რა მნიშვნელობა აქვს, საიდან მოვიტანე ფული? ეს კლუბს ვალად არ დააწვება და არც პროცენტის გადახდა მოგვიწევს. როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვიღებდი, მაშინაც ვამბობდი, რომ ფულს ვიშოვიდი, თუმცა ამ გზების სხვისთვის სწავლებას არ ვაპირებ,“ – ამბობს პერესი.
კლუბში ფულის ჩადებას აღარ აპირებს კიდევ ერთი მილიარდერი სილვიო ბერლუსკონი. იტალიის პრემიერმა მხოლოდ წელს აღიარა, რომ 1986 წლის შემდეგ, როცა „მილანი“ იყიდა, წლიურად, საშუალოდ 20 მილიონს ზარალობს, ანუ მისმა ზარალმა დაახლოებით, ნახევარი მილიარდი შეადგინა. სწორედ ამიტომ, მან ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბში დიდ ინვესტიციებს აღარ განახორციელებს და თუ მწვრთნელი ახალი ფეხბურთელების ყიდვას გადაწყვეტს, ფულის შოვნა ძველი მოთამაშეების გაყიდვით მოუწევს.
მილიარდამდე ზარალს ითვლის მასიმო მორატი. მილანის „ინტერის“ მეპატრონემ ამხელა თანხა მხოლოდ ბოლო ოც წელიწადში იზარალა, თუმცა იტალიელი ნავთობმაგნატი ამბობს, სანამ კლუბი ჩემპიონთა ლიგას არ მოიგებს, მანამდე თანხას უშურველად გადავიხდიო.
ალბათ, ფიქრობთ, თუ ასეთი ზარალი მოაქვს საფეხბურთო კლუბებს, რატომ იკლავენ მათ ხელში ჩასაგდებად თავს მილიარდერები და რატომ აბანდებენ ფულს სპორტის ამ სახეობაში. არაოფიციალურად საქმე ტოტალიზატორებს ეხებათ და ვარაუდობენ, რომ დანახარჯს ბიზნესმენები სწორედ ტოტალიზატორებისა და გარიგებული მატჩების ხარჯზე ინაზღაურებენ. ოფიციალურად კი, კლუბის ფლობა არა მარტო ბიზნესია, არამედ ადგილი ელიტურ საზოგადოებაში და ნდობის დიდი ლიმიტიც.