ოჯახური წყვილი „მანჩესტერშიც“ ყოფილა
ინგლისში ჯონ ტერისა და უეინ ბრიჯის გარშემო ატეხილი სკანდალი ჯერ არ ჩამცხრალა და უკვე ახალმა სკანდალმა იფეთქა. შეგახსენებთ, რომ ტერიმ თავისი თანაგუნდელისა და მეგობრის, ბრიჯის ცოლი ჩაიგორა ლოგინში და ეს ამბავი ჟურნალისტებმა გამოქექეს. ახლა კი საქმეში „მანჩესტერის“ ფეხბურთელები არიან გარეული.
არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გასულ სეზონში თამაშობდა. წელს კი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავს. ჰოდა, გასულ კვირას იგი ვინმე მარიანა პაესანთან გამოიჭირეს. ტევესმა გოგონა სასტუმროს ნომერში აიყვანა და იქაურობა ორი საათის შემდეგ დატოვა. მავანმა ჟურნალისტმა მარიანა იცნო და გაახსენდა, რომ ეს გოგო ერთი თვით ადრე იმავე სასტუმროში „მანჩესტერის“ ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ მიაცილა. ფეხბურთელებმა კომენტარზე კატეგორიული უარი განაცხადეს, მარიანამ კი საინტერესო რამ თქვა.
„მე ჯანმრთელი კაცები მიყვარს და მნიშვნელობა არ აქვს, რა გვარის იქნება. მაგალითად, როცა საქმე ფეხბურთელთან გაქვს, ზუსტად იცი, რომ ის მინიმუმ 90 წუთის განმავლობაში არ დაიღლება“, – განაცხადა ქალმა.
ამ ამბავში საინტერესოა არა მარტო ის, რომ თანაგუნდელები ერთ ქალთან გამოიჭირეს, არამედ ისიც, რომ ევრას და ტევესს ცოლები ჰყავთ.