რა მამაკაცური ფუნქციები ირღვევა გარეთა სასქესო ორგანოების დაზიანებისას და როგორ მკურნალობენ პათოლოგიას
მამაკაცის სასქესო ორგანოების მექანიკურ დაზიანებათა შორის, სიხშირის თვალსაზრისით და არა მარტო ამ მიზეზის გამო, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისეთ „ვერაგ“ პათოლოგიას, როგორიცაა სასქესო ასოს მოტეხილობა. საზოგადოების ნაკლებად ინფორმირებულობის გამო, საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას მოუმზადებელი ხვდება დაზარალებული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარეთა სასქესო ორგანოების დაზიანებისას, ასოს მოტეხილობა 40-50 პროცენტის შემთხვევაში ვითარდება, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. პრობლემის შესახებ გვესაუბრება უროლოგი ალექსანდრე ბუზალაძე.
– რა ფაქტორები იწვევს ასოს მოტეხილობას?
– სასქესო აქტის დროს ხშირად ვითარდება ნახეთქები ან სისხლჩაქცევები კანის ზედაპირზე, რაც ცალკეულ შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევასაც კი საჭიროებს. გარეთა სასქესო ორგანოების, განსაკუთრებით კი სათესლე ჯირკვლების მექანიკური ტრავმისას, არა მარტო სისხლდენა და ნახეთქები ვითარდება, შესაძლებელია ასევე, ადგილი ჰქონდეს ტრავმულ შოკს, რომელიც უეცარი სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზია. დაზიანებათა მრავალფეროვან ტიპებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე ხშირია სასქესო ასოს მოტეხილობა. მსგავს მოვლენას ადგილი აქვს ერეგირებული ასოს მკვეთრი მოღუნვისას, ასევე მძიმე სხეულის მოხვედრის ან გაუპატიურების მცდელობისას. ეს უსიამოვნო მოვლენა საკმაოდ გახშირდა ჩვენს ქვეყანაშიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ზოგადად კი, შემთხვევათა საერთო მაჩვენებელი სოლიდური ნამდვილად არ არის. იმავდროულად, პრობლემა ძირითადად, არატრადიციული ორიენტაციის მამრობითი სქესის წარმომადგენლებში გვხვდება. მიაჩნიათ, რომ ტრავმირების რიცხვის მატება, დაკავშირებული უნდა იყოს ახალგაზრდების ზედმეტად თავისუფალ სქესობრივ ცხოვრებასთანაც. ახალგაზრდებს სულ უფრო ხშირად აწუხებთ უცნაური იდეები და გაუკუღმართებული სექსიც საკმაოდ გახშირდა. შესაბამისად, შედეგმაც არ დააყოვნა.
– რა ტიპის დაზიანებას განარჩევენ და როგორია პროგნოზი ცალკეულ შემთხვევაში?
– ისევე როგორც მრავალი ორგანოს მექანიკური დაზიანებისას, სასქესო ასოს ტრავმაც იყოფა ღია და დახურულ დაზიანებებად. დახურული ტრავმის თანმდევია კანის ან კანქვეშა წარმონაქმნის დაზიანება, გართულებულ შემთხვევებში კი, ზიანდება კავერნოზული სხეულიც. კავერნოზული სხეული სასქესო ასოს სისქეში მდებარე ანატომიური წარმონაქმნია, რომელიც პასუხისმგებელია ერექციაზე. ერექციას ეს სხეულაკი ახორციელებს მასში სისხლის შეგუბების გზით და ამგვარად ზომაში მატებით. ტრავმის გამომწვევი აგენტის ზემოქმედების შედეგად, ერეგირებულ სასქესო ასოზე შესაძლოა, განვითარდეს კავერნოზული სხეულაკის მოტეხილობა, რადგან წარმონაქმნი ქსოვილის ელასტიკური შემცველობა უმნიშვნელოა და ამიტომ საკმაოდ მყიფეა. სასქესო ასოს დაზიანების თანმდევია სისხლის მასიური გაჟონვა კანში ან კანქვეშა ქსოვილში. ამის შემდეგ ვითარდება ორგანიზმის საპასუხო რეაქცია – ანთება, ხშირად ასო შავი შეფერილობის ხდება და ჰემატომის გამო მკვეთრად იმატებს ზომაში. ამ დროს აღინიშნება ძლიერი ტკივილი და პანიკის ელემენტები დაზარალებულის მხრიდან. კავერნოზული სხეულაკის დაზიანებისას, შედარებით დიდი ზომის ჰემატომა ვითარდება. სისხლჩაქცევა შესაძლებელია, სათესლე ჯირკვლების მიდამოში და შორისზეც კი გავრცელდეს, შესაბამისად, იზრდება ინფექციის განვითარების საფრთხე და მექანიკური დაზიანება ქსოვილების განშრევების გამო.
ღია დაზიანება ვითარდება ჭრილობის გამომწვევი საგნებით ზემოქმედების ან ცხოველის ნაკბენის შედეგად. გარეთა სასქესო ორგანოზე საკმაოდ ხშირად ფიქსირდება ძაღლის ნაკბენი. დანით მიყენებული ჭრილობის გამო, კავერნოზული სხეულების დაზიანებისას, ადგილი აქვს ძლიერ სისხლდენას. სისხლდენის სიძლიერის გამო, მრავალი გართულების პარალელურად, შოკიც არის მოსალოდნელი. ხშირად, მსგავს შემთხვევებში, იშემიური პროცესების ხანგრძლივობის გათვალისწინებით და ქსოვილში ნორმიდან გადახრილი შეუქცევადი პროცესების განვითარების გამო, საჭირო ხდება ისეთი სასტიკი ქმედების განხორციელება, როგორიცაა კავერნოზული სხეულის ნაწილობრივი ან სრული ამპუტირება.
– რა სახის მკურნალობა სჭირდება?
– სასქესო ასოს დაზიანება, მიუხედავად იმისა, ღიაა ის თუ დახურული, სასწრაფოდ ექვემდებარება ქირურგიულ ჩარევას. ავადმყოფის გადაყვანა საავადმოფოში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და ამისკენ მოწოდება საჭირო არც უნდა იყოს, რადგან ერთი შეხედვით, ძნელი წარმოსადგენია მამაკაცი, რომელიც მშვიდად ზის სახლში ასეთი სირთულის ტრავმის შემდეგ, მაგრამ გამოცდილებამ ცხადჰყო, რომ სირცხვილის მომენტის სიმძაფრის გამო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ავადმყოფთა მნიშვნელოვანი ნაწილი ექიმს მოგვიანებით მიმართავს, დაგვიანება კი მრავალ გართულებას იწვევს. ღრმად მდებარე ქსოვილების დაზიანებისას, საჭიროა გაიხსნას ასოს ზედაპირი ქირურგიული განაკვეთით და ევაკუირებულ იქნას ჰემატომა. შრეებს ედება სპეციფიკური და ერთმანეთისაგან განსხვავებული ნაკერები. ჩაურევლობის შემთხვევაში, შესაძლებელია, განვითარდეს მყისიერი ინფექცია, ანთება და შედეგად, ვითარდება იმდაგვარი ცვლილებები ანატომიურ წარმონაქმნებში, რომ შემდგომში ნორმალური ერექციის მიღწევა შეუძლებელი ხდება. კავერნოზული სხეული ასოში წყვილია, რომელიმე მათგანის დაზიანების შემთხვევაში ასო შესაბამის მხარეს გადაიხრება.
ღია დაზიანებისას აუცილებელია ჭრილობის დამუშავება, ნეკროზული ქსოვილის მოცილება, ანატომიური მთლიანობის აღდგენა. სასქესო ასოს ამპუტირებისას, საჭირო ხდება ფალოპლასტიკა – პლასტიკური ოპერაცია, რომელიც აღადგენს პენისს. ასოს დაზიანებას, ხშირად თან სდევს შარდსადენის დაზიანება, რომელიც თავის მხრივ სხვაგვარ მკურნალობას და ქირურგიული ჩარევის სხვა მეთოდებს საჭიროებს. ყველაზე ხშირად ახორციელებენ შარდის ბუშტზე ხვრელის შექმნას, შედეგად შარდი გამოიყოფა კათეტერის საშუალებით, რომელიც ბოლოვდება შორისის მიდამოში. შემდგომ კი აუჩქარებლად აკეთებენ პლასტიკურ ოპერაციებს, რომელთა შედეგად შესაძლებელია, ნორმალური ანატომიის სრული აღდგენა.
– რა პირველადი დახმარებაა საჭირო კრიტიკულ სიტუაციაში?
– სასქესო ასოს ღია დაზიანებისას, პირველადი დახმარება იწყება ასეპტიკური ნახვევის გაკეთებით, რადგან განვითარებული ძლიერი სისხლდენის შედეგად, ინფექციის გავრცელების დიდი საფრთხე იქმნება. სისხლდენის შეჩერება ხერხდება მხოლოდ ლახტის დადებით, რომელიც სასურველია იყოს რეზინის. თუ მისი შოვნა შეუძლებელია ექსტრემალური სიტუაციის გამო, ნებისმიერი ქსოვილი, თუნდაც ცხვირსახოცი შეგვიძლია, გამოვიყენოთ. დასაშვებია, საჭირო გახდეს, ასოს სრული ამპუტირებაც, რაც სიცოცხლისათვის მეტად საშიშია. მსგავს სიტუაციაში უნდა შეძლოთ ემოციებთან გამკლავება და ხელი არ უნდა ჩაიქნიოთ, რადგან 24 საათის განმავლობაში, შესაძლებელია მისი უკან მიკერება. ტრანსპორტირებისთვის, მოკვეთილი ნაწილი უნდა მოათავსოთ რაიმე ჭურჭელში, ან თუნდაც, პოლიეთილენის პარკში, შემდეგ კი მას თავის მხრივ ათავსებთ ყინულიან ჭურჭელში. ტემპერატურის ამგვარად დაწევის წყალობით, მეტაბოლიზმის პროცესები ქსოვილებში შენელდება და გახანგრძლივდება „შენახვის ვადა”. კარგი ქირურგი შეძლებს მეტად ზუსტი და ნაკლებად ტრავმული ნაკერების დადებას. როგორც წესი, ძირითადად, ამ ამოცანას ექიმები წარმატებით ართმევენ თავს.
– რა საშუალებები არსებობს იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთა სწრაფი განკურნება ვერ მოხერხდა და რა გართულებები მოსდევს ტრავმას?
– დაზიანების სირთულის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევაში მკურნალობა ვერ ხორციელდება ერთ მომენტად. ამ დროს ორგანოები ზიანდება. უპირველესად აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად, თუნდაც მოგვიხდეს ასოს ამპუტირება. თანამედროვე მედიცინის წყალობით, საკმაოდ მრავალფეროვანი პლასტიკური ოპერაციებია დანერგილი, რომელთა შედეგად შესაძლებელია, დაზიანების სიმწვავის მიუხედავად, 90 პროცენტის სიზუსტით მოხდეს გარეთა სასქესო ორგანოების ანატომიური თავისებურებების აღდგენა. ასოს დაზიანების შემდეგ, რეკონსტრუქციული მკურნალობის წყალობით, უშვილობის საფრთხე აღმოიფხვრება 80-90 პროცენტში, ამიტომ პრობლემის ძირითად გართულებად ფსიქოლოგიური ფაქტორი რჩება. ასეთ მამაკაცს თავი არასრულფასოვნად მიაჩნია და მისი ცხოვრება საკმაოდ დუნე ხდება. ამიტომ, სამედიცინო მკურნალობა უნდა მოიცავდეს ფსიქოლოგის დახმარებასაც.