ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს უცხოეთში. მე მივმართე სასამართლოს სასარჩელო განცხადებით, სადაც განვმარტე, რომ დადგენილიყო ჩემი ბიძაშვილისა და მისი მეზობლის სახლებს შორის სასაზღვრო მიჯნა. სასამართლომ უარი მითხრა სასარჩელო განცხადების მიღებაზე. სწორია თუ არა სასამართლოს მოქმედება?
პასუხი: სასამართლოს მოქმედება სწორია, რადგან საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება მხოლოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონის დაცული ინტერესების დასაცავად.
კითხვა: ჩემმა მეგობარმა მეზობლისგან ისესხა 5 000 დოლარი. ორი მოწმის თანდასწრებით შედგა ზეპირი ხელშეკრულება, რომ ფულის ვერდაბრუნების შემთხვევაში ჩემი მეგობარი გადაუფორმებდა მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილს. იურიდიულად სწორია თუ არა ეს ხელშეკრულება?
პასუხი: საგარანტიო ხელშეკრულება ბათილია, თუ ის არ არის შედგენილი წერილობითი ფორმით.
კითხვა: შეიძლება თუ არა, სოხუმში არსებული ჩემი კანონიერი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთი და ციტრუსების ბაღი ვუანდერძო ან ვაჩუქო შვილიშვილს, რომელიც ცხოვრობს ბათუმში ანუ არ არის დევნილი და, თუ შეიძლება, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული?
პასუხი: საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით (სამოქალაქო კოდექსი), ანდერძით მემკვიდრეობის, ჩუქებისა და ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ხორციელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისი გაკეთება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა აფხაზეთის ან სხვა რეგიონის მცხოვრები. ხარჯები იანგარიშება სანოტარო წესით, შესაბამისი ნიხრების მიხედვით. რაც შეეხება ფაქტობრივ მხარეს, აღნიშნული ტერიტორია არ კონტროლდება საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ თქვენი სურვილი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმებით. ოღონდ, დე-ფაქტო ხელისუფლება ქართული ეროვნების მოსახლეობის ქონების გასხვისების უფლებას აძლევს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მეანდერძე, დასაჩუქრებული ან მყიდველი ქართველი არ არის.
კითხვა: სასამართლოში განიხილებოდა სამოქალაქო საქმე მოქალაქის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. მოსარჩელემ იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე, რომ გამოეთხოვათ სისხლის სამართლის საქმის მასალები პოლიციიდან, რომელიც შეეხებოდა მოპასუხის წარმოების დირექტორის მიერ სხვისი ქონების დატაცების ფაქტებს. სასამართლომ განჩინებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა. კანონიერია თუ არა მოსამართლის ქმედება?
პასუხი: მოსამართლის ქმედება კანონიერია, რადგან სასამართლო არ გამოითხოვს მტკიცებულებას, რომელსაც კონკრეტული საქმისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
კითხვა: საქართველოს მოქალაქემ ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ჩაიდინა ქმედება, რომელიც აღნიშნული სახელმწიფოს კანონით დანაშაულად ითვლება, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ასეთი ქმედების დასჯა გათვალისწინებული არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში მის მიმართ გამოცხადდა ძებნა, მაგრამ მან მოახერხა საქართველოში დაბრუნება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მოსთხოვა მისი დაკავება და გადაცემა. რას ითვალისწინებს საქართველოს კანონები ამ შემთხვევაში და გადასცემენ თუ არა საქართველოს მოქალაქეს ამერიკის შეერთებულ შტატებს?
პასუხი: არ გადასცემენ, რადგან საქართველოს მოქალაქის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად ან სასჯელის მოსახდელად, კანონის მიხედვით, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა არ შეიძლება.
კითხვა: რა განსხვავებაა ამხანაგობასა და არარეგისტრირებულ კავშირს შორის?
პასუხი: არარეგისტრირებული კავშირი არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, ხოლო ამხანაგობა მიზნად ისახავს შემოსავლების მიღებას.
კითხვა: სამმა მეგობარმა მთვრალ მდგომარეობაში ავტომანქანის მძღოლი დანის მუქარით გადმოსვა ავტომანქანიდან. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, ავტომანქანით გაესეირნათ თბილისის ზღვაზე და დაბრუნების შემდეგ მანქანა მესაკუთრისთვის დაებრუნებინათ, რაც გააკეთეს კიდეც – მანქანა დაზიანების გარეშე დაუბრუნეს პატრონს, მაგრამ მეორე დღეს სამივე (ერთი არასრულწლოვანი) დააკავეს. სწორად მოიქცა თუ არა პოლიცია და როგორ შეფასდება მათი ქმედება?
პასუხი: პოლიციის ქმედება სწორია, ნასვამი პირების საქციელი კი შეფასდება, როგორც ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება დროებითი გამოყენების მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით.
კითხვა: ჩემმა 14 წლის შვილმა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები გადასცა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. როგორ შეფასდება მისი მოქმედება?
პასუხი: როგორც სახელმწიფოს ღალატი, გამოხატული ჯაშუშობით.
კითხვა: ჩემმა მეგობარმა, რომელიც სასამართლო პროცესზე მოპასუხის წარმომადგენელი იყო, უარი განაცხადა წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე და ამის შესახებ აცნობა როგორც მხარეს, ისე სასამართლოს, საქმის ზეპირ განხილვამდე ორი კვირით ადრე. ჰქონდა თუ არა მას ამის უფლება, როცა მას უკვე გაფორმებული ჰქონდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტი?
პასუხი: მას ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან წარმომადგენელს უფლება აქვს, უარი თქვას თავისი უფლებამოსილების განხორციელებაზე სასამართლოს მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებამდე.
კითხვა: სუპერმარკეტის თანამშრომლებმა საქონელი ჩაალაგეს ყუთებში და უნდოდათ მათი ფარულად გატანა. დირექტორმა შემთხვევით აღმოაჩინა და დაიბრუნა საქონელი. სასამართლომ ქმედება დააკვალიფიცირა, როგორც ქურდობა. სამართლიანია თუ არა ასეთი გადაწყვეტილება?
პასუხი: არა, რადგან დანაშაული შეწყდა მცდელობის სტადიაზე.
კითხვა: როგორია განათლებისა და მეცნიერების მიერ შემუშავებული მოსწავლეთა ქცევის კოდექსის მიხედვით სკოლაში შეტანილი აკრძალული ნივთების ნუსხა? შეიცვალა თუ არა რამე ამ მხრივ 2009 წელს?
პასუხი: ცივი (სხვა სახის ბასრი) და ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები, ნარკოტიკული საშუალებები, თამბაქოს ნაწარმი, აღმგზნები საშუალებები, ალკოჰოლის შემცველი სასმელები, მობილური ტელეფონი და სხვა ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს.
კითხვა: მე და ჩემს მეუღლეს ხელი არ გვაქვს მოწერილი. ბინაში, რომელიც ეკუთვნის ჩემ ქმარს, ჩაწერილი არ ვარ. შვილები არ გვყავს. მისი სიკვდილის შემთხვავაში მრჩება თუ არა ბინა ან, თუ ხელს მოვაწერ და ბინაში არ ვიქნები ჩაწერილი, ბინა იმ შემთხვევაში თუ დამრჩება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მემკვიდრედ ითვლება მეუღლე, რომელიც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მამკვიდრებელთან. რაც შეხება ჩაწერას, აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჩაწერის ინსტიტუტი გაუქმებულია და ჩაწერას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება მემკვიდრეობის მიღების დროს.
ადვოკატი
ქეთი უტიაშვილი