კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაშია დასაშვები შარდით მკურნალობა და იწვევს თუ არა ის გართულებებს


ბოლო დროს დიდი ინტერესი გაჩნდა ადამიანის შარდით მკურნალობის მეთოდების მიმართ, ანუ ურინოთერაპიისადმი. ორიოდე ათეული წლის წინ, ყოფილ საბჭოთა კავშირში, შესაბამისად, საქართველოშიც, ურინოთერაპია საკმაოდ გავრცელებული იყო. მკურნალობის ეს მეთოდი სათავეს ათასწლეულების წინ იღებს, როდესაც ადამიანის შარდის გარდა, ცხოველების შარდსაც იყენებდნენ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. შარდით მკურნალობამ ყველაზე ფართო გავრცელება უძველეს ინდოეთში ჰპოვა. ურინოთერაპია ცნობილია, როგორც ორგანიზმის გაწმენდის, მრავალი დაავადების სამკურნალო და კოსმეტიკური პროცედურისთვის გამოსაყენებელი საშუალება. თუმცა, დღევანდელ დღემდე ამ მეთოდიკამ ვერ მოიპოვა ოფიციალური სტატუსი და მკურნალობის არატრადიციულ მეთოდად მიიჩნევა. არ არსებობს შეთანხმებული აზრი იმის შესახებ, თუ რა გავლენა აქვს შარდს ადამიანის ორგანიზმზე. მკურნალობის ამ მეთოდის შესახებ გვესაუბრება ექიმი თერაპევტი ლევან ჩუთლაშვილი.



– რა მიზეზები განაპირობებს იმ თეორიის არსებობას, რომლის მიხედვითაც ადამიანის შარდს შეუძლია, სასარგებლო თვისებების გამოვლენა მკურნალობის თვალსაზრისით?

– შარდის წარმოქმნა ორგანიზმის გამომყოფი სისტემის მუშაობის შედეგია, რომელსაც საკმაოდ რთული პროცესები უდევს საფუძვლად. როდესაც საკვებ რაციონში მკვეთრი ცვლილება არ აღინიშნება და არც რაიმე სამკურნალო პრეპარატი გვაქვს მიღებული, შარდი შეიცავს ორასამდე დასახელების ნივთიერებას, რომელთა შორის აღინიშნება როგორც ორგანიზმისათვის აუცილებელი ელემენტები, ისე აუთვისებელი, ანუ გამოუსადეგარი პროდუქტები და ცხოველქმედების შედეგად წარმოქმნილი ნაერთები. შარდის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია მიკროელემენტები, ამინომჟავები, ვიტამინების კომპლექსები, ჰორმონები, ანუ ის ნივთიერებები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია ნორმალური ჟანგვა-აღდგენითი პროცესები. შარდი დიდი რაოდენობით შეიცავს თავისუფალ ელექტრონებს, რომლებიც ერთვება ქიმიურ რეაქციებში და აძლიერებს ენერგეტიკულ პროცესებს ორგანიზმში. შარდში ასევე აღმოჩენილია სპეციფიკური ნივთიერებები, რომლებსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ამიტომ, თეორიულად თუ განვიხილავთ საკითხს, შარდით მკურნალობას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზიანისა.

– მიუხედავად ამისა, ურინოთერაპია არ არის მკურნალობის აღიარებული მეთოდი. რა არის ამის მიზეზი?

– სამეცნიერო კვლევები შარდის თერაპიულ თვისებებზე არ ჩატარებულა. მრავალი ექიმი მიიჩნევს, რომ შარდით მკურნალობას უფრო ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, ვიდრე რეალური. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ მხარეს, პლაცებოს ეფექტი უკვე დიდი ხანია აპრობირებულია და წარმატებით გამოიყენება მედიცინაში. თუმცა, ზოგიერთი მეცნიერი, რომელმაც შეისწავლა შარდის თვისებები, აღნიშნავს, რომ შარდი შეიცავს სტეროიდულ ჰორმონებს და შესაბამისად, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ისევე როგორც სხვა მრავალ ჰორმონალურ პრეპარატს. შარდი, ისევე როგორც ჰორმონალური პრეპარატები პირველ ხანებში ავადმყოფს უმსუბუქებს ტანჯვას, მაგრამ შემდგომში იწვევს ორგანიზმისთვის არასასურველ შედეგებს. ამასთან, შარდით მკურნალობას აქვს უამრავი გვერდითი ეფექტი. ისევე როგორც ჰორმონული პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა, ხანგრძლივად ურინოთერაპია იწვევს ისეთ პათოლოგიებს, როგორიცაა: თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის დისფუნქცია, ადრეული კლიმაქსი, წონაში მომატება, ოსტეოპოროზი, ფსიქიკური დარღვევები და სხვა. მათ გამო კი, შესაძლებელია, პათოლოგიური ჯაჭვური კომპლექსების ჩართვა და მრავალი გართულება.

– რა გართულებებია ესენი?

– დღეისთვის, ურინოთერაპია ყველაზე ფართოდ ჩინეთსა და ინდოეთში გამოიყენება, საიდანაც მკურნალობის ეს მეთოდი ამერიკასა და რუსეთშიც გავრცელდა. სწორედ ურინოთერაპიის ჩინური ასოციაცია გვაფრთხილებს, რომ შარდის გამოყენების პირველ ეტაპებზე შესაძლებელია, აღინიშნებოდეს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: გამონაყარი, ფაღარათი, სისუსტე და სხეულის ტემპერატურის მომატება. ამასთან, რაც უფრო მძიმეა ავადმყოფობა, მით უფრო მწვავე გართულებებს უნდა ველოდოთ. ამგვარი მოვლენები, ჩვეულებრივ, გრძელდება 3-7 დღე, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა 6 თვემდეც გასტანოს. სწორედ ეს არის ურინოთერაპიის შეწყვეტის ჩვენება პაციენტებში.

– რას გულისხმობს ურინოთერაპია?

– ურინოთერაპია ყოველთვის გულისხმობს საკუთარი შარდის გამოყენებას. არსებობს შარდის მიღების რამდენიმე გზა. ერთ-ერთია შარდის დალევა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა, საკმაოდ სახიფათოც იყოს. შედარებით ჯანმრთელებში კი, რომლებიც ურინოთერაპიას მიმართავენ, ექიმები აღნიშნავენ, ქრონიკულ ღებინებას, ფაღარათს და კუჭისა და საყლაპავის გაღიზიანებას. განსაკუთრებით საშიშია მსგავსი „მკურნალობა“ ორსული ქალებისთვის. ამან შეიძლება ორსულობის შეწყვეტა ან ნაყოფის არასწორი განვითარება გამოიწვიოს. ამ მეთოდის ძირითადი უარყოფითი მხარე სწორედ პერორალური მიღებაა. არსებობს შარდის გარეგანი გამოყენების მეთოდიც, რომელიც ზოგად მკურნალობას არ განსაზღვრავს და გამოიყენება ადგილობრივი დაზიანებისას, მაგალითად, დამწვრობების დროს. ასეთ შემთხვევაში დაზიანებულ ადგილს ადებენ შარდში დასველებულ ნახვევს. შესაძლებელია, ორგანიზმის ღრუების შარდით გამორეცხვა, მაგალითად ცხვირის ღრუს, ყურების, მსხვილი ნაწლავის.

– რა შემთხვევაშია უკუნაჩვენები შარდით მკურნალობა?

– ურინოთერაპია უკუნაჩვენებია სხვადასხვა დაავადების დროს. მკურნალობის ამ მეთოდის უკუჩვენებას მიეკუთვნება ურემიული მდგომარეობა – თირკმლის მიერ აზოტის გამოყოფის დარღვევა, ვენერიული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის წყლულები. გასათვალისწინებელია, რომ ავადმყოფს შეიძლება, აღენიშნებოდეს შარდგამომყოფი გზების ქრონიკული ანთებითი დაავადებები და შარდში მათი სხვადასხვა ინფექციური აგენტი, რომელთა პერორალური მიღებისას კი შესაძლებელია, ძალზე სერიოზული გართულების მიღება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების მიზეზები აღწერილია გონორეით და სხვა ვენერიული ავადმყოფობებით დაავადებულ პაციენტებშიც. ამიტომ, სანამ შარდის მიღებას დაიწყებთ, უნდა გაესაუბროთ სპეციალისტს, რომელიც იცნობს ურინოთერაპიის სპეციფიკას. შარდის მიღება დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ კვების რეჟიმზე გადასვლის შემდეგ. უნდა გამოირიცხოს რძის პროდუქტები, ხორცი და მისი ბულიონები. მხოლოდ ორგანიზმის გასუფთავების შემდეგაა შესაძლებელი ჯანმრთელობაზე შარდის ზემოქმედება. გაწმენდილი შარდიდან საზიანო ნივთიერებები გამოიყოფა და სხვადასხვა დაავადებებს თავიდან აიცილებთ. ურინოთერაპიის ჩატარებისას წამლების მიღება არ არის სასურველი. დაფიქსირებულია შემთხვევები, როდესაც პაციენტები „მხედველობის გასაუმჯობესებლად“ შარდით იბანდნენ თვალებს, რაც ყველა მათგანში კონიუნქტივიტის განვითარებით დასრულდა.

– რას ურჩევთ მკურნალობის ამ მეთოდით დაინტერესებულ პირებს?

– საქართველოში მკურნალობის ეს მეთოდი საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და პრაქტიკული შედეგიც გააჩნდა. დღესდღეობით კი მხოლოდ თეორიული სახითღა შემოგვრჩა. მათთვის, ვინც აპირებს ურინოთერაპიის კურსის გავლას, აუცილებელია, ექიმთან კონსულტაცია და დარწმუნება იმაში, რომ მკურნალობის ეს კურსი არ გამოიწვევს თვითმოწამვლას, სისხლის დაინფიცირებას, შინაგანი ორგანოების დაზიანებას, კუჭის წყლულოვანი დაავადების, კოლიტებისა და ენტეროკოლიტების გამწვავებას და ნაყოფის სიკვდილს ორსულობის დროს. თუ საქმე გვაქვს მძიმე დიაგნოზებთან, ურინოთერაპიამ შესაძლოა, არათუ გააუარესოს ისედაც მძიმე მდგომარეობა, არამედ დაკარგოს ძვირფასი დრო მკურნალობის ადეკვატური მეთოდებისთვის და საჭირო ღონისძიება დროულად ვერ ჩატარდეს. დაყოვნებას ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა მკურნალობისთვის. ზოგადად კი, ჩემი აზრი ემთხვევა ექიმთა უმრავლესობის აზრს, რომ, თუ შარდის შემადგენელ კომპონენტებს ესოდენ სასარგებლო თვისებები აქვს, მაშინ რატომ აძევებს მათ ორგანიზმი.


скачать dle 11.3