კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: გამიგია, რომ ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, მაგალითად, ტუჩის საცხი, ოქროს ნაწილაკებს შეიცავს. მართალია თუ არა ეს და მავნებელია თუ არა ოქროს ნაწილაკები ჯანმრთელობისთვის?
პასუხი: ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ოქროს მიკრონაწილაკები მართლაც შედის არაერთ კოსმეტიკურ საშუალებაში და კანზე დადებითად მოქმედებს.
კითხვა: რომელი ვიტამინი შედის ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკურ საშუალებებში და კონკრეტულად რაში მდგომარეობს მისი ეფექტი?
პასუხი: დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკურ საშუალებებში აუცილებლად უნდა შედიოდეს ვიტამინი E (სასურველია, თუ მასთან ერთად A და D ვიტამინებიც შედის). E ვიტამინი ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირია. ის აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაციას, კანის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვით, აფერხებს მის ფოტოდაბერებას, არბილებს და ასწორებს კანს, ხელს უწყობს მიმიკური ნაოჭების გაქრობას.
კითხვა: სიცივეში ხშირად მისკდება ტუჩები. გთხოვთ, მასწავლოთ რაიმე შინაური ნიღაბი.
პასუხი: გამომშრალი და დამსკდარი ტუჩებისთვის კარგია უმარტივესი ნიღაბი: მარილის კოვზით აიღეთ დარბილებული კარაქი და კარგად აურიეთ ნახევარ კოვზ თაფლში (თუ, რა თქმა უნდა, თაფლზე ალერგია არ გაქვთ), წაისვით ტუჩებზე და ნახევარი საათი გაიჩერეთ. შემდეგ თბილი წყლით მოიბანეთ და გადაისვით ზეითუნის ზეთი.
კითხვა: როგორ უნდა მოვამზადო ავოკადოს ნიღაბი და როგორ კანს უხდება ის?
პასუხი: ავოკადო შეიცავს A, D და E ვიტამინებს, მრავალ სასარგებლო მიკროელემენტსა და მჟავას. ნახევარი ავოკადო სავსებით გეყოფათ ერთი ჯერი ნიღბისთვის: ნაყოფი კარგად დაჭყლიტეთ ჩანგლით, შეურიეთ წვრილ სახეხზე გახეხილი 3 ცალი ნუში და წაისვით მთელ სახეზე. 20-25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მშრალი კანის მკვებავი, რადგან ავოკადო სწორედ ასეთი ტიპის კანს უხდება.
კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ ნიღაბი გაღიზიანებული, ფართოფორებიანი კანისთვის.
პასუხი: მართალია, ჯერ სეზონი არ არის, მაგრამ, მარწყვის ნიღაბი უხდება როგორც გაღიზიანებულსა და ფართოფორებიან, ისე მოდუნებულ, ჭკნობისკენ მიდრეკილ სახის კანს. მარწყვი შეიცავს C ვიტამინსა და ფოლიუმის მჟავას, რაც ხელს უწყობს ფორების შევიწროებას, ამშვიდებს და ელასტიკურს ხდის სახეს. ნიღაბი მზადდება შემდეგნაირად: კარგად დასრისეთ რამდენიმე ცალი მარწყვის ნაყოფი, შეურიეთ მას 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ხაჭო და 1 ჩაის კოვზი მაწონი. წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. არ გაიჩეროთ 20 წუთზე მეტხანს, რადგან ეს საკმაოდ ძლიერი ნიღაბია.
კითხვა: რომელი ვიტამინების ნაკლებობა იწვევს კანის სიმშრალეს, აქერცვლას, ფერის შეცვლას, თმის ხარისხის გაუარესებას და როგორ უნდა მივხედო ამ პრობლემას?
პასუხი: ნებისმიერი ვიტამინის ნაკლებობა, უპირველეს ყოვლისა, კანზე აისახება. ყველა ის ნიშანი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, შესაძლოა, იყოს ავიტამინოზი. ხშირად კი ასეთი ცვლილებები გამოწვეულია ვიტამინ F-ის ნაკლებობით, რომელსაც ტყუილად არ უწოდებენ „სილამაზის ვიტამინს“. მისი მარაგი რომ შეივსოთ, აუცილებლად უნდა ჩართოთ თქვენი კვების რაციონში ზეითუნის ზეთი, ღვიძლი, თევზეული და სხვადასხვა ხილის ჩირი.
კითხვა: მითხრეს, რომ სახეზე მაქვს როზაცეა. რა დაავადებაა ეს და როგორ უნდა ვიმკურნალო?
პასუხი: მსგავს შეკითხვას ჩვენ უკვე ვუპასუხეთ, მაგრამ, მაინც აგიხსნით: როზაცეა არის ვარდისფერი ფერისმჭამელები. ესაა მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც ყალიბდება კანის გაფართოებული კაპილარებისგან (ხშირად ემართებათ მათ, ვისაც კაპილარები ახლოს აქვთ კანის ზედაპირთან). ეს კაპილარები გროვდება ჯგუფობრივად. ინფექციის მოხვედრის შედეგად, შეიძლება, მოხდეს კვანძების დაჩირქება. გვხვდება ძირითადად ქალებში, 35 წლის ზემოთ. როზაცეას გაჩენას ხელს უწყობს არასწორი ჰორმონალური ფუნქცია, არარეგულარული ციკლი, საკვერცხეების ანთებები, სისხლძარღვების კედლების სისუსტე, მზეზე, ქარსა და ყინვაში ხშირი ყოფნა, კუჭ-ნაწლავის არასწორი მოქმედება, ალკოჰოლისა და სიგარეტის ხშირი მოხმარება.
თქვენს შემთხვევაში ძნელია ზუსტი რჩევის მიცემა, რადგან, არ ვიცით, რა ფორმით გაქვთ როზაცეა. ზოგადად კი, გირჩევთ, რომ ყოველდღიურად წაისვათ კანის დასამშვიდებელი კრემი, რომელიც გაამკრთალებს სიწითლეს და, საერთოდ, შეარჩიეთ კოსმეტიკა, რომელიც მგრძნობიარე კანისთვისაა განკუთვნილი. ასევე, კარგია, თუ ძილის წინ გაიკეთებთ გვირილის ან ათასფურცელას ნაყენის ცივ კომპრესებს.
კითხვა: რეკომენდებულია თუ არა სახლის პირობებში გავიკეთოთ სახეზე დეპილაცია? გამიგია, რომ ამისთვის არსებობს ცვილის „ფირფიტები“. ჯანმრთელობისთვის საშიში ხომ არ არის მათი გამოყენება?
პასუხი: ცივი ცვილის „ფირფიტები“ მართლაც არსებობს და ის თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სახლის პირობებში. ეს მეთოდი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი კანი სუფთა (უთმო) იქნება 4 კვირის განმავლობაში, ამასთან, მოგაშორებთ თვით უმოკლეს და უწვრილეს ბეწვსაც კი. გარდა ამისა, ცვილში შეტანილია კანისთვის სასარგებლო სხვადასხვა ნივთიერება.