რა იწვევს პიელონეფრიტს და როგორ ვიმკურნალოთ ხალხური მედიცინით
პიელონეფრიტი გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. მისი განვითარების მიზეზი უფრო ხშირად სხვადასხვა ბაქტერიებია, მაგალითად, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, სტრეპტოკოკი, რომლებიც თირკმელებში ინფექციის სხვადასხვა კერიდან ხვდება, კერძოდ, სისხლიდან, ლიმფიდან ან შარდსაწვეთის არხიდან. თირკმლის მენჯსა და ფიალებში მოხვედრილი ინფექციის შედეგად მის ლორწოვან გარსში განვითარებული ანთება შემდგომში მთელ თირკმელზე ვრცელდება, ზიანდება თირკმლის ქსოვილი, მილაკები, ირღვევა ადგილობრივი სისხლის მიმოქცევა.
პიელონეფრიტის პირველი კლინიკური სიმპტომები ჩნდება სხვადასხვა ავადმყოფობის, მაგალითად, მწვავე რესპირატორული დაავადების, ანგინის, ქუნთრუშის, დიზენტერიისა და სხვათა მიმდინარეობის ან მათი ჩამთავრების შემდეგ.
თავიდან ქრონიკული პიელონეფრიტი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ავადმყოფობის გამოვლინება შეიძლება, მოხდეს გადატანილი ცისტიტის შემდეგ ან შემთხვევით, შარდის ანალიზის გამოკვლევისას შარდკენჭოვანი დაავადების ან ჰიპერტონიის დროს. ქრონიკული პიელონეფრიტის საერთო სიმპტომებია მომატებული ტემპერატურა, ზოგჯერ შემცივნება, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, უმადობა, გულისრევა, ანემია, კანის სიმშრალე, არტერიული ჰიპერტონია. შეიძლება აღინიშნოს ტკივილი წელის არეში, შარდის გამოყოფის დარღვევა და ასე შემდეგ.
ხშირად, პიელონეფრიტი თირკმლის ფუნქციის დარღვევის მიზეზი ხდება, რის გამოც ყალიბდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ამიტომ, ეს დაავადება სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს. ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობა მხოლოდ ქიმიური პრეპარატებით არის მიზანშეწონილი, რადგან ანტიბიოტიკების უმრავლესობა ნეფრიტოქსიკურია.
ფიტოთერაპიაში არსებობს პიელონეფრიტის მკურნალობის რეცეპტები, რომლებიც საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა ამ დაავადების უკან დასახევად.
მაგალითად:
* 20 გრამ დათვის კენკრას, 20 გრამ წითელი მოცვის, 20 გრამ მრავალძარღვას, 10 გრამ შავი მოცხარის ფოთოლს, 10 გრამ არყის ხის ფოთლებს, 20 გრამ ჭინჭრის ფოთლებს, 60 გრამ ასკილის ნაყოფთან ერთად ერთმანეთში აურევთ. ორი სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ დაახლოებით 2-3 საათი. 100 გრამი ნაყენი მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
* 10 გრამ არყის ხის ფოთოლს, 10 გრამ დათვის კენკრას, 100 გრამ შვიტას ბალახს, 10 გრამ ბაბუაწვერას ძირს, 20 გრამ ღვიის ნაყოფს, 20 გრამ წითელი მოცვის ფოთოლს, 20 გრამ სელის თესლს, 10 გრამ ძირტკბილას ძირს ერთმანეთში აურევთ. ორი სუფრის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათით თერმოსში. მიიღეთ ას-ასი გრამი დღეში 4-ჯერ, საჭმლის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე.
გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის პროცესში აუცილებელია დიეტა. მდგომარეობის გაუმჯობესებისას, ყურადღება მიაქციეთ ისეთ დაავადებებს, რომელიც ინფექციის კერაა, მაგალითად, ტონზილიტს, ადენოდს, ქრონიკულ ცისტიტს, ურეთრიტს, გრიპს და ასევე, გახსოვდეთ, რომ პიელონეფრიტის პროფილაქტიკის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა შარდის ხშირად გამოყოფა.