კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა შეებრძოლოს ადამიანი მრისხანებისა და ბილწსიტყვაობის ცოდვას


თანამედროვე ქრისტიანების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ცოდვა – მრისხანებაა, რომელთან ბრძოლასაც ადამიანები ხშირად არ ვცდილობთ და, რაც მთავარია, ეს ცოდვა ძალიან ბევრ სათნოებას განგვაშორებს. ისევეა ბილწსიტყვაობა და საკუთარი ცოდვის არდანახვა. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):


– იოანე სინელის მიერ აღწერილ რვა მომაკვდინებელ ვნებას შორის, რიგით მესამეა მრისხანება. ის მაშინ აღიძვრება, როდესაც ჩვენი სურვილები არ სრულდება. ამიტომ, რომ შევძლოთ ამ ცოდვის დაძლევა, საჭიროა, გულგრილები ვიყოთ ყოველივე ამქვეყნიურის მიმართ. მრისხანება რამდენიმე სახედ იყოფა: პირველი – ეს არის მძვინვარება, დაუოკებელი მრისხანება, რომელიც ისე იპყრობს ადამიანს, რომ ის შეშლილივით იქცევა. მრისხანების მეორე სახეა ღვარძლი, როცა ადამიანი დიდხანს ვერ ივიწყებს წყენას. ეს მრისხანების ყველაზე საშინელი და საშიში ფორმაა. ამ ვნების ერთი სახეა სიძულვილი, ასევე – წყენა, ეჭვიანობა. ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ მისი არაფერი მოსწონთ, ყოველ სიტყვაში განკითხვას და დაცინვას ხედავს. ყოველგვარი მრისხანების მთავარი მიზეზი, თუკი საფუძვლიანად გავაანალიზებთ, ის არის, რომ საკუთარ თავს არ ვადანაშაულებთ (ამბა დოროთე). რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მრისხანება, უპირველეს ყოვლისა, სიმშვიდეს გაგვაშორებს, არადა, ადამიანები ყველაზე მეტად ამქვეყნად სიმშვიდეს ვეძებთ. „სიმშვიდე, სიფრთხილესთან შერწყმით, ისეთი განწყობაა სულის, რომელსაც არაფერი და არავინ არ გააღიზიანებს“, – ბრძანებს ღირსი მამა ფილარეტ მოსკოველი. თანამედროვე ადამიანის სულში კი მუდმივი გაღიზიანება ბუდობს: გვაღიზიანებს ყველა და ყველაფერი, ჩვენი გული მოცულია შფოთვით, თანაც, ჩვენი მრისხანება სამართლიანი გვგონია. თუმცა, ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ადამიანი არ კამათობს, არ ყვირის, მაგრამ, გულში, შეიძლება, მრისხანება ედოს, ანუ, ყველა მდუმარე როდია მშვიდი. მაგრამ უფალი ხედავს კაცის თვალთაგან დაფარულ, ჩვენს გულში ჩადებულ მრისხანებას, რომლის მიხედვითაც განვიკითხავთ ჩვენ.

– ადამიანები ხშირად ამხილებენ სხვას, რაც მათ ცოდვაში, მრისხანების ვნებაში აგდებს.

– ადამიანს არ აქვს უფლება ყველა ამხილოს. მხილება მაშინ უნდა მოხდეს, როცა გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული და სიბრალული ცოდვაში მყოფის მიმართ. დღეს კი ყველაფერი პირიქით ხდება: სხვისი დაცემა კი არ გვწყინს, არამედ გვიხარია, ერთმანეთში გვაქვს არეული ცოდვა, სათნოება, განკითხვა და მხილება. იმისთვის, რომ სხვა ვამხილოთ, თავად უნდა ვიყოთ თავმდაბლები, სათნოებათა აღმსრულებელნი. რაც მთავარია, ადამიანის შეფასებისას არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, რადგან, უფალი გვეუბნება – რა საზომითაც განიკითხავთ, იმავე საზომით განიკითხებითო. არასდროს არ უნდა განვრისხდეთ, როდესაც, პირიქით, ჩვენ გვამხილებენ. ბიბლია გვასწავლის: თუ ამხელ უგუნურს, შეიძენ მტერს, ამხილე ბრძენი და – შეიძენ მეგობარსო. თუ გვინდა, რომ მრისხანების ცოდვას შევებრძოლოთ, მაშინ უნდა ვიყოთ თავმდაბლები, ყოველგვარ წყენას, გულისწყრომას, თავმდაბლობით უნდა შევხვდეთ, სიმშვიდითა და სიმდაბლით უნდა მივიღოთ. წმიდა იოანე კიბისაღმწერელი გვირჩევს: „უპირველეს ყოვლისა, როცა ჩვენს გულში დუღს ცოდვა, არ არის საჭირო მასზე ლაპარაკი, აუცილებელია მისი თავიდანვე მოშთობა“. თუკი სულიწმიდა არის სიმშვიდე გულისა, ხოლო მრისხანება – აღშფოთება გულისა, არაფერი ისე არ დააბრკოლებს ჩვენს არსებაში სულიწმიდის დამკვიდრებას, როგორც მრისხანება. მრისხანების დროს, მამები გვირჩევენ, გავიხსენოთ მათი ღირსებები, ვისაც ვურისხდებით, გავიხსენოთ ჩვენ მიმართ მათი კეთილგანწყობა, მათ მიერ ჩადენილი კეთილი საქმეები; რაც მთავარია, უნდა გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და მაშინ ჩვენი მრისხანებაც დაცხრება. წმიდა მამები გვირჩევენ: ვიდრე რამეს ვიტყოდეთ, რამდენჯერმე გონებაში წარმოვთქვათ ლოცვა და, თუ მაინც ვერ შევძლებთ გაჩუმებას, დაცხრომას მრისხანებისას, მაშინ რამდენჯერმე უნდა გაიმეორეთ იესოს ლოცვა გულში და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხოთ ადამიანს. მრისხანებაზე გამარჯვება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ენის დამორჩილებას ნიშნავს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ადამიანს, შეებრძოლოს საკუთარ თავში დაბუდებულ მრისხანე აზრებს.

– მამაო, მრისხანებას ხშირად მოჰყვება ბილწსიტყვაობა, რომელიც ერთ-ერთი მძიმე ცოდვაა.

– საეკლესიო სწავლებით, ადამიანთა გარდაცვლილ სულებს პირველ საზვერეში მოეკითხებათ ცოდვები, რომლებიც ჩაიდინეს ბაგითა და ენით. ბოროტი სულები წარმოადგენენ ცოდვებს, რომლებიც სულს სიტყვებით ჩაუდენია. ასეთია: სიცრუე, ცილისწამება, დაფიცება, ფიცის გატეხა, უქმი მეტყველება, ავის მეტყველება, ლაყბობა, ლაზღანდარობა, გინება. ამათ ემატება მუცელშმაგობის ცოდვებიც: უძღებობა, მემთვრალეობა, უზომო სიცილი, არაწმიდა და შეუფერებელი კოცნა, მრუში, გარყვნილი სიმღერები. მათ საწინააღმდეგოდ წმიდა ანგელოზები, რომლებიც ოდესღაც დამოძღვრავდნენ სულს სიკეთეში, გამოაშკარავებენ, თუ რა კეთილი სიტყვა უთქვამს სულის ბაგესა და ენას, მიუთითებენ მის მიერ წარმოთქმულ ლოცვებზე, საგალობლებზე, წმიდა წერილის კითხვაზე – ერთი სიტყვით, წარმოაჩენენ, რაც ღვთის სათნოყოფობისთვის ბაგითა და ენით მიუძღვნია მისთვის ადამიანს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მიერ წარმოთქმულ ყოველ უგუნურ და, მით უმეტეს, უხამს სიტყვას, მოჰყვება მთელი რიგი ცუდი შედეგები. ეს სიტყვა შემდგომში იქცევა საქმედ. ბილწად მოუბარი ადამიანი თავის ირგვლივ ბილწავს თვით ჰაერსაც, რომელიც გაჟღენთილია მწარე ვნებებითა და ჯოჯოხეთის სიმყრალით. ჭეშმარიტი სულიერი ადამიანი მიახლოებისთანავე შეიგრძნობს ამ სიმყრალეს და განჭვრეტს ამ სიბილწეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბილწ სიტყვათა მთქმელი გარკვეულწილად ხდება ჯადოქრების, გრძნეულების, შემლოცველებისა და მოგვების საქმის მიმდევარი. უფრო მეტიც – ის გადაიქცევა ჩვენს სამყაროში სატანური ენერგიის გამტან არხად. სატანამ წააქეზა ადამიანები, რომ მათ გამოეგონათ ყველანაირი ბილწსიტყვაობის, უხამსი გამონათქვამებისა და სიტყვათშეთანხმებების მთელი ლექსიკონი, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოში ქმნის ბილწსისტემას და წარმოადგენს ბილწ სიტყვათა სრულ და მდიდარ კავშირს.

დღეს ყველაზე გავრცელებული ეგრეთ წოდებული დედის გინებაა – როგორც სხვისი, ასევე, საკუთარის, რომელიც უკვე წარმოადგენს ბილწსიტყვაობის მთელ შტოს და სპეციალიზებულია ისეთ სათნოებათა შებღალვასა და ბოროტ დაცინვაზე, როგორიც არის: ქალწულობა, ქორწინება და შვილოსნობა. ამ გინებათა სახელწოდებანი, ჩვენდა სამწუხაროდ, წარმოიშვა სიტყვა „ღმერთის“ შემდეგ ჩვენთვის ყველაზე წმიდა სიტყვიდან დედა: ღვთისმშობელი, დედაეკლესია, დედა ენა, დედამიწა და ასე შემდეგ. აი, ამ წმიდა სიტყვის სიწმიდის შესაბღალავად არის სატანის კარნახით შედგენილი ასობით სიტყვათა შეთანხმება, რომლებიც ყველაზე ამაზრზენი ფორმებით არის გამოხატული. ვისაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავს სირცხვილის გრძნობა – მდაბიოსა თუ დიდებულს, ვისაც ჯერ კიდევ აწუხებს სინდისის ქენჯნა, ქრისტესთან მიახლოება ვისაც სურს, თავზარდაცემული უნდა გაექცეს ამ ეშმაკის „სამზარეულოს“ და ცოფიანი ძაღლების ყეფას, მკაცრი „აღვირი“ უნდა საკუთარ ბაგეებს და ღმერთს ევედროს: „დასდევ, უფალო, საცობი პირსა ჩემსა და კარი ძნელი – ბაგეთა ჩემთა“ (ფს.140). ბოლოს, მინდა ჩვენი საუბარი იაკობ მოციქულის სიტყვებით დავასრულო: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადამიანია. ენა ცეცხლია, უსამართლობის მომკაზმველი. ენა ჩვენს ასოთა შორისაა მოთავსებული, მთელი სხეულის წამბილწავი და ჩვენი დაბადების ბორბლის ამგზნებელი და, თავად გეენისკენ აგზნებული ენის მოთვინიერება კი, არავის კაცთაგან არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე“ (იაკობი 3, 2, 8).


скачать dle 11.3