კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ებმებიან ახალგაზრდა კაცები გათხოვილი ქალების დაგებულ მახეში


სახიფათოა თუ არა კავშირი უცოლო მამაკაცსა და გათხოვილ ქალს შორის. ოთხმოცდაათ პროცენტ შემთხვევაში ეს ურთიერთობა საფრთხეს შეიცავს. მიზეზი მარტივია – ეჭვი. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, როცა ქმარი ეჭვიანია, ან თუნდაც არ არის ეჭვიანი, მაგრამ მწვავედ განიცდის, თავისი მამაკაცური ღირსების შელახვას. უკეთეს შემთხვევაში, ცივილიზებულად გაშორდება მოღალატე ცოლს. რაც ჩვენი რეალობისთვის ნაკლებად სავარაუდოა, ვგულისხმობთ კავკასიურ ტემპერამენტს და მენტალიტეტს. უარეს შემთხვევაში კი მოხდება ტრაგედია. ვინ აღმოჩნდება მკვლელის, ხოლო ვინ – მისი მსხვერპლის როლში, ამის წინასწარ თქმა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ალბათ, მართებული იქნებოდა, ყველა მამაკაცმა, რომელიც გათხოვილ ქალთან ინტიმურ ურთიერთობაზე იწყებს ფიქრს, ცოტა ხნით მაინც თავი ამ ქალის ქმრის ადგილზე წარმოიდგინოს. დარწმუნებული იყავით, უმრავლესობას აუცილებლად გაუქრება რომანის გაჩაღების სურვილი, რადგან არსებობს ის, რასაც მამაკაცური სოლიდარობა ჰქვია.



თემო (28 წლის): არასოდეს დავფიქრებულვარ იმაზე, სწორად ვცხოვრობდი თუ არა. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერს ვაშავებდი. მით უმეტეს, სხვას არაფერს ვუშავებდი. ვერ ვიტყვი, რომ მთლიანად იმაზე ვიყავი გადასული, როგორმე თავი მერჩინა. საამისო არაფერი მიჭირდა, მაგრამ თავზეც არასოდეს გადამდიოდა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ არავინ იფიქროს, რაც მე გავაკეთე, ანგარებამ გამაკეთებინა. არანაირად, რა სისულელეა?! შორიდან შეიძლება, ასეც ჩანდეს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რა იყო სინამდვილეში. ქალებში ძალიან გამოცდილი ვიყავი თუ არა? არც ამას მოგატყუებთ. ერთი შეყვარებული მყავდა, რომელსაც მანამდე დავშორდი, სანამ უმაღლესში ჩავაბარებდი და ერთიც მეგობარი გოგონა, „გერლფრენდს“ რომ ეძახიან, ის. სამი წელი ვცხოვრობდით ერთად.

– ცოლი იყო თქვენი?

– არა. არ ყოფილა ცოლი, ხომ ვთქვი, მეგობარი იყო-მეთქი. ეს მარტო საქართველოში ხდება, ყველანაირი ურთიერთობა ბოლოს მაინც ცოლქმრობამდე რომ მიჰყავთ. ოღონდ, ცუდად არ გამიგოთ. არაფერს ცუდს ოჯახის შექმნაში არ ვხედავ. პირიქით, მე უარზე არ ვიყავი, ცოლად შემერთო ის გოგო, მასთან თავს კარგად ვგრძნობდი.

– თუ გიყვარდათ.

– რა არის, იცით, მაშინ, ალბათ, გეტყოდით, მიყვარს-მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა. სხვანაირი სიყვარული ვერც წარმომედგინა, მაგრამ მერე, ცხოვრებამ დამანახა, რომ ვცდებოდი.

– ანუ, არ გიყვარდათ?

– ასე ვერ ვიტყვი. იმ წუთში მიყვარდა და ძალიან განვიცადე, როცა ერთ დღეს გამომიცხადა, ჩვენი ურთიერთობა დასრულდაო.

– პირდაპირ ასე გითხრათ?

– დიახ. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ახლა საკუთარ მომავალზე უნდა ვიზრუნო. ოჯახის შექმნის დრო მომივიდაო. მერე რატომ უნდა დავშორდეთ, მე მოგიყვან ცოლად-მეთქი. გაიცინა, შენნაირი ქმარი არ მჭირდებაო.

– რას გულისხმობდა?

– იმას, რომ მე არ მქონდა ფული და ბიზნესი, არც იმის პერსპექტივა, რომ უახლოეს მომავალში მექნებოდა ეს ყველაფერი. ამიტომ, არჩევანი მატერიალურად უზრუნველყოფილ მომავალზე გააკეთა. შეიძლება, მისი მხრიდან ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მე „დამანგრია“. ძალიან განვიცადე. კაცისთვის საშინელებაა მიტოვებულის როლში ყოფნა. მით უფრო, როცა ეს ქალი მისთვის სულერთი არ არის. თვითონაც ვერ წარმოვიდგინე, ისეთი დეპრესია მქონდა. უნივერსიტეტში სიარულზეც ხელი ავიღე. იმ ქუჩაზეც კი აღარ მინდოდა გავლა, სადაც მასთან ერთად დავდიოდი. დედაჩემი ლამის გაგიჟდა, როცა ვუთხარი, სწავლა აღარ მინდა, მუშაობა უნდა დავიწყო-მეთქი.

– ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეთ, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაგეუმჯობესებინათ?

– არა მარტო ამისთვის. ახალი გარემო მჭირდებოდა. გული უნდა გადამეყოლებინა და არ მეფიქრა იმაზე, რომ გადამაგდეს, უსარგებლო ნივთივით. მართალია, ჩვენ ერთმანეთისთვის ერთგულების ფიცი არ მიგვიცია და პრინციპში, მას ჩვენი შეთანხმება, იქამდე ვიყოთ ერთად, სანამ ეს ორივეს გვენდომებაო, არ დაურღვევია, მაგრამ მე მაინც ვერ ვიშორებდი განცდას, რომ მიღალატეს. ამიტომ, ჩემთვის გადავწყვიტე, ამის შემდეგ მხოლოდ გათხოვილ ქალებთან მქონოდა ურთიერთობა.

– საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილებაა.

– მე ასე არ ვფიქრობ. გათხოვილ ქალთან ურთიერთობით დაზღვეული ვიქნებოდი. როცა იცი, რომ ქალი ოფიციალურად სხვას ეკუთვნის, შორს მიმავალი გეგმები აღარ უჩნდება. ზუსტად იცი, რა ჩარჩოებს არ უნდა გადასცდეს ეს ურთიერთობა. რომ გითხრათ, გათხოვილ ქალებზე ნადირობა დავიწყე-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ჩემთვის ვიფიქრე, თუ მეგობარი ქალი კიდევ მეყოლება, ის აუცილებლად გათხოვილი იქნება-მეთქი. ჩემი მონაცემებით, საკმაოდ ადვილად ვიპოვე პირადი მძღოლის ადგილი – ერთ-ერთი წარმატებული ფირმის შეფის მძღოლი გავხდი. თვითონ ძალიან კმაყოფილი ვიყავი – კარგი გარემო, ნორმალური ხელფასი და „დაცემა“ მანქანა. მერე რა, რომ მძღოლი ვიყავი. შუბლზე ხომ არ მეწერა, საჭესთან ხომ მე ვიჯექი. მართალია, დედაჩემი საშინლად განიცდიდა, სწავლაზე რომ ხელი ავიღე, მაგრამ მერე შეეგუა. ჩემი შეფიც ძალიან მომწონდა. კარგი ტიპი იყო. საკმაოდ მანებივრებდა. დატვირთულიც არ ვიყავი. საღამოს სახლში მივიყვანდი და მერე შემეძლო, ჩემს ნებაზე მესეირნა. არ მაკონტროლებდა, სად წავიდოდი. ბენზინს არ „მითვლიდა“. ერთი სიტყვით, როცა ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება ნელ-ნელა კალაპოტში დგებოდა, სწორედ მაშინ დამეცა თავზე მეხივით გრძნობა, რომელიც არაფერში მჭირდებოდა.

– სიყვარული არ გჭირდებოდათ?

– რა თქმა უნდა, არ მჭირდებოდა. მით უმეტეს, ასეთი სიყვარული. დამთრგუნველი და არაფრის მომცემი. მე უკვე იმასაც ვფიქრობ, რომ სიყვარული საერთოდ არ უნდა ინატრო და ისურვო. პრობლემების მეტი არაფერი მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. რა დავაშავე ასეთი, ვერ ვხვდები. მაგარ შარში ვარ გახვეული და ხვალ რა მოხდება წარმოდგენა არ მაქვს.

– შარში გაებით თუ მახეში?

– ერთშიც და მეორეშიც. ქალი ყოველთვის მახეა. ვერასოდეს გაიგებ, რა უდევს თავში. სულ რომ არავითარი საფრთხე არ მოდიოდეს მისგან, სულ რომ „ფისუნიასავით“ კრუტუნებდეს და გიმტკიცებდეს, შენგან არაფერი მინდაო, უცებ ისეთ რაღაცას „გამოაგდებს“, ინფარქტი განაღდებული გაქვს.

– თქვენ ხომ გინდოდათ, საყვარლად გათხოვილი ქალი გყოლოდათ?

– დიახ, მაგრამ საკუთარ დაგებულ მახეში თუ გავებმეოდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი. ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავი, ფეხი მომტეხოდა და საერთოდ არ მივსულიყავი იმ დღეს ჩემი შეფის სახლში-მეთქი. იქნებ მისი ცოლი არც არასოდეს მენახა. მე ისეთი „ტიპი“ ვარ, საერთოდ არ დავინტერესდებოდი, ვინ იყო მისი ცოლი – ლამაზი იყო თუ მახინჯი, მაგარი „ნაშა“ თუ ჩვეულებრივი გოგო. პრინციპში, ან რატომ უნდა დავინტერესებულიყავი. ოთხი თვე ისე ვიმუშავე, არანაირი შეხება ერთმანეთთან არ გვქონია. იმას თავისი ცხოვრება ჰქონდა, მე – ჩემი, მაგრამ ერთ საბედისწერო დღეს ჩვენი გზები გადაიკვეთა. სამსახურში ვიყავი და ოფისის გოგონებთან ყავას ვსვამდი. შეფმა დამიძახა და მითხრა, ჩემს ცოლს მანქანა გაუფუჭდა, იქნებ მიხვიდე, პროფილაქტიკაში წაიყვანო, მერე კი დიკოს საყიდლებზე წაჰყვეო. ჩვეულებრივად დავეთანხმე. მის თხოვნაში არაფერი იყო განსაკუთრებული. რას წარმოვიდგენდი, რა მელოდა. დიკო დავინახე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი რაღაც. მეცინება, როცა ერთი ნახვით შეყვარებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ეტყობა, მართლა არსებობს ასეთი რაღაც. რომ გითხრათ, რაღაც ისეთი განსაკუთრებული გარეგნობა ჰქონდა, რომ ამით მომაჯადოვა-მეთქი, მოგატყუებთ. „დავეცი“ და რა ვნახეო, ასეთი ქალი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაღაც აქვს ისეთი, რაც გულგრილს ვერ დაგტოვებს.

– მაინც, რა?

– ასე ვერ გეტყვით. ჯერ ერთი, ჩემი შეფის ცოლი ცოტა სხვანაირი წარმომედგინა. „ფეშენ“ ქალები რომ არიან – ძალიან მაგრად ჩაცმულები და ჩაბრილიანტებულები, ცოტათი თავგამოდებულები და ცხვირაბზეკილები. ველოდი, რომ სწორედ ასეთი ქალი ჩამიჯდებოდა მანქანაში, ამიტომ მაგრად დავიბენი, როცა სახლიდან ჯინსებში და ბოტასებში ჩაცმული გოგო გამოვიდა და გამიცინა. კინაღამ ენა გადავყლაპე. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი... მაშინვე მისი მოფერება მომინდა. შენ ხარ ჩემი ქმრის ახალი „რულევოი“? რა კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს დამიჯერა და მძღოლი აიყვანა. სულ ვნერვიულობდი, როცა თვითონ იჯდა საჭესთან. გიჟდება სისწრაფეზე, თავს ვერ აკონტროლებს და ამიტომ ჯობია, ვიღაც სხვამ ატაროსო. პირი დავაღე. ვერ წარმომედგინა, თუ ჩემმა შეფმა საერთოდ იცოდა მანქანის მართვა. ერთხელაც კი არ გამოუმჟღავნებია. ერთი რჩევა ან შენიშვნაც არ მოუცია. ხმამაღლა რომ ვთქვი ეს, დიკომ გაიცინა. რას ამბობ, გიჟი „გონშჩიკია“, ნელა სიარული საერთოდ არ შეუძლია, სულ ვეჩიჩინებოდი, რომ მძღოლი აეყვანა, კარგია, რომ დამიჯერაო. მერე მთელი გზა რაღაცეებს მიყვებოდა თავის ქმარზე, მაგრამ მე ნახევარიც არ მესმოდა. ვუსმენდი, მაგრამ სიტყვების აზრს ვერ ვწვდებოდი. ნელ-ნელა მაჯადოებდა დიკოს თაფლისფერი თვალებიდან წამოსული სითბო. მთელი ორი დღე საკუთარ თავს ვაიძულებდი, მასზე აღარ მეფიქრა. მეშინოდა, რომ მაგრად შევტოპავდი და საკუთარ თავს პრობლემებს შევუქმნიდი. მოსახდენს მაინც ვერ გავექეცი. შეფმა ისევ მთხოვა, მისი ცოლი სადღაც წამეყვანა. მიზეზი დიკოს მანქანის გაუმართაობა იყო – რემონტი გაჭიანურდა. ფეხს ვითრევდი, მაგრამ რას ვეტყოდი. ფეხები უკან მრჩებოდა. მგონი, უკვე მიყვარდა. მიუხედავად ამისა, წუთითაც ვერ დავუშვი, რომ ჩვენ შორის რამე მოხდებოდა.

– ანუ, დაახლოებისკენ პირველი ნაბიჯი თქვენ არ გადაგიდგამთ?

– არა, რა თქმა უნდა. ასეთი „ნაგლიც“ კი არ ვარ. წარმოიდგინეთ, მე რომ შეფის ცოლის „შებმაზე მეჩალიჩა“. რა სისულელეა. შიში აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, მორალური თვალსაზრისით ვერ შევძლებდი ამას.

– მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც გახდით მისი საყვარელი.

– დიახ, გავხდი. მან თვითონ მოინდომა ეს. თვითონ გამოიჩინა ინიციატივა. მე ვერც წარმოვიდგენდი, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი იყო. ჯერ ერთი, რომ არ ჩანდა „ისეთი“. ხომ ხვდებით, რასაც ვგულისხმობ. გეუბნებით, საოცარი ვინმეა, ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ ქალზე. გიყურებს და უსიტყვოდ ხვდება, რა გინდა. თან ისიც ზუსტად იცის, თვითონ რა უნდა. ისე „შემაბა“, გონზე რომ მოვედი, უკვე შეყვარებული ვიყავი. თან, ამავე დროს, ყურადღებიანი და მზრუნველი ცოლია. სამწუხაროდ, სხვისი ცოლი.

– თქვენ ხომ თავიდანვე იცოდით, სხვისი ცოლი რომ იყო?

– ვიცოდი. დიახ. მე, ალბათ, პრეტენზია არ უნდა მქონდეს. დიკომ თავიდანვე გამაფრთხილა, რომ ქმრის მიტოვებას არ აპირებდა. მე ჩემი ქმარი მიყვარს, ჩემი მომავალი მასთან არის დაკავშირებული, ერთად ძალიან კარგად ვართ და სხვანაირი ქმარი არასოდეს მომინდებაო.

– თქვენ რაღაში სჭირდებოდით?

– გასაგებია თქვენი ირონია. ალბათ, ეს შეკითხვა მეც უნდა დამესვა მისთვის ან საკუთარი თავისთვის მაინც, მაგრამ არ დავფიქრდი, ემოციას ავყევი. ისე მინდოდა მასთან ერთად ლოგინში ჩაწოლა, რომ აღარაფერს გავუწიე ანგარიში. ეს ჩემი სისუსტეა და შეიძლება, ძალიან დიდი შეცდომაც. მე ამას ვაღიარებ, მაგრამ ჩემს პრობლემას ეს არ შველის. უკვე ვეღარაფრით ვეგუები იმ აზრს, რომ, როცა მე მინდა, დიკოს მაშინ ვერ ვნახავ, რომ არასოდეს იქნება მარტო ჩემი. ამაზე ფიქრს რომ ვიწყებ, ვცოფდები და თავში ბნელი აზრები მომდის. მერე ეს აზრები ძალიან მაშინებს. არასოდეს არავის სიკვდილი არ მდომებია. ახლა კი საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ გავიფიქრე! ცუდი არ იქნებოდა, ერთ დღეს დიკოს ქმარი თუ გაქრებოდა-მეთქი.

– გაქრობაში მისი სიკვდილი იგულისხმეთ?

– რა მნიშვნელობა აქვს, რა ვიგულისხმე. ფაქტია, რომ გაქრობა კარგს არაფერს გულისხმობს. ისიც ფაქტია, რომ იმ კაცს ჩემთვის არაფერი დაუშავებია და წესით, პრეტენზიაც მის მიმართ არ უნდა მქონდეს. ამ ყველაფერს ვხვდები, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. სრულიად უუნარო ვარ. დიკოს ერთი დაძახებაც საკმარისია, რომ კისრისტეხით გავიქცე მასთან. ჭკუას მაკარგვინებს.

– რამდენი ხანია, თქვენი ურთიერთობა გრძელდება?

– თითქმის ერთი წელია. პირველად რომ მითხრა, ამოდი ჩემთან, ჩაით გაგიმასპინძლდებიო, მართლა მარტო ჩაის დასალევად გავყევი. შეიძლება, ჩემი არ გჯერათ, მაგრამ თვითონ რომ არ ჩამჯდომოდა კალთაში, ვერაფერს გავუბედავდი. მერე კი... ნეტავი, რომელი კაცი ეტყოდა ჩემს ადგილას არას!

– არ მიგაჩნიათ, რომ მისი ქმრის წინაშე მართალი არ ხართ? ქალებს გვსაყვედურობთ, რომ ერთმანეთის გატანა არ ვიცით, მაგრამ მამაკაცებიც ძალიან სცოდავთ ერთმანეთის წინაშე.

– ალბათ, მართალი ბრძანდებით და უნდა დაგეთანხმოთ. კაცმა მეორე მამაკაცის ცოლს სხვა თვალით არ უნდა შეხედოს. თეორიულად გასაგებია და მისაღებია ჩემთვის, მაგრამ რეალობაში ვერ განვახორციელე. მაჯობა გრძნობამ. დიკოს გვერდით თავს ყოვლისშემძლედ ვგრძნობ და ისეთი ბედნიერი ვარ, ყოველი წუთი უსასრულობამდე მინდა რომ გაგრძელდეს. არ ვიცი, როგორ უნდა დავითანხმო, რომ ქმარი მიატოვოს და სამუდამოდ ჩემი გახდეს.

– ელაპარაკეთ ამაზე?

– კი. და ძალიან გამიბრაზდა – მე შენთვის სიყვარული არ მითხოვია. არც ის მითქვამს, რომ ჩვენ ურთიერთობას მომავალი ექნებოდა, ჩემი საყვარლის როლით უნდა დაკმაყოფილდე, თუ არა, ვეღარასოდეს მნახავ. შენს არაფრისმაქნის გრძნობას ჩემს ცხოვრებას ვერ დავანგრევინებო.

– ამის მერეც მასთან ხართ?

– გავგიჟდი, ეს რომ მითხრა და გადავწყვიტე, აღარასოდეს მენახა, მაგრამ ვერ შევძელი. მიყვარს, გეუბნებით, ორივე ფეხით ვარ მახეში გაბმული. ვიცი, რომ ცუდად ვიქცევი; ვიცი, რომ ეს ურთიერთობა მალე უნდა დავამთავრო; ისიც ვიცი, რომ დიკო ქმარსაც ატყუებს და მეც, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. ის მაინც ყველაზე სასურველია ჩემთვის, თანაც ძალიან, ძალიან სასურველი. ყველაზე ჭკვიანური საქციელი იქნებოდა, კალთაში რომ ჩამიჯდა და მომეხვია, ამეყენებინა და უკანმოუხედავად გავქცეულიყავი ბინიდან, მაგრამ ახლა უკვე გვიანია სინანული, მოსახდენი მოხდა.

– ნანობთ კი, მომხდარს?

– სიმართლე რომ გითხრათ, არც ვიცი. ზოგჯერ ვნანობ, ზოგჯერ კი – ვფიქრობ, რომ გამიმართლა. ცოტა ხნით მაინც ხომ მაქვს ხოლმე ბედნიერი წუთები. მართალია, ეს ბედნიერება სრულყოფილი არ არის და როცა მარტო ვრჩები, ბღავილი მინდება, მაგრამ, ეტყობა, ეს არის ჩემი ბედი. ისე ხომ შეიძლება, მართლა მოხდეს რაღაც და დიკო ქმრის გარეშე დარჩეს?

– დაქვრივდეს? მაშინაც რომ არ მოინდომოს თქვენი ცოლობა? მას, აშკარად, წარმატებული მამაკაცები უფრო ხიბლავს სერიოზული ურთიერთობისთვის.

– მეც ვიფიქრე ამაზე და მას მერე, კიდევ უფრო ცუდად ვარ. საშინელებაა, როცა საყვარელი ქალი სერიოზულად არ აღგიქვამს და მარტო გასართობად სჭირდები, ისიც ლოგინში გასართობად. ხომ გითხარით, თითქოს საღად ვაზროვნებ, მაგრამ ჩემი საქციელით საპირისპიროს ვამტკიცებ. ზოგჯერ მაგრად მეცოდება საკუთარი თავი და ნერვები კიდევ უფრო მეშლება.


скачать dle 11.3