კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები


მეგობარმა ბინა დამაკარგვინა

ერთხელ ჩემი უახლოესი მეგობარი ატირებული მოვარდა ჩემთან და მითხრა, ვიღუპები და მიშველეო. როგორც გაირკვა, მის შვილს ძალიან დიდი ვალი დასდებია (როგორც თვითონ მითხრა, რაღაც საქმეში ჩადო სხვისი ფული და ის საქმე ჩავარდა) და ახლა მოსაკლავად დასდევენ. თუ ერთ კვირაში ფულს არ დაუბრუნებს პატრონს, აუცილებლად მომიკლავენ ერთადერთ შვილსო. თვითონ ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ და იმ ბინის ფასი, რომც გაეყიდათ, სანახევროდაც არ ჰყოფნიდათ. მოკლედ რომ გითხრათ, ბოლოს მთხოვა, ჩემი ბინა იპოთეკით დამეტვირთა, თანხა მისთვის მესესხებინა, სამი თვის შემდეგ კი თავისი და გამოუგზავნიდა ფულს ამერიკიდან და ბინას ისევ გამოისყიდდა. ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაშინ ჯერ კიდევ უცხო იყო თბილისში „გადაგდებები“ და, ამიტომ მის სიმართლეში ეჭვიც არ შემპარვია. მართალია, სიხარულით არა, მაგრამ მაინც ყოველგვარი ყოყმანისა და დაკარგვის შიშის გარეშე დავაგირავე ჩემი და ჩემი შვილის ერთადერთი ქონება – სამოთახიანი ბინა (ქმარი არ მყავს, ქვრივი ვარ). რამდენიმე ათეული ათასი დოლარი ისე მივეცი, ხელწერილიც კი არ დავაწერინე – ვერ ვაკადრე და ახლა თავში ვიცემ ხელს, მაგრამ, რაღა დროს.

პირველი სამი თვის განმავლობაში ნანა ყოველდღე მირეკავდა, მოდიოდა, მადლობებს მიხდიდა და მეუბნებოდა, შენ გადამირჩინე შვილიო, მაგრამ, სამი თვის შემდეგ უკვალოდ გაქრა. ერთი-ორი კვირა არ შევხმიანებივარ. რომ აღარ გამოჩნდა, დავურეკე. ყურმილი ვიღაც ქალმა აიღო და მითხრა, ეგენი აქ აღარ ცხოვრობენ, ორი თვის წინ გაყიდეს ბინა და, მგონი, ამერიკაში წავიდნენო. კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ არ დავიჯერე და მის ძებნას შევუდექი. სამსახურში მივაკითხე დედასაც და შვილსაც, მაგრამ მითხრეს, ორი თვეა, აქ აღარ მუშაობენ, მგონი, რომელიღაც ქვეყანაში წავიდნენო. მათ ნათესავებს მივაკითხე, თუმცა მეტი ინფორმაცია ვერც მათგან მივიღე, ერთადერთი, ის გავიგე, რომ იმ ნათესავების ვალებიც ჰქონიათ და ისინი თვითონაც ეძებდნენ.

ისეთ საშინელ დღეში ჩავვარდი, ლამის საგიჟეთში აღმოვჩნდი. საკუთარ თავს აღარ დავეძებდი, ბავშვი მრჩებოდა ქუჩაში. ან ის პროცენტები რით უნდა მეხადა, ან რა სახსრებით უნდა გამომესყიდა ბინა, წარმოდგენა არ მქონდა. ნათესავებსაც ვერ ვუმხელდი – თან მრცხვენოდა, რომ ასეთი დებილი აღმოვჩნდი, თან, ყველას თავისი უჭირდა და ვის ჰქონდა დაწყობილი ათასები, რომ ჩემთვის ეჩუქებინა! პროცენტი კი პროცენტს ემატებოდა და თანხა უსაშველოდ იზრდებოდა, მაგრამ, ერთხელ მეც გადმომხედა ღმერთმა: ერთ დღეს მეზობელი მოვიდა ვიღაც ორ კაცთან ერთად, რომლებიც მშენებლები აღმოჩნდნენ და შემომთავაზეს, თუ დანგრევაზე თანახმა იქნებით, გარემონტებულ ბინას ჩაგაბარებთო (დამავიწყდა მეთქვა, რომ სახლი კერძოა, სულ ოთხი სართულია და თითო სართულზე თითო ოჯახი ვცხოვრობთ). რა თქმა უნდა, თანახმა ვიყავი, ოღონდ, ვუთხარი ჩემი ბინის მდგომარეობა. ისინი დამთანხმდნენ და მალე ხელშეკრულება დავდეთ. ჯერჯერობით ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ მე და ჩემი შვილი და ქირას სამშენებლო კომპანია იხდის. როგორც გვეუბნებიან, მაქსიმუმ ერთ წელიწადში ჩვენს ახალ სახლში რემონტიც დამთავრდება და გადაგვიყვანენ. მართალია, დაგირავების გამო ცოტა ნაკლებ ფართობს მოგვცემენ, მაგრამ, აღარ დავეძებ, რადგან, მთლად ქუჩაში არ აღმოვჩნდი.

ჩემი ყოფილი მეგობარი კი ჯერაც არ გამოჩენილა.

მაგდა, 40 წლის.

საკუთარ გრძნობებში

ვერ გავრკვეულვარ

ჩემი უჭკუობით ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ერთხელ, შემთხვევით გავიცანი ჩემი მეგობრის და, მომეწონა და ჩუმ-ჩუმად ჩალიჩი დავუწყე. ბოლოს იმდენი მოვახერხე, რომ შეხვედრებზე დავითანხმე. ეს, რა თქმა უნდა, მისმა ძმამ არ იცოდა, არც ჩვენს სამეგობროში იცოდნენ ამის შესახებ. ჩვენ მალულად ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე მოხდა ისე, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე – ჩვენ ერთად ვიყავით. ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ის ცუდი ყოფაქცევის გოგოა, მაგრამ, მაინც, რაღაც „ნიტო“ განწყობა გამიჩნდა მის მიმართ. უნდა ვაღიარო, რომ მომწონს, თუმცა, საკუთარ თავში ვერ გავრკვეულვარ – არ ვიცი, მიყვარს თუ არა. ასეთი გაორებული გრძნობა იმიტომ გამიჩნდა, რომ ხანდახან მეჩვენება, თითქოს ანანოს მხოლოდ გართობა უნდა ჩემთან და ჩვენს ურთიერთობას სერიოზულად არ უყურებს. ყველაფერთან ერთად კი, იმისიც მეშინია, ჩემმა მეგობარმა, ანუ ანანოს ძმამ, რომ გაიგოს, რა ხდება ჩვენ შორის, არ მაპატიებს. თვითონ კიდეც რომ მაპატიოს, ჩვენი საერთო ძმაკაცები მომიწყობენ სასამართლოს. პრინციპში, მე თანახმა ვარ, რომ ანანო ცოლად შევირთო (იმიტომ არა, რომ ვინმესი მეშინია, უბრალოდ, პასუხისმგებლობას ვგრძნობ), მაგრამ, დარწმუნებული არ ვარ, თვითონ უნდა თუ არა, რომ ჩემი ცოლი გახდეს. აი, ასეთ შავ დღეში ვარ. მერე კი იტყვიან, კაცების ბრალია, ყველაფერიო.

აკო, 24 წლის.



ეტყობა, ერთმანეთი არ გვყვარებია

ეტყობა, ძალიან არათანამედროვე გოგო ვარ, რადგან, სიყვარულზეც, საერთოდ, ურთიერთობებზეც და ქორწინებაზეც, როგორც ჩემი დაქალები მეუბნებიან, საკმაოდ შეზღუდული წარმოდგენები მაქვს. შეიძლება, მართლებიც არიან, მაგრამ, რა ვქნა, ასეთი ვარ და ძალით ხომ ვერ გადავკეთდები!

ორი წელი ვხვდებოდით მე და დათო. უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, სულ ერთად გვინდოდა ყოფნა. მე მას ყველაფერში ვენდობოდი. ერთ დღეს კი გამომიცხადა, რომ ჩემთან სექსი უნდოდა. მე არ დავთანხმდი, რადგან ასეთი ურთიერთობების არ მწამს. რატომღაც, ისეთი აზრი გამიჩნდა, რომ დათოს ჩემთან გართობა უნდა, მერე კი მიმაგდებს და, ალბათ, დამცინებს კიდეც. ჩემი ეს მოსაზრება იმითაც განმტკიცდა, რომ უარის შემდეგ დათო აღარც კი მირეკავს. მე კი მეგონა, რომ მართლა ვუყვარდი. ჩემი დაქალი მიმტკიცებს, შენთან ყოფნა რომ მოუნდა, ორი წლის შეხვედრების შემდეგ, ესე იგი, უყვარხარ. რომ არ ყვარებოდი, ინტიმურ ურთიერთობას ან თავიდანვე მოგთხოვდა, ან – არასდროსო. მაგრამ მე ასეთი თეორიების არ მჯერა. ნამდვილი სიყვარულისთვის, ჩემი აზრით, რაღაც „სხვა“ არის საჭირო, რასაც ქალი, როგორც იტყვიან, კანით გრძნობს. ეს „სხვა“ კი დათოსთან ურთიერთობისას ვერ ვიგრძენი. უფრო სწორად თუ ვიტყვი, მეგონა, რომ ვიგრძენი, მაგრამ მისი ასეთი საქციელის შემდეგ მივხვდი, რომ ვცდებოდი. ერთი სიტყვით, ამ ყველაფერს ვერ ახსნი, ამისი შეგრძნება სადღაც შიგნით ხდება – გულში და ტვინში ერთდროულად და, როცა გულიდან და გონებიდან გამომავალი იმპულსები ერთმანეთს დაემთხვევა ან არ დაემთხვევა, მხოლოდ მაშინ იგებ, იყო თქვენ შორის ნამდვილი სიყვარული თუ – არა.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შორის ნამდვილი სიყვარული არ ყოფილა, თორემ, ამდენი მსჯელობა ხომ აღარ დასჭირდებოდა!....

ელენე, 23 წლის.



გაუფრთხილდით სიყვარულს!

მეგობრის ქორწილში გავიცანი ძალიან კარგი და სიმპათიური ბიჭი. კარგა ხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. მომწონდა, მაგრამ არ მიყვარდა, მას კი ძალიან შევუყვარდი. მან სერიოზულად დაიწყო ჩემზე ფიქრი. თავის ოჯახიც გამაცნო და ოფიციალურად მთხოვა ხელი. მე კი თავს ვიკავებდი, რადგან არ მიყვარდა, თუმცა კი, რატომღაც, მაინც ვხვდებოდი ხოლმე. ჩვენი ასეთი ურთიერთობა რამდენიმე წელს გაგრძელდა. ბოლოს, ეტყობა, ოთარიც დაიღალა ასეთი გაურკვევლობით და პირდაპირ დამისვა საკითხი, რომ ცოლად გავყოლოდი, მე კი ისევ უარი ვუთხარი. ისე გაბრაზდა და ისე ეწყინა, ორი თვის განმავლობაში აღარც გამოჩენილა და აღარც დაურეკავს. მარტო რომ დავრჩი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ მეც მყვარებია. ძალიან გამიჭირდა უიმისოდ. საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი, კინაღამ გავგიჟდი. ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავაბიჯე ჩემს თავმოყვარეობას და ჩემი მეგობრის საშუალებით დავუკავშირდი ოთარს. როგორი იყო ჩვენი შერიგება – ეს ცალკე სასაუბრო თემაა. დღეს კი ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ და ჩემზე ბედნიერი ქალი დედამიწაზე არ მეგულება.

ყველა ქალს ვურჩევ, მოუარონ და გაუფრთხილდნენ სიყვარულს, თუ უნდათ, რომ ყველაფერი ბედნიერად დამთავრდეს.

ლელა, 26 წლის.



თუ შეგიძლია, მაპატიე...

ვერ ვიტან მამაკაცებს, რომლებიც პირად ცხოვრებაზე ჭორაობენ, მაგრამ, როცა გავიგე, რომ ანა თქვენი ჟურნალის აქტიური მკითხველი ყოფილა, გადავწყვიტე, მომეწერა. იმედი მაქვს, დამიბეჭდავთ და ამით იქნებ ერთ ჩემთვის ძვირფას ადამიანს ტკივილი გავუქარვო. მე ახლა უკვე 35 წელს გადავაბიჯე. მყავს ცოლი და სამი შვილი. ერთი შეხედვით, ნორმალურად ვცხოვრობ; მაქვს კარგი სამსახური, მყავს კარგი ოჯახი, მაგრამ ბედნიერებისთვის მხოლოდ ეს არ ყოფილა საკმარისი.

მოდი, ყველაფერს თავიდან დავიწყებ: მამიდაჩემი ერთ პატარა ქალაქშია გათხოვილი და ზაფხულობით ხშირად ჩავდიოდი ხოლმე მასთან. იქ გავიცანი ანა. შემიყვარდა და თანაც როგორ... სიყვარული ვის გაუკვირდება, მაგრამ ჩვენ სხვანაირად გვიყვარდა ერთმანეთი – ზუსტად ისე, როგორც წიგნებშია. დაიჯერებთ, რომ მთელი ექვსი წლის განმავლობაში, რაც შეყვარებულები ვიყავით, ერთხელაც არ გვიჩხუბია, ისე უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მასთან გავატარე. იცით, ათ წელზე მეტია, არც კი მინახავს, თუმცა მისი ცხოვრების ყოველი დეტალი ზეპირად ვიცი. ყველა ცოლ-ქმრად გვთვლიდა, ასეთი წყვილი ქალაქში არ დადისო, – ამბობდნენ. ანა სხვანაირი იყო, არავის არ ჰგავდა: ფერიასავით ნაზი, სიფრიფანა, დიდი, ძალიან ლამაზი ზღვისფერი თვალებით. ისე უზომოდ მენატრება მისი თვალები, ასე საათობით რომ ვუყურებდი. ზოგჯერ, სამსახურში გვიანობამდე რომ ვრჩები, ვიხსენებ მის თვალებს და ვმშვიდდები.

მე ყველაზე სულელი ადამიანი ვარ დედამიწაზე. ხანდახან ჩემი ცოლი ბოროტ ალქაჯად წარმომიდგება ხოლმე. ანას რომ არ ვიცნობდე, ყველა ქალი სოფოსნაირი მეგონებოდა.

ანას შერთვას ვაპირებდი, მშობლებიც თანახმა იყვნენ. სწავლის დამთავრებას ველოდებოდი, რომ ჩვენი სიყვარული ქორწინებით დაგვეგვირგვინებინა, მაგრამ ერთ საღამოს გამოჩნდა სოფო – სახლში მესტუმრა. ვიცოდი, რომ ბავშვობიდან ვუყვარდი. თავს არ ვიმართლებ, მაგრამ ახლაც აზრზე არ ვარ, როგორ აღმოვჩნდით იმ ღამეს ერთად. მერე კი სოფომ მთელი ქალაქი შემიყარა, ვითომ ძალა დავატანე და კიდევ ათასი სისულელე მომიგონა. იძულებული გავხდი, ცოლად შემერთო. რაღაცნაირად, ბედს შევეგუე. მეგონა სოფოს მალე გავშორდებოდი, მაგრამ, მერე ბავშვი გვეყოლა, რომელსაც ანა დავარქვი. მერე კიდევ გაგვიჩნდა შვილი, ამ ორი წლის წინაც ბიჭი შეგვეძინა და ასე შევრჩით ერთმანეთს მე და სოფო. ჩემი ოჯახური ცხოვრების შესახებ არაფერს გეტყვით, მხოლოდ თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ თავი ერთ ჭერქვეშ იმ ადამიანთან, რომელთანაც არაფერი გაკავშირებს (საერთო ინტერესებს ვგულისხმობ). ვცდილობ, სახლში რაც შეიძლება ნაკლები დრო გავატარო.

ახლა ანაზე გეტყვით: მას მერე, რაც ასე მივატოვე, სამჯერ მოიტაცეს, მაგრამ სამივეჯერ გამოიქცა – არ გათხოვდა და დღესაც მარტოა. ერთი წელია, რაც ბავშვი იშვილა – ალბათ, სამუდამოდ აიღო ხელი გათხოვებაზე.

მე ვხვდები ჩემს დანაშაულს შენ წინაშე, ანა! იცოდე, რომ ეს ათი წელი ჩემთვის ტანჯვა იყო. გემუდარები, მომეცი უფლება, დაგელაპარაკო, ყველაფერი აგიხსნა და გითხრა, რომ ისევ მიყვარხარ. დაიჯერებ, რომ ათი წელია, ყოველღამე შენ გხედავ სიზმრად?! არ დამიჯერებ, იმიტომ, რომ აღარაფერი დამეჯერება. ხანდახან ვფიქრობ, რატომ დავისაჯეთ ასე, რა დავაშავეთ! ჩვენ ხომ ერთხელ მოვედით ამქვეყნად და ასე უერთმანეთოდ რატომ დაგვტოვა ღმერთმა! შენი თვალები მომენატრა. ყოველ ღამით იმის იმედით ვიძინებ, რომ ხვალ აუცილებლად გნახავ – მოხვალ შენი თეთრი კაბით, უზომოდ სევდიანი და სველი თვალებით და პასუხს მომთხოვ, მე კი ვერაფერს გეუბნები...

მენატრები და ამ წერილით შეუძლებელს გთხოვ – თუ შეგწევს ძალა, მაპატიე...

წინასწარ გიხდით მადლობას. იქნებ, ამ წერილმა ცოტათი მაინც შემიმსუბუქოს დარდი და ტკივილი.

პატივისცემით – სანდრო, 35 წლის.



ჩემი დის ბედნიერებაში

ეჭვი მეპარება

ჩემი დის შესახებ მინდა გიამბოთ. მე თვითონ ბიჭი ვარ და, წესით, ალბათ, სხვანაირად უნდა ვმსჯელობდე, მაგრამ, როცა საქმე შენს დას ეხება, თანაც – ტყუპისცალს, ეტყობა, ყველაფერს სხვანაირად – რაღაც უფრო მტკივნეულად აღიქვამ.

როგორც უკვე გითხარით, მე და ჩემი და, თიკო, ტყუპები ვართ. მშობლები ორივეს ძალიან გვანებივრებდნენ, მაგრამ ნინოს – განსაკუთრებით, რადგან, ჯერ ერთი, გოგო იყო, მეორეც – საოცრად ლამაზი და, თანაც, ფიზიკურად ცოტა სუსტი ბავშვი იყო – გამხდარი, ნაზი, სიფრიფანა. ერთი სიტყვით, მთელი ოჯახი მისი სურვილების გარშემო ტრიალებდა. ნამდვილი ნებიერა გვყავდა. რომ წამოიზარდა, ხელს არაფერზე ახლებინებდნენ, თავისი ჩაის ჭიქაც კი არასოდეს გაურეცხავს.

ძალიან ლამაზი გოგო დადგა. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი დაა. მართლა ისეთი ლამაზი იყო, ქუჩაში რომ გაივლიდა, ხალხი ჩერდებოდა და თვალს აყოლებდა, მაგრამ რაღაცნაირი სილამაზე ჰქონდა – დიდებული, ამაყი, არაუბრალო. ხასიათით ძალიან ლაღი და მხიარული იყო, გრძნობდა თავის სილამაზეს, თუმცა თავისი გარეგნობა არასდროს ავარდნია თავში. ყველა ამბობდა, ნამდვილი მოდელიაო, მაგრამ ეს საქმიანობა არ აინტერესებდა, მსახიობობაზე ოცნებობდა. სკოლა რომ დავამთავრეთ, მე სამედიცინოზე ჩავაბარე, ნინომ – თეატრალურში. პირველივე კურსიდან მისცეს მთავარი როლები სპექტაკლებში, მაგრამ ის კინოზე ოცნებობდა. მეორე კურსზე იყო, რომ ერთმა ცნობილმა რეჟისორმა თავის ფილმში მთავარ როლზე მიიწვია. სინჯებმა წარმატებით ჩაიარა. ყველა აღფრთოვანებული იყო როგორც მისი სილამაზით, ისე მისი ნიჭიერებით. ყველა ჰოლივუდს უწინასწარმეტყველებდა. ბიჭები ბუზებივით ეხვეოდნენ, მაგრამ ახლოს არავის იკარებდა, სხვა გოგოებივით არ იქცეოდა, ხან ერთს რომ ხვდებიან და ხან – მეორეს.

მახსოვს, ორშაბათი დღე იყო – პირველი დღე იმ ფილმის გადაღება რომ იწყებოდა. დიდი მონდომებით მოემზადა და ძალიან მხიარული და ბედნიერი წავიდა გადაღებაზე. შევთავაზე, მე მიგიყვან-მეთქი, მაგრამ უარი მითხრა – პატარა ბავშვი ხომ არ ვარო. არავინ არ გაიყოლა. სიმღერ-სიმღერით ჩაირბინა კიბე და ქვემოდან ხელი დაგვიქნია.

საღამოს ნინოს ძალიან რომ დააგვიანდა, რეკვა ავტეხეთ, რომ გაგვეგო, რა მოხდა. დედაჩემი ხმამაღლა მოთქვამდა, გული ცუდს მიგრძნობსო. დილამდე ვერაფერი გავარკვიეთ, გარდა იმისა, რომ გადაღებაზეც კი არ მისულა. გიჟებს ვგავდით. მხოლოდ მეორე დილას გაირკვა, რაც მოხდა. როგორც გაირკვა, ნინო ერთ ბიჭს მოსწონდა, მილიონერის შვილს, რომლის არსებობის შესახებ ჩვენ კი არა, ნინომაც არაფერი იცოდა. იმ ბიჭს, გიორგის, პირველად რომ დაუნახავს ჩემი და, მაშინ უთქვამს – ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო და ყველაფერი გაუკითხ-გამოუკითხავს მასზე. ვიღაცეებს უთქვამთ, ეგ სხვანაირი გოგოა, ასე ადვილად ვერ დაუახლოვდებიო და იმანაც მოკლე გზა აირჩია: გადაღებაზე მიმავალ ნინოს მანქანით დახვდა და მოიტაცა. მერე რა მოხდა და როგორ მოხდა არ ვიცი, მაგრამ ჩემმა დამ უკან დაბრუნება აღარ მოისურვა. მეორე დღეს ზურას მამა-ბიძები მოვიდნენ შესარიგებლად და, პატარა გაწევ-გამოწევის შემდეგ ჩვენებიც შეურიგდნენ. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი მშობლების სიბრაზე და აღშფოთება ძალიან მალე მოალბო იმ ამბის გაგებამ, რომ მათი მძახალი ერთ-ერთი ცნობილი მდიდარი კაცი იყო ქალაქში.

მერე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და მართლაც გრანდიოზული ქორწილი გადაუხადა მამამთილმა. ვერ უარვყოფ, ჩემს დას მთელი ოჯახი თავს ევლებოდა, ხელისგულზე ატარებდნენ, თვალებში შესციცინებდნენ – რა გაეხარდებოდა; მოსამსახურეები დაასიეს, ცალკე მანქანა ემსახურებოდა, საუკეთესოს აცმევდნენ, ბრილიანტებში აბანავებდნენ, ყოველთვე ხან რომელ ქვეყანაში მიჰყავდა ქმარს, ხან – რომელში. ცოდვას ვერ ვიტყი, მართლა ძალიან უყვარდა ყველას. მამამთილს ლამის ხელში აყვანილი დაჰყავდა. ზურასნაირი ყურადღებიანი და თან გადაყოლილი ქმარი კი ცხოვრებაში არ მინახავს, მაგრამ რაღაცნაირი უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, როცა მათ ვუყურებდი, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და საქციელს ვაანალიზებდი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, თითქოს ყველა ცდილობდა, რომ თავიანთი ფულებითა და სიმდიდრით აეხვიათ თვალები ნინოსთვის, რომ ამ ქონების იქით არ გადაეხედა; თითქოს ამ ფუფუნებით აბამდნენ. არ ეუბნებოდნენ, მაგრამ, ისე გამოდიოდა, თითქოს აგრძნობინებდნენ: შენზე მაგარ გოგოებს არ გამართლებიათ ცხოვრებაში, შენ კი, ნახე, რა ბედი გეწია და ამ ყველაფერს დანახვა და დაფასება უნდაო. თავიდან მეგონა, რომ ასე იყო, მერე კი მივხვდი: ზურას ეშინოდა, რომ თავიდან ამ ნაძალადევი, შემდეგ კი ნაყიდი სიყვარულისთვის არ ეჯობნა თავისით, საიდანღაც მოსულ ნამდვილ სიყვარულს და ამიტომ ცდილობდა, ცოლი მაქსიმალურად დაცული ჰყოლოდა გარესამყაროდან. ასე ნელ-ნელა და ფერებ-ფერებით ნინოს ინსტიტუტიც მიატოვებინეს, ცხადია, როლებიც და ქმარმა აქტიურად დააწყებინა შვილების გაჩენა – 5 წლის განმავლობაში 4 შვილი გააჩენინა, მეექვსე წელს კი ჩემს დას ტყუპი ქალ-ვაჟი ეყოლა. მოსამსახურეების სიმრავლის მიუხედავად, ექვსი შვილის დედას პირადი ცხოვრებისთვის აღარ ეცალა. არც არასდროს დაუჩივლია, არც კი უხსენებია თავისი აუხდენელი ოცნებები; თითქოს ყოველთვის ისეთივე მხიარული იყო, როგორც უწინ, მაგრამ მხოლოდ მე ვხვდებოდი, რომ იმ პირველმა ეიფორიამ გაიარა და მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდა – ქმარი არ უყვარდა. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ სძულდა, მაგრამ მათ ურთიერთობაში არ ჩანდა ის ნაპერწკალი, რასაც მხოლოდ დიდი სიყვარული ანთებს. უფრო სწორად თუ ვიტყვი, ის ნაპერწკალი მუდამ ინთებოდა ზურას მხრიდან, მაგრამ თიკო თითქოს თავისდაუნებურად აქრობდა თავისი თავშეკავებით და ოდნავ ოფიციალური დამოკიდებულებით.

სიმართლე გითხრათ, ორივე მეცოდებოდა, ოღონდ, სხვადასხვანაირად, მაგრამ ვერც ერთი ვერავის ვერ დასდებდა ბრალს, რადგან, ასე მოხდა თუ ისე, ასეთი იყო მათი არჩევანი. თუმცა, თამამად ვიტყვი, რომ თავიანთ ტკივილს ერთმანეთსაც კი არ უმხელდნენ, ისე ცხოვრობდნენ ერთად და ზრდიდნენ შვილებს. ერთხელ დავაპირე ნინოსთან დალაპარაკება, მაგრამ მიმიხვდა, რის თქმასაც ვაპირებდი და თავი შორს დაიჭირა. მერე მივხვდი, რომ ნინო ბედს იყო შეგუებული და აღარც კი ფიქრობდა თავისი ცხოვრების შეცვლას. ან კი, რა შეცვლაზეა ლაპარაკი, როცა ექვსი შვილი კივილ-წივილით გადადის ყირაზე, მეშვიდე მუცელში გიზის, უგონოდ შეყვარებული ქმარი (რომელმაც, მართალია, საბოლოო ჯამში, გიყიდა, მაგრამ სულ თვალებში გიყურებს და განებივრებს) სხვა ქალისკენ საერთოდ არ იყურება და ცდილობს, თავი შეგაყვაროს?!

და მაინც, სადღაც, გულის კუნჭულში, მგონია, რომ ნინო ბედნიერი არ არის.

ნუგზარი, 26 წლის.



რედაქციაში შემოსული უამრავი წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.


скачать dle 11.3