კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი მანქანებით მოძრაობდნენ რუსეთის მეფის ოჯახის წევრები და ინახება თუ არა მისი მასშტაბური ასლი საბა ფერხულის კოლექციაში


12 წლის საბა ფერხულის სამოდელო ავტომანქანების კოლექციაში ხუთასამდე ავტომანქანა ინახება. როგორც იგი ამბობს ეს არის ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარსო. კოლექციაში წარმოდგენილი ავტომანქანების უმრავლესობა 1:43 მასშტაბშია წარმოდგენილი. აქ ნახავთ, როგორც საბჭოთა, ისე – უცხოურ მოდელებს. თუ როგორ გროვდებოდა ეს კოლექცია და რატომაა იგი მის მფლობელზე გაცილებით დიდი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

საბა ფერხული: ჩემი სამოდელო ავტომანქანების კოლექცია ჩემზე დიდია. ის ადრე ბაბუას ეკუთვნოდა, დედის მხრიდან – ნოდარ ქებაძეს. როდესაც დავიბადე, მე გადმომცა სახსოვრად. სამწუხაროდ, დღეს ნოდარი ბაბუა აღარ არის ცოცხალი. ამიტომ ეს კოლექცია ჩემთვის მისი სახსოვარია. მე ის ძალიან მომწონს და ჩემს მეგობრებსაც, მათაც ჰყავთ ბაბუები, თუმცა ასეთ საჩუქარზე ყველა მათგანი ოცნებობს. ალბათ, ბაბუას თავიდანვე უნდოდა ბიჭი შვილიშვილი ჰყოლოდა, თორემ სხვა შემთხვევაში, თოჯინების კოლექციას შეაგროვებდა.

– დღეისთვის რამდენი მანქანაა ამ კოლექციაში თავმოყრილი?

– კოლექციაში ხუთასამდე მანქანაა. მათ შორის უცხოურიც და საბჭოთა მანქანებიც. ჩემს მეორე ბაბუას „მოსკვიჩი“ ჰყავს, რომლის ასლი, რა თქმა უნდა, მასშტაბებში ჩემს კოლექციაშიც ინახება. ისეთი „მოსკვიჩიც“ მყავს „ჭიჭიკოს” რომ ეძახიან, (იცინის), „პობედაც“ მყავს, „ჩაიკაც“, „გაზ 24“ და „გაზ 21-იც“. საბჭოთა ავტომანქანებიდან მყავს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცმანქანების მოდელები: მილიციის, სასწრაფო დახმარების და სხვა. უცხოური მანქანებიც ბევრი მყავს, მაგალითად: „იაგუარი“, „კუპერ მასერატი“, „ფერარი“, რომელიც 1973 წლიდან დადიოდა საფრანგეთში, ფორმულა ერთის „ფერარი“, რომლითაც 1961 წელს, ნიკი ლაუდა დადიოდა.

– რამდენი წლისაა შენი კოლექცია?

– ჩემი კოლექცია ორი და სამი ჩემხელაა, შეიძლება კიდევ დიდიც.

– შენ რამდენი წლის ხარ?

– თორმეტის. ამ კოლექციიდან ზოგიერთი მანქანა დედაჩემის ტოლია, ზოგიერთი კი მასზე დიდი, მაგრამ ქალს ასაკს ხომ არ ვკითხავთ, ამიტომ კოლექციის ასაკსაც ვერ ვიტყვი... (იცინის).

როდესაც ბაბუას ამ კოლექციის შეგროვება დაუწყია, საქართველო საბჭოთა კავშირში შედიოდა. საბჭოთა კავშირის დროს ყველას კი არ უშვებდნენ უცხოეთში. მაღაზიებში კი მხოლოდ აქაურ ქარხანა-ფაბრიკებში დამზადებული რაღაცეები იყიდებოდა. ამიტომ, მაშინ უფრო ძნელი იყო კოლექციის შეგროვება. მანქანები მალულად უნდა გეყიდა მეზღვაურებისგან, ან საკომისიო მაღაზიებში. ბაბუას ბიძაშვილი „სუხიშვილების“ მოცეკვავე ყოფილა და თურმე მასაც ჩამოჰქონდა გასტროლებიდან ამ კოლექციისთვის სამოდელო მანქანები. რომ მეწვიოს სტუმრად, ამ კოლექციის ნახვა გაუხარდებოდა, იმიტომ, რომ მე მას კარგად ვუვლი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს სათამაშო არაა და მოფრთხილება სჭირდება. უკვე, მეც ვყიდულობ და ვუმატებ მანქანებს ჩემს კოლექციას.

კითხვა მეზარება, მაგრამ მანქანებზე ყველაფერს ვკითხულობ. სულ ვიცი, რომელი მანქანა რომელ ქვეყანაში იწყობა, მამაჩემსაც კარგად ესმის მანქანები და რაც არ უნდა შეეკითხო, ყველაფერი იცის.

ძალიან მიყვარს თვითმფრინავები და ავტობუსები. მაგარი იქნებოდა, საქართველოშიც რომ დადიოდეს ისეთი ორსართულიანი წითელი ავტობუსები, როგორიც ინგლისშია. აქაურ ყვითელ ავტობუსებს მაგრად ჯობია.

ბაბუაჩემი რომ აგროვებდა კოლექციას, მაშინ ამერიკის პრეზიდენტი ყოფილა კენედი, რომელიც აღლუმის დროს მოკლეს. ესროლეს. ამ კოლექციაში კენედის მანქანაცაა. კიდევ ჯეიმს ბონდის კინოებში რომაა ისეთი მანქანებიც მაქვს.

– შენ რომელი ავტომანქანა მოგწონს?

– ძველი მანქანების მოდელები. დღეს რომ ქუჩაში დადიან, ისეთი მანქანების მოდელებს იშოვი, ძველებური მანქანების შოვნა უფრო ძნელია. ამ კოლექციაში ნახავთ „რუსობალტებს“. ასეთი მანქანები 1909-1915 წლებში გამოდიოდა. ალბათ, ამ ავტომანქანით თავის დროზე რუსეთის მეფის ოჯახის წევრები დაბრძანდებოდნენ, მერე კი ლენინი. ასე მგონია. მაშინ მანქანები ძალიან ძვირი ღირდა და მის შეძენას ყველა ვერ შეძლებდა.

– რა მასშტაბებშია ძირითადად შენი კოლექციის მოდელები წარმოდგენილი?

– ძირითადად ამ კოლექციაში ნახავთ 1:43 მასშტაბის ავტომანქანების მოდელებს, თუმცა არის მასზე დიდი მასშტაბის ავტოებიც.

– შენ რომელი მანქანა მოგწონს?

– მე უფრო სპორტული მანქანები მომწონს, სწრაფი. განსაკუთრებით წითელი „ფერარი 008”. კიდევ ძალიან მაგარია „კაბრიოლეტები“, რომლითაც ძირითადად ინგლისის დედოფალი მოძრაობს.

– გაჩუქება შეგიძლია?

– ეს კოლექცია ჩემი სახსოვარიცაა, ამიტომ მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ყველას რომ ვაჩუქო, კი არ დამენანება, მაგრამ კოლექცია დაიშლება. ერთი მანქანა მაქვს მხოლოდ გაჩუქებული. ცისფერი „ჟიგული“ ვაჩუქე ჩემს ნათლულს.

– ამ კოლექციას შენ უვლი?

– მხოლოდ მე. ჯერჯერობით, კვირაში ერთხელ ვწმენდ და ისევ ყუთში ვინახავ. მისი დაცვა მიწევს ჩემი დის და მისი მეგობრებისგან. მათ რამდენიმე მოდელი უკვე შეიწირეს.

მამაჩემი შემპირდა, რომ სპეციალურ ვიტრინას გამიკეთებს ამ კოლექციის განსათავსებლად. ეს სათავსო, რა თქმა უნდა, ჩემს ოთახში იქნება, ანუ იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებ.

– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მისი დათვალიერება, მოვლა, მასზე ლაპარაკი არასდროს მომბეზრდება. თან მისი მეშვეობით ბევრ რამეს იგებ. მაგალითად სად, როდის რა გამოდიოდა, ვინ რით დაბრძანდებოდა... თუ უფრო დაინტერესდები, მერე იმასაც შეიტყობ, რა სიჩქარით შეუძლია მოძრაობა ამა თუ იმ მოდელს და ასე შემდეგ. ჩემი ავტომანქანების კოლექცია არის ის, რაც მე ყველაზე ძალიან მიყვარს.


скачать dle 11.3