როგორ დაიკარგა ოჯახიდან გასული ლანჩხუთელი კაცი ასტრახანში და ვინ ეხმარება მის მეუღლეს ქმრის პოვნაში
52 წლის ნადეჟდა ლომინაძე ეძებს 56 წლის ვლადიმერ ვლადიმერის ძე ლომინაძეს
ისტორია: ვეძებ ჩემს მეუღლეს, ვლადიმერ ვლადიმერის ძე ლომინაძეს, დაბადებულს 1953 წლის 29 აპრილს. მისი ოჯახის წევრები – მე და ორი შვილი ამჟამად ასტრახანში ვიმყოფებით და დიდად ვიმედოვნებთ, რომ ვლადიმერი საქართველოშია. ლანჩხუთში მას ორი ძმა ჰყავს. იქნებ, რაღაც გარემოების გამო, ის სამშობლოში დაბრუნდა და, უბრალოდ, ვერ გვიკავშირდება. ბოლოს ჩვენ ის 2007 წლის 21 დეკემბერს ვნახეთ. იგი ზელენოდოლსკში ცხოვრობდა, საიდანაც ასტრახანში გაემგზავრა, 2008 წელს კი იქიდანაც „გაქრა“. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ მის პოვნაში.
– როგორ დაიკარგა ვლადიმერი და რატომ ეძებთ ასტრახანში დაკარგულ ადამიანს საქართველოში?
– ვლადიმერი ქართველია, იგი დაიბადა და გაიზარდა ლანჩხუთში, მაგრამ შემდგომ გაემგზავრა ქალაქ ზელენოდოლსკში, სადაც შექმნა ოჯახი. 2007 წლის 21 დეკემბერს ის სახლიდან გავიდა – მივლინებაში გაემგზავრა ასტრახანში და მას შემდეგ ის აღარ გვინახავს, თუმცა, ვიცით, რომ ის 2008 წლის 28 თებერვლამდე იმყოფებოდა ასტრახანში, სადაც იგი თავის ორ მეგობართან ერთად ბინას ქირაობდა. მათ რაღაც ბიზნესის აწყობა სურდათ, მაგრამ, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მას მეგობრებთან შეკამათება მოსვლია, ის იქიდან გულმოსული წამოსულა ღამით და დღემდე არ ვიცით, სად შეიძლება, იმყოფებოდეს. ვფიქრობთ, რომ ის საქართველოშია, რადგან ლანჩხუთში მას ორი ძმა ჰყავს, ერთ-ერთი ძმის სახელი პავლეა.
– რა სახის ბიზნესის აწყობას ცდილობდა ვლადიმერი და ვინმესთვის თუ მიგიმართავთ დაკარგულის მოძებნაში რომ დაგხმარებოდნენ?
– თითქმის ყველგან გავგზავნეთ წერილები, ასტრახანის ნებაყოფლობით დამხმარესთან – ვიქტორ სტეპანოვიჩთანაც კი ვიყავით. ის დაგვეხმარა თავის გაზეთში განაცხადის განთავსებაში, მაგრამ ჯერჯერობით გამოხმაურება არ გვქონია. რაც შეეხება ბიზნესს, ვიცით რომ, იგი გემის ჩაბარებას გეგმავდა. შესაძლებელია, მეგობრებმა ერთმანეთში რაიმე ვერ გაიყვეს და ამის გამო მოუვიდათ შეკამათებაც. სამწუხაროდ, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. მის მეგობრებს ვენდობით, ისინი მას არაფერს დაუშავებდნენ. თვითონაც გულმოდგინედ გვეხმარებიან მის ძებნაში, მაგრამ, ის ფაქტი, რომ ის ღამით წავიდა იმ ბინიდან, თან, ცხელ გულზე, ძალიან გვაშინებს. იქნებ რაიმე შარს გადაეყარა, ღმერთმა დაიფაროს... მეორე ვარიანტად კი ის გვაქვს, რომ სამშობლოში დაბრუნდა ძმებთან.
– ლანჩხუთში თუ გიცდიათ ჩამოსვლა, ან, თუ დაკავშირებიხართ ვლადიმერის ნათესავებს?
– ჩვენ მხოლოდ მისამართი ვიცით მათი. წერილები, რა თქმა უნდა, იქაც გავაგზავნეთ, მაგრამ, პასუხი არ მოგვსვლია. შეიძლება, ფოსტის ბრალიც იყოს, ან, უბრალოდ, ის მისამართი, რაც ჩვენ გვაქვს, უკვე შეცვლილია. ლანჩხუთი, შევჩენკოს ქუჩა, ¹39 – ეს არის ვლადიმერის ძმის ჩვენთვის ცნობილი მისამართი. თუკი მათ ჩვენი წერილები არ მისვლიათ, შესაბამისად, შეიძლება, მათ არცკი იციან, რომ მათი ძმა დაკარგულია.
– რაიმე სხვა ვერსია თუ გაქვთ, სად შეიძლება იყოს ვლადიმერი საქართველოს გარდა?
– ჩვენ ყველანი მაინც ვფიქრობთ, რომ ის საქართველოშია, ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი გვაქვს. თუკი ის ნამდვილად თავის სამშობლოშია და, უბრალოდ, არ სურს ოჯახთან დაბრუნება, გვინდა, გავიგოთ, რომ ცოცხალია და უბრალოდ არ გვიკავშირდება (თუკი მართლა ასეა), რადგან ყველანი განვიცდით ამ გაურკვევლობას.
– ეს პირველი შემთხვევაა, რომ ის სახლიდან წავიდა და თქვენ არც კი იცით, სად შეიძლება, იმყოფებოდეს?
– დიახ, პირველად მოხდა ასე, არც გვიკამათია და არც აპირებდა სახლიდან დიდი ხნით წასვლას, უბრალოდ, ასტრახანში გაემგზავრა, როგორც უკვე გითხარით, გემის ჩაბარების მიზნით, იქ კი მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა და 2008 წლის 28 თებერვლის შემდეგ მის შესახებ არაფერი ვიცით. რუსულ გადაცემა „ჟდი მენიაში“ გავგზავნეთ წერილი, განაცხადიც შევიტანეთ, მის ძებნაზე, მაგრამ იქიდან ჯერჯერობით, არანაირი პასუხი არ მოგვსვლია, მხოლოდ თქვენ და ვიქტორმა გაგვიწიეთ დახმარება. გიგზავნით მის ფოტოს, რომელიც შედარებით ბოლო პერიოდშია გადაღებული. წესით, ამჟამადაც ასე უნდა გამოიყურებოდეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნებ ვინმემ ამოიცნოს ვლადიმერი და მისი ადგილსამყოფელი შევიტყოთ, ან, ის მაინც გავიგოთ, რომ ცოცხალია. მეც და მისი შვილებიც ძალიან განვიცდით. გთხოვთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება. მართლაც სასაწაული მოხდება, თუ თქვენი დახმარებით ვიპოვით მას, რადგან ვერც აქაურმა პრესამ და ვერც ნებაყოფლობითმა დამხმარეებმა ვერ შეძლეს მისი პოვნა.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.
ნატალია მახარაშვილი