კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის არ სჯეროდა გიორგი ბაბლუანის და რა ანდეს მას ევროპის ყველაზე ცნობილმა რეჟისორებმა


„13“, „მემკვიდრეობა“... ეს ის ფრანგულ-ქართული ფილმებია, რომლითაც ევროპულმა კინომ და მათ შორის საქართველომ გიორგი ბაბლუანის ნიჭი აღმოაჩინა. ოცდაექვსი წლის გიორგი, საფრანგეთში ცნობილი როგორც ჟორჟ ბაბლუანი, აქტიურად მუშაობს ფრანგულ კინოში უნიჭიერეს რეჟისორებთან, საკუთარ ფილმოგრაფიას ახალ და საინტერესო პროექტებს ჰმატებს. თამამი, საოცრად იღბლიანი და ოდნავ დაბნეული ბიჭი „13-დან“ – გიორგი ცოტა ხნის წინ დაქორწინდა. მისი რჩეული ულამაზესი სერბი მოდელი და მსახიობი ბოიანა პანიკია.


გიორგი ბაბლუანი: საკმაოდ დატვირთული და საინტერესო წელი იყო 2009. ჩემი მონაწილეობით გამოვიდა ახალი ფილმი, რომელიც საფრანგეთში ძალიან ცნობილმა რეჟისორმა გადაიღო. ფილმს ჰქვია „თავისუფლება“, მისი რეჟისორია ტონი გატლიფი, რომელსაც 2004 წელს კანში წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტული მიენიჭა. ფილმში უამრავი მსახიობი თამაშობს, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი როლია. მათ შორის არიან ფრანგი ვარსკვლავები: მარია, მარი ჟოზე კროზე, მარკ ლავოინი და სხვები. ფილმი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბოშების ცხოვრებას ეხება. როგორ მოექცნენ მათ გერმანელები ომის დროს, როგორ მოახდინეს მათი დეპორტაცია, რა მდგომარეობაში ჩააგდეს ეს ტომი. ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული მეორე მსოფლიო ომზე – ებრაელებზე, მათ ეთნიკურ წმენდაზე, მაგრამ, არავინ იცის ის ისტორია თუ რა გადახდათ ბოშებს, რომელთაც ებრაელებზე ნაკლებად არ მოჰქცევიან.

– შენ რა როლი გაქვს?

– ფილმი ერთი ოჯახის ისტორიაზეა, მათ ნაცისტურ გერმანიაში საშინელებები გადახდებათ. მოხვდებიან საკონცენტრაციო ბანაკებში... ორი ფრანგი კი – ერთი ქალაქის მერი, მეორე მასწავლებელი ამ ოჯახს ძალიან დაეხმარება. დაიხსნიან გერმანელებისგან. ფილმი რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული. ბოშებს თან ძალიან უცნაური კულტურა აქვთ. არ აქვთ დამწერლობა, სხვა ტიპის ერია. მათ ისტორიაში ბევრი რამ ისეთი მომხდარა, რომლის შესახებ არც დაწერილა და არც არავინ იცის – გადმოცემითაც კი. მათ რცხვენიათ ასეთ თემებზე საუბრის. ერთგვარი კომპლექსი აქვთ თავიანთი უუფლებობის გამო, არ წუწუნებენ იმ ტრაგედიებზე, რაც გადაიტანეს.

– საქართველოში ნაკლებად არის ცნობილი შენი ფრანგული ნამუშევრების შესახებ. ვნახეთ გელა და თემურ ბაბლუანების ფილმები, სადაც მთავარ როლს ასრულებ, მაგრამ მას შემდეგ რა მოხდა, ეს არ ვიცით.

– ჩემი ოჯახის წევრების გარდა, ოთხ ძალიან ცნობილ ფრანგ რეჟისორთან მაქვს ნამუშევარი, რომლებიც ევროპაში უდიდეს რეჟისორებად არიან მიჩნეული. მათი გადაღებული ფილმები ყოველთვის კანის ან მსგავსი დონის სხვა ფესტივალზე მიდის. არის ასეთი რეჟისორი რობერტ გოიდიგუანი, რომელმაც ასევე მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაიღო ფილმი. როდესაც გერმანელები საფრანგეთში შემოვიდნენ, აქ იყო ეგრეთ წოდებული წინააღმდეგობის მოძრაობა – გამათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც სათავეში ერთი პოეტი ედგა. ვითამაშე ასევე პატარა, სამწუთიან ფილმში, ოლივიე ასაიასთან, რომელმაც ეს ფილმი სპეციალურად კანის ფესტივალის სამოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაიღო. მსოფლიოს ოცდაცამეტ საუკეთესო რეჟისორს, – საუკეთესო ეს ბრჭყალებში, რადგან, ჩემი აზრით, საუკეთესო რეჟისორი არ არსებობს, – დაავალეს კინოსთან დაკავშირებით 3-3-წუთიანი „როლიკები“ გადაეღოთ, რომელიც შემდეგ საათნახევრიან ფილმად შეიკრა. მათ შორის იყვნენ: პოლანსკი, ძმები კოენები, ანგელოპულოსი, ნანი მორეტი და ძალიან ბევრი, ვინც კინოს გენიოსად არის აღიარებული. სამწუთიან ფილმში სამუშაო, რა თქმა უნდა, ნაკლებია, როლიც არ შეიძლება, ისეთი დატვირთული და ღრმა ფსიქოლოგიური იყოს. ის უფრო საინტერესოა, პრესტიჟულობის გამო, რომელიც არცთუ ისე უმნიშვნელოა ამ ხელოვნებაში. ვითამაშე ბენუა ჟაკოსთან. ერთი რეჟისორია კიდევ, ნაკლებად ცნობილი, რომელთან ერთადაც გავაკეთე ფილმი, მაგრამ ამ ფილმზე საუბარი დიდად არ მიყვარს. ისეთი სიუჟეტია, ცოტა „უჟასური“. ეს ფილმი მონტაჟდება და სულ მალე გამოვა ეკრანებზე.

– შენ თვითონ რომელ რეჟისორთან, სად გრძნობ თავს კარგად?

– როლს გააჩნია. ბევრი რეჟისორია ისეთი, რომელთანაც სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაინტერესებს. ცნობილი რეჟისორებისგან, რომელთაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და ვისი ფილმებიც ვენეციაში, კანში ან ბერლინშია ნომინირებული და იშვიათად, რომ ფილმი უპრიზოდ დაამთავრონ, მათგან ყოველთვის რაღაცას სწავლობ, სულ რაღაც საინტერესო ხდება. იცი, რა? კომფორტს და სიამოვნებას არ ვეძებ. ეს არ არის არდადეგების პერიოდი. დიდ რეჟისორებთან სულ არის რაღაც სირთულეები, მაგრამ ეს ბევრად საინტერესოს ხდის მუშაობას.

– რთული გრაფიკი გაქვს?

– გააჩნია პერიოდს. გადაღებების დროს გრაფიკზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი, სულ მუშაობ. არის კიდევ გადაღებებისთვის მოსამზადებელი პერიოდი. მაგალითად „თავისუფლებაზე“ ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა. უნდა გვესწავლა ბოშური ენა. სცენარის მიხედვით ხუთი და-ძმა ვართ და რეჟისორმა გვთხოვა, რომ ერთმანეთს შევჩვეოდით, კარგად აგვეთვისებინა ენა, და-ძმის თამაში არ უნდა ყოფილიყო ხელოვნური. მერე არის გახმოვანების პერიოდი. ანუ, გრაფიკი, რეჟისორის მოთხოვნებისა და უამრავი სხვა რამის გამო იცვლება.

– რომელია შენი ყველაზე წარმატებული ფილმი?

– მუშაობის დროს შედეგზე ნაკლებად ფიქრობ და ეს პროცესია ყველაზე მნიშვნელოვანი მსახიობისთვის. მაგრამ, ძალიან კარგი შეგრძნებაა, როდესაც ხვდები, რომ შენი მუშაობიდან რაღაც გამოვიდა. ყველა ჩემი როლი მიყვარს, მიჭირს გამორჩევა. თუ პოპულარობის თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მაშინ ასეთი ფილმი მაინც „13-ია“, რომელიც ჩემთვის პირველი როლი იყო.

– ვიცი, რომ არ ფიქრობდი მსახიობობაზე და სულ სხვა პროფესიაზე ოცნებობდი.

– ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ცოტა უცნაურად მოხდა. ბავშვობიდან ფეხბურთს ვთამაშობდი. სადღაც, თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც საფრანგეთში ჩამოვედი ფეხბურთთან დაკავშირებით. არა, მანამდეც ვიყავი ნამყოფი, რადგან ჩემი ოჯახი უკვე აქ ცხოვრობდა, მაგრამ მერე ისევ საქართველოში დავბრუნდი. საფრანგეთში სხვა სისტემაა. თუ ცნობილ სკოლაში არ ვარჯიშობ, მაშინ მხოლოდ კვირაში სამი-ოთხი დღე შეიძლება ვარჯიში. საქართველოში კი ყოველდღე ვარჯიშობ. რადგან მინდოდა, პრესტიჟულ სკოლაში შევსულიყავი, ამიტომ ინტენსიური ვარჯიშისთვის საქართველოში ჩამოვედი. საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ მართლაც ძალიან კარგ სკოლაში ამიყვანეს, მაგრამ ფეხი ჯერ ერთხელ მოვიტეხე, მერე – მეორედ. ისე გადაება, რომ დიდხანს ვიყავი სახლში. ფეხბურთით ძალიან ვიყავი გატაცებული და ცუდია, როდესაც წლების განმავლობაში დიდი სურვილისკენ მიდიხარ, ბევრს შრომობ, უცებ კი წერტილი ესმება ყველაფერს. თან, ასეთ ასაკში. ერთი წელი უსაქმოდ ყოფნა საუკუნედ გეჩვენება. ეს მაშინ, როცა ჩემზე დიდებში ვთამაშობდი, ძალიან ვცდილობდი, ფეხბურთელი გამოვსულიყავი... ერთი სიტყვით, ამ ტრავმების გამო სახლში აღმოვჩნდი. კარგი რეჟისორების ძალიან ბევრი ფილმის კასეტა გვქონდა. მეც ჩავუჯექი ამ ფილმებს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრებისგან სულ მესმოდა კინოზე საუბარი, ეს სფერო არ მაინტერესებდა. ის კი არა, სახლში ვომობდით კიდეც იმასთან დაკავშირებით, რისთვის გვეყურებინა – ფეხბურთისთვის თუ კინოსთვის. თურმე ჩემი მომავალიც იქ იყო. ამ ფილმების ნახვის შემდეგ, კინო თავიდან აღმოვაჩინე. მკურნალობის მერე შემეძლო, ისევ ფეხბურთში დაბრუნება, მაგრამ კინოზე შევიშალე. თან, ფეხბურთმა ძალიან გადამღალა. ამ ასაკისთვის ასეთი დატვირთვა მაინც რთული აღმოჩნდა და მეც სხვა მიმართულებით წავედი. გაცდენილი ერთი წლის შემდეგ, ყველაფერი თავიდან იყო დასაწყები და დავიწყებდი კიდეც, კინო რომ არ მეპოვა. რაც შეეხება „13-ს“, ჩემთვის არავის შემოუთავაზებია მასში მონაწილეობა, როგორც ეს ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია. თეატრის კურსებზე ვიარე. ამ კურსებს ვამთავრებდი, როდესაც გელა ფილმისთვის ემზადებოდა. გავიარე ქასთინგი, ისევე როგორც სხვა ბევრმა მსახიობმა. ორი კვირის განმავლობაში არ ამიყვანეს. გელას პროდიუსერებმა, მისმა მეგობრებმა, რომლებიც ამ ფილმზე მუშაობდნენ მითხრეს, კი მოეწონე, მაგრამ არ ფიქრობს შენ დამტკიცებაზეო. მესმის მისიც, რა თქმა უნდა, მისთვის „13“ პირველი ფილმი იყო და საკუთარ თავსაც ბევრ შეკითხვას უსვამდა. გამოცდილება რომ ჰქონოდა, შესაძლოა, გადაწყვეტილებაც უფრო იოლად მიეღო. დიდხანს იყო ეჭვებში, გაამართლებდა თუ არა ჩემი კანდიდატურა. იმ პერიოდში ერთად არ ვცხოვრობდით. ორი წლის განმავლობაში საერთოდ ნანახი არ მყავდა ისე მივედი ქასთინგზე. შემდეგ მისმა პროდიუსერებმა მითხრეს, სხვა ბიჭი აიყვანაო.

– გული არ დაგწყდა?

– ვიფიქრე, თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რა პრობლემაა-მეთქი, მაგრამ, იმაზე გავბრაზდი, ორი კვირის განმავლობაში რომ არაფერი მითხრეს, როლზე სხვა თუ დაამტკიცეს. ეს თვითონ უნდა ეთქვა. იცი, კარგია, მაგრამ ვფიქრობ, სხვა უკეთ ითამაშებს, – ამის თქმა პრობლემა არ იქნებოდა. პირველ გადაღებამდე სამი საათით ადრე დამირეკა და მითხრა, შენ ხარ მთავარ როლშიო. მე კი ცოტა გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი. ვუთხარი, დიდი მადლობა, არ მინდა-მეთქი და ტელეფონი გავუთიშე.

– კონფლიქტი გქონიათ.

– კი, ასე გამოვიდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ დავმშვიდდი, გადავრეკე და გადასაღებ მოედანზე მივედი. ასე დაიწყო ჩვენი მუშაობა. საკმაოდ რთული გადაღება იყო, დიდხანს გრძელდებოდა, ორივეს ჩვენ-ჩვენი საქმე და სირთულეები გვქონდა.

– იმ შედეგს თუ ელოდით, რაც ამ ფილმს მოჰყვა?

– ძალიან, ძალიან ბევრს ვმუშაობდით. შედეგებზე გადაღების პერიოდში არ ვფიქრობდით, მაგრამ კი – მოიტანა. „13-მა“ ძალიან პრესტიჟული პრიზები აიღო, ისეთი როგორიცაა – ვენეცია, სანდენსი. თან, სანდენსი მსოფლიოში თავისუფალი, ანდერგრაუნდ კინოს ყველაზე დიდი ფესტივალია და პირველად მოიგო ის ფრანგულმა ფილმმა. „13-მა“ აიღო ევროპული ოსკარიც. როდესაც სამ ასეთ ფესტივალს და პლუს კიდევ ამერიკის ყველაზე დიდ ფესტივალს იგებ, ეს უდიდესი წარმატებაა. ამის შემდეგ წამოვიდა ძალიან ბევრი შემოთავაზება „რიმეიქთან“ დაკავშირებით. „13-ის“ რიმეიქი გაკეთდა, ჯერ კიდევ მუშაობის პროცესშია.

– შენ მონაწილეობ?

– არა. ის ამერიკაში გადაიღეს. გელა უკვე რამდენიმე წელია ამ პროექტზე მუშაობს. ის დიდი ხანია საფრანგეთში არ ყოფილა. ამ ფილმს ბაზა „13-ის“ აქვს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა ფილმია.

– ევროპამ როგორ მიიღო „მემკვიდრეობა“?

– ძალიან კარგად და ბევრი სერიოზული პრიზიც მოიგო. კარგი კრიტიკა ჰქონდა. ვისთანაც კი მისაუბრია ამ ფილმის შესახებ, ყველას გადასარევად აქვს გაგებული. ალბათ, არის ვიღაც, ვინც ვერ გაიგო, მაგრამ ასეთს არ შევხვედრივარ.

– გიორგი, როგორც გავიგეთ, დაოჯახდი კიდეც, გაგვაცანი შენი მეუღლე.

– კი ბატონო. ჩემი მეუღლე წარმოშობით სერბია – მსახიობი და მოდელი, ბოიანა პანიკი. ჩვენ ერთმანეთი „თავისუფლების“ გადაღების დროს გავიცანით. ის ფილმში ჩემი პარტნიორია. ერთმანეთს გადაღებისთვის მომზადების პერიოდში შევხვდით. ის უკვე რამდენიმე წელია საფრანგეთში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ დავქორწინდით.

– გიორგი დღეს საფრანგეთში პოპულარულია?

– იცი, რა? აქ ძალიან დიდი კონკურენციაა, დიდი ბაზარია და მსახიობობის მსურველიც ძალიან ბევრია. თუმცა, სამუშაო არის და ეს ძალიან კარგია. უნდა ეცადო, რომ კარგ, საინტერესო პროექტში მოხვდე, ასეთები უნდა ეძებო. მერე იმასაც გააჩნია, რა გამოვა. შეიძლება, სცენარი ძალიან საინტერესო იყოს, მაგრამ ფილმი აბსოლუტურად სხვა გამოვიდეს.

– ანუ, გიორგი ბაბლუანზე მოთხოვნა არის.

– საკმარისად. ჯერჯერობით ასეა, მერე ვნახოთ. იცი. რა? აქ არიან ძალიან დაფასებული რეჟისორები, რომელთაც უდიდეს მსახიობებთან უმუშავიათ და მე მათთან მუშაობის საშუალება მაქვს. მართალია, არის პროექტები, რომელიც ნაკლებად მომწონს, მაგრამ მაინც მიჭირს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება. ვერავინ იტყვის, რა არის ცუდი ან კარგი. შეიძლება, ჩემთვის ფეხის მოტეხა იმ წუთში ძალიან ცუდი იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს რომ არა, ალბათ, კინოში ვერ მოვხვდებოდი. ამიტომ, რთულია ერთმნიშვნელოვნად თქვა, რა არის კარგი და რა ცუდი. არ ვიცი, გამიმართლა თუ არა. ამას ალბათ, ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ გეტყვით, როდესაც ბევრი ნამუშევარი მექნება, ბევრი ისეთი, როგორიც მე მომწონს.

– და, რა არის ის, რაც გიორგის მოსწონს?

– ბევრი „13“. ჯერ ახალგაზრდა ვარ და ამაზე საუბარი ადრეა. კინოს ისტორიაში ბევრი გენიალური ფილმია და თუ ასეთი ფილმები დაგროვდა, მაშინ ვიტყვი, რომ გამიმართლა.

– ბოლოს ის მითხარი, ხშირად ახერხებ საქართველოში ჩამოსვლას? ზოგადად აქედან თუ გაქვს რაიმე შემოთავაზებები?

– სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოსვლას ძალიან იშვიათად ვახერხებ. რაც შეეხება შემოთავაზებებს, ყოფილა საინტერესო წინადადებები, პროექტიც მომეწონა, მაგრამ სულ ისეთ პერიოდს დაემთხვა, როცა არ მეცალა, გადაღებები მქონდა და სამწუხაროდ, უარის თქმა მომიწია. მაგრამ, საინტერესო წინადადებების მისაღებად, ყოველთვის მზად ვარ, მთავარია, დროზე დაიგეგმოს, რომ მეცალოს.


скачать dle 11.3