მოთელვის „მომენტი“
ანუ, თითქმის „მომენტო მორი“
ჯერჯერობით დედაქალაქის მერის სავარძლის დასაკავებლად კანდიდატები ერთმანეთს მთლად არ შებმიან, თუმცა აშკარაა, რომ მოთელვის პროცესს გადიან. გაცხადებული კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამაში სოციალური პრობლემატიკა ჭარბობს. ეს გასაგებიცაა – როგორც თბილისის, ისე სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეჭირვებულია და მათი ხმებისკენ გზა, როგორც წესი, ჯიბესა და კუჭზე გადის. შესაბამისად, მერობის „ქრისტიან-დემოკრატიული“ კანდიდატიც სოციალურ პრობლემატიკას შეუფიქრიანებია (გასულ კვირას მედიასთან საუბრისას ბ-ნმა ჭანტურიამ არ დამალა, რომ მისი პრიორიტეტი სოციალური პრობლემები და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნაა). მეტიც, დარწმუნებულია, რომ ის კონკურენციის გარეშეა: „ჩემი კონკურენტები მხოლოდ სიღარიბე და უსამართლობააო“ (შესაძლოა, „შეხედა და შეეშინდა სიკვდილს სიღარიბე სჯობდა“). რაც მთავარია, ბ-ნი ჭანტურია იმედოვნებს, რომ მერობისთვის მეორე ვადითაც იბრძოლებს (და მერე რა, რომ ჯერჯერობით ერთხელაც არ გამხდარა მერი). ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მერის სავარძელს ბ-ნი უგულავაც საფუძვლიანადაა ჩაჭიდებული, სიტუაცია თითქმის ანეკდოტურია. ასე, მაგალითად:
მეზობელი ბიჭუნას ეკითხება: სად არიან შენი მშობლები?
ბიჭუნა: აბაზანაში.
მეზობელი: მალე გამოვლენ?
ბიჭუნა: მითხრეს, მალე გამოვალთო, მაგრამ, არ მგონია, რადგან, ვაზელინი მთხოვეს, მე კი „მომენტი“ მივეცი.