დამცირებულები
არა! – შარდს ბოთლებში
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ბ-ნმა ლორთქიფანიძემ, ჯერ კიდევ გასულის გასული კვირის მიწურულს გაუმხილა პრეზიდენტს თავისი ხვაშიადი (ოფიციალურად თუ ვიტყვით საკანონმდებლო ინიციატივა), რომელიც საჯარო მოსამსახურეთა ნარკოლოგიურ შემოწმებას ეხებოდა. პირველმა პირმა ეს ინიციატივა მოიწონა და, თავის მხრივ, დაამატა, რომ საჯარო მოსამსახურეთა თმის ღერით ნარკოლოგიური შემოწმება ყველაზე თანამედროვე მეთოდია (აბა, ჩვენს მოხელეებს რაიმე არათანამედროვეს როგორ ვაკადრებდით?!). შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრს მაშინვე დაავალა, რომ ნარკოლოგიური შემოწმების ამ თანამედროვე მეთოდის დანერგვის თადარიგი დაეჭირა. მეტიც, პრეზიდენტის განცხადებით, თუ ამ შემოწმების გავლას ბიზნესმენებიც მოითხოვენ, სახელმწიფო მათ საბიუჯეტო სახსრებით დააფინანსებს, მით უფრო, რომ მეთოდი „უმტკივნეულოა, არ არის დამამცირებელი, თანაც – უშეცდომოა“ (მეორე მხრივ, საინტერესოა, რას ამბობს მეთოდი იმ შემთხვევებში, თუკი მოხელე მელოტია). მოგეხსენებათ, აქამომდე ამ ჩვენს პარლამენტის წევრებს ნარკოტიკებისადმი კავშირს შარდის მეშვეობით უმოწმებდნენ. ეს პროცედურაც მეტად უმტკივნეულოა, სპეციალისტების განმარტებით – უშეცდომოც და ერთგვარად სახალისოც (ყოველდღე არ გვიწევს საკუთარი შარდით სავსე ქილებით მოსიარულე რჩეულების ხილვა). ხოლო, თუკი მაღალჩინოსნებს (ყველა სახელისუფლო განშტოებაში) ის არ ამცირებთ, რომ მათი სახელფასო შემოსავალი 20-ჯერ და ხანდახან 100-ჯერაც მეტია იმ ხალხის სახელფასო შემოსავლებზე, რომელთა მსახურებიც თითქოს არიან, ვითომ, ბოთლში შარდის შეგროვებამ რატომ უნდა დაამციროს?!