რევოლუციური ბარტყობა
გამოპოლიგლოტურებულები
სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოს მოსახლეობის აღწერა აუხდენელ ოცნებად იქცა. თუმცა ეს ხელს ვერ უშლის ჩვენს ხელისუფალს, მაღალი ტრიბუნიდან დაგვამშვიდოს, რომ საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონამდეა. ციფრები, ცხადია, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს (ისე მაინც, რომ გარედან მტერს დაუბრმავოს თვალი და, მერე რა, რომ შიგნიდან მოყვარეებს გულს გვიხეთქავს). მეტიც, პრეზიდენტი დაგვპირდა, რომ თავისი მეორე ვადის ამოწურვამდე მოსახლეობის რაოდენობა სტაბილურად 5 მილიონი გახდება, ოღონდ, არა იმიტომ, რომ შობადობა გაიზრდება (თუმცა, ესეც გამოსავალია: თუ სახელმწიფო მხოლოდ აღმოსავლური ენების შესწავლას არ დასჯერდებოდა, არაბული ქვეყნების გამოცდილებას გაითვალისწინებდა და ახალშობილების კეთილდღეობაზე ბიუჯეტს აზრუნებდა), იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოში უფრო მეტი მოქალაქე დაბრუნდება, ვიდრე წავა. ეკონომიკური კრიზისის გამო, ოფიციალური ინფორმაციით, სამშობლოში საქართველოს 164 000 მოქალაქე დაბრუნებულა (სავარაუდოდ, იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებშიც კრიზისია და სამუშაოს შოვნა-შენარჩუნება გაჭირდა, თუ, რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა ზუსტია). პირველი პირის პათოსს არც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი და ენერგიული თავმჯდომარე ჩამორჩება. მისი ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში 4 მილიონამდე ამომრჩეველია. ეს ციფრიც მეტად სასიხარულო და სავსებით ლოგიკურია, თუკი მოსახლეობის საერთო რაოდენობა 5 მილიონამდეა.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ რამდენიმე უცხო ენის შესწავლისკენ მოგვიწოდებენ და, ზედაც დავამატებთ, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, ვფიქრობ, ამ ჩვენს გამოპოლიგლოტურებას დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის სუნიც უნდა დაჰკრავდეს (რამდენი ენაც გეცოდინება, იმდენი მოქალაქეც იქნები). ამიტომაც, თუ მოვინდომებთ, შესაძლოა, სულ მალე მოსახლეობის რაოდენობით 10-15 მილიონსაც მივუკაკუნოთ. დიახ, ყველაფერი გენიალური – ძალიან მარტივია!