შვეიცარია – სინგაპურის ელემენტებით
ანუ მარგარეტ ტეტჩერი – კლეოპატრას ელემენტებით
იმის მიუხედავად, „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“, მაღალი ტრიბუნიდან გვპირდებიან, რომ 2011 წლიდან საქართველოს მიერ გაცემულ სასკოლო ატესტატებს უცხოეთშიც აღიარებენ (და მერე რა, რომ ჩვენი უმაღლესი სკოლის ატესტატებს ჩვენ გარდა არც არავინ აღიარებს). ამის პარალელურად, ზემოდან გეზიც მოგვცეს: უნდა ვისწავლოთ ინგლისური (და მერე რა, რომ ზემოდან მოწოდების გარეშეც ვიცით, რომ ეს ჩვენი წმიდათაწმიდა მოვალეობაა), სპარსული, თურქული, ზედაც – გერმანული, ფრანგული, თანაც ისე, რომ შევინარჩუნოთ რუსული. მართალია, მე ვერ გეტყვით (რადგან, რას გაუგებ სიყვარულს), რაში გამოვიყენებთ სპარსულისა და თურქულის მასობრივად ცოდნას, მაგრამ, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ინგლისურისა და რუსულის ცოდნა გამოგვადგა. ინგლისურის იმიტომ, რომ მთელი ამერიკა ინგლისურად ლაპარაკობს, რუსულთან დაკავშირებით კი საქმე გაცილებით სერიოზულადაა: პრეზიდენტის შეფასებით, განათლების ორი ყველაზე წარმატებული მინისტრი ბ-ნები ლომაია და შაშკინია (ბ-ნ ლომაიასთან დაკავშირებით, თუ პრეზიდენტის ადრინდელ გამონათქვამს გავიხსენებთ – სულელების დანერგილია ინტეგრირებული სწავლება და სხვა მისთანობებიო, – ერთგვარი უხერხულობა იქმნება). მეორე მხრივ, იქმნება თუ არა, უდავოა, რომ სწორედ რუსულენოვანი, ანუ რუსულ საშუალოსკოლადამთავრებული მინისტრები გამოგვდგომიან (შესაბამისად, რუსული სკოლა, თუ მთლად ძეგლს არ დავუდგამთ, განმანათლებლების სამჭედლოდ მაინც უნდა ვაღიაროთ). შესაძლოა, ამ ყოველივეს გათვალისწინებითაც ითქვა საუკუნის ფრაზაც: „საქართველო არის შვეიცარია სინგაპურის ელემენტებით“, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მე ვარ მარგარეტ ტეტჩერი – კლეოპატრას ელემენტებით.