სატირელი
„მოდგნენ ხასიათზე, რაღაი გაძღნენ“
მას შემდეგ, რაც ედუარდ-ჯაყო კოკოევის მთავრობას რფ-დან „დამოუკიდებელი“ „იუჟნაია ოსეტიას“ აღსადგენი ფულის შეჭმა ხახვივით შერჩა (ფულიც შერჩა და თავიც), ამოქმედდნენ პრინციპით: „მოდგნენ ხასიათზე, რაღაი გაძღნენ“. ხოლო, „რაღაი გაძღნენ“, „ახალი პოლიტიკური რუკის“ შესაქმნელადაც გაემზადნენ. ძველი და ნაცადი – საქართველოს მიერ „მიტაცებული“ „ოსური“ ძირძველი მიწების დაბრუნების მოტივით! ამიტომაც, გამალებით მოითხოვენ „სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციას“ (რატომაც არ მოითხოვენ, ვინ დაუშლის?!). მეტიც, არა მხოლოდ მოითხოვენ, „დელიმიტაციის კომისიაც“ შექმნეს, რომელმაც „იუჟნაია ოსეტიას“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები უნდა გაუფართოვოს (ეს მიწები ჯერ მეფის რუსეთს, შემდეგ კი საბჭოთა რუსეთს უჩუქებია, თურმე, საბჭოთა საქართველოსთვის). „დელიმიტაციის პროცესში“ ჩასართველად რუსებმა და მხოლოდაღიარებულებმა ქართველი კოლეგებიც მიიწვიეს, ოღონდ, ბუნებრივია, ცივი უარიც მიიღეს. თუმცა ამან კომისიის მუშაობას ხელი მაინც ვერ შეუშალა, ამიტომაც ისინი თებერვალში კიდეც შეიკრიბნენ (დედარუსეთის გულში) და „მიტაცებული მიწებიც“ მოინიშნეს. ბორის ჩოჩიევმა (ის „იუჟნაია ოსეტიას“ ინტერესებს წარმოადგენს „დელიმიტაციის კომისიაში“) განაცხადა, რომ, რაკი ქართული მხარე ასეთი შეუგნებელია, ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო საზღვარზე ბოძებს ჩაასობენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცი და ცრემლი შეუთავსებელი ცნებები მგონია, უნდა ვაღიარო, ეს ის შემთხვევაა (როცა ჯაყო ასე ჯეჯილობს), როდესაც სიმწრის ცრემლი გამართლებული უნდა იყოს. თუმცა ქართველი მამაკაცები ისე აქტიურად არიან გართული ბრძოლებით შიდა პოლიტიკურ ფრონტზე, რომ ამის არც საგლოვად სცალიათ და არც წინააღმდეგობის გაწევის შნო აქვთ, ჩვენდა და მათდა სამწუხაროდ.
მეორე მხრივ, არის ერთი გამოსავალიც: „ძირძველი ოსური მიწების“ სანაცვლოდ, დიმიტრი სანაკოევი თავისი ადმინისტრაციიანად, ზედაც „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ იდეის ავტორებიანად რომ გავუგზავნოთ „დელიმიტაციის კომისიას“, ვითომ „ჩეინჯზე“ არ დაგვთანხმდებიან?!