როდის კარგავს მუსკარის თესლი აღმოცენების უნარს და რომელ ოთახშია სასურველი სპატიფილუმის დადგმა
ზოგიერთ მცენარეს ზამთარში გამათბობელი ვნებს, ზოგს – ხშირი მორწყვა და დაბალი ტემპერატურა. თუ როგორ მოვუაროთ მუსკარსა და სპატიფილუმს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და, განსაკუთებით – ახლა, ამას საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მებაღე-დიზაინერი თენგიზ პაპავა აგვიხსნის.
– ბატონო თენგიზ, რას გვეტყვით მუსკარის შესახებ?
– მუსკარი ლილიების ოჯახს მიეკუთვნება. ის ძალიან ლამაზი და, ამავე დროს, იოლად გასაზრდელი მცენარეა. კარგი მოვლისა და სასურველი ნიადაგის პირობებში მუსკარი ივითარებს კარგ ბოლქვებს და მცენარე ასე უფრო მასიური და ლამაზი ხდება. ის საოცრად მიმზიდველია და ნებისმიერ ბაღს დაამშვენებს. დახვეწილობის გამო, მას იყენებენ ალპინარიუმის გაზონებისა და სხვა კომპოზიციების გასაფორმებლადაც. რა თქმა უნდა, შესანიშნავად იზრდება ოთახის პირობებშიც.
– როგორ შევუქმნათ ამ მცენარეს სასურველი პირობები?
– მუსკარს უყვარს განათებული და მზიანი ადგილი. ასევე, თავს კარგად გრძნობს ნახევრად განათებულ ადგილზეც. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ შემოდგომით მას ძალიან არ უყვარს ფესვებში წყლის ჩადგომა. ეს გამოიწვევს მუსკარის ბოლქვების ლპობას და ამით მცენარე თანდათან დაიღუპება. ამიტომ, მოერიდეთ დაბალ ადგილში მის ჩარგვას, სადაც შესაძლებელი იქნება წყლის ჩასვლა.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე?
– მუსკარი ძალიან კარგად იზრდება არამჟავე ფხვიერ ნიადაგში. ეს მისთვის ყველაზე კარგი და ნოყიერი ნიადაგია. ასეთ მიწაში მცენარე აღწევს მისთვის ხელსაყრელ და განვითარებისთვის საუკეთესო პირობებს. ზაფხულში, ბაღში მუსკარის გვერდით შეგიძლიათ, ჩარგოთ სხვადასხვა ერთწლიანი ყვავილები მეტი ეფექტისთვის. მუსკარს ზაფხულში მიწისზედა ნაწილი უხმება და მხოლოდ ბოლქვები რჩება. იმისათვის რომ სილამაზე არ დაირღვეს, ქოთანში ჩარგეთ ბუტონები.
– როგორ და რით მრავლდება ეს მცენარე?
– მუსკარი არაჩვეულებრივად მრავლდება როგორც შვილობილი ბოლქვებით, ასევე თესლის საშუალებით. ზაფხულის პერიოდში ერთბოლქვიანი მცენარისგან შეგიძლიათ მიიღოთ 15-20 შვილობილი ბოლქვი, რაც საგრძნობლად უხვ მოსავალს ნიშნავს. ბოლქვის მთლიანი ბუდე შეგიძლიათ დაშალოთ 3-4 წელიწადში ერთხელ. თუ გსურთ, რომ სწრაფად გაამრავლოთ, მაშინ ბოლქვი შეგიძლიათ ორ წელიწადში ერთხელაც დაშალოთ.
– თუ თესლით გამრავლება გვსურს, ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ?
– თესლით გამრავლების შემთხვევაში, მისი ჩათესვა ნიადაგში სწრაფად უნდა მოხდეს, რადგან თესლი აღებიდან მალე კარგავს აღმოცენებისთვის საჭირო თვისებებს.
– რას გვირჩევთ, ამ სეზონზე, რა გავითვალისწინოთ მუსკარის კარგად გახარებისთვის?
– მცენარე არ დადგათ გამათბობელთან ახლოს, ტემპერატურა უმჯობესია 18 გრადუსამდე, შეურჩიეთ კარგი განათება და მორწყეთ იშვიათად. ხელით მოუსინჯეთ ნიადაგი, როდესაც მიხვდებით, რომ მიწა უკვე მშრალია, მხოლოდ ამის შემდეგ დაასხით წყალი. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, ის არაჩვეულებრივად გაიხარებს და თქვენს ბინას თუ ბაღს უფრო მეტად გაალამაზებს.
– როგორი მცენარეა სპატიფილუმი და გამძლეა თუ არა ის?
– სპატიფილუმი ძალიან ლამაზი და გამძლეა. ცნობილია, როგორც ჩრდილის ამტანი ფოთლოვანი მცენარე. თუმცა, უმჯობესია, თუ სინათლეში დადგამთ. ამ მცენარის სხვადასხვა ჯიშები არსებობს. სელექციონერებმა უხვად მოყვავილე ჯიშებიც გამოიყვანეს და მისი შეძენისას თქვენ დიდი არჩევანი გექნებათ. ზოგიერთი სახეობა ერთ მეტრზე მაღალი იზრდება, ზოგი კი ძალიან პატარა რჩება. სპატიფილუმის დიდფოთლიანი სახეობები ძალიან ლამაზი და ეფექტურია. თუმცა, ოთახის პირობებში ცუდად ხარობს და გირჩევთ, ბინისთვის შედარებით მომცრო ზომის სახეობა აირჩიოთ.
– როდის ყვავის სპატიფილუმი?
– მცენარე ძირითადად გაზაფხულზე ყვავის, მაგრამ თუ კარგ პირობებს შეუქმნით, წლის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმეც აყვავდეს.
– როგორია მისთვის კარგი პირობები?
– ზაფხულში მცენარე სიცხეს უნდა მოარიდოთ. ახლა, მინიმუმ 16 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ამყოფოთ. თუ ამ სეზონზე მცენარეს შუქი არ მოაკლდება, ის უხვად იყვავილებს.
– მორწყვის რეჟიმი როგორ დავურეგულიროთ?
– გაზაფხულიდან შემოდგომამდე მცენარეს აქტიური ზრდის პერიოდი აქვს. ამ დროს მიწა ტენიანი უნდა იყოს და ხშირად მორწყეთ. საერთოდ, სპატიფილუმს მაღალი ტენიანობა მოსწონს. ზამთარში შედარებით ნაკლები წყალი სჭირდება და საჭიროა მიწის ცოტათი შეშრობა. გაზაფხულზე შეგიძლიათ, მცენარის ნიადაგი მინერალური თხევადი სასუქით გაანოყიეროთ.
– თუ ბინაში უკვე გვაქვს სპატიფილუმი, რომელ ადგილას დავდგათ წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– ამ მცენარისთვის საუკეთესო ადგილი სამზარეულო და საძინებელია. ყოველთვის ეცადეთ, სინათლისკენ მიატრიალოთ. ზაფხულში თუ ძალიან დაცხა, აივანზეც გაიტანეთ. მხოლოდ გახსოვდეთ, რომ მზის მწველი სხივები მას არ უნდა მოხვდეს. კარგი მოვლის შემთხვევაში სპატიფილუმი ლამაზი ფოთლებითა და ყვავილებით გაგახარებთ მუდამ.