რა საფრთხეს უქმნის ცხოველებს გაზაფხულის დადგომა და რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება გაზაფხულზე ძაღლის კვების რაციონს
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ბევრი ისეთი დეტალი იჩენს თავს, რაც ძაღლის პატრონმა აუცილებლად უნდა იცოდეს. ამიტომ, თუ თქვენთვის და თქვენი ოთხფეხასთვის ჯანმრთელობა და კომფორტი მნიშვნელოვანია, ყურადღებით გადაიკითხეთ ვეტერინარ ზაქრო ბაჯიაშვილის ინტერვიუ და საჭირო ინფორმაციასაც მიიღებთ, რომელიც აუცილებლად წაგადგებათ.
ზაქრო ბაჯიაშვილი: გაზაფხულის დადგომასთან ერთად, უფრო მეტ დროს ვატარებთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან ქუჩაში. მზიანი ამინდის დროს ვასეირნებთ სუფთა ჰაერზე. გაზაფხული ახარებს არა მარტო ძაღლებს და მის პატრონებს, არამედ პარაზიტებსაც, რომლებიც ზამთრის ძილიდან გამოდიან და იწყებენ ნადირობას ჩვენს ცხოველებზე. ცხოველებს ზამთარში სიცივის გამო დასუსტებული აქვთ ორგანიზმის იმუნიტეტი და შეიძლება, ადვილად დაავადდნენ ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებით. ამიტომ საჭიროა, ჩავატაროთ ყველა საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიება და სწორად მოვამზადოთ ძაღლი გაზაფხულისთვის.
– რა ღონისძიება უნდა ჩავატაროთ?
– გაზაფხულზე ძალიან მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ვაქცინაცია. რეგულარული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად დაბლა სწევს ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების რისკს. ასევე, ზამთარში დასუსტებული ორგანიზმი შეიძლება, საჭიროებდეს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც ემატება ძაღლის რაციონს ან ეძლევა როგორც სასუსნავი.
– რომელი პარაზიტები უქმნიან გაცილებით მეტ საფრთხეს ცხოველებს?
– გასათვალისწინებელია, რომ ამ დროს აქტიურდებიან ექტოპარაზიტები – რწყილები და ტკიპები. ცხოველთა ექტოპარაზიტებიდან ძაღლისთვის ყველაზე მეტად საშიში იქსოდიდეს ტკიპებია, რომლებიც ისეთი მწვავე დაავადების გადამტანია, როგორიცაა პიროპლაზმოზი.
– როგორ დავიცვათ ძაღლი ამ შემთხვევაში?
– რომ დავიცვათ ძაღლი აღნიშნული ტკიპების კბენისგან, საჭიროა, რეგულარულად დავამუშაოთ ცხოველი რეპელენტებით. აღნიშნული პროცედურა გულისხმობს ანტიპარაზიტული წვეთების რეგულარულ გამოყენებას. ის უნდა დავაწვეთოთ მინდორზე, რომლის ჯერადობა დამოკიდებულია პროდუქციის მწარმოებელზე. ასევე, ყოველი გასეირნების წინ, განსაკუთრებით სკვერებში, რეკომენდებულია, დავასხათ ცხოველს ინსექტო აკარაციდული სპრეი და მუდმივად ეკეთოს სპეციალური ანტიპარაზიტული საყელო. აღნიშნული პროცედურები უნდა შესრულდეს კომპლექსში. ისინი ერთმანეთს ავსებენ და ასეთი საშუალებით დაცვის გარანტია უფრო მყარია, ვიდრე მათი ცალკ-ცალკე გამოყენებისას.
– რაც შეეხება დაინფიცირებას?
– პრობლემა, რაც ძალიან ხშირია გაზაფხულზე, რწყილებით დაინვაზირებაა ანუ დაინფიცირება, რომელიც ხშირად ალერგიული რეაქციების (რწყილის კბენისას) მიზეზი ხდება. რწყილი გადამტანია ზოგიერთი სახის ჰელმინთებისა. მაგალითად, დიფილიდიოზის ჭიებით დაინვაზირება უბრალოდ, ცუდი შეგრძნებაა ცხოველისთვის. რწყილებით დაინვაზირებული ცხოველი არასასიამოვნოდ გამოიყურება.
– რა საშუალება უნდა გამოვიყენოთ პროფილაქტიკისთვის ამ შემთხვევაში?
– რწყილებით დაინვაზირების პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ გამოიყენება ის საშუალებები მაგალითად: სპრეი, წვეთები, ანტიპარაზიტული საყელო, რაც გამოიყენება ტკიპებით დაინვაზირების შემთხვევაში. ასევე, შეიძლება რწყილების საწინააღმდეგო შამპუნის გამოყენებაც.
ასევე პრობლემას ქმნის ის საკითხი, რომ გაზაფხულზე ქუჩები დანაგვიანებულია და ქუჩაში გამოყვანილი ძაღლები, მეტად ეტანებიან ხის ტოტებს, პლასტმასის ბოთლებს და სხვა საგნებს, რომლებმაც შეიძლება სერიოზული დაზიანებები და გართულებები გამოიწვიოს. მაგალითად, როგორიცაა კბილების მოტეხილობა, პირის ღრუს სხვა დაზიანებები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუვალობა და ასე შემდეგ.
– კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გაზაფხულის დადგომისთანავე?
– ასევე საგულისხმო და გასათვალისწინებელია ის, რომ არ უნდა დავივიწყოთ ცხოველის რეგულარული დეჰელმინტიზაცია, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს ყოველ კვარტალში ერთხელ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ძაღლის ჰელმინთებით დაინვაზირება არ მოხდეს. რაც ასევე ხელს უწყობს სხვა ინფექციური, ვირუსული, თუ ბაქტერიული სახის დაავადებების განვითარებას.
– ძაღლის კვებას რაც შეეხება?
– ძაღლის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი პირობაა სწორი და სრულყოფილი რაციონი. ამას განსაკუთრებით გაზაფხულზე უნდა მიექცეს ყურადღება. გაზაფხულზე აღინიშნება ვიტამინების ნაკლებობა, ამიტომ მნიშვნელოვანია კვების ხარისხისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა.
ყველა ამ მარტივი პროცედურის გათვალისწინებით, თქვენ ნაკლებად გაგიძნელდებათ იმ პრობლემებთან ბრძოლა, რაც გაზაფხულთან არის დაკავშირებული. ამით თქვენს ძაღლს აღნიშნულ პერიოდში ნაკლები პრობლემები შეექმნება.