კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის გამო იღებდა გამუდმებით ვალს აკაკი წერეთელი და იქორწინა თუ არა მან ფულის გამო


საზოგადოების მხრიდან დიდი სიყვარული მუდამ თან სდევდა აკაკი წერეთელს. რამდენადაც აღიარებული გახლდათ ეს პიროვნება, იმდენად უბედური კაცი იყო პირად ცხოვრებაში. უბედური, იმიტომ, რომ როგორც თვითონვე ამბობდა: „სახლი მაქვს - არა მაქვს, ცოლი მყავს – არა მყავს, პენსია მაქვს – არა მაქვს.“ ასე იყო მართლაც, – აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ფილოლოგიის დოქტორი – ჯული გაბოძე, რომელიც საზოგადოებისთვის უცნობ მრავალ საინტერესო ფაქტს გაიხსენებს აკაკის პირადი ცხოვრებიდან.


ჯული გაბოძე: აკაკის პირადი ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრი ჭორი არსებობს, რაც საერთოდ, თანმხლებია საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიისთვის. ერთ-ერთი აქტუალური თემა, რომელსაც პოეტის სიცოცხლეშიც ხშირად განიხილავდნენ, გახლდათ მისი და ნატალია ბაზილევსკაიას ქორწინება. ნატალია ბაზილევსკაია იყო ოქროს მადნების რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის, ქალიშვილი. მამის სიკვდილის შემდეგ ქონება ბიძას მიუთვისებია. ეს ოჯახი ელიზბარ ერისთავის მეშვეობით გაუცვნია აკაკის. ნატალიას შეჰყვარებია აკაკი. როგორც პოეტი გადმოგვცემს: „უფროს ქალს, შევუყვარდი. მაშინ მე ქალის სიყვარულს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, საზოგადოდ, მაგრამ როდესაც დიდად შეწუხებულმა ქალმა შემომჩივლა თავისი აღსარება, მაშინ კი გული მეტკინა, მეც ავდექი და მეორე დღეს ის ქალი ვითხოვე“. იმასაც ამბობენ, რომ აკაკიმ ცოლი სიმდიდრის გამო შეირთოო, ფაქტია, აკაკის ნატალიას მილიონებით არაფერი უხეირია. ისიც ფაქტია, რომ მას სიყვარულით არ უქორწინია. მათ ერთი ვაჟი შეეძინათ – ალექსი, რომელმაც ქართული არ იცოდა. ალექსი საოპერო დასის ანტრეპრენიორი იყო და ერთხანს წარმატებითაც მოღვაწეობდა. თუმცა, სულ მუდამ კრედიტორების ვალი ჰქონდა და მთელი ცხოვრების განმავლობაში ამ ვალების გადახდა აკაკის უწევდა. ალექსი მაღალი, კარგი გარეგნობის, წარმოსადეგი ახალგაზრდა ყოფილა. მამას ამსგავსებდნენ. აკაკის სიცოცხლის ბოლოს ქუთუთოს დამბლა დაემართა და კარგად რომ დაენახა, თავს მაღლა სწევდა თურმე. ნატალია საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიოდა. არც აკაკი რჩებოდა მასთან წლობით. თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდათ მათ ურთიერთობა. პარიზში მოგზაურობისასაც თან ახლდა აკაკის ცოლ-შვილი. ბოლოს, როდესაც აკაკი ავად გახდა, ნატალიამ მოისურვა, ჩამოსულიყო და მოევლო ქმრისათვის.

– როგორი იყო, ნატალიასგან განსხვავებით აკაკის ცხოვრების წესი?

– აკაკის ცხოვრების თავისუფალი რეჟიმი ჰქონდა, შეიძლება ითქვას, მოუწესრიგებელიც. თუმცა, ამის მიუხედავად, იგი ძალიან ბევრს მუშაობდა და თითქმის არც ერთ ღონისძიებას არ აკლდებოდა. წარმოიდგინეთ, მას სახლი არ ჰქონია არც თბილისში და არც ქუთაისში. ის მუდამ სტუმარი იყო სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის ოჯახში და ეს სტუმრობა ხშირად თვეობით გრძელდებოდა ხოლმე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აკაკი არ მუშაობდა და სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებით თავისი შეხედულება ჰქონდა. მას მიაჩნდა, რომ პოეტი, არ უნდა მუშაობდეს, რადგან ბიუროკრატიული სამსახური კლავს შემოქმედის ნიჭს.

– ალბათ ამიტომ ამბობდნენ, რომ აკაკის ვალების აღება უყვარდა, რომლებსაც შემდეგ აღარ აბრუნებდაო...

– ალბათ, ის ფაქტი, რომ აკაკი ხშირად სესხულობდა თანხას და ამით ხელს ინაცვლებდა, ასეთი ჭორების საბაბი ხდებოდა, მაგრამ, აკაკი ძალიან ბევრს მუშაობდა და ძალიან ხშირად ბეჭდავდა თავის ნაწერებს. გარდა ამისა, მას ჰქონდა მამული სხვიტორში. ასე, რომ მისი შემოსავალი სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო მარტოხელა კაცისათვის, მაგრამ ვალებს იღებდა იმიტომ, რომ მას ხშირად სთხოვდა ცოლ-შვილი დახმარებას. არსებობს არა ერთი მოგონება, რომელთა ავტორების ცნობით, აკაკის მოსდიოდა წერილები ალექსისგან. შვილი მას ფულის გაგზავნას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის მოკვლით იმუქრებოდა. აკაკის მუდმივი შემოსავალი არ ჰქონდა, ამიტომაც ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში იგი იძულებული იყო ვალი აეღო. თუმცა მისი თანამედროვეების ცნობით, იგი, უმრავლეს შემთხვევაში, ამ ვალებს აუცილებლად უბრუნებდა პატრონს.

ცნობილი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, ივანე ელიაშვილი, რომელიც ბაქოში მუშაობდა და რომელთანაც აკაკის დიდი მეგობრობა აკავშირებდა, იხსენებს: „ერთხელ აკაკი ჩამოვიდა ძალიან შეწუხებული და მითხრა, ალექსისგან დეპეშა მივიღე. თუ სასწრაფოდ არ გამომიგზავნი 2 500 მანეთს, თავს მოვიკლავო. როგორც სჩანს, ალექსი ბანქოს თამაშობდა. დავტრიალდი, მაგრამ ამხელა თანხა სად უნდა გვეშოვა. მერე თვითონ აკაკის უთქვამს, როგორც თბილისში მითხრეს, ცნობილი სომეხი მეწარმე მანთაშოვი ახლა ბაქოშია და იქნებ მას მივმართოთო. ასეც მოქცეულან.

– რა პასუხი მიიღეს მათ მანთაშოვისგან?

– მანთაშოვს უთქვამს: „ნეტავი, ბატონო აკაკი, ან თქვენ იყოთ სომეხი პოეტი, ან მე ვიყო ქართველი. ისე ამდენი თანხა როგორ მოგცეთო.“ მერე მაინც დახმარებია, ოღონდ ვექსილი მოუთხოვია, რომელიც ინჟინერ ბრაილოვს მიუცია. ფული სამ თვეში უნდა დაებრუნებინა აკაკის. ელიაშვილი ძალიან შეწუხებულა, თუმცა, 2 თვის თავზე აკაკის 1 500 მანეთი გაუგზავნია მანთაშოვისთვის. ამის შემდეგ, ბრაილოვს აღარ უკისრია ამ ვექსილის განაღდება. მეგობრებს კი აკაკისთვის შეუთვლიათ: შენი ვალი გადახდილიაო. მიუხედავად ამისა, აკაკის ანდერძში ყველას ვალი ჰქონია შეტანილი, მათ შორის ეს 1 000 მანეთიც.

ივანე ელიაშვილი იმოწმებს გადმოცემას იმდროინდელი ცნობილი პიროვნების, ივანე ერისთავისას, რომელსაც გარუსებული ქართველი მილიონერის ქალიშვილზე უქორწინია და მთელი ქონება გაუნიავებია. ერთხელ ის ერთ-ერთი თავყრილობის დროს აკაკის ვალებზე საუბარს შესწრებია და გაუხსენებია ასეთი რამ: ახალგაზრდა იყო აკაკი, როცა მოვიდა ჩემთან და 6 000 მანეთი ისესხა ორი კვირით. გავიდა ორი, სამი, შვიდი კვირა და თანხის დაბრუნების იმედიც თანდათან გამიქრა, მაგრამ ორი თვის შემდეგ გამომეცხადა აკაკი და ფულიც უკლებლივ მომიტანა.

– რაც უფრო ახლოს ვეცნობით აკაკის ცხოვრების სტილს, მით უფრო დამაჯერებელი ხდება მისი რომანის შესაძლებლობა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ივანე მაჩაბლის მეუღლესთან...

– მაჩაბლის სამოღვაწეო ასპარეზზე გამოყვანა ილიას სახელს უკავშირდება. ის ძალიან განათლებული პიროვნება ყოფილა, ბრწყინვალედ ფლობდა რამდენიმე ენას, მათ შორის, ინგლისურს. როდესაც ილიას სათავადაზნაურო ბანკის დასამტკიცებლად 6 თვის განმავლობაში მოუწია პეტერბურგში ცხოვრება, მაშინ გაიცნო ვანოც. მათ ერთად თარგმნეს შექსპირის „მეფე ლირი“. მოგვიანებით ისინი ერთად უძღვებოდნენ ამ ბანკს.

– მათი უთანხმოებაც ამ ბანკს უკავშირდება?

– ილია მომჭირნე, ყაირათიანი, მომთხოვნი, წესრიგის მოყვარული კაცი იყო. ბუნებრივია, მან იცოდა, რომ ქართველ თავად-აზნაურებს, რომლებიც აგირავებდნენ სახლ-კარსა თუ ქონებას, თუ გამუდმებულ შეღავათებს გაუწევდა, ბანკი აუცილებლად გაკოტრდებოდა. რამდენიმე გზის გადავადების მიუხედავად, მათი ქონება მაინც იყიდებოდა და, უმრავლეს შემთხვევაში, ადგილობრივი სომხების ხელში გადადიოდა. ასეთ სიტუაციაში ვანო მაჩაბელი ბევრად მიმტევებელი ყოფილა. ცხადია, ეს ბანკის საქმეს არ უხდებოდა. ილიასი და მაჩაბლის დაპირისპირებაც ამასთან დაკავშირებით დაწყებულა. სამწუხაროდ, ეს დაპირისპირება შემდეგ გაღრმავდა და ქართული საზოგადოება გაიყო მაჩაბლისტებად და ჭავჭავაძისტებად. ტარდებოდა ბანკის კრებები, რომელზედაც იხილებოდა ეს საკითხები. ეს დაპირისპირება მეტად უსიამოვნო ფურცელია ჩვენი ისტორიისა.

– აკაკის რა პოზიცია ეკავა დაპირისპირებულ მხარეთა შორის?

– აკაკი ვანოს თანაუგრძნობდა.

– ისინი მეგობრები იყვნენ და მაინც რას უკავშირდება მითქმა-მოთქმა აკაკისა და ტასო მაჩაბლის სიყვარულის შესახებ?

– ეს, ალბათ, აკაკის იმ წერილებიდან მომდინარეობს, რომლებიც ტასო მაჩაბლისადმია გაგზავნილი და, რომლებიც დღემდე ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში ინახებოდა. აკაკის ოცი წლის გაუმხელელი სიყვარული სტანჯავდა, მაგრამ მეგობრის პატივისცემით არ გაუმჟღავნებია იგი. მისი სიყვარული ბოლომდე გაუზიარებელი დარჩა. ერთხანს ტასო აღარც კი ელაპარაკებოდა. ამის შესახებ პოეტი გულმოკლული წერს. მე მოგახსენეთ, როგორი უბედური იყო აკაკი პირად ცხოვრებაში და თუ მშვენიერი ქალი შეუყვარდა, გასაკვირი არაა, „გულს ვერ უბრძანებ“, როგორც თავად ამბობდა. იგი მუდამ სხვის ოჯახებში ცხოვრობდა, საკუთარი კერა არ ღირსებია. მართლაც, ცოლი ჰყავდა – არ ჰყავდა, შვილი ჰყავდა – არ ჰყავდა, სახლი ჰქონდა – არ ჰქონდა.

– როგორ მოხდა ვანოს გაუჩინარება?

– მოგონების თანახმად, იმ ღამეს აკაკი და ვანო ოჯახის სხვა წევრებთან ერთად გვიანობამდე ისხდნენ და საუბრობდნენ. მერე ვანოს თხოვნით, აკაკი მათთან დარჩენილა. ღამის ოთხ საათზე პოეტი გაურკვეველ ხმაურს გაუღვიძებია. დილით, ვანო საწოლში ვეღარ უნახავთ, მისი ქვეშაგები მინგრეულ-მონგრეული იყოო. არსებობს მოწმე, რომელსაც ვანო ღამის ოთხ საათზე უნახავს ქალაქის ცენტრისკენ მიმავალი. აკაკი მაშინვე დაკითხეს. იგი დაწვრილებით იგონებს იმ ღამის ამბებს. ის სიცოცხლის ბოლომდე ძალიან განიცდიდა ვანოს დაკარგვას. დღემდე ამოუცნობია ამ გაუჩინარების ამბავი.

– ტასოს მიმართ აკაკის მიერ მიძღვნილი სასიყვარულო ბარათები ვანოს გაუჩინარებამდეა დაწერილი, თუ შემდეგ?

– გაუჩინარებიდან კარგა ხნის შემდეგ არის დაწერილი. ამ დროს აკაკი საკმაოდ ასაკოვანი გახლდათ. ვიმეორებ, არ არსებობს ტასო მაჩაბლის არც ერთი ბარათი, რომელშიც ამ დიდი გრძნობის პასუხს ამოიკითხავს ადამიანი. ტასო ბოლომდე ქმრის ერთგული დარჩა.

– აკაკის ენამწარე და ენაკვიმატ პიროვნებადაც ასახელებენ.

– საქმე ის გახლავთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში სომხებმა ჩაიგდეს ხელში თბილისის თვითმმართველობა. ამის შესახებ ილია ბევრს წერდა. საზოგადოებისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომი გახდა ეს მასალები. ილიას ოცტომეულში გამოქვეყნებულია გაზეთ „ივერიის“ მეთაურის წერილები ამ საკითხის შესახებ. ცხადია, აკაკიც არ დარჩენილა ამ კამათისადმი გულგრილი. ერთი პერიოდი აკაკისა და სომხურ გაზეთებს შორის გაიმართა პოლემიკა. ამის გამო მას სომეხი ფილოსოფოსი, არწრუნი, რომელიც კუზიანი გახლდათ, შოვინისტობას სწამებდა. რაზეც აკაკის უპასუხია: „შენზე შოვინისტი ვინღაა, მთელი არარატი ზურგით დაგაქვსო“.

ერთხელ პოეტმა გაზეთში გამოაქვეყნა ასეთი განცხადება: „ვწერ ეპიტაფიებს (მოგეხსენებათ, აკაკი სამგლოვიარო ორატორი იყო). „მიცვალებულთათვის – 5 მანეთი, ცოცხლებისათვის – 10 მანეთი, ცოცხალ-მკვდრებისათვის – 25 მანეთი. მსურველები გამომეხმაურონ“.

ერთ-ერთი ცნობის თანახმად აკაკის 6 საჟენი მიწა შეუძენია გოლოვინის, ახლანდელი რუსთაველის გამზირზე, იმ მიზნით, რომ კიოსკი დაედგა და იქ მისი ნაწარმოებები გაყიდულიყო... მისი ოცნება იყო, საკუთარი ნაწერები სრულად გამოცემული ენახა, ამ ოცნებას მის სიცოცხლეში ახდენა არ ეწერა... ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა რუსთაველის ფონდის დაფინანსებით მოამზადა აკაკის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეული და იმედია, ოცდამეერთე საუკუნეშიც გამოჩნდებიან მამულიშვილები და მეცენატები, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდება აკაკის თხზულებების გამოცემა და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს პოეტის დღემდე უცნობ ბევრ ნაწერს.

– ნუთუ დარჩა კიდევ რამე გამოუქვეყნებელი აკაკის შემოქმედებიდან?

– საკმაოდ ბევრი რამ. მიუხედავად იმისა, რომ სამი დიდი გამოცემა არსებობს, ზოგი ნაწარმოები კომუნისტური კონიუნქტურის გამო გამოუქვეყნებელი დარჩა, მათ შორის, რამდენიმე პოემა, წერილები ნიკო მართან. პირველად დაიბეჭდება პოემა „ასი წლის ამბავი“, ბევრი პუბლიცისტური, თუ პირადი წერილი.

– როგორ აღესრულა იგი?

– მისმა ცხოვრების წესმა ჯანმრთელობაც გაუფუჭა. ხან სხვიტორში იყო, ხან – ქუთაისში, ხან – თბილისში, ხან – მოსკოვში. 1914 წლის შემოდგომაზე მორიგი შეტყობინება მიუღია ალექსისგან: „სასწრაფოდ გამომიგზავნე ფული, თორემ თავს მოვიკლავო.“ ვერსად რომ ვერ უშოვია ფული, სასწრაფოდ პოემის წერა დაუწყია პოეტს. ეს იყო მისი უკანასკნელი პოემა „ომი“, რომელსაც საოცრად მძიმე პირობებში წერდა. ქუთაისის ერთ-ერთ სასტუმროში, გაყინულ ოთახში, ნახევრად მშიერი. როცა მოურავმა სხვიტორში გადაიყვანა, პოეტი უკვე ლოგინად ჩავარდა. ეს იყო დეკემბერი. 1915 წლის 31 იანვარს აკაკი გარდაიცვალა. ანდერძში ყველა ვალი აღნუსხული ჰქონდა, თავისი ქონება და ადგილ-მამული საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას უანდერძა. ასე რომ, აკაკი ყველანაირად ვალმოხდილი წავიდა საქართველოდან, როგორც მოღვაწე, როგორც მამულიშვილი, როგორც მამა, როგორც პიროვნება და როგორც „მევალე“.

მთავარია, ქართველი ხალხი არ დარჩეს ვალში დიდ მგოსანთან და ამ წლისათვის, პოეტის საიუბილეოდ, მაინც მოხერხდეს მისი მემკვიდრეობის სრულად გამოცემა.


скачать dle 11.3