კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ზრუნავდა კოკო შანელი ჭლექით დაავადებულ რუსუდან მდივანზე და როგორ დარჩა ის გარდაცვალების შემდეგაც სალვადორ დალის მეგობრად


გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ქართველი გენერლის ზაქარია მდივნის წარმატებული შვილების შესახებ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ბევრს წერდნენ. მათი ცხოვრება, საქმიანობა ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანთან იყო დაკავშირებული. ეს კი მდივნების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა. თუმცა, ამ ოჯახის საინტერესო ისტორიის შესახებ უფრო დაწვრილებით ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვესაუბრება:


– მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში ევროპულ-ამერიკული საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა გენერალ ზაქარია მდივნის 5 შვილი. მათ შესახებ რეგულარულად წერდა დედამიწის ორივე ნახევარსფეროს პრესა. მათი სახელები შეგხვდებათ გახმაურებულ ისტორიებში, ჰოლივუდის ვარსკვლავთა და ცნობილ პიროვნებათა: პოლა ნეგრის, მეი მერეის, ლუიზა ასტორის, დევიდ კონან-დოილის, კოკო შანელის, სალვადორ დალისა და სხვათა გვერდით მაღალი წრის ქრონიკებში, მხატვრულ ლიტერატურასა და ფილმებში. მდივნებს აქებდნენ, აღმატებული ეპითეტებით ამკობდნენ, ხშირად არასახარბიელო კონტექსტშიც იხსენიებდნენ. ერთი ეპითეტი კი თითქმის ყველას მიმართ იხმარებოდა: „მექორწინე მდივნები“.

– ვინ იყვნენ მდივნები და რა არის მათ შესახებ ცნობილი?

– მდივნების წინაპარი სოლომონ მდივანი ერეკლე მეორის თანამებრძოლი იყო, მაგრამ დიდად ეწინააღმდეგებოდა კავკასიაში რუსების შემოსვლას. მისი პატრიოტიზმი და ერისადმი თავდადება, მემკვიდრეობით გადაეცა მის შთამომავლობას. საქართველოს მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე თავის მოგონებებში გენერალ მდივანს ახასიათებს, როგორც ძალზე მიმზიდველ და სასიამოვნო ადამიანს. შაქროს და მის ცოლს, ნახევრად ქართველ და ნახევრად პოლონელ ელისაბედს ხუთი ულამაზესი შვილი ჰყავდათ – სერგო, დავითი, ნინო, რუსუდანი და ალექსი, რომლებსაც კარგი განათლება მისცეს ჯერ პეტერბურგსა და ვარშავაში, სადაც ერთხანს შაქრო ვარშავის სამხედრო გუბერნატორი იყო, შემდეგ კი – თბილისში. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი მდივანი თავისი ოჯახით, სხვა ლტოლვილებთან ერთად, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და სათავეში ჩაუდგა იქ შექმნილ ლტოლვილთა კომისიას, რომელიც შემდეგ სამთავრობო კომისიას შეუერთდა. 1922 წელს იგი პარიზში დასახლდა, მრავალ საქმეს მოჰკიდა ხელი, მაგრამ ემიგრანტის გაჭირვებულ ყოფას თავი ვერ დააღწია, რასაც საყვარელი მეუღლის გარდაცვალებაც დაემატა. 20-იანი წლების ბოლოს მდივნების ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. კალიფორნიაში ძმებს ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის მოუხდათ ტრიალი. სამივე გამორჩეული იყო სილამაზით, განათლებით, დახვეწილობითა და არისტოკრატიზმით, რაც ძალზე იზიდავდა პლებეური წარმოშობის მდიდარ ამერიკელებს. თავადი, ფრანგული გამოთქმით – „პრინცე“, მათ სამეფო სახლის შთამომავალთა მდგომარეობაში აყენებდა და ისინიც წარმატებით იყენებდნენ წოდებას.

უფროსმა ძმამ სერგომ ცოლად მუნჯი კინოს ცნობილი კინოვარსკვლავი, წარმოშობით პოლონელი ებრაელი პოლა ნეგრი (ბარბარა აპოლონია ხალუპეცი) შეირთო. პოლას დებიუტი ჯერ სცენაზე შედგა, შემდეგ – კინოში. 1917 წელს პოლა ბერლინში გადავიდა, შემდეგ – ჰოლივუდში, სადაც როლებზე მეტად პოპულარობა გლორია სვენსონთან მტრობამ, რუდოლფ ვალენტინოსთან გახმაურებულმა რომანმა და ჩარლი ჩაპლინთან ხანმოკლე ქორწინებამ მოუტანა. 1926 წელს 4 ათასი ვარდი გაგზავნა ვალენტინოს დაკრძალვაზე და მის კუბოსთან გონება დაკარგა, მაგრამ მალე გამოიგლოვა და ცოლად სერგო მდივანს გაჰყვა, თუმცა ეს კავშირი მალე დაირღვა. 1929 წელს სერგო მეორედ დაქორწინდა ცნობილ საოპერო მომღერალსა და ჰოლივუდის ვარსკვლავ მერი მაკკორმიკზე. მესამე ცოლად კი ყოფილი რძალი ლუიზა ვან ასტორი შეირთო. მომდევნო ძმამ დავითმა შეირთო იმ დროისათვის არანაკლებ ცნობილი კინოვარსკვლავი ავსტრიელი და ბელგიელი ემიგრანტების ქალიშვილი, მსახიობი მეი მერეი, რომლის დებიუტი 1916 წელს შედგა. მიუხედავად საშუალო სამსახიობო ნიჭისა, შესანიშნავმა გარეგნობამ მეი მუნჯი კინოს ვარსკვლავად აქცია. მისმა მესამე ქმარმა რეჟისორმა რობერტ ლეონარდმა იზრუნა ცოლის კარიერაზე და მალე კარგ ფილმებში მთავარი როლები მიიღო. როცა მსახიობს ნამდვილი წარმატება ეწვია, მისი ურთიერთობა ლეონარდთან დამთავრდა. 1925 წელს ქმარს გაეყარა და ცოლად დავით მდივანს გაჰყვა. პირველი, რაც გააკეთა დავითმა – წერტილი დაუსვა ცოლის სამსახიობო კარიერას. მეი რამდენიმე ხმოვან ფილმში გამოჩნდა და ეკრანებიდან უკვალოდ გაქრა. ვერც მისმა მოგონებათა წიგნმა მიიზიდა მკითხველი. 1944 წელს დავითის ცოლი გახდა „სინკლერ ოილის“ პრეზიდენტის, ჰენრი სინკლერის ქალიშვილი ვირჯინია. შემდეგ ნავთობის ჭაბურღილი შეიძინა კალიფორნიაში და ნავთობის ბიზნესში ჩაერთო. ყველაზე სახელგანთქმული მაინც უმცროსი ძმა ალექსი მდივანი იყო.

– როგორც ცნობილია, ძმებს პოპულარობით არც ნინო და რუსუდან მდივნები ჩამორჩებოდნენ?

– დიახ, მშვენიერ ნინო მდივანს პარიზშივე ჰყავდა უამრავი ქართველი და უცხოელი თაყვანისმცემელი. ის 1925 წელს ჩარლზ ჰუბერიხზე გათხოვდა. 1936 წელს ცნობილ ამერიკელ ადვოკატსა და ავიატორს, დეტექტივების მწერლის, სახელგანთქმული არტურ კონან დოილის ვაჟს, დენის კონან დოილს გაჰყვა ცოლად და მწერლის თხზულებების გამოცემაზე უფლება მემკვიდრეობით მიიღო, რამაც იგი ელიტური ქრონიკის ინტერესის საგნად აქცია. ნიჭიერი მოქანდაკე რუსუდან მდივანი პარიზში ჩასულ ქართველ მხატვრებთან დავით კაკაბაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, ელენე ახვლედიანთან და ქეთევან მაღალაშვილთან მეგობრობდა. მათთან ერთად ფოტოებიც აქვს გადაღებული. მის შემოქმედებაზე შეგვიძლია, მის მიერ პარიზში შექმნილი ნიკოლო მიწიშვილის ბიუსტით ვიმსჯელოთ. პარიზში რუსუდანი განთქმული მხატვარ-მონუმენტალისტის ესპანელი ხოსე მარია სერტის მოწაფე გახდა, რომელიც პიკასოს გამოჩენამდე პარიზში პირველ მხატვრად ითვლებოდა. პარიზში მაშინ მრავლად იყვნენ ისეთი ქალები, რომლებსაც ძვირფას სამკაულებზე არანაკლებ სკანდალები უხდებოდათ. ასეთი იყო მიზია გოდებსკა (ნათანსონი) – სანკტ-პეტერბურგში დაბადებული, პოლონურ-ებრაულ-ბელგიური წარმოშობის ნიჭიერი პიანისტი, დიდი ალღოს მქონე მეცენატი, ფორეს მოწაფე, კოკო შანელის უახლოესი მეგობარი, რენუარისა და ტულუზ-ლოტრეკის მოდელი, მალარმეს მუზა, პრუსტისა და კოკტოს გმირების პროტოტიპი. მისი ხმაურიანი სასიყვარულო თავგადასავლები არა მარტო გაზეთების, არამედ პიესების სიუჟეტიც გახდა. ასეთი იყო სასიყვარულო სამკუთხედი: 53 წლის მიზია, მისი ქმარი – სახელგანთქმული მხატვარი, 50 წლის ხოსე მარია სერტი და 20 წლის მოქანდაკე რუსუდან მდივანი. ეს ამბავი დაედო საფუძვლად ჟან კოქტოს პიესას „წმინდა ურჩხულებს“.

ანრი გიდელი, წიგნში „კოკო შანელი“, მოგვითხრობს სერტისა და რუსუდანის რომანის დასაწყისზე. 1925 წელს სერტი მონპარნასზე მდებარე თავის სახელოსნოში ვილა „სეგიურში“ ახალ სკულპტურაზე მუშაობდა. ზარი გაისმა. კარი გააღო და ენა ჩაუვარდა – მის წინ მაღალი, ქერა გოგონა იდგა. მის სახეს აცისკროვნებდა ნაცრისფერ-მომწვანო თვალები და ანგელოზის ღიმილი. სერტი იმდენად გაოგნებული იყო, ძლივს გაიგო, რას ლაპარაკობდა სტუმარი. გოგონა ამბობდა, რომ ის მოქანდაკეა და უნდა რჩევები მიიღოს ოსტატისგან, რომ მისი სახელოსნო ძალიან პატარაა და იქნებ ურჩიოს – სად შეიძლება თავისუფალი სახელოსნოს შოვნა. სერტი მოხიბლა გოგონას ერუდიციამ და საუბარმა და მოწაფედ აიყვანა. ყოველდღიური გაკვეთილები სკულპტურაში მალე შეიცვალა – რუსუდანი სერტის მოდელი გახდა. მიზია მიჩვეული იყო ქალების ვიზიტებს ქმრის სახელოსნოში, ამჯერად კი საფრთხე იგრძნო. მისი ქმარი ახალგაზრდული გატაცებით საუბრობდა ახალ მოდელზე, ამიტომ მოქმედება დაიწყო. მტკიცე გადაწყვეტილებით გაეშურა ახალგაზრდა მეტოქესთან შესახვედრად. მაგრამ, ეს გოგონა სხვებს არ ჰგავდა. ის ისეთი უშუალო იყო, ისეთ უმწიკვლობასა და სიწმინდეს აფრქვევდა, რომ მიზიამ მასში მტერი ვერ დაინახა. როგორც ჩანს, რუსუდანსაც ძმების მსგავსი მომხიბვლელობა და ადამიანებთან ურთიერთობის იშვიათი უნარი აღმოაჩნდა, ანუ ეგრეთ წოდებული „ძმები მდივნების ჯადო“. მან მეტოქე მალე უფროს მეგობრად გაიხადა. მიზიამ რუსუდანი ჯერ სადილზე დაპატიჟა, მერე წვეულებაზე, ბოლოს კი ახალგაზრდა ხელოვანი თავისი სამეგობროს წევრადაც აქცია. ყველგან თან დაჰყავდა. სერტი არ ელოდა ცოლის ასეთ რეაქციას – მის აღტაცებას ახალი მოდელით. სამეული უკვე საზოგადოებაშიც ერთად ჩნდებოდა და ეს კავშირი არაჯანსაღ მითქმა-მოთქმას იწვევდა. თუმცა, ანრი გიდელის აზრით, 53 წლის მიზიას, რომელსაც არც ერთ ქმართან შვილი არ ჰყოლია, რუსუდანის მიმართ დედობრივი გრძნობა გაუჩნდა. ალბათ, გარკვეული როლი საერთო პოლონურმა ძირებმაც ითამაშა. სერტიც და მიზიაც აღმერთებდნენ რუსუდანს. ორივეს თავისებურად უყვარდა გოგონა. მიზიას იმედი ჰქონდა, რომ ბოლოს და ბოლოს სერტს გაუნელდებოდა სიყვარული, თუმცა თანახმა იყო ასეთ ურთიერთობაზეც, მაგრამ სერტმა ბოლოს მაინც გადაწყვიტა მასთან გაყრა. მიზიაც დათანხმდა. „გაყრის მიზეზი“ კი მის დამშვიდებას ცდილობდა და არწმუნებდა, რომ ორივეს ძალიან უყვარს და მუდამ ემახსოვრებათ, რომ ის მათი ბედნიერების მიზეზია. გაყრის მერე სერტი რუსუდანზე დაქორწინდა, თუმცა კი, მიზია ახლო მეგობრად და მისი შემოქმედების ყველაზე ზუსტ შემფასებლად დარჩა. უცნაურია, მაგრამ ქმრისაგან მიტოვებულმაც კი შეინარჩუნა მეტოქის სიყვარული – ისე ეხმარებოდა მას საქორწინო სამზადისში, როგორც მშობელი დედა. კოკო შანელს აარჩევინა კაბა რუსუდანისთვის, რომელიც მასაც ძალიან მოეწონა. ქმარს კი ნიშნობისთვის ლალისთვლიანი ბეჭედი და ლალისავე გულსაკიდი შეარჩევინა. ქორწილი 1928 წლის 18 აგვისტოს ჰააგაში გადაიხადეს. რუსუდანისა და სერტის საოცარი ისტორია არტურ გოლდისა და რობერტ ფიცდეილის წიგნის სიუჟეტიც გახდა, რომლის მიხედვითაც, ამ რამდენიმე წლის წინ ქართველ მკითხველს საინტერესოდ მოუთხრო ლევან ბრეგაძემ.

ესპანეთში, პალამოსში რუსუდანს ქმარმა სასახლე აუშენა, სადაც თავს იყრიდნენ პარიზული ბომონდის წარმომადგენლები. ზაფხულობით რუსუდანს უკვე ელიტური ქრონიკებიდან ყველასათვის ცნობილი ძმებიც აკითხავდნენ და ეს ადგილი უფრო საინტერესო ხდებოდა. ახალგაზრდა დიასახლისი საზოგადოების სული და გული იყო და საერთო სიყვარულით სარგებლობდა. სტუმართაგან ერთ-ერთი იყო სალვადორ დალი, რომელიც თავის უახლოეს მეგობრებად, გარდაცვალებისა და განშორების მიუხედავად, ასახელებდა „პარიზის ყველაზე ფანტასტიკურ ქალებს“ – ბეტინა ბერჟერის, კოკო შანელსა და რუსუდან მდივანს, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ის და მისი მეუღლე, მხატვრის მუზა – გალა: „ხოსე მარია სერტი ყველაზე იეზუიტური ესპანური ჭკუის ადამიანი იყო. მან სახლი აიშენა პორტ-ლიგატადან 3 საათის სავალზე. მაქს-იანგი, რა თქმა უნდა, ყველაზე ღარიბი და ყველაზე მდიდრული ადგილი იყო ევროპაში. გალა და მე იქ ერთი კვირის გატარებას ვაპირებდით. ზაფხულის მიწურულს იქ მთელი პარიზული ჯგუფი გაეშურა და ჩვენც მათთან ერთად რამდენიმე დღე გავატარეთ. მათ მხოლოდ ნოსტალგიური მოგონება დაგვიტოვეს ბრწყინვალე, შეუდარებელი ომისშემდგომი პერიოდისა. მოჯადოება მონანავე ესპანური ცეკვების მუსიკითა და კოსტა-ბრავას მთელი საზღვაო მშვენიერებით, სამწუხაროდ, შეწყვიტა პალამოსიდან ფიგეიროსის გზაზე მომხდარმა ავტოავარიამ, რომელშიც დაიღუპნენ თავადი ალექს მდივანი და ბარონი ტისენი“... – წერდა სახელგანთქმული მხატვარი თავის მოგონებებში.

ეს მოხდა 1935 წელს ბარბარა ჰატენთან განქორწინების შემდეგ. ალექსიმ ზაფხულის გასატარებლად ძმებს ჩააკითხა რუსუდანთან პალამოში, რაც მისთვის ფატალური აღმოჩნდა. მაშინდელი პრესა დაღუპვის მიზეზად გაყრის მძიმე პროცედურის გამო ალექსის სტრესული მდგომარეობით გამოწვეულ ავტოკატასტროფას ასახელებდა. ერთი წლის შემდეგ, ფილმის გადაღებისას, ფლორიდაში ცხენიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა უფროსი ძმა სერგო. ალექსის დაღუპვით დეპრესიაში ჩავარდნილი რუსუდანისთვის ეს დარტყმა სასიკვდილო აღმოჩნდა: „ალექსის დამ რუსუდანმა ვერ გადაიტანა მწუხარება და ჩაიფერფლა ოთხი წლის შემდეგ... რომ დავამტკიცო რამდენად მიყვარდა, საკმარისია, უბრალოდ ვთქვა, რომ რუსუდანი წყლის ორი წვეთივით ჰგავდა „ლა ჰაიეს“ მუზეუმში დაცულ ვერმეერის ნორჩი ქალიშვილის პორტრეტს“, – შენიშნავდა სალვადორ დალი.

მიზია რუსუდანზე ბოლომდე ზრუნავდა. ძმების სიკვდილით შეძრული, ჭლექით დაავადებული ქალი მიზიამ და კოკო შანელმა შვეიცარიაში წაიყვანეს სამკურნალოდ. ზრუნვის მიუხედავად, დარდისგან ლოგინად ჩავარდნილი რუსუდანი 1938 წლის ბოლოს გარდაიცვალა 32 წლის ასაკში. მიზიამ გულით დაიტირა მისი უდროო გარდაცვალება. მედალიონი კი რუსუდანის გამოსახულებით სასიკვდილო სარეცელზეც არ მოუხსნია.


скачать dle 11.3