შენთან და შენ გარეშე
როგორ ძალიანაც უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი, არის წუთები, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა ჰაერივით გჭირდებათ. თუ ინტერესის სხვადასხვა სფეროები გაქვთ, ამაში ცუდი არაფერია. მთავარია, ეს ინტერესები ერთმანეთთან კონფლიქტში არ მოვიდეს. ქალებს სიმარტოვის განცდა უფრო ხშირად ჭარბი ემოციურობით უჩნდებათ. ამ დროს კი, ის, შეიძლება, სულაც არ იყოს მარტო. მამაკაცები გაცილებით რაციონალურები არიან და მოვლენებსაც ბევრად ლოგიკურად აღიქვამენ: თუ კაცი თავის შეყვარებულს ერთი საღამო არ ნახავს და არ დაურეკავს, ამას კატასტროფად არ მიიჩნევს, მაგრამ ქალი აუცილებლად დაატეხს თავს საყვედურების კორიანტელს. გახსოვდეთ: როცა საყვარელ მეუღლეს ან შეყვარებულს მეგობრებთან გაუშვებთ გასართობად, ნუ მოსთხოვთ მას, რომ ყოველ ათ წუთში გირეკოთ და თავისი სიყვარული გიმტკიცოთ. კაცი თუ ერთობა, მთელი არსებით ერთობა და იმ წუთში სხვაზე აღარაფერზე ფიქრობს. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. უბრალოდ, ქალები ვართ „სხვანაირად მოწყობილები“. ჩვენთვის აუცილებელია იმისი ცოდნა, რომ ყოველთვის და ყველგან, ნებისმიერ სიტუაციაში მისთვის ვარსებობთ და მასთან ვართ. ამიტომაც, ერთი წუთითაც არ ვცდილობთ, დავტოვოთ კაცი მარტო, რადგან ჩვენ ეს თავად არ შეგვიძლია. დაიმახსოვრეთ ისიც, რომ, სულ იმაზე წუწუნი, რომ გაერთო და დაავიწყდით, მამაკაცს საკმაოდ უსიამოვნო განცდას უჩენს, რაც მას იძულებულს გახდის, გაგექცეთ. ნუ მიიყვანთ მას ასეთ რადიკალიზმამდე. ცხოვრება არის შენთან ერთადაც და შენ გარეშეც, – ეს უნდა გაიგოთ.