რამდენჯერ გაუშვა ხელიდან საყვარელი ქალი ზაზა კოლელიშვილმა და სად შეხვდა მისი ცოლი ქმრის „ნაშებს“
მურტალოს და შეთეს გმირს – ზაზა კოლელიშვილს ოცდახუთწლიანმა ქორწინებამ უფრო მეტი რამ ასწავლა ოჯახის ერთგულებასა და ზრუნვაზე, ვიდრე პირველი ქორწინების შემთხვევაში ჰქონდა გაცნობიერებული. ნათია გოგოჭურთან თანაცხოვრებამ, შეიძლება ითქვას, ის ძირფესვიანად შეცვალა. ხუთი შვილის და სამი შვილიშვილის პატრონი ბევრს ფიქრობს, დღედაღამ მუხლჩაუხრელი შრომობს. დღეს ის ქალებზე უარს ამბობს, სამაგიეროდ, რასაც ვერ თმობს – სასმელია. თუ როგორ ააწყო ცხოვრება საყვარელ ქალთან ვისკისა და ღვინის ფონზე, ამას თავად გიამბობთ.
– მიუხედავად იმისა, რომ ოცდახუთი წელი გავიდა, რაც ქმრის უღელში ხართ, ალბათ, არის ისეთი მომენტები, როცა სიამოვნებით იხსენებთ ნათიას გაცნობისა და მასთან ქორწინების დღეს.
– მახსოვს, წვიმიანი, ავადსახსენებელი ლენინის დაბადების დღე იყო, 22 აპრილი. დილაუთენია გავვარდით ჯვრის დასაწერად, იმიტომ, რომ მერე, თერთმეტ საათზე თეატრში რეპეტიცია გვქონდა. მამა ზაზამ დაგვწერა ჯვარი პატარა სამებაში. რუსთაველის თეატრმა პატარა სუფრა გაგვიკეთა, ჩვენც ავიტანეთ რაღაცეები, მერე ცხონებულმა ზეიკო ბოცვაძემ თავის სახლში ორმოცდაათკაციანი სუფრა გაშალა. მე და ნათია დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. დაახლოებით მეცხრე კლასში იყო პირველად რომ ვნახე, ბიძამისთან იყო სტუმრად. საოცრად გრძელი და ლამაზი თმა ჰქონდა. ზამშეს, თამბაქოსფერი ქვედაკაბა და ბატისტის გრძელსაყელოიანი ჭრელი პერანგი ეცვა.
– როგორი კარგი მახსოვრობა გქონიათ. მამაკაცები ხომ როგორც წესი, ასეთ დროს არ უყურებენ, რა აცვია, და ახურავს მის გვერდით მდგომ ქალს. მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩაიგდონ ხელში. თქვენ რა გეცვათ?
– მახსოვს, იმიტომ, რომ ძალიან უხდებოდა. მე ბატისტის პერანგი და ჯინსები მეცვა, სხვა რა უნდა მცმოდა. სულ ეს მაცვია, თუ გადაღებებს არ ჩავთვლით. რაც მთავარია, ჯერ არ ვიყავი ცოლს გაცილებული. სხვათა შორის, ნათია იცნობდა მას და დღესაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. განცხადება განქორწინებაზე შეტანილი იყო და დააგვიანდა, გაჯანჯლდა ეს საქმე. ერთი წლის თავზე, 11 იანვარს ჩემს დაბადების დღეზე ხელი მოვაწერეთ. ასე რომ, ოცდახუთი წელი გვიხდება, რაც ცოლ-ქმარი ვართ.
– პირველ ცოლთან რატომ ვერ ააწყვეთ ურთიერთობა?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს პირველ ცოლთან თავიდანვე მე ვიყავი დამნაშავე. ის არაფერ შუაშია, ძალიან კარგი ადამიანია, ფანტასტიკური პიროვნება. მერე შევქმენი ოჯახი, ხომ არ ვირბენდი აქეთ-იქით. ძალიან ბევრი გოგო მომწონდა და ბევრს მოვწონდი, უნდა ვაღიარო.
– ახლაც მოსწონხართ.
– დღეს ვის რაში სჭირდება ჭლარტიანი გმირი მამა. სამაგიეროდ, ჩემს ოჯახს ვჭირდები, მე მჭირდება და ამით ვარ ბედნიერი. ერთმანეთს მხარში ვუდგავართ და ასე გაგვაქვს ეს წუთისოფელი. რომ ამბობენ, სიყვარული თაფლია, მერე დიდი კოვზი უნდა დაიჭირო და ისე ჭამოო, ასე არ არის. ცხოვრება თაფლიც არის და ძალიან ბევრი ის ნივთიერებაც, რომელსაც არ გვაკლებს. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, როგორ შეხედავ ოჯახს, თორემ ოცი და ორმოცი წლის ოჯახები მინახავს დანგრეული – ვიღაც შეყვარებიათ ან, უბრალოდ, დაცილებულან. ადამიანი ბუნებით მაინც ეგოისტია, ჩემი უნდა ერქვას ყველაფერს. სულ აქვს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.
– როგორ ფიქრობთ, რა უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას?
– არ უარვყოფ, რომ, ბუნებით ლოთი ვარ, მიყვარს კარგი ვისკი, ღვინო. მთელი ცხოვრება მიშლიან დალევას და მე პირიქით ვაკეთებ. თუმცა, ნათიას შემთხვევაში სხვა რაღაც მოხდა. ოჯახში არ მიშლის დავლიო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნერვები ეშლება, იმიტომ რომ მერე საავადმყოფოში ვხვდები და მთელი ამბები... თვითონ უნდა იცოდეს კაცმა, რომ ოჯახი დაენგრევა ან ჯანმრთელობა შეერყევა. ორმოცდაცამეტი წლის ვარ, სხვა ცხოვრება დადგა. ადრე თუ ყველას ექეიფებოდა, დღეს საამისოდ არ გვაქვს საქმე. ყოველდღე გიწევს ბრძოლა არსებობისთვის. ნათიამ შეძლო, ისე მომყოლოდა, რომ არ დაეთრგუნა ჩემი თავმოყვარეობა.
– რას გულისხმობთ?
– ფაქტობრივად, პირველი დღიდანვე დედალ-მამალი მგლებივით გვიწევს ცხოვრება, საკვების შოვნა. ერთად მივდიოდით, ერთად ვაკეთებდით საქმეს. ქართველი ქმრის ცოლისადმი მონური დამოკიდებულება, ცოლს რომ უბრძანებს, ჩუსტები მომიტანე, თავისთავად, უკანა პლანზე გადავიდა. როგორ უნდა მოეტანა ნათიას ჩემთვის ჩუსტები, როცა ჩემთან ერთად იყო. თორემ, ჩემთვის ლოგინში საჭმელიც მოუტანია და მეც მიმირთმევია მისთვის ყავა, რომ ცოტა დაესვენა, სხვანაირი კომფორტი ეგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ კომფორტში არასოდეს გვიცხოვრია. ეს თუ თავიდანვე არ დაგანახა ქმარმა, გამოვა, რომ პირველ ღამეს კატას გაგლეჯს და მერე ცოლი ჩუსტებსაც მოუტანს, საჭმელსაც გაუკეთებს და შვილებსაც გაუჩენს, ოღონდ შეიძლება, საყვარლობა აღარ გაუწიოს. ქალი კი აღარ იქნება, იქნება მხოლოდ ცოლი.
– თქვენმა ცოლმა ხომ არ დაკარგა თქვენს თვალში ქალურობა?
– არა, პირიქით. ეგ რომ მეგრძნო, სახლში არ გავჩერდებოდი. საერთოდ, ეგეთი ტიპი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ქალი შემახვედრა. სხვათა შორის, ბევრი ჩხუბი გვქონია ერთმანეთში. ჩვენს შვილებს რაღაც არ მოსწონთ. მე და ნათია ერთ მხარეს ვდგავართ და შვილები, რაღაც მომენტში იქიდან აქეთ გვაწვებიან. აქაც შედგა ჩვენი ურთიერთობა, ნათია შვილების მხარეს კი არ არის, ყოველთვის მე მიცავს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან ძალიან აუტანელი და ჯუჯღუნა ვარ. ბილწსიტყვაობა გადმომდის პირიდან, ნერვებს რომ ვეღარ ვთოკავ, თუმცა, როცა ვიცი, რომ მართალი არ ვარ, ბოდიშს ვიხდი.
– ძნელია ამ უღლის ტარება?
– უღელი იმიტომ ჰქვია, რომ ადვილი არ არის. აბა, ხარს და კამეჩს ჰკითხე, ადვილია, ორმოცი კაცი რომ შეაჯდება ზედ და ტონა ყურძენს დაადებენ?! მაგრამ, ხარია და თავის მოვალეობას ასრულებს. იმას ვერ ვიტყვი, ისეთი მშრომელი ვარ, ოფლი გამდის-მეთქი, მაგრამ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ, ვცდილობ, ხეირიანად შევასრულო. ნათია საოცრად დიდსულოვანი ადამიანია. მე ვიცი, რომ ხალხს საკუთარი შვილები არ უნდათ და ამან ჩემი შვილიშვილი მიიღო, რომელიც პირველი ქორწინებიდან მყავს. ჩვენთან ცხოვრობს. საერთოდ არ გამოარჩევს ჩვენი ბავშვებისგან, თუ რამეა, ყველაფერი ნინიკოსია. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ მე მასიამოვნოს, თვითონ უნდა ასე. ჩემს დისშვილებზეც იგივე ამაგი აქვს, რომლებიც ჩვენთან არიან პერიოდულად და ერთი საყვედურიც არ უთქვამს. არ ბეზრდება ამ ადამიანს ვიღაცას რაღაც გაუკეთოს. ძალიან ხშირად გასჭირვებია ნათიას ჩემი ატანა და მინდა, ამისთვისაც მადლობა გადავუხადო. მინდა, რომ ყოველთვის ლამაზი, გახარებული და ჯანმრთელი იყოს.
– გგონიათ, ნათია რომ არ ყოფილიყო თქვენი ცოლი, სხვასთან ისევ დაგენგრეოდათ ოჯახი?
– იდეალური არავინაა, მაგრამ იმან, რაც ამ ქალის მიმართ მქონდა, გაამართლა. ეს ქალი რომ არ ყოფილიყო, კიდევ ხაზგასმით ვამბობ, შეიძლება, ცოცხალი აღარც ვყოფილიყავი. არ ვიცი, შეიძლება, გამოჩენილიყო კიდეც სხვა, ვინც ასე გამიგებდა. კაცი ვარ და ბევრი ქალი მომწონებია, მაგრამ რომ გავგიჟებულიყავი, ასეთი არ ყოფილა. თუ ვინმე გამაგიჟებს, კი ბატონო. იცი, როდის გარბიან კაცები სხვაგან? როცა გრძნობა უნელდებათ. ჩვენ ყოველმხრივ კარგად გვაქვს საქმე, რა გინდა, თავი დამანებე!
– ალბათ ნათიასაც გაუმართლა, ასეთი ქმარი რომ ჰყავს.
– ამ ხნის განმავლობაში სულ ორჯერ არ ვიყავით ერთად: ერთხელ, ანგარსკში ციხეში რომ ვიყავი ორი თვით გადაღებებზე; მეორედ – ესენი დასასვენებლად გავუშვი და მე რემონტს ვაკეთებდი, მაგრამ ნათიამ იცის, რაც არის ჩემი მარტო დატოვება – ლოთობა. მარტო რომ ჩამკეტო, უნდა დამიდგა ოცი ბოთლი ვისკი და სიამოვნებით გამოვწრუპავ, არც ქალებზე ვიფიქრებ და არც გარეთ გავალ, გეფიცები.
– რა გინდათ თქვათ, რომ ცოლისთვის არ გიღალატიათ?
– როგორ არ მიღალატია, მაგრამ ერთი ოცი წელი, თამამად შემიძლია გითხრა, ნაღდად არ მიღალატია. ნათიას ბევრი ჩემი ყოფილი „ნაშა“ უნახავს, მაგრამ არაფერს ამბობს.
– ესე იგი, დანარჩენმა წლებმა ისე ჩაიარა, რომ ლოგინში არავის ჩაწვენის სურვილი არ გაგჩენიათ? კარგი, ვიცი, ბოლომდე მაინც არ იტყვით სიმართლეს. ამიტომ, იმ პერიოდებზე ვილაპარაკოთ, როცა ფინანსურად ჩიხში აღმოჩნდით, ესეც საინტერესოა ჩემთვის.
– თავიდან ცხოვრება ბინების დაგირავებით დავიწყეთ, ერთი დავკარგეთ, მერე ქირით ვცხოვრობდით. სულ გადასვლა-გადმოსვლაში ვიყავით. თბილისში ქუჩა არ დაგვრჩენია, არ გვეცხოვროს. ბოლოს ჩვენ ქუჩაზეც დადგა ზეიმი, ის ბინა დაგვიბრუნეს, რომელიც წაგვართვეს. იმ დონეზე გვიჭირდა, რომ ბავშვები გვეკითხებოდნენ, შეიძლება, ორი ნაჭერი პური ვჭამოთო. საქმე არაფერი იყო, რომ გაგვეკეთებინა. დავიწყეთ სასაჩუქრე კომპლექტების კეთება, რომელშიც იდო ჩვენი, საქართველოზე გადაღებული ფილმების კასეტა, ერთ-ერთი კომპანიის ღვინო, ზოგჯერ თუშური წინდები, ზოგჯერ – ხევსურული. რაღაც ფილმში გადამიღებდნენ, ფულს არ ვიღებდი, ვიღაცას რეკლამას ვუკეთებდით ძალიან იაფად და ასე ვსულდგმულობდით წელიწად-ნახევრის განმავლობაში, თან ქირას ვიხდიდით, მაგრამ მარტო მე არ ვიყავი შემომტანი. ნათია ამ დროს სცენარს წერდა, პროდიუსერობდა, ერთად ვაკეთებდით საქმეს. ჩემი ბიბლიოთეკის ნახევარი გავყიდე, რომ ნათიას ბავშვისთვის „სიმილაკი“ ეყიდა. ქუჩა-ქუჩა დავდიოდი და წიგნებს ორმოცდაათ თეთრად ვაბარებდი. მეორე დღეს ამ წიგნებს ორმოცდაათი, ასი ლარი ედო. სადაც შევიდოდით, უნიტაზი არსად გვხვდებოდა. რემონტს გავაკეთებდით, მერე სხვაგან გადავდიოდით. ერთი ჩვენი ახლობელი ბიზნესმენია, ავთო საყვარელიძე, წლების განმავლობაში ის გვეხმარებოდა.
– როგორი ხართ სახლში, ჯუჯღუნა თუ მშვიდი?
– იცი რამხელა სახლი მაქვს? ჩემს ოცდათხუთმეტ კვადრატულ ოთახში გამოვიკეტები და იმათ თავში ქვაც უხლიათ. ჩემს ოთახში კაციშვილი ვერ შემოვა, თუ მე არ მინდა. ახლა აქედან რომ წავალ, ხბოს ხორცი უნდა ჩავუხრაკო პომიდორში ბავშვებს. სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. ვიღაცას დავუძახებ, ხან ჩემი ძმაკაცი მოვა, ხან – ნათიას მეგობარი გოგო. მარტოობა არ მიყვარს, დებილი კი არ ვარ. რაც შეეხება ჯუჯღუნს, ყველაფერზე შეიძლება ვიჯუჯღუნო. არ მიყვარს, დაუკითხავად რომ იღებენ ნივთებს. იმიტომ მაქვს ის ერთი ოთახი, რომ იქ ჩემი სამყაროა. შეიძლება, მაგიდა არეული მქონდეს, მაგრამ მე ვიცი, სად რა დევს. არეულობა ჩემთვის წესრიგი და კომფორტია. მერე ვდგავარ და ვიგინები. ხანდახან ისე, უბრალოდ ვიგინები და ბავშვები რომ დამინახავენ, შაყირობენ – აი, „დედა მოვ...“ მოვიდაო.
– კაცებს ტყუილი კარგად გეხერხებათ. ნათია თუ ხვდება, როცა „აბოლებთ“?
– ნათიაც კარგი „გოთვერანია“, ეგეც მსახიობი არ არის?! ვერაფერს გამოაპარებ, ტყუილში ეგრევე მიჭერს. რომ ვიტყუები, თვალებში ვერ გვიყურებ. აბა, დაიფიცეო, მეტყვის და ტყუილზე როგორ დავიფიცო. მაშინვე ვაღიარებ, – ჰო კარგი გავაკეთე-მეთქი. საერთოდ, რა არის, იცი?! ქალი არ შედგება, თუ ნორმალური კაცი არ უდგას გვერდით და პირიქით. ქალი აკეთილშობილებს კაცს და ქალი – „აჩათლახებს“. ნათიამ ზოგჯერ ნამეტანი იცის, მაგრამ ახლა გადაეჩვია, იმიტომ, რომ პირიქით მოხდა, მე დავემსგავსე ნათიას. აქეთ ვიძლევი შენიშვნებს. იმ დღეს მეუბნება, როგორ დამემსგავსეო. მე კიდევ ვუთხარი, – ხარი ხართან დააბი ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო. ჩემი ოჯახი საქართველოსავით არის, ყველას პირველობა უნდა. ხომ იცი, ქართულ რიგში ბოლო არავინაა. ყველას უნდა, თავისი სიტყვა თქვას, მეც ვდგავარ და ვუსმენ. თუ შემიძლია, ვასრულებ იმ სურვილებს, რაც მათ უნდათ, თუ არადა, ვეუბნები, წადი, თქვენი დედაც-მეთქი და ჩემს ოთახში შევდივარ.
– ფილმში აბსოლუტურად განსხვავებული ქმარი ხართ. შეთესნაირ მომხიბვლელ ქმარს, ალბათ, ყველა ქალი ინატრებდა.
– ის რა ქმარი იყო, ცოლის გამო „გააბანძეს“. პირველი როლი იყო და სხვა რაღაც მინდოდა, დამენახვებინა. თუ შეატყვე, თითქოს ენანება გაშვება და ხელი უკიდია. სცენარის მიხედვით, ხელს არ აკიდებინებენ ცოლს, სახედარზე ზის და ქმარი გვერდით მიჰყვება. მას შემდეგ კინოში ქმარი არ მითამაშია. სიამოვნებით ვითამაშებდი კარგ მელოდრამაში ქმარს ან მამას.