რატომ წაართვა მიშა გომიაშვილმა ცოლს ბავშვი და როგორ ჩააგდო ის ქალიშვილმა შოკში
მიშა გომიაშვილის 21 წლის ქალიშვილი ნატუკა, რომელიც მსახიობს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, მამას არა მხოლოდ გარეგნობით, ხასიათით და მანერებითაც ჰგავს. ორივე პრინციპული და მიზანდასახული ადამიანია. როგორც ნატუკა ამბობს, ორი გომიაშვილის ერთ ოჯახში ცხოვრება, თურმე, შეუძლებელია. მან ისიც გვითხრა, რომ დედას მეუღლესთან და მიშას ყოფილ და ახლანდელ ცოლებთან, კარგი დამოკიდებულება აქვს. მშობლების დაშორებას მაშინ, ცხრა წლის გოგონასთვის გული მაინცდამაინც არ უტკენია, ყველაფერი იოლად გადალახა.
– ნატუკა, როცა კინორეჟისორობა აირჩიე, რა რეაქცია ჰქონდა მამას?
– მე ეკონომიკურზეც ვსწავლობ, მეოთხე კურსზე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ იქ არ ვიყავი, სადაც უნდა ვყოფილიყავი და კინოსარეჟისოროზე ჩავაბარე. თან, კინო სწორხაზოვანია და ბევრ რაღაცას მოიცავს. მიშა სულ გაოგნებულია ჩემი გადაწყვეტილებებით. ყველა მიჩვეული იყო იმ აზრს, რომ ნატუკა მსახიობი იქნებაო. ერთ დღეს სუფრასთან, მოულოდნელად გამოვაცხადე, ეკონომიკური მინდა-მეთქი და მიშამ გაკვირვებით შემომხედა. ვერ მიხვდა, რატომ ავირჩიე. დედა და მამა არასდროს ჩარეულან ჩემს გადაწყვეტილებებში, უბრალოდ, თუ მირჩევდნენ. მსახიობობა ბავშვობიდან არ მიზიდავდა. სხვათა შორის, დედაც მსახიობია – ნინო კვიტეტიანი. ოთარ იოსელიანის ფილმ „ყაჩაღებში“ ვართ ერთად გადაღებული. თეატრ „მეტეხში“ იყო. ახლა დროებით უმუშევარია. მახსოვს, არასოდეს არც ერთს არ ეცალა ჩემთვის. სულ რეპეტიციები ჰქონდათ და ეს ყოველთვის მაღიზიანებდა. თან, ძალიან შრომატევადია და არ ფასდება. გარდა ამისა, შინაგანად სხვანაირი ადამიანი ვარ. არ შემიძლია, ვიღაცას ვექვემდებარებოდე, შეიძლება გავგიჟდე.
– დედა თუ გიყვება მამაზე, იმ პერიოდზე, როცა შეყვარებულები იყვნენ?
– მხოლოდ ის ვიცი, რომ თეატრალურში ჯგუფელები იყვნენ და მერე ერთ თეატრში მოხვდნენ. ერთ დღესაც, უბრალოდ, მოჰკიდა ხელი და წაიყვანა. ისე, მე უფრო ვლაპარაკობ მათთან პირადულზე, ვიდრე ისინი – ჩემთან. დედაჩემს აბსოლუტურად ყველაფერს ვეუბნები. არის ისეთი რაღაცეები, რაც, წესით, არ უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ არ ინერვიულოს. სახლში რომ მივდივარ, მკითხავს – რა მოხდა, არაფერი – ვპასუხობ, მაგრამ შინაგანად რაღაც მიღრღნის გულს. თუ არ დავიცალე, არ შემიძლია, სანამ ყველაფერს არ ვეტყვი, ვერ მოვისვენებ. იმედი მიჩნდება – რადგან დედამ იცის, ესე იგი, ცუდი არაფერი მოხდება. დედას ჰყავს მეუღლე, რომლისგანაც ქალიშვილი ჰყავს. ერთად ვცხოვრობთ.
– როცა შენი მშობლები დაშორდნენ, პატარა იყავი. როგორ გახსენდება ის დრო, როცა მამა თქვენთან ცხოვრობდა?
– მიშა არ იყო ტიპური ქართველი მამა და ეს ძალიან მიხაროდა. თითის დაქნევა არ იცის. მეგობრული მომენტები სულ ჰქონდა. ყველაფერს, მისრულებდნენ, თუმცა დამყოლიც არ არის. საკმაოდ მძიმე ხასიათისაა, მაგრამ მამაკაცურია. ჩემთვის იდეალური მამაკაცია. ახლახან დავაფიქსირე, თუ ვინმე მომწონებია, ყველაში მამაჩემს ვხედავ. ვაიმე, მამას როგორ ჰგავს, – ბევრჯერ მითქვამს, გავოცებულვარ. არ არის ტიპური ქართველი აზიატი მამაკაცი, არ აქვს უაზრო კომპლექსები და ამიტომ, ადვილია მასთან ურთიერთობა იმ ადამიანებისთვის, ვინც მის გვერდითაა. ბავშვობის მოგონებებიდან დამრჩა ის, რომ სულ სადღაც ეჩქარებოდათ. დილით, თვალს რომ ვახელდი, გადარბენაზე იყვნენ, ის სად არის, ეს სად არის – სულ რაღაცას ეძებდნენ, სადღაც მიდიოდნენ, მერე ერთად მოდიოდნენ. ჩვენს სახლში საჭმელი დიდი სარეცხის ქვაბი რომ არის, ასეთი ზომის ქვაბით კეთდებოდა. ჩვენთან სულ სტუმრები იყვნენ.
– დედაშენი ხომ არ ბრაზობდა მიშას ქეიფსა და დროსტარებაზე?
– დედაც ასეთია, ძალიან უყვარს სტუმრები და მხიარულება. ამიტომ არ ჰქონდა პრეტენზიები. საერთო მეგობრები ჰყავდათ. მაგით ჰგავდნენ ერთმანეთს. აიღებდა ხელფასს და მოდიოდა, ვერ გეტყვი, ალბათ, ერთ პოლკს რომ გამოკვებავ, იმდენი სურსათით. უყვარს, როცა სახლში ბევრი და კარგი საჭმელია. მახსოვს, კვერცხს რომ იხარშავდა, მე ძალით მაჭმევდნენ კარაქში ათქვეფილს და ცუდად ვხდებოდი.
– შენ მიმართ მკაცრი იყო?
– ერთხელ, წვეტიან ჭიშკარზე ავძვერი, ვქანაობდი და კინაღამ გული გაუსკდა. ისე გადმომხედა, ნეტავ არ გადმოეხედა. მერე ერთი კვირა არ ველაპარაკებოდი. ერთხელ, ტელეფონში რაღაც მითხრა აგრესიული ტონით და აღარ ვურეკავდი.
– რაზე შეიძლება მოგცეს შენიშვნა?
– ძალიან ჩქარა ვლაპარაკობ და სულ იმას მეუბნება, ცოტა ნელა ილაპარაკეო. არავის არაფერი ესმის, როცა მე ვლაპარაკობ, მით უმეტეს, თუ ემოცია მომაწვა. არ მესმის, რას მელაპარაკები, აბა, ახლა თავიდანო, – მეტყვის.
– ერთმანეთს ჰგავხართ?
– ორივეს აქტიური ცხოვრების წესი გვაქვს. დედაჩემმა იცის ხოლმე თქმა – გარე, გარეო. მიშას არ უყვარს ერთფეროვნება, სულ რაღაც ახალი უნდა რომ აკეთოს და მეც ასეთი ვარ. მანერებშიც ვგავარ – მოძრაობა, დაჯდომა. კაცივით ჯდომა ვიცი. ბევრს უთქვამს, მამაშენიც ზუსტად ასე დგას, ზისო. მოკლედ. მამაილას მეძახიან. მგონი, ფიზიკურადაც ვგავარ. რაც თმა შავად შევიღებე, უფრო მამსგავსებენ.
– მართალია, პატარა იყავი, მაგრამ, ალბათ, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, მიხვდი, რაც მოხდა ოჯახში.
– რა თქმა უნდა, პატარა ვიყავი, მაგრამ ეს ვიგრძენი. მახსოვს, დედამ დამსვა და დამელაპარაკა. დიდი განცდები არ მქონია, რადგან მაგ პერიოდში მამამ მოსკოვში წამიყვანა ბაბუასთან, მსახიობ არჩილ გომიაშვილთან, ყველაფერი უმტკივნეულოდ გადავიტანე. ამას ჩემს ცხოვრებაში დაღი არ დაუსვამს. საერთოდ, რაც არ მინდა, იმას გულთან არ ვუშვებ. ამაზე არ ვფიქრობდი. პირიქით, სულ იმას ვამბობ, ორი გომიაშვილი ერთ სახლში არ შეიძლება-მეთქი. ხომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ხასიათებით იმდენად ერთნაირები ვართ, რომ არ შეიძლება, რა. დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ, ამიტომ წარსულს არ მივტირი. ცუდი რაღაცეები სულ ხდება ცხოვრებაში, როცა შეცდომებს ვუშვებთ და მგონია, რომ ეს ყველაფერი მზრდის და გამოცდილებას მაძლევს. ძალიან ბევრმა ტკივილმა, რასაც ღიმილით შევხვდი, საბოლო ჯამში, ძლიერ ადამიანად მაქცია. არ ვარ ემოციური. ამაზე ბევრად ცუდი რამ შეიძლება მოხდეს ოჯახში, ახლობელი გახდეს ავად ან დაიღუპოს. ჩემს მშობლებს ურთიერთობა არ გაუფუჭებიათ. ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ მე გული არ მტკენოდა.
– როგორ შეხვდი მათ ხელმეორედ დაოჯახებას?
– დედაჩემის ქმარი, თემური, არქიტექტორია. პატარა ვიყავი, რომ გავიცანი. ძალიან მიყვარდა. მერე დაქორწინდნენ. მიშას ქორწინებაც გამიხარდა. მის ყოფილ ცოლებთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს და ყველას პატივს ვცემ. მიშას ახლანდელ ცოლს, მაკას, ჩემი ტოლი გოგონა ჰყავს. ჩვენც ვმეგობრობთ. არ შემიძლია, ამ ადამიანებს შევხედო, როგორც მამაჩემის ცოლებს. თუ ადამიანი ვერ მივიღე, მასთან ურთიერთობაც არ გამომივა. მაკა გავიცანი თავისი შვილის, ანანოს დაბადების დღეზე, დამპატიჟა. არაჩვეულებრივი ადამიანები არიან. მართალია, შვილები პასუხისმგებლობაა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა მიხედოს თავის პირად ცხოვრებას.
– როცა რაღაც გჭირდება, მამას პირდაპირ ეუბნები თუ მორიდებით?
– მაგ მხრივ, საათივით მაქვს ყველაფერი აწყობილი. დედა, მამა, თემური, ბიძა, ბებია – ყველასგან რაღაც უპირატესობები მაქვს. ვფიქრობდი მუშაობის დაწყებაზე, მაგრამ ორი უნივერსიტეტი და კიდევ სამსახური, ალბათ, ვერ შევძლებ, მოვკვდები. მიშას ჯერ ეკონომიკურ-ფინანსურ მდგომარეობას ვარკვევ და მერე ვთხოვ ფულს. თუ რაღაც მინდა, პირდაპირ ვეუბნები. ვკითხავ – ფინანსურად როგორ ხარ? ან მეტყვის, ცუდად ვარო, ან მეკითხება – რა გინდა?
– ბიჭებთან ურთიერთობებზე არაფერს გეკითხება? თუ აინტერესებს შენი პირადული ამბები?
– დედაჩემიც და მამაჩემიც მიხვდნენ, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ შეიძლება, სულელური ნაბიჯი გადავდგა და გავთხოვდე. დედაჩემმა მითხრა – თუ ვიღაც გამოჩნდა და რაღაც გადაწყვიტეთ, ხომ იცი, მე უნდა მითხრაო. სადღაც ორ კვირაში იგივეს მეუბნება მამაჩემი – ხომ იცი, შვილო, თუ ვინმე შეგიყვარდა და რაღაცას გადაწყვეტ, მე არ უნდა გამომაპარო. მითხარი და მთელ პოლკს და არმიას გადავუდგები წინ და მაინც გაგისწორებ ხასიათსო. არა, მამა, რას ამბობ-მეთქი, – ვუთხარი. არ ახასიათებს ნოტაციების კითხვა. მეგობარი ბიჭები უფრო მეტი მყავს, ვიდრე გოგოები. ერთად ვართ გაზრდილები და მე რომ არ ვარ სახლში, მიდიან და რჩებიან. მიშას ერთი ორჯერ უკითხავს – ეს ვინ არისო. მგონია, ვინც არ უნდა იყოს, ჩემი მომავალი ქმარი, ისე მიიღებს, როგორც ჩემს საყვარელ ადამიანს. ამ მხრივ, თავისუფლად ვარ. მართალია, თავისი სიმძიმეები აქვს, მაგრამ სითბოს და სიყვარულს უფრო კარგად გამოხატავს. აგრეთვე, ჩემი ძმის, აჩის მიმართაც. და-ძმას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ ერთი დედის შვილები.
– როგორ მოგწონს მიშა ეკრანზე, მაყურებლის თვალით უყურებ, რეჟისორის თუ უბრალოდ, როგორც მამას?
– ძალიან მომწონს „ყავა და ლუდში“. ჩემი აზრით, ქართულ ტელესივრცეში გამორჩეული სერიალია. მიშას ძალიან უხდება კოკას როლი, ბევრ რაღაცეებში ვიჭერ მსგავსებას თავის გმირთან, თუმცა ძალიან შორს არის ამ ყველაფრისგან.