რატომ არ ასახელებდა სტალინი პოლიტიკურ მემკვიდრეს
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სტალინს აშკარად დაეტყო ჯანმრთელობის გაუარესება. ეს იყო იმ არაადამიანური შრომის შედეგი, რომელსაც იგი ეწეოდა 1941-1945 წლებში. ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, სტალინს დაძაბული მუშაობა არც ომის შემდეგ შეუწყვეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ბელადი არ ენდობოდა ექიმებს. ამიტომ იყო, რომ მას არ გაუვლია სამედიცინო შემოწმებები და არც სერიოზული მკურნალობის კურსი ჩატარებია. იმხანად სტალინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ცხადია, ოფიციალური ცნობები არ ქვეყნდებოდა. 1951-1952 წლებში გადაღებული ფოტოებიდან, სახეზე არსებული გარეგნული ნიშნების მიხედვით აშკარაა, რომ დიდი ბელადი სერიოზულად იყო ავად. ექიმები ასკვნიან, რომ ეს ნიშნები შეიძლება როგორც გულის ისე თირკმლის უკმარისობაზე მიუთითებდეს. შემორჩენილი დოკუმენტური კინოკადრებიდან ჩანს, რომ სტალინს შენელებული აქვს მოძრაობა, ხოლო, დიდი ხნის წინ დაზიანებულ მარცხენა ხელს (ცემისას ჟანდარმებმა ნერვი დაუზიანეს) კიდევ უფრო მოუხერხებლად ხმარობს. სწორედ ავადმყოფობის მიზეზი უნდა ყოფილიყო, რომ სტალინს ბოლო გამოსვლები ძალიან მოკლე ჰქონდა. ბელადი ხშირად ისვენებდა ლაპარაკისას და მძიმედ სუნთქავდა. ყოველივე ამის დასტურია ისიც, რომ სკკპ მეცხრამეტე ყრილობაზე (1952 წელს), სტალინი საანგარიშო მოხსენებით არ გამოსულა, მან მხოლოდ მოკლე სიტყვა წარმოთქვა. იქვე აღიარა, რომ ავადმყოფობდა, ძველებურად ვეღარ მუშაობდა და თითქმის აღარ კითხულობდა. ყველაზე უფრო მეტად სტალინს ალბათ, მაინც გულ-სისხლძარღვთა დაავადება ურთულებდა მდგომარეობას. ამიტომ იყო, რომ მან გარდაცვალებამდე 2 ინსულტი გადაიტანა. ბელადს არც ამის შემდეგ მიუღია გადაწყვეტილება სერიოზულად მიეხედა საკუთარი ჯანმრთელობისთვის. სტალინი იმდენად ეჭვიანობდა, რომ უბრალო გაციების დროსაც, ექიმის მიერ დანიშნულ წამალს კრემლის აფთიაქიდან კი არ იღებდა, საკუთარი დაცვის წევრებს აგზავნიდა მოსკოვის ოლქის სხვადასხვა სოფლის აფთიაქებში და მათ მიერ მოტანილი ერთი და იგივე დასახელების ათეულობით ნიმუშიდან – ერთ-ერთს ირჩევდა. სტალინი ასევე დიდ სიფრთხილეს იჩენდა საკვების მიღებისას, მაგალითად: ბელადის საკვებად განკუთვნილი „სელიოდკა“ არხანგელსკიდან სპეციალურად თვითმფრინავით ჩამოჰქონდა მისი პირადი დაცვის უფროსს.
დღემდე გრძელდება დავა იმის თაობაზე, იოსებ სტალინი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით (ინსულტით) თუ მოკლეს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებელს ხდის, მოკლედ შევეხოთ იმ ვითარებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შეიქმნა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. სტალინი ცხადია, ყურადღებით აკვირდებოდა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს; ინგლისელმა ხალხმა, მეორე მსოფლიო ომის წლებში გამოჩენილი დამსახურების მიუხედავად, უინსტონ ჩერჩილს არჩევნებში მხარი აღარ დაუჭირა და ქვეყნის ბედი სხვა პრემიერ-მინისტრს მიანდო. სტალინს აშფოთებდა ის ხმებიც, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი მოწამლეს. ბელადი კარგად ხედავდა, რომ მის წინააღმდეგ გარკვეულ ძალთა ორგანიზება ხდებოდა. მას განსაკუთრებით აშინებდა იმ სამხედროების პოზიცია, რომელთაც ომის წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვეს, უპირველესად კი მარშალ გიორგი ჟუკოვისა. სტალინი იმასაც გრძნობდა, რომ მსოფლიოში ვითარება შეიცვალა. ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ერთობლივმა ბრძოლამ ერთმანეთთან დააახლოვა ამერიკის შეერთებული შტატების, საბჭოთა კავშირის, ინგლისისა და საფრანგეთის ხალხები. საბჭოთა კავშირი ვეღარ დარჩებოდა რკინის ფარდის მიღმა არსებულ სახელმწიფოდ. სტალინის ღრმა რწმენით, ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე თამაშს იწყებდა დასავლეთის პოლიტიკურ წრეებთან, მაგალითად, ვიაჩესლავ მოლოტოვი. ამიტომ, სტალინმა ოპოზიციის დაქსაქსვის მიზნით გადამჭრელი ღონისძიებები გაატარა: საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოხსნა მოლოტოვი, ხოლო ჟუკოვი გაათავისუფლა გერმანიაში განლაგებული საბჭოთა ჯარების მთავარსარდლის მოვალეობიდან და დანიშნა საბჭოთა კავშირის სახმელეთო ჯარების მთავარსარდლად. თუმცა, იქიდანაც ძალიან მალევე გაათავისუფლა და დააქვეითა ოდესის სამხედრო ოლქის სარდლობამდე. გენერალი კონსტანტინე რაკასოვსკი პოლონეთში გაგზავნა სამუშაოდ. სტალინის მითითებით სპეცსამსახურებმა დაიწყეს გამოძიება ეგრეთ წოდებული სამხედრო ნადავლის საქმისა. მარშალ ჟუკოვს, მარშალ რაკასოვსკის, სხვა მარშლებსა და გენერლებს ბრალად ედებოდათ გერმანიიდან გამოტანილი სამხედრო ნადავლის უკანონოდ მითვისება. დასჯით არავინ დაუსჯიათ, მაგრამ სამხედრო ელიტა სერიოზულად შეშინდა. მოლოტოვს სტალინმა ბრალად დასდო დასავლელი ჟურნალისტების წინაშე კეკლუცობა, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში ავტორიტეტის მოპოვების მიზნით. უცნობია, რა ინფორმაცია ჰქონდა სტალინს, მაგრამ მოგვიანებით დადასტურდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ამ პერიოდიდან იწყებდნენ დალესის გეგმის რეალიზებას, რომლის მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დასუსტება და დაშლა. ამ რთულ ვითარებაში სტალინის მხარდამჭერებად გამოდიან: ლავრენტი ბერია, გიორგი მალენკოვი, ნიკოლაი ბულგანინი და ნიკიტა ხრუშჩოვი. ცდილობს ამ ჯგუფს მიეტმასნონს ანასტას მიქოიანი, მაგრამ ვერ ახერხებს, რადგან სტალინი, მას არასდროს ენდობოდა. აშკარა იყო, რომ სტალინის პოლიტიკური მემკვიდრე ზემოხსენებული 4 პოლიტიკური მოღვაწიდან უნდა შერჩეულიყო. გარკვეული მოსაზრებით, ბელადი თვითონ არ ასახელებდა, თავის პოლიტიკურ მემკვიდრეს, რამაც მათ შორის ურთიერთობა დაძაბა. სტალინის მიზანიც ეს იყო. ნიკიტა ხრუშჩოვი ფიქრობდა, რომ სტალინი ბერიას დაუჭერდა მხარს, ამიტომ ყველფერს აკეთებდა მათ შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად. ისე ჩანდა, თითქოს ხრუშჩოვი ჩვეულებრივი პარტიული მოღვაწე იყო და არაფრით გამოირჩეოდა. მართალია, მას არც ბუნებრივი ნიჭი და სათანადო განათლება უწყობდა ხელს, მაგრამ სტალინისგან ბევრი რამ თურმე შესანიშნავად ისწავლა. იგი ოსტატურად თამაშობდა „ივანუშკა დურაჩოკის“ როლს. სტალინს ხრუშჩოვი სულელად მიაჩნდა, ხოლო ბერიას – არარაობად. მალენკოვი ფიქრობდა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლაში უეჭველად ბერია გაიმარჯვებდა და ამიტომ გადაჭრით დადგა ამ უკანასკნელის მხარეს. ძალზე ეშმაკური პოზიცია დაიკავა ბულგანინმა: მას გაპირველკაცების იმედი არ ჰქონდა და გადაწყვიტა გამარჯვებულის მხარეზე დამდგარიყო. რაც შეეხება ბერიას, იგი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ სტალინის მემკვიდრე იქნებოდა. ეს ალბათ, ასეც მოხდებოდა, რომ არა თვით ბერიას დაუდევრობა. მან სტალინისგან ბევრი რამ ისწავლა, მაგრამ ყურადღების გარეშე დატოვა ბელადის ერთი თვისება. სტალინი ცხოვრობდა პრინციპით - „არავის ენდო, არავის იმედი არ გქონდეს და არაფრის შეგეშინდეს.“ ბერია კი ხელაღებით ენდო მალენკოვს და არასდროს შეპარვია ეჭვი იმაში, რომ არარაობა ხრუშჩოვი მოახერხებდა მის გადაბირებას. სტალინმა მთელი თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში ზუსტად იცოდა ყოველდღე ვინ უნდა დაეჭირა, ვინ – გადაესახლებინა, ვინ – დაეხვრიტა, ვინ – დაექვეითებინა და ვინ – დაეწინაურებინა. შეიძლება, ითქვას, ბერიაც ამ პრინციპით ცხოვრობდა, მაგრამ ბოლო მომენტში უღალატა მას. ერთ მშვენიერ დღეს ბერიამ იფიქრა, რომ მის გაპირველკაცებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა. ამან დაღუპა კიდეც იგი.
თუ სტალინი ნამდვილად მოწამლეს, ხსენებული ოთხეულიდან ეს შეიძლებოდა გაეკეთებინა ხრუშჩოვს, სამი დანარჩენი ამაზე არ წავიდოდა. არის ვერსია, რომ ბელადი მისთვის საკითხავად განკუთვნილი წიგნის ფურცლებზე დაყრილი ნელი მოქმედების საწამლავით მოწამლა ცენტრალური კომიტეტის მდივანმა ფურცევამ. ფურცევა ხრუშჩოვის დროს დიდ პატივში იყო. საკმაოდ დიდხანს საბჭოთა კავშირის კულტურის მინისტრიც გახლდათ და ხრუშჩოვის ერთ-ერთ უახლოეს თანამებრძოლად ითვლებოდა. ვერსია, რომ სტალინი შეეძლო მოეწამლა ბერიას, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რადგან ეს უკანასკნელი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა სტალინის სიკვდილს. ბელადის გარდაცვალების შემდეგ, ბერიამ მეტად მნიშვნელოვანი პირველი 10-12 საათი, პრაქტიკულად უმოქმედოდ გაატარა. ეს გამოიხატა ბელადის გარდაცვალების შემდეგ თანამდებობების გადანაწილებაშიც: ხრუშჩოვი გახდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, ესე იგი პარტიის ლიდერი; მალენკოვი – მთავრობის თავმჯდომარე, ბერია – მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრი. რატომ დაკმაყოფილდა ბერია ასეთი მოკრძალებული თანამდებობით? მას იმედი ჰქონდა, რომ მალენკოვის მხარდაჭერით „ივანუშკა დურაჩოკს“ მალე მოიცილებდა, ხოლო მალენკოვი ბერიას გაპირველკაცებას არ შეეწინააღმდეგებოდა. მაგრამ, ასე არ ფიქრობდა, თვითონ „ივანუშკა დურაჩოკი“...
ვახტანგ გურულის მასალების მიხედვით მოამზადა
ანრი შავლაძემ