ვინ მოუწყო თამთა შედანიას ჰონკონგში სიურპრიზი და რის სანახავად დაეშვა ის ზღვაზე პარაშუტით
მოდელი თამთა შედანია დაახლოებით, ორი თვეა რაც ჰონკონგში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულად გამოდის არმანის, ქელვინ კლაინის, ვერსაჩეს, ვივიენ ვესტვუდის ფეშენ შოუებში. თამთა ჩინურ ახალ წელს და საკუთარ დაბადების დღეს ჰონკონგში შეხვდა და საოცრად კარგი დრო გაატარა.
თამთა შედანია: 5 იანვარს გამოვფრინდი თბილისიდან, ამჟამად ჰონკონგში ვიმყოფები. კონტრაქტი გამიფორმეს სააგენტოსთან „სტილე“, რომელთანაც ადრეც ვთანამშრომლობდი და ჯერჯერობით აქ დავრჩები. „ფეშენ ვიკისთვის“ ჩამოვფრინდი, როგორც იცით, წინასწარ „დამბრონეს“ ქელვინ კლაინის ფეშენ შოუსთვის. ქელვინ კლაინი პირადად არ ჩამოსულა, სამაგიეროდ, მისი ფიარმენეჯერი ესწრებოდა შოუს. მე ასევე ვიმუშავე ვერსაჩეს, ვივიენ ვესტვუდის, დიზაინერ ვილიამ ტუნგის ფეშენ შოუებზე. ასევე ვმუშაობდი „შანჰაი ტუნგისთვის“, ეს არის ბრენდი, რომლის სახე გავხდი შარშან, ჰონკონგში ყოფნისას. 10 000 ადამიანი ესწრებოდა ფეშენ შოუს, რომელიც ქელვინ კლაინმა გახსნა. ჩვენებაში მონაწილეობდნენ ევროპიდან ჩამოსული მოდელები. ძალიან დიდი პოდიუმი იყო, უამრავი ხალხი. „ფეშენ ტივი“ აშუქებდა შოუს. ჩემთანაც ჩაწერეს ინტერვიუ, რომელიც ყოველდღე ტრიალებს. არაჩვეულებრივი კოლექცია იყო წარმოდგენილი. შემდეგ იყო ვერსაჩეს ფეშენ შოუ, რომელშიც 15 მოდელი იღებდა მონაწილეობას. სამოსი საოცრად კარგი იყო. შოუს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. შემდეგ ჩატარდა ვილიამ ტუნგის ფეშენ შოუ, ატლასის ქსოვილი იყო წარმოდგენილი, მაკიაჟი, თმის სტილი ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო, ევროპიდან ჩამოვიდნენ ვიზაჟისტები. ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა შოუს, მათი უმრავლესობა ჩამოვიდა პარიზიდან, იტალიიდან. მოკლედ, ყველა შოუ არაჩვეულებრივი იყო, დადგმული სცენარით. ძალიან ბევრი ცნობილი პოროვნება ესწრებოდა შოუს, ვარსკვლავები – მომღერლები, სკარლეტ იოჰანსონი, ნატალი პორტმანი, ბიონსე. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ის არის, რომ ძალიან დაკავებული ვიყავი და ვერ მოვახერხე მათთან ფოტოების გადაღება. ვესტვუდის ქასთინგზე ჰონკონგში ჩასვლის მეორე დღეს მივედი, ძალიან ბევრი მოდელი იყო. 556-ე ვიყავი სიაში. ქასთინგი დილის 9 საათზე დაიწყო და ღამის პირველ საათზე დამთავრდა, დიდხანს გაგრძელდა. ძალიან კარგი სამოსი იყო ამ წელს წარმოდგენილი, ერთადერთი რისიც მეშინოდა ის იყო, რომ ვივიენ ვესტვუდის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 13-14 სანტიმეტრს აღემატებოდა, ძნელი იყო გავლა, მაგრამ თუ პროფესიონალი ხარ, ყველაფერი უნდა შეძლო. ფეშენ ვიკი მხოლოდ ერთი კვირა გაგრძელდა. ამის შემდეგ კი ძალიან ბევრი ჟურნალისთვის მქონდა გადაღება და ცნობილი ბრენდისთვის შოუები. წინა კვირას (ინტერვიუ ჩაწერილია 1 მარტს – ავტორი) დაიწყო არმანის შოუ, ყოველდღე ვმუშაობდით მე და ერთი ბრაზილიელი მოდელი. არმანის შოუს ქასთინგზეც ძალიან ბევრი მოდელი მოვიდა და მხოლოდ ორი აგვარჩიეს. არმანის შოურუმი ერთ კვირას გაგრძელდება, ჩამოსულები არიან კლიენტები ლონდონიდან და პარიზიდან, რომ ახალი კოლექცია შეიძინონ. მთელი დღის განმავლობაში ვუკეთებდით პრეზენტაციას არმანის კოლექციას. თებერვლის შუა რიცხვებში ჰონკონგში ყოველთვის ტარდება ზამთრის ორიგინალური ხარისხის ბეწვეულის კოლექციის ჩვენება. შოუს ძალიან ბევრი რუსი ეროვნების ხალხი ესწრება. ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ბეწვეულის შესაძენად.
– ალბათ, საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ასეთი ცნობილი დიზაინერების სამოსს წარადგენ, ასევე ცნობილი პუბლიკის წინაშე.
– კი, ძალიან. 120-მეტრიან პოდიუმზე გასვლა და ცნობილი დიზაინერების სამოსის წარდგენა, ძალიან საპასუხისმგებლოო საქმეა. გასვლამდე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ როგორც კი პოდიუმზე გავედი, ყველაფერი დამავიწყდა. ვცდილობდი, რაც შეიძლება კარგად გამოვსულიყავი. მოდელისთვის ხომ მთვარი, ისაა, როგორ წარადგენ სამოსს, როგორ პრეზენტაციას გაუკეთებ მას. როდესაც ასეთი ცნობილი ბრენდი აგიყვანს სამუშაოდ, დარწმუნებიული უნდა იყოს, რომ შეცდომას არ დაუშვებ და ისე წარადგენ სამოსს, აუდიტორია დაინტერესდეს.
– დარწმუნებული ვარ, დიდია კონკურენცია, მაგრამ მაინც შენზე აკეთებენ არჩევანს...
– ძალიან დიდი კონკურენციაა. ჰონკონგში მყოფი ყველა მოდელი მოვიდა ქასტინგზე, დაახლობით 700 მოდელი. აქედან ფეშენ შოუსთვის არჩევდნენ მხოლოდ თხუთმეტს ან ოცს. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემზე გააკეთეს არჩევანი. ჰონკონგში უკვე მცნობენ და ზოგჯერ როდესაც ვმუშაობ და ძალიან დაკავებული ვარ, ვერ ვახერხებ მისვლას ქასთინგზე, სააგენტო მხოლოდ პორტფოლიოს ფოტოებს აგზავნის, კლიენტებიც კმაყოფილდებიან ამით.
– როგორც ვიცი, დაბადების დღე ჰონკონგში აღნიშნე.
– თავიდანვე ძალიან გამიხარდა, რომ ჰონკონგში მომიწევდა დაბადების დღის აღნიშვნა. რომ ჩამოვედი, გოგონებმა, რომლებთან ერთადაც ბინაში ვცხოვრობ, დიდი სიურპრიზი მომიწყვეს. დიდხანს გაგრძელდა ჩემი დაბადების დღე. 30 იანვარს რესტორანში მეგობრებთან ერთად წავედით ვახშამზე. შემდეგ კი კლუბში, სადაც ჩემს დაბადების დღეს შევხვდით. ძალიან კარგად გავერთეთ, წინა წელს, რომ ვიყავი ჩამოსული, ბევრი მეგობარი შევიძინე და ისინიც მოვიდნენ დაბადების დღეზე. დიდი ნამცხარი შემოიტანეს შუშხუნებით, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. დილით ისევ დამირეკეს მეგობრებმა და წავედით ვიქტორია პიკზე, იქიდან შეგიძლია მთელი ჰონკონგი დაინახო. ჩემმა ერთ-ერთმა, საუკეთესო მეგობარმა დაგვპატიჟა მე და ჩემი მეგობრები. მე და კიდევ 6 მოდელი, ის კი, თავის მეგობრებთან ერთად, წავედით ჰონკონგის ყველაზე მოდურ და ცნობილ, ძვირად ღირებულ იტალიურ რესტორანში, იქედან მთელი ჰონკონგის ხედი ხელის გულივით ჩანდა. ვივახშმეთ, ტორტი მომართვეს 18 სანთლით. არაჩვეულებრვი დრო გავატარათ, შემდეგ გავედით და დავათვალიერეთ მთელი ჰონკონგი. ღამე, რომ დავიძინე, თურმე გოგონებს დიდი ტორტი უყიდიათ, ფოიერვერკები და ოთახი საკარნავალოდ მოურთიათ. შუქი ჩამქრალი იყო და რომ გამეღვიძა, რას ვხედავ, მთელი ოთახი მორთულია. მიმღერეს, საოცარი სიურპრიზი მომიწყვეს. ოჯახიდანაც დამირეკეს, საქართველოდან მომილოცეს. არაჩვეულებრივი დაბადების დღე მქონდა, ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან დატვირთული ვარ, მაგრამ გართობასაც ვახერხებ და ვცდილობ, დასვენების დღეები სასიამოვნოდ გავატარო. ჩემი დაბადების დღის შემდეგ ჩინეთში ჩინური ახალი წელი დაიწყო. ქუჩები, შენობები ლამაზად იყო განათებული, გადაკეტილი, ბრაზილიური კარნავალები იყო, ყველა ქუჩაში ხვდებოდა ახალ წელს, გემებიდან ცაში უშვებდნენ ფოიერვერკებს, არაჩვეულებრივი სანახავი იყო. მე გემზე პარაშუტით დავეშვი, რომ ეს სანახაობა ზემოდან მენახა. შოკი მქონდა, საოცარი სიამოვნება მივიღე.
– ახლო მომავალში რა გეგმები გაქვს?
– ჯერჯერობით ჰონკონგში ვრჩები. აქ მინდა დავრჩე. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია, შენი შანსი გამოიყენო დ ყველა ოცნება აისრულო.
– ალბათ, შენი ანაზღაურებაც, თანდათანობით, წარმატებასთან ერთად, იზრდება...
– ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკება სააგენტოსა და კლიენტებს შორის. ანაზღაურება კონტრაქტის მიხედვით მაქვს, ჩემი ჰონკონგიდან გამოფრენის წინა დღეებში მეცოდინება, რამდენი გამოვიმუშავე ამ ხნის განმავლობაში.