კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹28-9(479)

რას ნიშნავს, როცა ბედი გამოწვევას გიგზავნის?! თუ ეს აქამდე ვერ გაიგეთ, მაშინ ვერც ვერასოდეს გაიგებთ. პრინციპში, თუ ცხოვრება სიურპრიზებს არ გიწყობთ და მშვიდად მიჰყვებით დინებას, ეს არც არის აუცილებელი, მაგრამ მზად მაინც ყველაფრისთვის უნდა იყოთ. ისე, ყოველი შემთხვევისთვის. რადგან წინასწარ არავინ იცის, რა ხუშტური წამოუვლის მის უდიდებულესობა ბედისწერას. ერთიც ვნახოთ და, ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაგიდოთ კვანტი?! მერე რას იზამთ? გულზე ხელებს დაიკრეფთ და დაელოდებით, როდის გადაგივლით?.. არსებას, რომელსაც „ბუნების გვირგვინობაზე“ აქვს პრეტენზია, ეს არ ეკადრება. ეს არსება ადამიანია, ყოვლისშემძლე და უსუსური – გააჩნია, რა არჩევანს გააკეთებს...

***

ლევანი ძლივს გამოერკვა ცოლის სიტყვებით მიღებული შოკისგან. პირველი, რაც გაიფიქრა, ის იყო, რომ ბედი კიდევ ახალ გამოცდას უწყობდა. მიუხედავად იმისა, რომ თინიკოს, ბოლო დროს, დაორსულების დაუოკებელი სურვილი გაუჩნდა, მაინც ვერ დაიჯერებდა, რომ ეს მოხდებოდა. მართალია, თიკაც ჯანმრთელი იყო და თვითონაც, მაგრამ აკვიატებული ეჭვი, რომ შვილი არასოდეს ეყოლებოდათ, სულ თან სდევდა. თითქოს შეეჩვია კიდეც ამ აზრს. არც ჩვილის ჭყიპინის პერსპექტივა ხიბლავდა. იცოდა, რომ ოჯახის ახალი წევრი საკუთარ კანონებს დაამკვიდრებდა და ცოლ-ქმრის ურთიერთობაშიც ბევრ რამეს შეცვლიდა. ამიტომ თიკას სიტყვები მისთვის მეხის გავარდნას უდრიდა. თვითონაც ვერ გაარკვია, რა გრძნობა დაეუფლა და იყო თუ არა მასში სიხარულის ერთი ციცქნა მარცვალი მაინც...

თინიკომ ქმარს საყვედურით შეხედა.

– იცი, რა სახე გაქვს? მგონი, საერთოდ არ გაგიხარდა.

ლევანი მაშინვე გამოერკვა.

– რას ამბობ, საიდან მოიტანე? – სცადა, რაც შეიძლება, დამაჯერებელი ყოფილიყო, – რა თქმა უნდა, გამიხარდა, ამას კითხვაც არ უნდა, მაგრამ, ცოტათი დავიბენი. აღარ მჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა.

– ჰო, საყვარელო. ლამის მეც აღარ მჯეროდა. მაგრამ... ახლა ყველაფერი შეიცვლება, – თიკამ შუბლი ქმარს მხარზე მიადო. ლევანს შეაჟრჟოლა. პირველად ახლა გააცნობიერა, რომ, შესაძლოა, ნატაც მისგან ყოფილიყო ორსულად.

– შეუძლებელია! არა, ეს უკვე მეტისმეტია! შეიძლება, გავგიჟდე! – წამოიძახა ხმამაღლა. თიკა დაიძაბა და ქმარს შეშფოთებით მიაშტერდა. ლევანი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და მაშინვე შეეცადა მის გამოსწორებას:

– ცუდი არაფერი იფიქრო, საყვარელო. ხომ გითხარი, ძალიან მოულოდნელი იყო-მეთქი. კაცებს ცოტა გვიჭირს ასეთ სიურპრიზებთან შეგუება. ცოტა დრო მჭირდება, რომ დავმშვიდდე.

– სიურპრიზებთან?! ლევან, მე შენი ცოლი ვარ და ლაპარაკია შენს შვილზე. რა სიურპრიზზე მელაპარაკები? ჩვენ ორივეს გვინდოდა, ბავშვი გვყოლოდა. ან, იქნებ, არ არის ასე?

ლევანი მიხვდა, რომ საუბარი საშიშ ხასიათს იღებდა. თიკას ვერ გაუბრაზდებოდა იმისთვის, რომ დაფეხმძიმდა. ბოლო დროს ქალი ხშირად ლაპარაკობდა ამაზე. ლევანი ნაკლებად აქცევდა ყურადღებას, მაგრამ ახლა მთავარი ეს არ იყო. ჯერ თიკა უნდა დაემშვიდებინა და დაერწმუნებინა იმაში, რომ მის ორსულობაზე მეტად ამ ქვეყანაზე არაფერი გაახარებდა. მაგრამ, თინიკო ნატუკა არ იყო ქალი საკუთარი გულისცემასავით გრძნობდა, რას განიცდიდა ქმარი.

– ლევან, რა ხდება? – შესძახა ცრემლნარევი, სასოწარკვეთილი ხმით.

– თინი, რა სახე გაქვს, რა უნდა ხდებოდეს? ეეე, აბა, ცრემლები რა საჭიროა? არაფრისგან ქმნი ტრაგედიას. გეფიცები, სულ ტყუილად ნერვიულობ. გეუბნები, ახლა შენთვის ზედმეტი ემოციები მავნებელია!

– დრო გჭირდება იმისთვის, რომ გააცნობიერო შენი შვილის არსებობა? ლევან, რას მელაპარაკები, რა გინდა, ამით თქვა, რომ ჩვენ ეს დაგეგმილი არ გვქონდა და ამის გამო შოკში ხარ?

– არა, არა... – ლევანმა შუბლზე შემოირტყა ხელი, – ეგ არაფერ შუაშია! როგორ დაგიმტკიცო, რომ მიხარია?! ძალიან მიხარია, შვილი რომ გვეყოლება, მაგრამ, ჩემიც გაიგე, ერთბაშად იმდენი პრობლემა დამატყდა თავს...

– ბავშვი პრობლემა არ არის, – თიკა ისევ სლუკუნებდა.

– ჰო, რა თქმა უნდა, ბავშვი როგორ შეიძლება, პრობლემა იყოს, მით უმეტეს, თუ მას ცოლი მიჩენს, მაგრამ... – ლევანმა ამოიოხრა. გაცილებით მარტივი იქნებოდა, თინიკოსთვის ეთქვა, ცოტა ხანს ყველამ თავი დამანებეთ და მომასვენეთო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ყველაზე კარგ სიზმარშიც ვერ ინატრებდა ამას. ისევ მოფერება და უკან დახევა ამჯობინა:

– თინი, გემუდარები, გთხოვ, ახლა დამშვიდდი და მერე აღვნიშნოთ ეგ ამბავი, კარგი?

თიკას ცოტათი გამოუკეთდა გუნება:

– არ მატყუებ?

– მე? როდისმე მომიტყუებიხარ? – ლევანმა ცოლს ხელი მოჰხვია და მკერდზე მიიკრა, – რესტორანში წავალთ, ვახოსაც დავურეკავთ, დათოსაც... თუ გინდა, შენი დაქალებიც დაპატიჟე.

თიკამ თავი გააქნია.

– არავინ მჭირდება შენ მეტი. ჯერ არც არავისთვის მითქვამს, ზუკამაც არ იცის.

– მაშინ, მე, შენ და ზუკა წავიდეთ რესტორანში. მხოლოდ ჩვენ სამნი და სხვა არავინ.

ლევანი ჩაფიქრდა.

– რა მოხდა კიდევ? – თინიკომ ქმარს მკლავში მოჰკიდა ხელი და შეანჯღრია.

– ახლა გაცილებით მეტი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი შემოსავლის გაზრდაზე ვიზრუნოთ.

– მერე?

– ნეტავი, როგორმე გავიგო, ვინ მოიპარა ის ნახატი...

– მოდი, მოეშვი ამაზე ფიქრსა და ნერვიულობას. საიმისო არაფერი გვიჭირს, რომ ერთი ბავშვი ვერ გავზარდოთ.

– ჩემს შვილს არაფერი არ უნდა მოაკლდეს.

– ჩვენს შვილს ისედაც არაფერი მოაკლდება. ის დაწყევლილი ნახატი აქამდე არ გვქონია, მაგრამ მშივრები არ ვყოფილვართ, – შეეკამათა ქალი, – დაივიწყე-მეთქი ეგ ამბავი!

– მაოცებ, თინი, გეფიცები! ძალიან მიკვირს შენი ასეთი პოზიცია. რატომ ამბობ უარს იმაზე, რაც ფაქტობრივად, შენი საკუთრება უნდა ყოფილიყო?

– მიზეზი მაქვს.

– ოღონდ, არ მითხრა, რომ მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიზეზია.

– შეიძლება, ასეც ყოფილიყო, მაგრამ, ამჯერად საქმე ეს არ არის. რაც ეგ ნახატი გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, ყველაფერი აირია, თავდაყირა დადგა და ამან ძალიან დამღალა. მანამდე ძალიან კარგად ვცხოვრობდით. მძულს მამაჩემი, რომელმაც ამ ნახატის შესახებ გითხრა და პრობლემები გამიჩინა. ხომ შეეძლო, ჩუმად ყოფილიყო?

– მე მესმის მამაშენის.

– სამაგიეროდ, მე არ მესმის. რა უნდოდა, რატომ აურ-დაურია ყველაფერი?

– მამაშენს არ უნდა, რომ შენ ამხელა ფული დაკარგო.

– აბა, ის ურჩევნია, ქმარი დავკარგო?

ლევანს გაეღიმა:

– რა სისულელეა, საყვარელო, მე რატომ დამკარგავ, რანაირად?

– რამდენი ხანია, ამ სახლში ორი უცხო ადამიანივით ვცხოვრობთ. შენ ხომ, საერთოდ, ისე იქცევი, როგორც მდგმური.

– თინიკო, ეს უკვე ორსულის ჭირვეულობაა, ამიტომ კამათს აღარ დაგიწყებ, შევეცდები, რომ დაგამშვიდო.

– საჭირო არ არის, როგორმე მე თვითონ დავმშვიდდები, წავალ, დავიძინებ, – თინიკო წამოდგა, – რაღაცაში მაინც ხარ მართალი: მე ახლა ბავშვზე უნდა ვიფიქრო და, რაც შეიძლება, ნაკლები ვინერვიულო. ამიტომ, დღეს სტუმრების ოთახში დაიძინებ.

ლევანს უნდოდა, ცოლისთვის რაღაც ეთქვა, მაგრამ თიკამ ხელისკვრით ჩამოიშორა გზიდან და ოთახიდან ისე გავიდა, უკან აღარ მიუხედავს.

***

... ჟანმა ცოლს ზამთრის ბაღში მიაგნო: ელენე მოწნულ სავარძელში იჯდა და თავისი, ძალიან ლამაზი თითებით შეუბრალებლად აცლიდა ვარდს ფურცლებს. არაფრისმთქმელი მზერა უსასრულობისთვის ჰქონდა მიშტერებული. კაცმა იფიქრა, ალბათ, ჩემი შემოსვლა ვერ გაიგოო და მხარზე ნაზად მოჰკიდა ხელი.

– შენ ხარ, ჟან, დაგინახე, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ქალმა. ჟანმა ახლა სახე ჩამალა ქალის თმაში და მისი სურნელი შეისუნთქა.

– ჟან, გეყოფა! საშინლად განვიცდი ამ ყველაფერს. ნიკუშა არ გინახავს?

– არა. მეგონა, შენთან იყო და საუბრობდით.

– ვისაუბრეთ უკვე და ახლა აღარ ვიცი, საერთოდ მოინდომებს თუ არა ჩემს ნახვას, – ელენემ თავი ასწია. დაფეთებული, სასოწარკვეთილი მზერა ჰქონდა. ჟანს შეეცოდა ცოლი.

– შენ დედამისი ხარ და ეს ყველაფერს ნიშნავს.

– არა, ყველაფერს არ ნიშნავს, ყოველ შემთხვევაში, ნიკუშასთვის. მთელი მისი საქციელი ამას მოწმობს. რამდენი ხანი არ მეკარებოდა სიახლოვეს...

– ეგ წარსულშია. ახლა ხომ აქ არის, შენ გვერდით?!

– ჰო, მაგრამ მე მას სიმართლე ვუთხარი, – ელენეს თვალები აუცრემლდა.

ჟანი მოიღუშა:

– და არ იცი, ამ სიმართლეს როგორ მიიღებს?..

– ჰო, არ ვიცი. იძულებული გამხადა, გესმის? სხვა გზა აღარ დამიტოვა. ძალიან არ მინდოდა, ვცდილობდი, როგორმე ამერიდებინა თავიდან, მაგრამ, არ მომეშვა. ახლა რა უნდა ვქნა?.. ჟან, რა უნდა ვქნა-მეთქი?

– დამშვიდდი, ცუდი არაფერი მოხდება.

– რომ წავიდეს?

– სად?

– უკან, თბილისში რომ დაბრუნდეს და ისევ გაქრეს ჩემი ცხოვრებიდან? ჟან, ამას ვეღარ გადავიტან, გავგიჟდები!

– ნუ გეშინია, ცუდი არაფერი მოხდება. აი, ნახავ. ნიკუშას, ალბათ, დრო სჭირდება, რომ ეს ყველაფერი გადახარშოს.

– გაუჭირდება. მე ვიცი, რომ გაუჭირდება. ნიკუშას შენზე უკეთესად ვიცნობ. სულ მე მგავს. წყენას ადვილად ვერ ივიწყებს. მეშინია, რომ შურისძიებას გადაწყვეტს. რამე რომ მოუვიდეს?! – ელენეს თვალები გაუფართოვდა და ქმარს ხელზე მოებღაუჭა. ჟანმა ფრთხილად მიიკრა მისი ხელი მკერდზე:

– დამიჯერე, ნიკუშას ცუდი არაფერი დაემართება და, ძალიან კარგი, თუ შენ გგავს, სულაც არ ხარ შურისმაძიებელი.

– შენ არ იცი, – თავი გადააქნია ქალმა, – მე ღმერთს ვანდე იმისი განსჯა, მაგრამ ნიკუშა ამით არ დაკმაყოფილდება, იმიტომ, რომ მამაკაცია.

– კარგი, წავალ, ნიკუშას მოვძებნი და დაველაპარაკები. ოღონდ, უნდა დამპირდე, რომ ცოტათი მაინც დამშვიდდები.

– ეს ადვილი არ იქნება.

– უნდა დამშვიდდე! – ხმა გაიმკაცრა ჟანმა, – მე გთხოვ. ყველაფერი კარგად იქნება.

ელენემ ნაძალადევად გაიღიმა.

– აი, ასე გაცილებით უკეთესია. მალე დავბრუნდები...

***

ბურთი ნელა, ძალიან ნელა გაგორდა, ისე ნელა, თითქოს ეზარებოდა მოძრაობა და ამ სიზანტის დასადასტურებლად თუ თავისი პროტესტის გამოსახატავად, მიგორავდა დუნედ, განსაკუთრებული სიდინჯით. ნიკუშამ მეორე ბურთიც ამოიღო ბადის პატარა კალათიდან და ხელის მსუბუქი გაქნევით, ისიც აიძულა, ემოძრავა. მეორე ბურთი პირველზე გაცილებით ზანტი აღმოჩნდა, ან, ისიც ნიკუშას უწევდა ჯიბრს... ნიკუშა ორივე ხელით დაეყრდნო ბილიარდის მწვანე მაუდგადაკრულ მაგიდას და ბურთებს ჩააშტერდა. მისი ცხოვრება რაღაცით ჰგავდა ამ ბილიარდის ბურთების მოძრაობას – ანუ, არავითარი ქმედება, უფრო სწორედ, არავითარი ლოგიკა მოქმედებისა. მხოლოდ ინერცია და პროტესტის გრძნობის არქონა. არც წინააღმდეგობის გაწევის სურვილი... იქნებ, ამ დღეს ელოდა, რომ ერთბაშად გადმოეფრქვია დაგროვილი ენერგია?! თუმცა, სად აქვთ ბილიარდის ბურთებს ენერგია? ისინი მარტო მაშინ იწყებენ მოძრაობას, როცა შეეხები... ნიკუშამ ბილიარდის ბურთი ხელში აიღო და სახესთან ახლოს მიიტანა. ის საოცრად პრიალა, გლუვი და ნატიფი იყო, მაგრამ ცივი...

– ცხოვრება კეთილი არ არის. ჩვენ უნდა შევეგუოთ ამას, მაგრამ, ზოგჯერ ისეთ სიურპრიზებს გვიგზავნის, რომლისთვისაც ღირს სიცოცხლე, – ჟანი ბილიარდის მაგიდასთან მივიდა და, რატომღაც, შავი ბურთი აიღო. ნიკუშა ისევ თავის ბურთს იყო ჩაშტერებული. – ჰო, ამ სიურპრიზებად ღირს ჩვენი ნაცრისფერი ყოველდღიურობა.

– ჟან, შენ ყველაფერი იცოდი...

– გააჩნია, ყველაფერში რას გულისხმობ.

– მაგალითად, ლევანის შესახებ. იცოდი, ვინც იყო?

– ვხვდებოდი, თუმცა, ამისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიმინიჭებია და შენც ამას გირჩევ.

ნიკუშამ თავი გააქნია:

– არა, შენთვის ამის გაგება ძნელია.

– რატომ? გგონია, მე არ ვიყავი ახალგაზრდა?

– ეგ არაფერ შუაშია, ახალგაზრდობასთან ამას კავშირი არ აქვს. თანაც, მე უკვე აღარ ვარ იმ ასაკში, როცა ემოციებით სჯიან, – ნიკუშამ ბურთი მაგიდაზე გააგორა, – ეს იმაზე უარესია, ვიდრე მე წარმოვიდგენდი. ვერ ვფიქრობ, რომ ლევანი...

– არა, არა, ლევანმა, შეიძლება, საერთოდ არაფერი იცის. ნუ ფიქრობ იმაზე, რომ ის კაცი თავის წარსულს საჯაროდ გამოფენდა ოჯახის წევრების წინაშე.

– არ უნდა ჩამოვსულიყავი, – ჩაილაპარაკა ნიკუშამ, – მერჩივნა, ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც აქამდე იყო. ნაკლებად დავიტანჯებოდი.

– ეს ახლა ამბობ ამას, მაგრამ, გაიხსენე, როგორი გააფთრებით იბრძოდი სიმართლის გასაგებად. მგონი, სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს ის, მაინც ჯობია გაურკვევლობას.

– არ ვიცი. ასეთ სიმართლეს ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი. ლევანი ყოველთვის ძმასავით მიყვარდა.

– ლევანი არაფერ შუაშია. შვილები მშობლების შეცდომებზე პასუხს არ აგებენ, მით უმეტეს სიმამრის საქციელისთვის. ნუ მოეკიდები მტრად მეგობარს, რომელმაც, შესაძლოა, საერთოდ არაფერი იცის ამის შესახებ.

ნიკუშამ ჟანს შეხედა. კაცმა გაიღიმა და მხარზე მეგობრულად მოხვია ხელი.

– ვისურვებდი, შენნაირი შვილი მყოლოდა. გინდა, ერთი პარტია ბილიარდი ვითამაშოთ? ცოტა ხნით მაინც ნუ იფიქრებ იმაზე, რაც ელენემ გითხრა. დამიჯერე, ემოცია ცუდი მრჩეველია. გადაწყვეტილება ცივი გონებით უნდა მიიღო.

ნიკუშამ თავი გააქნია:

– არ შემიძლია. კიდევ კარგა ხანს ვერ შევძლებ დამშვიდებას. ამდენი წელი მტერი ცხვირწინ მყავდა, მე კი უხილავ აჩრდილს ვეძებდი. ალბათ, როგორ იცინოდა ჩემზე. როცა ამაზე ვფიქრობ, სისხლი პირდაპირ ტვინში მასხამს და მზად ვარ, ახლავე გავიქცე აეროპორტში თბილისში გასამგზავრებლად.

– მე კი გირჩევ, დაიცადო, მით უმეტეს, თუ შურისძიებას აპირებ. მე ფრანგი ვარ. ამიტომ, მჯერა ერთი ძველი, მაგრამ ძალიან ჭკვიანური ნათქვამის: შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივი უნდა მიირთვა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ შურისძიებაზე ფიქრი მიმაჩნია ძალიან დიდ სისულელედ.

– შურისძიება არ შეიძლება სისულელე იყოს.

– რას ამბობ! ყველაზე დიდი სისულელეა ამ ქვეყნად არსებულ სისულელეებს შორის. ბოღმა კლავს კაცობრიობას და დედამიწაზე სიხარულის გამეფების საშუალებას არ აძლევს.

– ამას იმიტომ ლაპარაკობ, რომ ჯერ არავის დაუმცირებია შენი მამაკაცური ღირსება.

– არც შენი დაუმცირებია ვინმეს. წარსული იმიტომაც არის წარსული, რომ წარსულში დარჩეს.

– არა, მე ამ წარსულმა ცხოვრება დამინგრია, ასე მარტივად არ არის საქმე!

– შენ უფლება არ უნდა მისცე არავის და არაფერს, რომ ცხოვრება დაგენგრეს, მოვლენებზე მაღლა უნდა დადგე. მართალია, ეს ადვილი არ არის, მაგრამ, თუკი მოინდომებ, შესაძლებელია.

ნიკუშამ თავი გააქნია:

– მე ვიცი, რა შემიძლია და რა – არა. ღალატი არის ის, რასაც ჭკუიდან გადავყავარ.

– გასაგებია. ღალატი საშინელებაა, მაგრამ იმისთვის, რომ ახლობელ ადამიანს ასეთი მძიმე ბრალდება წაუყენო, არგუმენტები უნდა გქონდეს, თანაც – საფუძვლიანი.

ნიკუშამ შუბლი მოისრისა. ჟანის სიტყვებში იყო ლოგიკა, ამიტომაც დაფიქრდა. ჟანმაც ამით ისარგებლა:

– უპირველესად, დედაშენს დაელაპარაკე ძალიან ნერვიულობს. მკაცრადაც ნუ განსჯი. შეეცადე, საკუთარი თავი მის ადგილას დააყენო. არც ეს იქნება ადვილი, მაგრამ, არც ცხოვრებაა ადვილი, ხომ გესმის?

ნიკუშა დუმდა ბილიარდის მაგიდის ზედაპირს ჩაშტერებული. ჟანმა შეატყო, რომ ბიჭი საკუთარ თავს ებრძოდა. ემოციები სახეზე ისე ნათლად აჩნდა, რომ კაცს შეებრალა კიდეც.

– მომისმინე, მე ვიცი საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ შენ ცოტა ხნით ამ ყველაფერზე არ იფიქრო. ეს აუცილებელია. დამშვიდდები და, როცა იგრძნობ, რომ მზად ხარ, პრობლემის მოსაგვარებლად იმოქმედო, მეც შენ გვერდით მიგულე, ყველაფერში მხარს დაგიჭერ.

– ოღონდ, რესტორანი არ შემომთავაზოთ.

ჟანს გაეღიმა:

– ასეთი ღორმუცელა გგონივარ?

ნიკუშა გაწითლდა. მიხვდა, ცუდად რომ გამოუვიდა. ჟანს მაინც რას ერჩოდა, კაცი აშკარად კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ და ზრუნავდა კიდეც მასზე.

– რა ვიცი, თქვენ არ ამბობდით, გემრიელი კერძი გონებას მავნე ფიქრებისგან წმენდსო?

– ასეც არის, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს მეთოდი არ „იმუშავებს“. უკეთესი რაღაც მაქვს მოფიქრებული – ჩემი ცხენები უნდა გაჩვენო.

– ცხენები?

– ჰო. ამისთვის ქალაქგარეთ მოგვიწეს გასვლა. მაგრამ, დამიჯერე, ამად ღირს, რა თქმა უნდა, თუ ცხენები გიყვარს.

– მთელი ცხოვრება საკუთარ ცხენზე ვოცნებობდი, – ნიკუშას სევდიანად გაეღიმა, – ოღონდ ეს ადრე იყო, ძალიან ადრე. მამაჩემს არასდროს არაფერზე უარი არ უთქვამს, მაგრამ, რატომღაც, ცხენი არ მიყიდა.

– ალბათ, ეშინოდა, რომ ისევე დაავადდებოდი მისი სიყვარულით, როგორც ეს მე დამემართა. დედაშენსაც კი გადავდე ცხენების სიყვარული.

დედის გახსენებაზე ნიკუშას შუბლზე ორი გრძელი ღარი გაჩნდა. ჟანმა შენიშნა და ძალიან მშვიდი ხმით უთხრა:

– ელენეს შენ ძალიან უყვარხარ.

– ისიც წამოვა?

– არა. მარტო მე და შენ გავემგზავრებით ორი-სამი დღით. თუ არ მოგეწონება, უკან ხვალვე დავბრუნდებით. აბა, რას იტყვი?

– ვფიქრობ, უარის თქმის საფუძველი არ მაქვს, მაგრამ, ახლა უკვე ელენეზეც ჩავფიქრდი. როგორ უნდა იყოს აქ მარტო?

– მე დაველაპარაკები და გაგიგებს. აქ დამელოდები?

– აივანზე გავალ.

– მალე მოვალ. რაც დაგვჭირდება, ყველაფერს გზაში ვიყიდით.

***

რა სჭირდება მამაკაცს იმისთვის, რომ მისივე პატივმოყვარეობა კონფლიქტში არ მოვიდეს პიროვნულ ღირებულებებთან? ეს, ალბათ, ინდივიდუალურია, მაგრამ, ძირითადად, მაინც მატერიალური შესაძლებლობა განსაზღვრავს კაცის „მეს“. ამით მისი პასუხისმგებლობის კოეფიციენტიც შესაბამისად იცვლება. თუმცა, ისეთებიც გხვდებიან, რომელთა პასუხისმგებლობაც კარის ზღურბლს არ სცილდება, მაგრამ ასეთი მამაკაცები პოპულარობით ვერ სარგებლობენ, მით უმეტეს – ქალებში. ისე, ქალებისასაც ვერაფერს გაიგებ – ზოგიერთი ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ გვერდით შარვლიანი არსება ჰყავდეს, თუნდაც პირობითად...

***

დათომ ძლივს გაახილა თვალები და ცოლს გადახედა. ნათიას ეძინა. ზარი განმეორდა. დათომ რაღაც ჩაიბურტყუნა, საბანი ნელა გადაიძრო და ჩუმად ადგა. ხელში ნათიას ხალათი მოხვდა, ის ჩაიცვა და საათს შეხედა. ისრები შუაღამის 3 საათს უჩვენებდა.

– თუ ეს ვახოა, მოვკლავ, – ჩაიბურტყუნა გაბრაზებულმა და კარის გასაღებად გაემართა.

– ლევან? – მეგობრის დანახვამ ისე გააკვირვა, რომ დაბნეულს მისი ოთახში შეპატიჟებაც კი დაავიწყდა.

– შეიძლება, შემოვიდე?

– რა თქმა უნდა, რას მეკითხები! მაგრამ... – დათომ თვალები მოიფშვნიტა და ხალათზე დაიხედა, – ჩავიცვამ, კარგი? შენ ოთახში დამელოდე, ახლავე მოვალ.

ლევანმა ხელი ჩაიქნია და ოთახისკენ ნელი ნაბიჯით, თითქმის ფეხათრეული გაემართა. დათომ გაკვირვებულმა გახედა. ნათიამ გვერდი იცვალა, მაგრამ არ გაღვიძებია. დათომ სწრაფად ჩაიცვა ჯინსი და მაისური და ოთახის კარი ჩუმად გამოიხურა. ლევანი ხელებში თავჩარგული იჯდა, მეგობრის შემოსვლა თითქოს არც გაუგია.

– ლევან, მშვიდობაა? ისეთი სახე გაქვს... რამე ხომ არ მოხდა?

– ჰო. თინიკო ფეხმძიმედ არის.

დათოს სახე გაუნათდა და შვებით ამოისუნთქა:

– უჰ, მე კი რა არ ვიფიქრე – ღამის სამ საათზე კარგი საქმისთვის არ მოვიდოდა-მეთქი. მერე, არ გიხარია?

ლევანმა თავი გადააქნია. დათო შეცბა:

– მოიცა, თავს რატომ იქნევ, არ გაგიხარდა? ბიჭო, მოიცა, როდის გაიგე?

– ოთხი საათის წინ. შეიძლება, ხუთი საათის წინ – ამას რა მნიშვნელობა აქვს?

– მე რომ პირველად ნათიას ორსულობის ამბავი გავიგე, ისეთი შოკი მქონდა, კინაღამ სახლიდან გავიქეცი. მაგრად დავიბენი და შემეშინდა. არა უშავს, გაგივლის.

– დასალევი გაქვს რამე?

– ვისკი. ოღონდ, არ ვიცი ყინული თუ არის მაცივარში.

– არ მინდა ყინული, ჭიქები მოიტანე და ბოთლი, უნდა დავთვრე. ისე უნდა დავთვრე, რომ ვეღარაფერზე ვიფიქრო. დიდხანს ვიფიქრე, სად უნდა წავსულიყავი, ვის შეეძლო ჩემი ატანა ასეთ დროს, მაგრამ, შენზე უკეთესი კანდიდატურა ვერ მოვძებნე. მეჩვენება, რომ, ცხოვრება, სადაც არის, გამსრესს.

– არა, არა, რა სისულელეა! ამაზე ნუ ფიქრობ. ყველა მამაკაცი იბნევა, როცა ქალი ფაქტის წინაშე აყენებს, მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილას დგება. გეუბნები, არც მე ვყოფილვარ უკეთეს დღეში, მაგრამ, ახლა ისეთი ბედნიერი ვარ, ისეთი...

– შენი შემთხვევა სხვანაირია. ვეცდები, როგორმე აგიხსნა, მაგრამ, ჯერ წადი, ვისკი მოიტანე.

ლევანმა სამი ჭიქა ვისკი დალია და ერთი სიტყვაც არ უთქვამს. დათო მდუმარედ ადევნებდა თვალს. მეოთხე ჭიქაც რომ გამოსცალა და ხელი ისევ ბოთლისკენ წაიღო, დათომ დაასწრო და ცხვირწინ ააცალა:

– გეყოფა! ცოტა შეისვენე, თავს ნუ მოიკლავ, თინიკოზე იფიქრე.

– თინიკოზე რომ ვფიქრობ, იმიტომაც ვსვამ, – ჩაიღრინა ლევანმა, – შენ ვერ მიხვდები ამას. ამიტომ, ბოთლი მომეცი.

– ჯერ დამელაპარაკე, – გაჯიუტდა დათო, – მითხარი, რა მოხდა?

– ის მოხდა, რომ უკვე აღარ მეგონა, თიკა თუ როდისმე დაფეხმძიმდებოდა, გესმის? დარწმუნებული ვიყავი, რომ მის დაორსულებას ვერ შევძლებდი.

– მერე, ხომ შეძელი? მაგარია! უნდა გიხაროდეს, ტო, ძალიან უნდა გიხაროდეს! მოდი, შენი მომავალი შვილის სადღეგრძელო დავლიოთ, – დათომ ვისკი დაასხა, მაგრამ ერთბაშად რაღაც აზრმა გაუელვა:

– მოიცა, ხომ არ ფიქრობ, რომ თინიკომ შენ...

ლევანმა ხელი მაგიდის ზედაპირს დასცხო.

– ეგ არც იფიქრო! თინიკო მე არ მიღალატებს! არასოდეს! გამორიცხულია, იმიტომ რომ ვუყვარვარ. ყველაფერზე და ყველაზე მეტად, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძიმებს და ართულებს სიტუაციას.

დათომ ხელები გაშალა:

– ვერაფერი გავიგე. რა გინდა, ტო...

– ახლა არ უნდა დაფეხმძიმებულიყო. სწორედ ახლა არ უნდა დავეყენებინე ამ ფაქტის წინაშე.

– მოიცა, მოიცა, მაინც ვერ გავიგე. შენ თიკას იმაზე საყვედურობ, ახლა რომ დაორსულდა? რატომ? მე ვიცი, რომ შვილი ორივეს გინდოდათ?!

– საერთოდ, ალბათ, მინდოდა შვილი, მაგრამ თინიკოს ფეხმძიმობას თავისი „გვერდითი მოვლენები“ აქვს, თანაც, უარყოფითი „გვერდითი მოვლენები“.

დათომ დალია. ჭიქა დადგა და თავი გადააქნია:

– ვცდილობ, რაღაცას მივხვდე, მაგრამ ვერ ვახერხებ. რაღაცნაირად ლაპარაკობ.

– დათო, ნატუკაც ფეხმძიმედ არის...

– ვინ არის ნატუკა? – დათომ კეფა მოიქექა, – აა, მომაგონდა! ის გოგო, ნიკუშას რომ აჩეჩებდი. ვაა! ვისგან აიკიდა? ან, ეს ამბავი შენ რატომ გადარდებს?

– ერთი ჭიქაც დალიე და მიხვდები, – ლევანმა ბოთლი გამოსცალა და ჭიქები შეავსო.

– რა არის მისახვედრი! არ მითხრა, რომ ნიკუშამ ქნა ეს საქმე! ყოჩაღ, მაშ, ნიკუშა მამა გახდება?! აუ, ია რას გაგიჟდება?!

– იას გაგიჟებას დავეძებ? შეიძლება, იმაზე ადრე მე გავგიჟდე. არადა, ჩემი ბრალია ყველაფერი. მე ავიკიდე შარი. რაში მჭირდებოდა ეგ გოგო?

დათოს ჭიქისკენ წაღებული ხელი გაუშეშდა:

– ნატუკაც შენგან არის ფეხმძიმედ? გაგიჟდი, ტო?!

– არ ვიცი, გესმის? არ ვიცი! დარწმუნებული ვიყავი, რომ ალბათობა გამორიცხული იყო, მაგრამ ახლა სერიოზული საფუძველი მაქვს, რომ ეჭვი გამიჩნდეს.

– ეე, შენ, მგონი, მართლა გჭირდება დალევა, – დათომ ბარიდან მეორე ბოთლიც გამოიღო, – რას აპირებ?

– რას უნდა ვაპირებდე? ჯერ თინიკოს უნდა მივხედო, რომ დამშვიდდეს.

– იცის? ნატუკას ამბავს ვგულისხმობ, – თვალები გაუფართოვდა დათოს.

– არა, რას ამბობ? თინიკოს რატომ ვეტყოდი. იქ სხვა პრობლემაა. როცა მითხრა თავისი ორსულობის ამბავი, ისეთი რეაქცია მქონდა, რომ სახლიდან გამომაგდო.

– რაა? წასასვლელი არ გაქვს?

– წასასვლელი როგორ არ მაქვს, მივალ სახლში, მაგრამ, ძალიან არის გაბრაზებული.

– მესმის მისი. ქალებს ამ დროს სჭირდებათ ქმრების თანადგომა. მე რომ პირი დავაღე, ნათიამ ლამის ჩანთა ჩამარტყა თავში.

ლევანმა გაიცინა.

– რა გაცინებს? – გაუკვირდა დათოს, – შენ ადგილას მე ნამდვილად არ გამეცინებოდა.

– ვიცი, რომ სასაცილოდ არ მაქვს საქმე, მაგრამ ეს ვერაფერს მშველის. შენ ის მაინც იცი, რომ შვილს საყვარელი ქალი გაგიჩენს, მე ამაშიც არ ვარ დარწმუნებული.

– ნატუკაზე თუ ამბობ მაგას, იქნებ, სულაც არ არის შენი შვილი?

– თიკას შემთხვევაშიც არ მაქვს მდგომარეობა უკეთესად. მაგრამ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მიუხედავად ყველაფრისა, შვილი მაინც მეყვარება – ეს ზუსტად ვიცი.

– ძალიან გეყვარება, აი, ნახავ. ჯერ არ დაბადებულა და უკვე ჭკუას ვკარგავ მასზე. თანამშრომლებმა მითხრეს, შენ ნახე, „მამას“ როცა დაგიძახებს, სულ გადაირევიო.

– ნეტავი შენ, ბედნიერი კაცი ხარ, ჩვენ შორის ყველაზე ბედნიერი. ვახოსაც არ აეწყო ცხოვრება, ნიკუშაზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც არ ღირს... მე რა დღეშიც ვარ, ხედავ... მოკლედ, შენ გაგიმართლა ყველაზე მეტად და დააფასე. ნათიას გაუფრთხილდი.

დათომ არ უპასუხა, უსიტყვოდ შეავსო ორივე ჭიქა და ამოიოხრა.

– რატომ ოხრავ, არა ხარ ბედნიერი?

– ალბათ, ვარ, არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრა, ამაზე არ მიფიქრია.

– ამაღამ რომ აქ დავრჩე, შეიძლება? ჩვენებთანაც კი შემეძლო მისვლა, მაგრამ, ხომ წარმოგიდგენია, დედაჩემი რა დღეში ჩაიგდებს თავს. გადაირევა და მეც ვერაფერს ავუხსნი. ზედმეტი პრობლემები არ მჭირდება. მაშინვე თინიკოს დაურეკავს, გულიც ცუდად გაუხდება და, ერთი სიტყვით, ხვდები, ალბათ... ვერც სასტუმროში გავათევ ღამეს – ვინმემ რომ დამინახოს, მაშინვე ჟურნალისტებს დამაყენებენ თავზე...

– მესმის. რა თქმა უნდა, შეგიძლია, დარჩე. მაგრამ, მე სახლში დაბრუნებას გირჩევ, – თინიკოს სჭირდები და ახლა მასზე უნდა იფიქრო.

– გამომაგდო-მეთქი, ხომ გითხარი.

– მითხარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ სძინავს და გელოდება. წადი მასთან. ნატუკას კი, თუ გინდა, მე დაველაპარაკები.

– საჭირო არ არის, უკვე ველაპარაკე.

– მერე?

– ეს მანამდე იყო, სანამ თინიკოს ფეხმძიმობის ამბავს გავიგებდი. ვუთხარი, რომ ნიკუშას უნდა მიაკითხოს.

– დაარწმუნე? ქალებს ეგეთი რამეები არ ეშლებათ, – ეჭვით ჩაილაპარაკა დათომ.

– იმის თქმა გინდა, რომ ნატუკამ იცის, ვინ არის მისი შვილის მამა?

– წესით, უნდა იცოდეს, თუ მთლად შტერი არ არის.

– რატომ გამორიცხავ, რომ ნიკუშასგან იყოს ფეხმძიმედ?

– არაფერსაც არ გამოვრიცხავ, მხოლოდ ალბათობას ვუშვებ.

– ნატამ ნიკუშას უკვე გააგებინა ახალი ამბავი. მე თვითონაც დავურეკე და ვუთხარი.

– ჰოო?! პრობლემა მოგიგვარებია. რატომღა ნერვიულობ?

– სინდისი მქენჯნის. ნიკუშა ჩემი ძმაკაცია. ცუდად ხომ არ ვიქცევი?! ნატა მე გავაცანი. ჯერ ამაზეც მომიწევს პასუხისმგებლობის აღება.

– სისულელეა. ვიღაცისგან ხომ უნდა გაეცნო? შენ არ იქნებოდი – სხვა იქნებოდა.

– ბავშვი რომ მართლა ჩემი იყოს? – ლევანმა ამღვრეული მზერა მიაპყრო მეგობარს.

– ამას ჯერ ვერ გაიგებ. მერე კი „დეენემის“ ანალიზი დაგჭირდება.

– არა. არ მინდა! სკანდალი არ მაწყობს. მირჩევნია, ყველაფერი ასე დავტოვო. უბრალოდ, ვიღაცისთვის უნდა მომეყოლა, თორემ, გავგიჟდებოდი. ვიცი, რომ, შეიძლება, შენი იმედი მქონდეს.

დათომ თავი დაუქნია:

– ეჭვი საშინელებაა. შეძლებ, ეჭვით ცხოვრებას? კარგად დაფიქრდი. ნიკუშა თუ ბავშვზე უარს არ იტყვის და მიიღებს, მაშინ როგორ მოიქცევი?

– მაშინ, დავივიწყებ, რომ ნატუკას როდისმე ვიცნობდი, – ლევანმა ქურთუკი აიღო, – მართალი ხარ, თინიკოს ახლა ყველაზე მატად ვჭირდები და მასთან უნდა ვიყო.

***

ელენემ შიშით გაიწოდა ყურმილისკენ ხელი...

– ელენე ვარ. ვიცი, გიცანი. ვგრძნობდი, რომ დარეკავდი. რა გინდა, ახლა რას მოითხოვ ჩემგან? ნახატი გაქრა. იმედია, მე არ მადანაშაულებ ამაში. ჩემი ბრალი არ არის, რომ მოიპარეს. რატომ არ გჯერა... რატომ გგონია, რომ გატყუებ?.. ჩემს ქმარს საკმარისზე მეტი ფული აქვს, რომ ასეთი ცდუნების წინაშე არ დამდგარიყო. ყველას საკუთარი გადმოსახედიდან ნუ განსჯი. ისე, კარგია, რომ დარეკე. მინდოდა შენთან ლაპარაკი. პრობლემა მაქვს... სერიოზული პრობლემა... დღეს ჩემს შვილს ყველაფერი ვუთხარი... რატომ გაჩუმდი? ნიკუშას ყველაფერი ვუთხარი-მეთქი... ახლა უკვე იცის, ვინ ხარ. არ გეშინია? მე შენს ადგილას ასეთი დამშვიდებული ვერ ვიქნებოდი... მისგან ყველაფერს უნდა მოელოდე. გადაირია. მამამისი ძალიან უყვარდა, ამიტომ მის საქციელზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები... რატომ არის ჩემი პრობლემა და არ არის შენი?.. მე ვნერვიულობ... მართალია, შენგან შორს არის, მაგრამ, თუ ჟანმა მისი გადარწმუნება ვერ მოახერხა, თბილისი საკმაოდ ახლოსაა აქედან... მე კიდევ გეტყვი იმას, რაც გითხარი: შენი შვილი არ არის, მაგრამ, ეს კიდევ უფრო ამძიმებს შენს მდგომარეობას და ვშიშობ, რომ ლევანსაც შეექმნება პრობლემები... მე მასზე ვდარდობ, თორემ, შენ... შენ ყველაფრის ღირსი ხარ...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3