როგორ გაიტაცა ძმისშვილმა გამზრდელი ბიძა
ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცება აღარავის უკვირს, მაგრამ დავით სამყურაშვილმა ორი მეგობრის დახმარებით გამზრდელი ბიძის, რამინ სამყურაშვილის გატაცება დაგეგმა. გატაცების გეგმა იდეალურად იყო გათვლილი, მაგრამ პოლიციამ გამტაცებლების კვალს მაინც მიაგნო. ბიძის გატაცებისთვის სამყურაშვილს სასამართლომ 14, მის ორ თანამზრახველს კი 13-13 წელი მიუსაჯა, მაგრამ ორგანიზატორისგან განსხვავებით, თანამზრახველებს სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდათ. რაც შეეხება გატაცებულს, მართალია, პოლიციამ მისი გამოხსნა შეძლო, მაგრამ ნერვული სტრესის გამო, რამინ სამყურაშვილი ძალიან მალე ინსულტით გარდაიცვალა.
რატომ გაიმეტა ძმისშვილმა ბიძა
აწ გარდაცვლილი რამინ სამყურაშვილი და მისი ძმა ადრე დაობლდნენ. ისინი გასათხოვარმა დეიდამ, ეთერ შელიამ გაზარდა. ძმებიდან პირველი განსასჯელ დავით სამყურაშვილის მამა დაქორწინდა, მაგრამ ბავშვი 2 წლის იყო, როცა რამინს ძმა და რძალი ავარიაში გარდაეცვალა. ამიტომ, მას ცოლის მოყვანაზე აღარც უფიქრია, გამზრდელ დეიდასთან – ეთერ შელიასთან ერთად მხოლოდ დავითის აღზრდასა და განათლებაზე ზრუნავდა.
როგორც ირკვევა, დათოს ბავშვობიდან რთული ხასიათი ჰქონდა. ამიტომაც, მეუღლეს თავიდანვე ვერ შეეწყო, ცოლი ფეხმძიმედ ჰყავდა, როცა დაცილდა, მაგრამ ოჯახში მორიგი ტრაგედია დატრიალდა – დათოს ცოლყოფილი მშობიარობას გადაჰყვა და ბავშვზე მეურვეობა ისევ სამყურაშვილების ოჯახს მოუწია.
რამინ სამყურაშვილს საკუთარი ბიზნესი ჰქონდა. საზოგადოებასა და კოლეგებში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ მიუხედავად მისი კეთილშობილებისა, ძმისშვილთან გაუთავებელი კონფლიქტი ჰქონდა. როგორც დათო ჩვენებაში აცხადებს, ბიძამისს ბევრი ფული ჰქონდა, მაგრამ მისთვის არაფერი ემეტებოდა – სცემდა, ამცირებდა, მის პირად ცხოვრებაში უხეშად ერეოდა, პატარა ბიჭივით ასაქმებდა და კაპიკებს აძლევდა. თუმცა, სხვას ამბობს ეთერ შელია. სასამართლოზე ირწმუნებოდა, რომ რამინი მართალი იყო ასე რომ იქცეოდა. მისი თქმით, დათოს მუშაობა იმისთვისაც კი არ უნდოდა, რომ საკუთარი შვილისთვის მიეხედა და ბიძისგან მხოლოდ ფულს ითხოვდა.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ბიძის გატაცებამდე ცოტა ხნით ადრე დავით სამყურაშვილმა ქალიშვილთან ერთად ბინა დატოვა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა (ერთ-ერთი ვერსიით საყვარელთან). სახლიდან წასვლის მიზეზად იმას ასახელებდა, თითქოს შინ მისულს ქალიშვილი ატირებული დახვდა. ოჯახის წევრებმა უმიზეზოდ დასაჯეს. თუმცა, სწორედ მისი წასვლის შემდეგ დაიწყო რამინ სამყურაშვილის წამება. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც რამინი ახლობლის შვილის ქორწილში მიდიოდა, მანქანის კარი გამოაღო თუ არა, რაღაც აფეთქდა. ვიღაცამ ასაფეთქებელი ჩაუდო, მაგრამ გადარჩა, მხოლოდ ხელები დაუზიანდა.
საქმის მასალების მიხედვით, ამ ამბის გამო, რამინმა ავტომანქანა „ვოლვოს“ გაყიდვა და სხვა მანქანის ყიდვა გადაწყვიტა. 17 მარტს მეგობართან ერთად მანქანა ბაზრობაზე გაიყვანა. 10-15 წუთში, დაბარებულებივით, მასთან მყიდველები მივიდნენ. უფრო ზუსტად, სამმა უცნობმა გამოუცხადა, რომ მანქანის გაყიდვის თაობაზე იცოდნენ. თქვეს, რომ „ვოლვოს“ ყიდვა უნდოდათ და მანქანა შესამოწმებლად ავტოგასამართ სადგურში წაიყვანეს. რამინ სამყურაშვილი და მისი მეგობარი ცოტა დაეჭვდნენ, რადგან „მყიდველები“ მანქანას ზედაც არ უყურებდნენ, ხელოსანს მანქანა წესიერად არც კი შეამოწმებინეს. ერთი კვირის შემდეგ კი რამინს სახლში მიაკითხეს და „ბედ“ 200 ლარი დაუტოვეს.
26 მარტს რამინ სამყურაშვილი სახლიდან დილის 10 საათზე გავიდა. დეიდას დაუბარა, რომ მანქანის კლიენტებს უნდა შეხვედროდა და მალე დაბრუნდებოდა, მაგრამ სამყურაშვილი დაიკარგა. ეთერ შელია ადგილს ვერ პოულობდა, აღარ იცოდა რა ეფიქრა. გვიან ღამით უცნობმა დაურეკა, და განუცხადა, რომ რამინი გაიტაცეს და გამოსასყიდად 200 ათას დოლარი უნდა გადაეხადა. თან, გააფრთხილეს – ჭკუით იყავი, პოლიციაში დარეკვა არ გაბედოო.
როგორც შელია ყვება, შოკში ჩავარდა და გონზე ისევ ტელეფონის ზარმა მოიყვანა. მათ მოსაკითხავად, სახლიდან წასული დავითი რეკავდა. შელიამ მომხდარის შესახებ უამბო და სთხოვა, სახლში ბავშვი მაინც მიეყვანა, რადგან ძალიან ცუდად იყო. დავითი დაჰპირდა, რომ ასე მოიქცეოდა და საუბარი დაასრულეს, ტელეფონმა კვლავ დარეკა. ისევ გამტაცებლები აღმოჩნდნენ და ქალს დავალება მისცეს – ეზოში, ავტოფარეხის კარის ქვეშ გასაღები დევს, ავტოფარეხი გააღე, ფული იქაა და გამოიტანეო. აკანკალებულ ქალს კართან გასაღები მართლაც დახვდა, მაგრამ საუბედუროდ, გასაღები საკეტში ჩაუტყდა და კარი ვერ გააღო. ამიტომ, მეზობელს დაუძახა, რომ როგორმე კარის გაღებაში დახმარებოდა.
ქალმა მეზობელს მადლობა გადაუხადა, თვითონ ავტოფარეხში შევიდა და 2-საათიანი ძებნის შემდეგ 70 ათას დოლარს მართლა მიაგნო. ის იყო ქალი სახლში ავიდა, გამტაცებლებმა კვლავ დარეკეს. ქალმა უთხრა, რომ მან მხოლოდ 70 ათასი იპოვა, მაგრამ ამაზე მათ არაფერი უთქვამთ და ახალი დავალება მისცეს – ეგ ფული რამინის ძმისშვილმა დავითმა მოგვიტანოსო. ასეც მოხდა, ეთერმა დავითს დაურეკა და დიდი მუდარით სთხოვა ფული დათქმულ ადგილას წაეღო. ძმისშვილი უარზე დადგა, სჯობს პოლიციას შევატყობინოთ, ფულის წაღება არ ღირსო. ეთერ შელიას თქმით, დათომ ისე დაარწმუნა, მართლა გადაწყვიტა, პოლიციისთვის დაერეკა, მაგრამ დათო რომ მიხვდა, ეთერი მართლა აპირებდა დარეკვას, გადააფიქრებინა – მართალი ხარ, ჯობია, ფული გადავცეთო და გამტაცებლებთან წასვლას დათანხმდა. როგორც თავად ამბობს, გამტაცებლებს თანხა მან მუხიანის ერთ-ერთ კორპუსთან გადასცა.
საბოლოოდ, პოლიციის ჩარევა მართლა საჭირო გახდა, რადგან გამტაცებლებმა პირობა დაარღვიეს. ეთერს გატაცებული არ დაალაპარაკეს და დამატებით კიდევ 50 ათასი დოლარი მოსთხოვეს. შელიამ დავით სამყურაშვილისგან მალულად პოლიციას მიაკითხა და მომხდარის შესახებ დეტალურად განაცხადა, გარდა ერთისა – პოლიციას არ უთხრა, რომ გამტაცებლებს ფული გადაუხადა და ეს ფული გატაცებულის ძმისშვილმა წაიღო. როდესაც პოლიციამ ჰკითხა, გამტაცებლები გამოსასყიდს თუ ითხოვდნენო, ეთერმა დაუდასტურა და აქედან დაიწყო გამოძიება. პოლიციამ ყველას, მათ შორის, დავით სამყურაშვილის ტელეფონიც კონტროლზე აიყვანა...
რა მოხდა რეალურად
გატაცებული რამინ სამყურაშვილი პოლიციამ სამ კვირაში გაათავისუფლა. ის ერთ-ერთ მიტოვებულ სახერხში ჰყავდათ დამწყვდეული. 59 წლის კაცი ისე იყო შეშინებული და დაბერებული, დეიდამ ძლივს იცნო – 100 წლის მოხუცს უფრო ჰგავდაო. მოკლედ, საქმე გაიხსნა, მაგრამ ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა – გათავისუფლებიდან 2 კვირაში რამინ სამყურაშვილი ინსულტით გარდაიცვალა...
გამოძიების მასალებით, გატაცების ორგანიზატორები დავით სამყურაშვილი და მისი 2 მეგობარი აღმოჩნდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბიძის გატაცებაში მან შემსრულებლებს 20 ათასი დოლარი შესთავაზა. ისინიც უყოყმანოდ დათანხმდნენ, რომ ამ ფასად შეკვეთას პირნათლად შეასრულებდნენ. ამიტომაც მოხდა, რომ დავითი ჯერ საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, შემდეგ კი მეგობრებს ავტომანქანის ყიდვის სცენა გაათამაშებინა.
საქმის მასალების თანახმად, 26 მარტს რამინ სამყურაშვილი გამტაცებლებმა კუკიაზე, ტყეში მიიყვანეს და მაშინვე მის ძმისშვილს დაურეკეს. ძმისშვილიც ფულის შოვნას შეუდგა, რადგან კარგად იცოდა, ბიძამისი სად რას ინახავდა. როგორც ცნობილია, ავტოფარეხში ნაპოვნი 70 ათასიდან გამტაცებლებს 20 ათასი გადასცა, 50 თვითონ დაიტოვა, მაგრამ მისგან მოულოდნელად, გამტაცებლებმა „სტავკას“ აუწიეს – თუ გინდა, რომ ბიძაშენი არ მოვკლათ 50 ათასი უნდა მოგვცეო. მოკლედ, დათოს მეტის გადახდა არ უნდოდა და ამის გამო თანამზრახველებს შორის დავა მიდიოდა. დავით სამყურაშვილს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ საქმეში პოლიციაც იყო ჩართული და სწორედ სატელეფონო ზარებით სამართალდამცველებმა მათ კვალს მიაგნეს...
სასამართლოზე დავით სამყურაშვილმა თავი დამნაშავედ მხოლოდ იარაღის ტარებაში სცნო. ირწმუნებოდა, რომ ის არაფერში არ იყო გარეული. მისი ვერსიით, მეგობრებთან ერთად ხშირად საუბრობდა ბიძაზე, მის ფულებსა და სიძუნწეზე. ხშირად ვაგინებდი და ამიტომაც მოაწყვეს მისი გატაცებაო.
მისივე თქმით, გამტაცებლებმა დააშანტაჟეს –რასაც ბიძაზე ლაპარაკობდა კასეტაზე ჰქონდათ ჩაწერილი და აპირებდნენ, ბიძამისისთვის მოესმენინებინათ, რაც მას არ მოეწონებოდა. სანაცვლოდ, მათ 20 ათასი დოლარი მოსთხოვეს. სამყურაშვილი აცხადებდა, რომ ამის გამო პოლიციაში წასვლაც კი გადაწყვიტა. მაგრამ, დაურეკეს და უთხრეს, რომ ბიძამისი უკვე გატაცებული ჰყავდათ. ამიტომ, ისიც კუკიაზე ავიდა, თუმცა უკან გამობრუნდა, ბიძის ნახვა ვერ გავბედეო. მოკლედ, ძმისშვილი თავს იმართლებდა, რომ დანაშაული იძულებით ჩაადენინეს, რადგან სხვა გამოსავალი არ დაუტოვეს: „დაუსრულებლად მირეკავდნენ და დამატებით გამოსასყიდს მთხოვდნენ, ხოლო თუ პოლიციაში განცხადებას შევიტანდი, შვილის მოკვლით მემუქრებოდნენ. ეთერ შელიასაც ვთხოვდი პოლიციაში წასვლას, მაგრამ უარს მეუბნებოდა – თუ გაიგებენ, რომ ფული მივეცით, ჩვენც დაგვიჭერენო“, – ირწმუნებოდა გატაცების ორგანიზატორი.
ერთი სიტყვით, სამყურაშვილი, რომელიც ექვსთვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს, თავის გასამართლებლად ათას ტყუილს იგონებდა, მაგრამ არ გაჭრა. ის კი არა, აღმოჩნდა, რომ მანქანის ყიდვა-გაყიდვის ამბავიც მისი დაგეგმილი იყო. აღარაფერია სათქმელი ავტოფარეხის გასაღებზე. როგორც ირკვევა, გატაცებულ რამინ სამყურაშვილს გასაღები ჯიბეში ედო. ამიტომ, გამტაცებლებს მან ბიძამისის ჯიბიდან გასაღები ამოაღებინა, რომ ავტოფარეხის კარი გაეღო. სწორედ გასაღების გამოსართმევად ავიდა გატაცების შემდეგ დავით სამყურაშვილი კუკიაზე და არა ბიძის გამოსახსნელად.
სხვათა შორის, ბევრ დეტალს ნათელი სწორედ ორმა ძებნილმა მოჰფინა. მართალია, სასამართლოს არ ესწრებოდნენ, მაგრამ მათ პროცესზე ინტერესების დამცველი ადვოკატი ჰყავდათ. სწორედ მათ მიანიშნეს ბევრ ისეთ უტყუარ ნივთმტკიცებაზე, რაც სასამართლომდე ცნობილი არ იყო. თუმცა, მათაც არაფერი გამოუვიდათ – სასამართლომ დაუსწრებლად 13-13 წელი მიუსაჯა.
რაც შეეხება სამყურაშვილს, 14 წელი მიესაჯა. მისი ვერსია, თითქოს გამტაცებლები ჩანაწერით აშანტაჟებდნენ, სარწმუნო არ აღმოჩნდა. სასამართლოსთვის ასევე დაუჯერებელი იყო, რომ, ეთერ შელია, რომელმაც, ფაქტობრივად, დედის მაგივრობა გაუწია დავითს და ოჯახიც კი არ შექმნა, საკუთარ გაზრდილს ასეთ მძიმე დანაშაულში ტყუილად ამხელდა...