როგორ იყენებდა „კაგებე“ ჰომოსექსუალებს სპეციალური დავალებების შესასრულებლად
გთავაზობთ ფრაგმენტს წიგნიდან, „მესამე განზომილება“. ამ წიგნის ავტორი „კაგებეს“ ყოფილი პოდპოლკოვნიკი, ალექსეი იურინი, 1979 წელს კანადაში გაიქცა.
„კაგებეს“ „წმინდანი“
„კაგებეს“ მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება იყო, ეგრეთ წოდებული, ჰომოსექსუალური სეგმენტი. პრინციპი მარტივი იყო. საბჭოთა უშიშროება პედერასტებს, კარიერის გაკეთებაში ეხმარებოდა. შემდეგ კი, მათ სხვადასხვა დავალებების შესასრულებლად იყენებდა. ეს კი ასე ხდებოდა: „კაგებეს“ თანამშრომელი ვინმე „იქს“ პიროვნებასთან – ჰომოსექსუალთან მიდიოდა და თანამშრომლობას სთავაზობდა. თან, აგებინებდა, რომ უშიშროებას მასზე კომპრომატი გააჩნდა. ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი თანახმა იყო. ურჩებს კი ხმებს უყრიდნენ, მაკომპრომეტირებელ ფოტო და კინო, მოგვიანებით კი ვიდეომასალას ოჯახში, შეუგზავნიდნენ, სამეზობლოსა და სანათესაო-სამეგობროში უვრცელებდნენ, რაც ყველა შემთხვევაში, ურჩის თვითმკვლელობით მთავრდებოდა... „კაგებეს“ უამრავი ასეთი აგენტი და პოტენციური აგენტი ჰყავდა, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით იყენებდა. ერთ-ერთი ასეთი აგენტი იყო ვინმე ზახარ სეროვი. სასულიერო პირი, რომელიც საკმაოდ კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა რელიგიურ წრეებში და საგარეო საქმეების განყოფილებაში მაღალი პოსტი ეკავა. „კაგებეს“ სეროვის გარყვნილების ამსახველი უამრავი კინოკადრი ჰქონდა გადაღებული და შენახული. ამიტომ, სეროვი საკმაოდ მაგრად ჰყავდათ ყურებით დაჭერილი და რაც უნდოდათ, იმას აკეთებინებდნენ. სამაგიეროდ, თითქმის არაფერში ზღუდავდნენ, მის გარყვნილობაზე თვალს ხუჭავდნენ და კარგ გასამრჯელოსაც უხდიდნენ. სეროვი კი, რომელსაც სათნოების ნიღაბი ჰქონდა მორგებული, ანაფორას ამოფარებული, საზიზღრობებს სჩადიოდა. საბჭოთა უშიშროებას სხვადასხვა ინფორმაციებს აწვდიდა პატიოსანი რელიგიური მსახურების შესახებ და თვე არ გავიდოდა, რომ უცხოეთში არ გამგზავრებულიყო.
იმ პერიოდში მე ახალ განყოფილებაში გადამიყვანეს, რომელიც რელიგიას კურირებდა და სწორედ ამის გამო ჩავდექი სეროვის „გმირობების“ საქმის კურსში. პოდპოლკოვნიკმა ვილენ ზახაროვმა კი პირდაპირ მითხრა:
– ეს სეროვი დიდი ნაძირალაა, მაგრამ გვჭირდება. ძალიან ძვირფასი აგენტია და ნებისმიერ რამეზე მოაწერს ხელს.
სეროვი „კაგებეს“ კარტოთეკაში „წმინდანის“ მეტსახელით ირიცხებოდა და რაოდენ სამწუხაროც არ იყო ჩემთვის, მასთან კავშირი მე დამავალეს.
ჩემს მოვალეობაში შედიოდა სეროვისთვის დავალებების მიცემა, მათი კონტროლი და მხარდაჭერა, უკიდურეს შემთხვევაში კი მისი გამოხსნაც კი, თუკი ასეთი რამ მას დასჭირდებოდა...
„რომაული არდადეგები“
1971 წლის მაისში გენერალ-მაიორმა ივანე ლოვჩევმა, რომელიც სპეცოპერაციების განყოფილების უფროსი იყო, თავის კაბინეტში დამიბარა და მითხრა:
– რას იტყვი, ალექსეი, რომ გაურკვეველი ვადით იტალიის დედაქალაქში მიგავლინო, რომაული არდადეგების გასატარებლადო.
ვიცოდი, რომ რომში ტყუილად არავის აგზავნიდნენ ჩემი უწყებიდან. ამიტომ, გენერალს გავუღიმე და ვუთხარი:
– კარგია, ივან საველიჩ, რომი ჩემი ოცნების ქალაქია და მზად ვარ, თუნდაც დღესვე გავემგზავრო.
– მოკლედ ასე, კაპიტანო, – სერიოზულად მითხრა ლოვჩევმა, – ვატიკანში ვინმე კარდინალ ანტონიო სიენას სეიფში შავი საქაღალდე დევს საიდუმლო საბუთებით, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს. ამიტომ, მე შენ ერთ კაცს მოგცემ, რომელიც სეიფებს უნაკლოდ ხსნის და მისთვის შეუვალი ბოქლომი არ არსებობს. შენ და შენმა „წმინდანმა“ კი მოიფიქრეთ, თუ როგორ შეიყვანოთ ის ვატიკანში, რომ მან კარდინალის სეიფიდან შავი საქაღალდე მოიპაროს...
გენერალმა ისიც მაუწყა, რომ სეროვს ვატიკანში ნაცნობი და სექსუალური პარტნიორი, ვინმე პადრე ვინჩენცო ჰყავს. თურმე, ეს პადრე ვინჩენცო სეროვს მოსკოვში მისი ყოფნის დროს ჩაუგორებია ლოგინში, რაც „კაგებეს“ კინოფირზე ჰქონდა დაფიქსირებული და რომლის ასლიც ჩვენ რომში წავიღეთ მის დასაშანტაჟებლად.
იტალიის დედაქალაქში სეროვი რელიგიური კულტის მსახურის სტატუსით გაემგზავრა, ხოლო მე და იური პოპოვი, რომელსაც სეიფი უნდა გაეხსნა – ტურისტების სტატუსით. გეგმის მიხედვით, პადრე ვინჩენცო სასტუმროში უნდა მოგვეწვია და მაკომპრომეტირებელი ფირის ჩვენების მერე, საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობაზე უნდა დაგვეყოლიებინა. უარის შემთხვევაში კი, მისი ლიკვიდაცია მოგვეხდინა. თუმცა, არც უკიდურესი ზომა დაგვჭირდა და არც შანტაჟი. პადრე ვინჩენცო სეროვთან გატარებული მხურვალე ღამის მერე, დაგვთანხმდა. სამი დღის მერე კი მე და იური პოპოვი არა მარტო მორჩილი ბერების სამოსში გამოწყობილები შეგვიყვანა სუპერდაცული ვატიკანის ტერიტორიაზე, არამედ, კარდინალის კაბინეტშიც მოგვახვედრა და პოპოვმა, სულ რაღაც 3 წუთში გახსნა სეიფი. იქიდან კი საიდუმლო საბუთებით გაძეძგილი შავი საქაღალდე გამოიღო.
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, საქაღალდეში ვატიკანისა და „ცეერუს“ თანამშრომლობის დამადასტურებელი საბუთები ელაგა, რომელიც მოგვიანებით „კაგებემ“ საკმაოდ სარფიანად გამოიყენა. ჩვენ კი მოპარული საქაღალდე საბჭოთა საელჩოს თანამშრომელს გადავეცით. ის დიპლომატიური ფოსტით გადაგზავნა მოსკოვში. ჩვენ კი თვითმფრინავით დავბრუნდით უკან.