კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გაქრა ცნობილი ქართველი ბანდიტი, მეტსახელად „ტყიური“, რომელიც ციმბირის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან ორჯერ გაიქცა


გაქცევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი, 25 წლის უფროსი ლეიტენანტი კოტე შავდია ვინმე „ტყიურის“ ბანდაში შეგზავნეს. ბანდა გასული საუკუნის სამოციან წლებში მოქმედებდა და ისე კარგად იყო ორგანიზებული, აღჭურვილი და შეიარაღებული, რომ მისი მოხელთება პრობლემად გადაექცა ქართველ სამართალდამცველებს. მილიციის არასრული მონაცემებით, ბანდაში 45-50 ადამიანი იყო გაერთიანებული. ბანდიტების თანამგრძნობ პირთა რაოდენობა კი ორასს აღწევდა. ბანდამ 1964-1969 წლების განმავლობაში 50 დანაშაული ჩაიდინა და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მათ ანგარიშზე არც ერთი მკვლელობა, სხეულის მძიმე დაზიანება ან სისასტიკე არ ირიცხებოდა. როგორც იტყვიან, ბოროტმოქმედები სუფთად მუშაობდნენ. დანამდვილებით ტყიურის ვინაობა და გარეგნობა თვით ბანდის წევრებმაც კი არ იცოდნენ. იარაღში ჩამჯდარი ტყიური, წვერ-ულვაშს ატარებდა. თავზე ყოველთვის ყაბალახი ჰქონდა შემოხვეული და თვალების გარდა, თითქმის არაფერი, ცხვირიც კი, არ უჩანდა წესიერად. ტყიურის ვინაობა მხოლოდ მისმა მოადგილემ და მარჯვენა ხელმა, სამჯერ ნასამართლევმა, ნუგზარ ბერიძემ იცოდა. ბერიძე კრიმინალურ სამყაროში „ჯიქის“ მეტსახელით იყო ცნობილი და მილიცია მას 1962 წელს თბილისის მკაცრი რეჟიმის ციხიდან გაქცევისთვის ეძებდა. ის შემნახველი სალაროს შეიარაღებული ძარცვისთვის იხდიდა სასჯელს. სწორედ, ჯიქის მეშვეობით ეცნობოდნენ ბანდიტები ტყიურის ბრძანებებს. თუმცა, თავად ტყიურიც მონაწილეობდა ხოლმე დანაშაულებებში.

კოტე შავდიას ბანდაში ჩანერგვა 1967 წელს მოხდა და მას წვრილმანი ქურდის ლეგენდა მოუმზადეს. შავდიას ბანდიტების მილიციისთვის ჩაბარება ევალებოდა და საამისოდ მან დიდი სამუშაო გასწია. თუმცა, 1969 წლის 20 ნოემბერს, როდესაც ბანდა გამოსაზამთრებლად გადადიოდა პანკისის ხეობაში, ერთ-ერთ თხემზე ზვავი ჩამოწვა და ბანდის 40 წევრი, მათ შორის ტყიური და ჯიქი, სად გაქრნენ, ვერავინ გაიგო. ბანდის დანარჩენი 8 წევრი, მათ შორის შავდიაც, მილიციის სპეცრაზმმა დააპატიმრა, რომელიც შავდიას სიგნალით იქნა გამოძახებული ახმეტაში. გასამართლებული ბანდიტები, სხვადასხვა ციხეებში გადაანაწილეს, კოტე კი სამსახურს დაუბრუნდა, თუმცა, კვლავ არალეგალურ მდგომარეობაში. 1970 წლის მარტში შავდია კვლავ სამინისტროში დაიბარეს მინისტრთან და ედუარდ შევარდნაძემ მას უთხრა:

– ინფორმაცია გვაქვს, ჯიქი ცოცხალია და სავარაუდოდ, – ტყიურიც. გამორიცხული არაა, რომ ზვავს ზოგიერთი სხვა ბანდიტიც გადაურჩა. რუსთავის ზონაში, „ლოქოსთან“ და „ჯინთან“ შეგზავნილი „ქსივა“ მოვიპოვეთ, რომელშიც მათ ჯიქი მოკითხვას უთვლის. ამიტომ, შენ კვლავ ციხეში უნდა ჩაჯდე და ლოქოს და ჯინს გაქცევა მოუწყო.

1970 წლის 8 მარტს კოტე შავდია კვლავ ბოროტმოქმედად, მეტსახელად „კრიპოდ“ გადაიქცა და რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გაამწესეს. ლოქოს და ჯინს ძალიან გაეხარდათ კრიპოს დანახვა, გადაეხვივნენ და ამბავი გამოჰკითხეს.

– მე აქ დიდხანს არ ვაპირებ გაჩერებას, ძმებო, – უთხრა შავდიამ ბანდიტებს, – ჩემი ბიძაშვილი მუშაობს სანაგვე მანქანაზე, რომელსაც ზონიდან ნაგავი გააქვს. უკვე საქმის კურსშია, რომ აქ ვარ და ორ კვირაში აქედან მოვტყდები. ადგილი ბევრია მანქანაში, თქვენც ჩაეტევით. წამოხვალთ?

– ბაზარი არაა, კრიპოჯან. რა თქმა უნდა, წამოვალთ, – უთხრა კოტეს ჯინმა და ლოქოს მიუბრუნდა, – მოვტყდეთ აქედან?

– აბა, აქ რა გვინდა, – თავი დააქნია ლოქომ.

კოტეს პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან ჰქონდა შეთანხმებული ოპერაციის გეგმა, პაროლები. გეგმის თანახმად, კოლონიიდან გაქცეულებს, სპეციალურად მომზადებული ოპერმუშაკები დაასხდებოდნენ კუდზე, რომლებიც მათ კონსპირაციულ ბინამდე მიჰყვებოდნენ...

იმავე საღამოს, ლოქომ და ჯინმა კოტე მშენებარე ბარაკში მიიყვანეს, სახელდახელო სუფრა გაშალეს და არყის სმას შეუდგნენ. მესამე ჭიქა რომ ჩამოასხეს, ჯინმა სასმისი ასწია და თქვა:

– ამ ჭიქით, კრიპოჯან, თავისუფლებას გაუმარჯოს. ცოტაც და გარეთ ვიქნებით.

– სულ რაღაც ორ კვირაში, ძმაო, – თქვა კოტემ.

– არა, კრიპოჯან, ახლავე, – თქვა ლოქომ და იატაკის ფილა გადასწია, სადაც ხვრელი მოჩანდა, გაიცინა და კოტეს უთხრა, – ორმოცმეტრიანი გვირაბია გათხრილი, ექვსი თვე ვთხარეთ, ახლა კი აქედან ავახვევთ...

კოტე შავდიასთვის იმდენად მოულოდნელი იყო ყველაფერი, რომ ლამის ელდა ეცა, მაგრამ თავი შეიკავა, გაიღიმა და დანარჩენებთან ერთად ხვრელში გაუჩინარდა.

გაქცევა შედგა, მაგრამ უფროსი ლეიტენანტი კოტე შავდია, კავშირის და მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ამიტომ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონოდა...

საუკუნის ძარცვა

რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიიდან გაქცევა ღამის პირველ საათზე მოხდა და საპყრობილის ადმინისტრაციამ მხოლოდ დილის 9 საათზე შეიტყო სამი პატიმრის გაუჩინარების ამბავი. შუადღისთვის მშენებარე ბარაკიდან გათხრილი ხვრელიც აღმოაჩინეს და მხოლოდ ამის მერე შეატყობინეს მინისტრ შევარდნაძეს, მომხდარის თაობაზე.

– როგორც ჩანს, კოტეს სხვა გზა არ ჰქონდა და იმიტომ გაჰყვა ლოქოს და ჯინს. კოლონიის უფროსი ახლავე გაათავისუფლეთ სამსახურიდან. უვარგისი უნდა იყო, რომ ამხელა სამუშაოები გამოგეპაროს კაცს და ცხვირწინ ორმოცმეტრიანი გვირაბი გაგითხარონ პატიმრებმა, – თქვა ედუარდ შევარდნაძემ და პოლკოვნიკ რაზმაძეს უბრძანა, – კოტე ყოჩაღი, გამოცდილი მუშაკია და პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენთან დაკავშირებას შეეცდება. როგორიც კი ხმას მოგვაწვდენს, დაუყოვნებლივ მაცნობეთ.

გვირაბიდან ამოსული ჯინი, ლოქო და კრიპო რუსთავიდან თბილისში მანქანით ჩამოვიდნენ. ამისთვის კი ღამის ტაქსი გააჩერეს და თბილისში წაყვანაზე შეუთანხმდნენ. ქვემო ფონიჭალასთან კი ტაქსისტი გაკოჭეს, პირში ჩვარი ჩაუტენეს და ტყეში, ხეზე მიაბეს. საჭეს ჯინი მიუჯდა და დედაქალაქში ჩავიდნენ, ტაქსი სადგურზე დატოვეს და გეზი ლოტკინის მთისკენ, ერთ-ერთი კონსპირაციული ბინისკენ აიღეს. კერძო კარ-მიდამოში ფეხი რომ შედგეს, დილის 4 საათი შესრულდა. გაქცეულებმა ფრთხილად დააკაკუნეს ფანჯარაზე. კართან რომ მივიდნენ, ზღურბლზე ნუგზარ ბერიძე დაინახეს, რომელიც კოპებშეკრული უმზერდა გაქცეულებს.

– გამარჯობა, ნუგზარ, – უთხრა ტყიურის მოადგილეს ჯინმა, – მაინცდამაინც არ გიხარია ჩვენი დანახვა.

ბერიძემ გაქცეულები სახლში შეიყვანა და იკითხა:

– სუფთად მოხვედით, „უკუდოდ“?

– ბაზარი არაა, – თქვა ლოქომ“, – რა თქმა უნდა, სუფთად და „უკუდოდ“ მოვედით.

ბერიძე სამივე გაქცეულს გადაეხვია, დაწვრილებით მოაყოლა გაქცევის ამბავი და უთხრა:

– შვიდნი ვიყავით და სამნიც დაგვემატეთ. ნელ-ნელა, ისევ ვძლიერდებით, ტყიური ახალ საქმეს ამზადებს და სულ მალე შესრულება მოგვიწევს.

– ტყიურიც გადარჩა? – მადლობა ღმერთს, – თქვა ლოქომ, – ჩვენ კი გვეგონა, ყველანი დაიღუპეთ. ზვავი რომ წამოვიდა და ჩაგიტანათ, ტყეში ვიყავით და იქიდან გიყურებდით. მერე კი, ახმეტაში დავბრუნდით და ძაღლებმაც აგვყარეს.

– მე, ტყიური და კიდევ ხუთი ჩვენიანი, კლდის შვერილმა გვიხსნა ზვავისგან და იქვე, გამოქვაბულს შევეფარეთ. დილით კი, კაცი გამოვაგზავნეთ თქვენთან, რომ გადარჩენის ამბავი შეგვეტყობინებინა და ჩვენთან ამოგვეყვანეთ, მაგრამ მან თქვენი დაჭერის შესახებ გვაცნობა. ბევრი ვიფიქრეთ და გვგონია, რომ ჩვენში ვიღაც ბოზია, რომელიც მილიციაზე მუშაობს.

– დარწმუნებული ხარ? – თქვა ლოქომ.

– თითქმის. აბა, რა უნდოდა ახმეტაში მილიციის სპეცრაზმს?

– მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე და გეთანხმებით, – თავი დააქნია კოტე შავდიამ.

გაქცეულებმა საჭმელი ჭამეს და დასაძინებლად დაწვნენ. დილით მათ ნუგზარ ბერიძე ეწვია და უთხრა:

– წამოდით, ტყიური გიხმობთ!

ტყიური ჩვეულ ფორმაში დახვდა გაქცეულებს და ხუთიოდე წუთი ესაუბრა, ბოლოს კი უთხრა:

– დიდი საქმისთვის ვემზადებით და სიფრთხილე გვმართებს. იცოდეთ, ამ სახლიდან ფეხის გადგმა არსად სცადოთ.

გაქცეულები ბანდის დანარჩენ ხუთ წევრს შეუერთდნენ. გარე სამყაროსთან კავშირს სახლის პატრონი, 43 წლის მარტოხელა გივი კობახიძე ახორციელებდა. ის წარსულში ნასამართლევი იყო, თუმცა შემდეგ გვარი შეიცვალა, ლოტკინის მთაზე დასახლდა და ტყიურის დავალებებს ასრულებდა. სწორედ ტყიურმა უყიდა მას სახლი და ყოველთვიურად ათას მანეთსაც აძლევდა. ლოტკინზე, კობახიძის სახლის მოპირდაპირე მხარეს სულ რაღაც 60 მეტრის დაშორებით, მეორე სახლი იდგა, თავისი კარ-მიდამოთი. ის სახლიც ტყიურის ფულით იყო ნაყიდი და ამ ორ სახლს შუა საიდუმლო გვირაბი გადიოდა. საშიშროების შემთხვევაში გაქცევის საშუალება რომ ყოფილიყო. გვირაბის არსებობის შესახებ სამმა ადამიანმა იცოდა – კობახიძემ, ტყიურმა და ნუგზარ ბერიძემ.

კოტე შავდია ყველა ღონეს ხმარობდა კოლეგებთან დასაკავშირებლად, მაგრამ მისი მცდელობები ამაო იყო. ვინმეს მცირეოდენი ეჭვიც რომ შეეტანა მასში, აუცილებლად მოკლავდნენ. არადა, შავდიამ ისიც კარგად იცოდა, რომ მეორედ ასეთი შანსი შეიძლება არც მისცემოდა და ტყიური კვლავ დასხლტომოდათ ხელიდან. ამასობაში, ორი კვირა გავიდა. ტყიური არ გამოჩენილა და ბანდიტებს მხოლოდ ნუგზარ ბერიძე ეკონტაქტებოდა. მისი თქმით, ტყიური ავად იყო. კოტე კი სხვაგვარად ფიქრობდა, მიაჩნდა, რომ ტყიური სხვაგან იყო წასული. ორი კვირის მერე, ტყიური ბანდიტებს წარუდგა. ჩვეულ სამოსში გახვეულს მხოლოდ მწვანე თვალები მოუჩანდა, ბანდიტებს მიესალმა და უთხრა:

– ამაღამ სოჭში მივემგზავრებით, ხვალ კი, საქმეს ვაკეთებთ და უკანვე ვბრუნდებით. თქვენთან ერთად ნუგზარი წამოვა, მე კი იქ შეგხვდებით და დანარჩენს ადგილზე გეტყვითო.

იმავე ღამეს კოტე შავდია და რვა ბანდიტი, რომელთა შორის ნუგზარ ბერიძეც იყო, თბილისი-სოჭის მატარებლით სოჭში გაემგზავრნენ. ბანდიტები ორ-ორად იყვნენ დაყოფილები და ერთმანეთთან კონტაქტი მკაცრად ეკრძალებოდათ, რათა ვინმეს ყურადღება არ მიეპყროთ. ისინი ორ ვაგონში იყვნენ გადანაწილებულები და კოტე ნუგზარ ბერიძესთან ერთად მოხვდა. მილიციის უფროსი ლეიტენანტი ვაგონის გამცილებლის მეშვეობით აპირებდა კოლეგებთან დაკავშირებას, მაგრამ, ბერიძე თვალს არ აშორებდა მას და კოტემაც გამცილებელთან ვერაფრით მოახერხა გამოლაპარაკება.

1970 წლის 11 აპრილს, დილის 8 საათსა და 50 წუთზე ტყიურის ბანდა სოჭში ჩავიდა. ვოროვსკის ქუჩაზე მდებარე კონსპირაციულ ბინაში შეიკრიბნენ, რომელიც მათთვის ორი კვირის წინ დაიქირავეს. ტყიური იქ მივიდა და ბანდიტებს უთხრა:

– ახლა ათი საათია. ზუსტად სამ საათზე საქმეს ვაკეთებთ. შემდეგ პორტში მივდივართ და კატერით სოხუმში ჩავალთ, იქიდან კი თბილისში დავბრუნდებით. ახლა, რაც შეეხება საქმეს, დღეს მაღაზია „სამაცვეტში“ ახალი საქონელი უნდა შემოიტანონ და აქ მის გასაძარცვავად ვართ ჩამოსულები. მაღაზია ვარდების ქუჩაზე მდებარეობს და ზუსტად სამ საათზე შედის იქ ექვსი კაცი, ორი კი, გარედან დააზღვევს. მე და მძღოლი მანქანაში ვისხდებით და იქ დაგელოდებით. ყველაფრისთვის 4 წუთი გვაქვს და სქემას არავინ გადაუხვიოს.

ტყიურმა ბანდიტებს დაწვრილებით აუხსნა ყველაფერი. ოპერაციის მეთაურობა ნუგზარ ბერიძეს დაავალა და სამის ნახევრამდე დაემშვიდობა მათ. შეთანხმებულ დროს, ზუსტად 4 წუთში, ტყიურის ბანდიტებმა სოჭის საიუველირო მაღაზია „სამაცვეტიდან“ მილიონ 125 ათასი მანეთის ძვირფასეულობა გაიტაცეს და შემუშავებული გეგმის მიხედვით, ჯერ სოხუმში ჩავიდნენ კატერით, იქიდან კი, მატარებლით დაბრუნდნენ თბილისში. არც კატერში და არც მატარებელში, ტყიური არ იმყოფებოდა. ნაძარცვი ძვირფასეულობაც კი მას ჰქონდა. ლოტკინის კონსპირაციულ ბინაში ის კვლავ შეხვდა თავის ბანდიტებს, ძვირფასეულობით სავსე ყუთი მაგიდაზე დადო და თქვა:

– ყოჩაღ, ძმებო! ეს საუკუნის ძარცვა იყო და სულ მალე, ამ ყველაფერს ფულად ვაქცევთ, მილიონერები გავხდებით.

„ტყიური“

ტყიური და მისი ბანდიტები კვლავ ლოტკინზე, გივი კობახიძის კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდნენ. შავდიას ისევ არ ეძლეოდა შესაძლებლობა, კოლეგებს დაკავშირებოდა, რომლებმაც უკვე თვე-ნახევრის განმავლობაში არაფერი იცოდნენ კოტეს შესახებ. ჩვეულებრივ მშვიდი ედუარდ შევარდნაძე საკმაოდ გაღიზიანებული ჩანდა და კოლეგებს უმკაცრესი დასჯით ემუქრებოდა, თუკი კოტე შავდიას რაიმე დაემართებოდა. მინისტრი შევარდნაძე განსაკუთრებით ლადო რაზმაძეზე იყო გაბრაზებული, რომელიც ამ ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელი იყო. მინისტრმა გენერალ რაზმაძეს უთხრა:

ძარცვიდან ორი კვირის მერე, 25 აპრილს, ტყიურის ბანდის ერთ-ერთი წევრი, თემურ ჯაში, მეტსახელად „ზღარბი“, ტყიურის დავალებით, პლეხანოვზე მცხოვრები იუველირის, ვანო ჯიქიას სახლში მივიდა, რომ მას ნაძარცვი ნივთების რეალიზაციაზე დალაპარაკებოდა. მაგრამ, მასთან მისულ ჯაშს მილიციის თანამშრომლებთან შეტაკება მოუწია, რომლებიც იუველირის ბინას სულ სხვა საქმის გამო უთვალთვალებდნენ. ატყდა სროლა. ზღარბმა ორი მილიციელი დაჭრა და თავადაც დაიჭრა. თუმცა, გაქცევა მაინც მოახერხა და ლოტკინზე რომ მივიდა, საკმაოდ ცუდად იყო. ამიტომ, ბანდიტებმა „არამიანცის“ საავადმყოფოდან ექიმი, პროფესორი ვარლამ გუჯაბიძე ძალით წამოიყვანეს, თვალები აუხვიეს და კონსპირაციულ ბინაში ამგვარად მიიყვანეს. პროფესორმა ფეხში დაჭრილი ზღარბი ყურადღებით გასინჯა, შესაბამისი მანიპულაციები ჩაუტარა და ნუგზარ ბერიძეს უთხრა:

– ჭრილობა მძიმე არაა. თუმცა თქვენმა მეგობარმა ბევრი სისხლი დაკარგა და თუკი კარგად არ მოუვლით, მდგომარეობა უფრო დაუმძიმდება.

– გმადლობთ, ექიმო. ყველა თქვენ რეკომენდაციას შევასრულებთ. ეს კი თქვენ, დაიმსახურეთ, – უთხრა ბერიძემ ექიმს, ჯიბეში ათასი მანეთი ჩაუდო და ხელი ჩამოართვა.

ხელი ჩამოართვა ექიმს კოტე შავდიამაც და, წვრილად დაკეცილი ქაღალდი შეუმჩნევლად ჩაუდო ხელში, მარცხენა ხელი მაგრად მოუჭირა მუჭზე, რითაც ანიშნა, დამალეო და უთხრა:

– გმადლობთ, ექიმო, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ ეს ფული. კარგად ბრძანდებოდეთ.

ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ორმა ბანდიტმა თვალებახვეული პროფესორი გუჯაბიძე კვლავ არამიანცის საავადმყოფოში მიიყვანა. ექიმი შესასვლელთან დატოვეს და წავიდნენ. პროფესორმა ხელში ჩაბღუჯული ქაღალდი გაშალა და წერილი წაიკითხა: „ექიმო, მე მილიციის თანამშრომელი ვარ. ამ ნომერზე დარეკეთ და ყველაფერი მოუყევით. ვიმყოფები ლოტკინის მთაზე. ზუსტი მისამართი არ ვიცი. ტყიური აქ არის. სოჭის საიუველირო მაღაზია ჩვენ გავძარცვეთ. ძალიან ფრთხილად მოგვძებნეთ. ბანდიტებს უამრავი იარაღი აქვთ და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ბევრი სისხლი დაიღვრება. კოტე“. შავდიას წერილს ერთი საათის მერე შევარდნაძე კითხულობდა. მან სასწრაფოდ შეკრიბა თავისი ხელქვეითები და ტყიურის და მისი ბანდის უსისხლოდ აყვანა დაავალა.

1970 წლის 26 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერჯგუფი გივი კობახიძის კარ-მიდამოს მიადგა. ბანდის აყვანის ოპერაცია დაიწყო. თუმცა, სახლში რომ შევიდნენ, მხოლოდ რვა ბანდიტი და გივი კობახიძე შეიპყრეს, რომლებსაც ეძინათ. ტყიური და ნუგზარ ბერიძე სახლში არ აღმოჩნდნენ. ყველაფერი მას მერე გახდა ნათელი რაც გივი კობახიძემ საიდუმლო გვირაბის არსებობის ამბავი გაამჟღავნა. გაქცეულ ბანდიტებს თან წაეღოთ მილიონ 125 ათასი მანეთის ღირებულების ნაძარცვი ძვირფასეულობაც და მილიციამ გაქცეული ბანდიტების ტოტალური ძებნა გამოაცხადა. თუმცა უშედეგოდ.

1970 წლის 10 მაისს ზემო ვერის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც მილიციის ფარული აგენტი იყო, კალინინის (მთაწმინდის) მილიციის ოპერს, შალვა იაშვილს შეატყობინა, რომ მის მეზობელს, კობა ჩაჩუას სახლში საეჭვო პირები ჰყავდა. მილიციის აგენტს და ჩაჩუას ერთი კედელი ჰყოფდათ და აგენტი ჩაჩუა სახლში მიმდინარე საუბარს სპეციალურად გაკეთებული ნახვრეტის მეშვეობით ისმენდა. საუბრის შინაარსის გაშიფვრის შედეგად, მილიციის ოპერებმა დაადგინეს, რომ ჩაჩუასთან ძებნილები იმალებოდნენ და ისინი, იმავე საღამოს დააკავეს. დაკავებულები კი, ნუგზარ ბერიძე და მიხეილ ქურდიანი, იგივე ტყიური აღმოჩნდნენ. მათვე უპოვეს სოჭის საიუველირო მაღაზიიდან გატაცებული ძვირფასეულობაც. მიხეილ ქურდიანი, 36 წლის იყო და 1958 წელს ვორკუტის კოლონიდან გაქცევისთვის იძებნებოდა, სადაც ის ძარცვისთვის იხდიდა სასჯელს. თუმცა, მილიციამ არც კი იცოდა, რომ ტყიური, ძებნილი ქურდიანი იყო და ქურდიანი ყველას დიდი ხნის გარდაცვლილი ეგონა... ტყიური და მისი ბანდა გაასამართლეს და თითოეულ მათგანს სხვადასხვა ვადით პატიმრობა განუსაზღვრეს. ტყიურს 15 წელი მიუსაჯეს, თუმცა, 1973 წელს, 39 წლის მიხეილ ქურდიანი მორდოვიის ერთ-ერთი მკაცრი რეჟიმის საპყრობილიდან გაიქცა და მას მერე არავის უნახავს...

P.S. 1974 წლის მაისში მოსკოვის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია გაძარცვეს, საიდანაც 380 ათასი მანეთის ძვირფასეულობა წაიღეს. ბოროტმოქმედები ვერ დააკავეს. თუმცა ეჭვი ჰქონდათ, რომ ეს დანაშაული ტყიურმა ჩაიდინა.


скачать dle 11.3