როდის იდება ადამიანში უიღბლობის კოდი და რატომ უნდა გქონდეთ სახლში გახარებული ჯეჯილი
ზოგიერთი ადამიანის დაბადებას, სიხარულის ნაცვლად, სამწუხაროდ, თან ცრემლი ახლავს. პარაფსიქოლოგების აზრით, როდესაც დედას ბავშვის გაჩენა არ სურს და ის აბორტზე ფიქრობს, ბავშვში იდება უიღბლობისა და უბედობის კოდი, რომელიც შემდეგ მთელი ცხოვრების განმავლობაში „მუშაობს“, რასაკვირელია, იმ შემთხვევაში თუ ეს ბავშვი, ღმერთის წყალობით, ქვეყანას მოევლინა. ასეთ ადამიანებს ნაკლებად უმართლებთ, წარმატებების შანსიც ნაკლებად აქვთ და მიუხედავად კარგი გარეგნობისა, არც პირად ცხოვრებაში უღიმით ბედი. რასაკვირველია, მათ ცხოვრებაშიც არის ბედნიერი დღეები, მაგრამ ეს ცოტა ხნით გრძელდება. დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი მერი, ძალიან სასიამოვნო და თბილი ადამიანია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად, უკუღმართად ხდება და ამაში ის საკუთარ დედას ადანაშაულებს, რომელიც მის ამქვეყნად დაბადებას ცრემლით შეხვდა.
ქალბატონი მერი: ახალი სიცოცხლის დაბადება ყოველთვის დღესასწაულია, ზოგჯერ, გარკვეული მიზეზების გამო, ადამიანის დაბადება არ სურთ, მაგრამ ღმერთი მას არ წირავს, მაინც მოდის ამქვეყნად, თუმცა მშობლის უაზრო და გაუთვითცნობიერებელი ქცევის გამო სამუდამო დაღი აქვს დასმული. მეც ასე დავიბადე და დღემდე საკუთარ თავს დავტირი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მხიარული, ბედნიერი და უზრუნველყოფილი ვჩანვარ.
– რას ნიშნავს მშობლის გაუთვალისწინებელი ქცევა და რა კავშირი აქვს მას ბავშვის ბედთან?
– პირდაპირი კავშირი აქვს, ჩემო კარგო. მაგრამ, სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს. დედის ორგანიზმშივე დაბინძურებული ენერგეტიკა ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებს. პირადად მე, როგორც გითხარით, შემთხვევით გავჩნდი. უფრო სწორად, ეტყობა, არ ვიყავი განწირული და ამიტომაც გადავრჩი. დედას, თურმე, ცოლშვილიანი მამაკაცი შეუყვარდა. ის ატყუებდა, უმალავდა, რომ დაოჯახებული იყო, ილუზიებით, საჩუქრებით მოხიბლა დედა. მანაც დაუჯერა და, რომ შეიტყო მისი ამბავი, უკვე გვიან იყო. არადა, დედა ტრადიციების მკაცრად დამცველ ოჯახში იყო გაზრდილი. რაიონში ცხოვრობდა და სასწავლებლად ჩამოვიდა თბილისში. სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო და სწორედ იქ გაიცნო მამაჩემი, რომელიც თვალითაც არ მინახავს და არც მაქვს სურვილი, გავიცნო. მოკლედ, დედა მოტყუვდა და, ექვსი თვის ფეხმძიმემ სიმართლე რომ გაიგო, უკვე გვიან იყო. თურმე, დღე და ღამე ტიროდა, ვერც მშობლებს უმხელდა, სწავლასაც დაანება თავი, სამსახურსაც და დარჩა ასე, მეგობრებისა და ღმერთის ანაბარა. ერთ-ერთ დაქალთან ქირით ცხოვრობდა ავლაბარში. მერე მიყვებოდა, სულ იმას ვნატრობდი, ნეტავ მოკვდეს მუცელშივე, ნეტავ ვერასოდეს ვნახო იმ საზიზღარი მატყუარას შვილიო. რომ გავჩნდი, თურმე, სამშობიაროშიც სულ ტიროდა, ჩემს კვებაზეც უარი თქვა. მოკლედ, ძლივს გადააფიქრებინეს დაქალებმა ჩემი იქ დატოვება და გამომიყვანეს ნაქირავებ ბინაში. მეზობლად უშვილო წყვილი ცხოვრობდა და, უთხოვიათ, ჩვენ მოგვაშვილე, ფულსაც მოგცემთ, ოღონდ დაწერე რომ აღარასდროს გექნება ამ ბავშვზე პრეტენზიაო. დედას უთქვამს, დავფიქრდებიო. იმ ღამით თურმე დიდხანს მაკვირდებოდა ხელში აყვანილს, მეგობრებსაც უთქვამთ, ჩვენ დაგეხმარებით ამის გაზრდაშიო და ასე გადაუფიქრებია ჩემი გაშვილება. მოკლედ, მე და დედა ერთად ვცხოვრობდით და მამას ერთხელაც არ მოუკითხავს. წვალებით გამზარდა. დედას მშობლებმა რომ გაიგეს ჩემი არსებობა, ჯერ გაცოფებულან, მერე კი უპატიებიათ და უთქვამთ, რაიონში არ დაგინახოთ ფეხდადგმული, მანდ იყავით და შეძლებისდაგვარად დაგეხმარებითო. სხვათა შორის, ყოველთვე გვიგზავნიდნენ ფულსა და საკვებს და იშვიათად ჩამოდიოდნენ კიდეც. მახსოვს, სულ იმას საყვედურობდნენ, ერთადერთმა შვილმა როგორ გაგვიმეტე და ეს როგორ გაგვიკეთეო. ერთი სიტყვით, გამზარდა დედამ. სკოლა რომ დავამთავრე, გავთხოვდი. სამწუხაროდ, დაუფიქრებელი ნაბიჯი გადავდგი და მალევე დამენგრა ოჯახი. დედამ აქ ვერ იშოვა სამსახური და უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. მართალია, უკვე ასაკშია მაგრამ ჩემზე მეტი შეუძლია. ერთხელ ერთ ადამიანს შევხვდი სუფრასთან. ის ყვებოდა, ბავშვები, რომელთა გაჩენაც არ უნდოდათ მშობლებს ან მის გაჩენას ცრემლით შეხვდნენ, უიღბლოები, უბედოები და კოდირებულები არიანო. თავიდან ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, მერე ძირფესვიანად გამოვკითხე და სწორედ მისგან შევიტყვე ჩემი ბედის ამბავი. მართალია, პესიმისტი არ ვარ, არ ვყრი ფარ-ხმალს, ვიბრძვი, მაგრამ მაინც არ მიმართლებს. რას ვიზამ, უნდა ვზიდო ჩემი დაწყევლილი ბედ-იღბალი.
– იმ ქალისგან რა ინფორმაცია გაიგეთ, იქნებ ჩვენც გაგვიმხილოთ?
– სხვათა შორის, იმ ქალთან საუბრის შემდეგ ბევრ რამეზე ამეხილა თვალი და ბევრ გაუცემელ კითხვაზე მივიღე პასუხი. დამეთანხმებით, ძნელია, როცა არც გარეგნულად ხარ სხვაზე ნაკლები, არც სწავლა-განათლებით, არც ქონებით და არც ჩაცმა-დახურვით, მაგრამ მაინც არავინ გაქცევს ყურადღებას, ვერც სამსახურს შოულობ, არც სხვა რამეში გიმართლებს და ვერც შენს სიკეთეს ხედავენ. მოკლედ, როგორც იმ ქალბატონმა მითხრა, თურმე, ისეთი ბავშვები, რომელთა დაბადება არ სურდათ, კოდად აქვთ ჩადებული უიღბლობა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, მარტოობა და გაჭირვება. ამას ისინი აქტიურად ებრძვიან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ – უშედეგოდ. გეტყვით იმასაც, რომ, თურმე, არსებობს პარაფსიქოლოგიაში ამ კოდის მოხსნის საშუალება, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, არადა, აქტიურად ებრძვის ცუდს და იზიდავს კარგს ასეთ ადამიანებში. გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში: უნდა აიღოთ ერთი მუჭი ხორბალი, დაყაროთ მიტკლის თეთრ ქსოვილზე და გადაახვიოთ. შემდეგ ის უნდა დაიდოთ საწოლში, ზეწრის ქვეშ, ისე, რომ ზურგით ეხებოდეთ. ეს ხორბალი ყოველ დილით უნდა გახსნათ, ხელიდან ხელში გადაყარ-გადმოყაროთ, რამდენიმე მარცვალი უნდა აიღოთ, ბინაში შესასვლელში დადოთ თეფშზე, დანარჩენი კი ისევ თეთრ ქსოვილში შეახვიოთ და საწოლში ჩადოთ.
– თეფშზე რატომ უნდა დავდოთ რამდენიმე მარცვალი?
– ის თეფში სახლის შესასვლელში უნდა დადოთ და ზედ ხორბლის მარცვლების დაწყობით ბარაქისა და ბედის კოდი ნელ-ნელა გაააქტიუროთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თეფშზე ჯერ სველი ბამბა უნდა დააფინოთ თხელ ფენად და შემდეგ ყოველდღე მოათავსოთ ხორბლის მარცვლები. ის ჯეჯილად ამოვა და ნახავთ, რა შედეგს მოგიტანთ. ეს საკუთარ თავზე დავცადე. სულ რომ ამოიწურება ქსოვილში ხორბლის მარაგი, ის ქსოვილი თეფშის ქვეშ დადეთ. ასე მოიქეცით წელიწადში ოთხჯერ, ანუ წლის ოთხივე პერიოდში და ბარაქა და წარმატება მალე მოვა თქვენთან. პირადად მე ლოდინი მომიწევს, რადგან უიღბლოთა სიაში ვარ, თორემ, თუ თქვენს დაბადებას ახლობლები შამპანურით ხელში შეხვდნენ და დედის ალერსიც პირველივე წუთს იგრძენით, მაშინ ეს მეთოდი, ძალიან მალე მოგიტანთ წარმატებებს პირად ცხოვრებაში და კარიერაში. მე უკვე მესამედ გავახარე ჯეჯილი და ვგრძნობ, თითქოს მეტად თავდაჯერებული გავხდი, ახლობლების ყურადღებასაც მეტად ვგრძნობ. რა ვიცი, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს ყველაფერს, მთავარია, გულით გინდოდეთ და გწამდეთ იმის, რისთვისაც იბრძვით ცხოვრებაში. ხორბლის მაგიურ თვისებებზე არაერთ წიგნში წამიკითხავს. მაგალითად, ვიცი, რომ კარგია, თუ სახლის ფანჯრის რაფაზე თქვენსავე დათესილ ხორბალს გაახარებთ. ეს ბარაქის მოზიდვის სიმბოლოდ აღიქმება. ჩინეთში ყველა ოჯახში ახარებენ სახლში ხორბალს. ის, ასევე, ოჯახის შესანარჩუნებლად და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. ხორბლის ენერგეტიკა, მერწმუნეთ, აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში. თუ მატერიალური დოვლათის მოზიდვა გსურთ სახლში, მაშინ ხორბლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ ხურდა ფული, ცოტა შაქარი დაამატეთ, ასევე, ჩადეთ ერთი ცალი წითელი ვაშლი და დადგით სასტუმრო ოთახში იმ მხარეს, საიდანაც სინათლის სხივი შემოდის, ოღონდ, ეცადეთ, მას უცხო ადამიანის ხელი არ შეეხოს. პარაფსიქოლოგიაში ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიქმება, შაქარი – ოჯახური სიამტკბილობის, ხურდა ფული – სიმდიდრის, ხოლო ხორბალი – ამ ყველაფრის ერთად. ასე რომ, ეს საკმაოდ მარტივი გასაკეთებელია და, დამიჯერეთ, ცდა მაინც ღირს.