როდის იწყებს ძრავა ზეთის „ჭამას“
ავტომობილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუ რა ტიპის, როგორ ზეთს ჩავასხამთ ძრავაში, რა ინტენსივობით გამოვცვლით ზეთს ავტომობილში და რა სიხშირით გადავამოწმებთ მის მდგომარეობას. პროფესიონალი მრბოლელი გიგა ლორთქიფანიძე გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ ზეთი ჩვენი ავტომობილებისთვის.
გიგა ლორთქიფანიძე: ზეთი ძრავის მთავარი საკვებია, მისი გამართული მუშაობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა სწორედ ამ სითხეზეა დამოკიდებული. როდესაც ახალი ავტომობილი გამოდის, მას ქარხნული, პირვანდელი ზეთის შეცვლა დიდხანს არ სჭირდება, თუმცა, მიხედვა სწორედ იმით გამოიხატება, რომ დროულად შემოწმდეს მისი დონე, მდგომარეობა, სისქე, შეფერილობა. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სად ვცხოვრობთ, როგორ კლიმატურ პირობებში, ქალაქში გვიწევს ავტომობილის ექსპლუატაცია თუ სოფელში; რა დონეზე იმატებს ზაფხულში ტემპერატურა და ზამთარში რამდენით იკლებს. გარემო პირობები სერიოზულად მოქმედებს მის თვისებებზე. აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ავტომობილი ახალია თუ ძველი. ჩვენი რუბრიკის მკითხველებს ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებთ ერთი ვითომ „ფორმულა“, რომ, სანამ ახალია ძრავა, ანუ სანამ დაახლოებით ასი ათას კილომეტრს გაივლის ავტომობილი, მანამდე სინთეტიკური ზეთის ჩასხმა ესაჭიროება, ასის ზევით – უნდა გადაიყვანო ნახევრად სინთეტიკურზე, ორასის მერე კი – უკვე მინერალზე. ეს მცდარი აზრია. თან, ამას მხოლოდ რიგითი მძღოლები კი არ ამბობენ, ხელოსნებიც კი არწმუნებენ მძღოლებს, რომ ასე უნდა მოიქცნენ. თუმცა, ეს მხოლოდ მცდარი კი არა, ძრავასთან მიმართებაში სისხლის სამართლის დანაშაულიც კია (იცინის).
– რატომ?
– აგიხსნით. როდესაც ძრავა, ახალია, კარგ მდგომარეობაში ის აუცილებლად სინთეტიკურ ზეთზე უნდა ვამუშაოთ. მინერალი, რომელიც წლების წინ ერთადერთი ზეთი იყო, დღესდღეობით ნავთობის მრეწველობაში განვლილ ეტაპად მიიჩნევა. კი გამოდის, მაგრამ მას უკვე ძალიან ნაკლები გამოყენება აქვს. ქარხნულად მინერალს, ახლო წარსულისგან განსხვავებით, საერთოდ აღარ მოიხმარენ. სინთეტიკური შედარებით თხელი ზეთია და როდესაც მას იყენებ, ძრავაც კარგ ფორმაში უნდა იყოს, ეგრეთ წოდებული „კალიცოები“ არ უნდა იყოს დამჯდარი. თუ ძრავას გააჩნია იმის უნარი, რომ ამ თხელი ზეთითაც კი არ გაუჭირდეს შეზეთვა, ვგულისხმობ ყველა დეტალის სრულყოფილ შეზეთვას, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, ასი ათასი ექნება გავლილი თუ ორასი, მაინც სინთეტიკური ზეთი უნდა ჩავასხათ. მაგრამ, უკვე ისეთი ძრავები, რომლებიც შედარებით ძველია, (ძველს ვუწოდებ, როდესაც ყოველ გავლილ ხუთი ათას კილომეტრზე ზეთს ოდნავ იკლებს), არც ისეთი კომპრესია აქვს, როგორიც თავიდან ჰქონდა, მაშინ უკვე შეგვიძლია, ნახევრად სინთეტიკურ ზეთზე გადავიყვანოთ. ეს შემადგენლობით თითქმის იგივე ზეთია, ისიც თხელია, მაგრამ ყველა ის თვისება, რა თქმა უნდა, არ აქვს, რაც სინთეტიკურს. ეს არის, მაგალითად, ტემპერატურის დიდ დიაპაზონზე მუშაობა – მაღალ დატვირთვაზე ძრავა ცხელდება და მან უნდა შეძლოს ამ ტემპერატურაზე იდეალურად მუშაობა. ანუ ნახევრად სინთეტიკური უკვე ოდნავ სქელი, მაგრამ ასევე ძალიან კარგი ზეთია.
– როდის იყენებენ მინერალს?
– თანამედროვე, მაღალბრუნიან ძრავებში მინერალი საერთოდ აღარ გამოიყენება. „ჟიგულებში“ და ასეთი ტიპის ავტომობილებში კი ისევ იყენებენ. ერთადერთი, მინერალის ჩასხმა საჭიროა მაშინ, თუ ძრავა უკვე ზეთს „ჭამს“ და, სანამ მას გავარემონტებთ, გვინდა, ძრავამ იმუშაოს და არსებობა გააგრძელოს. ესეც რატომ? ამ დროსაც კი შეიძლება ნახევრად სინთეტიკურის ჩასხმა, მაგრამ ის გაცილებით ძვირია, მინერალი კი იაფი ღირს და, თუ ძრავა ზეთს „ჭამს“, მაშინ მისი შევსება ხშირ-ხშირად არის საჭირო. თუ ძრავაში გაჩენილია „ზაზორები“, „კალიცოები“ დამჯდარია, ამ დროს სქელი, ანუ მინერალური ზეთი უფრო მუშაობს, თხელს კი ის სულ შეჭამდა. თუ, ვთქვათ, გყავთ „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი კარგ მდგომარობაში, გემრიელად მუშაობს და პრობლემებს არ გიქმნით, მხოლოდ იმის გამო, რომ მას ასი ათასზე მეტი აქვს გავლილი, მინერალი არ უნდა ჩაასხათ. რაც შეეხება თვითონ ზეთების ხარისხს: საქართველოში შემოტანილი ზეთების უმრავლესობა თურქულია, არაორიგინალია. ჩვენთანაც არის ორიგინალი ზეთები, მაგრამ ის საკმაოდ ძვირია და მძღოლების დიდი ნაწილი მაინც პატენტ ზეთს ყიდულობს.
– რამდენ კილომეტრზე უნდა გამოიცვალოს ზეთი?
– როდესაც ხელოსანთან მიდიხარ, ის გეუბნება, რომ ზეთი ყოველ გავლილ ათი ათას კილომეტრზე უნდა შეცვალო, მაგრამ, ჩემი რჩევა იქნება, რომ ხუთი ათასზე მაინც გამოცვალოთ ზეთი. ხუთი ათასზე, ზეთს სამასი გრამი მაინც აკლდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ჭამს“, უბრალოდ, მუშა კლებაა. ამის შემდეგ ყოველ ათას კილომეტრზე სულ აკლდება და აკლდება ზეთი და ბოლოს, სანამ ათი ათასამდე ავალთ, ძრავაში ზეთი აღარ დარჩება. შვიდი ათასზე არ უნდა ავიყვნოთ, ხუთი-ექვსი ათასი კილომეტრი ოპტიმალური დროა ზეთის შესაცვლელად.