ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: დიდი ხანია, ჩემი მეუღლე სახლიდანაა წასული. მინდა მასთან განქორწინება და ვაპირებ სასამართლოში სარჩელის შეტანას. ვარ უმუშევარი. მაინტერესებს, ვის დაეკისრება სასამართლოს ხარჯები?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, სასამართლოს წინაშე სასარჩელო განცხადებაში მოითხოვოთ თქვენს მეუღლეზე თქვენ მიერ გაწეული ხარჯების დაკისრება და სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე.
კითხვა: რა ოდენობის ალიმენტის გადახდა დაეკისრება ჩემს მეუღლეს ორ ბავშვზე, თუ მისი ხელფასი შეადგენს 600 ლარს?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ალიმენტის გადასახადის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მომავალი დროისათვის. სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან წარსული დროის ალიმენტი შესაძლებელია გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებულ იქნა ყველა ზომა სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. ალიმენტის ოდენობა განსაზღვრული არ არის და იგი გამომდინარეობს პირის რეალური მატერიალური მდგომარეობიდან.
კითხვა: ეკუთვნის თუ არა ჩემს მეუღლეს წილი ჩემი მშობლების ბინიდან, ვინაიდან ჩვენ, ერთად ყოფნის პერიოდში, ვცხოვრობდით ჩემი მშობლების სახლში?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ თანასაკუთრებას. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია სხვა შემოსავალი. თქვენი მშობლების ბინა არ ჩაითვლება თანასაკუთრების ქონებად.
კითხვა: ამერიკის „გრინ ქარდის“ მფლობელ საქართველოს მოქალაქე ქალბატონს, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისათვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას, შეუძლია თუ არა ბავშვის, ობოლი ძმისშვილის შვილად აყვანა?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილებას მშვილებლის განცხადებით იღებს სასამართლო მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის შემდეგ.
კითხვა: მაქვს პირობითი სასჯელი, რომელიც მომისაჯეს სამი წლის წინ. გასულია ორი წელი და შვიდი თვე. მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი დარღვევა არ მქონია. მივმართე პრობაციის სამსახურს, რათა მოეხსნათ ნასამართლობა. მიპასუხეს, რომ ნასამართლობა არ იხსნება. კანონიერია თუ არა ეს პასუხი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებული გამოსაცდელი ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ ყოფაქცევით დაამტკიცებს თავის გამოსწორებას, სასამართლოს შეუძლია, იმ ორგანოს წარდგინებით, რომელიც ახორციელებს კონტროლსა და დახმარებას (პრობაციის ბიურო) პირობით მსჯავრდებულის მიმართ, გააუქმოს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს მოუხსნას ნასამართლობა.
პირობითი მსჯავრდებულისათვის ნასამართლობა ქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
კითხვა: ჩემი მეუღლე მსჯავრდებულია და სასჯელს იხდის საპყრობილეში. საპყრობილის დირექტორის ბრძანებით, საპყრობილის შინაგანაწესის დარღვევის გამო, იგი რამდენიმე დღე მოათავსეს „კარცერში“. ამასთან დაკავშირებით, ჩემმა მეუღლემ გამოთქვა წერილობითი პროტესტი. კანონიერია თუ არა დაწესებულების დირექტორის მოქმედება?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ საპყრობილის შინაგანაწესის უხეში დარღვევისას, საჭიროების შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მსჯავრდებული შეიძლება მოთავსდეს სამარტოო საკანში („კარცერში“) 10 დღემდე ვადით.
კითხვა: გარდამეცვალა დედა, რომელსაც ჩემს მეტი არავინ ჰყავდა და, შესაბამისად, არც მემკვიდრე ჰყავს. თუმცა, პირადი პრობლემების გამო, გადავაცილე სამკვიდროს მიღების ვადას. ნოტარიუსის განმარტებით, უნდა მივმართო სასამართლოს. გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ მოვიქცე და ვის მივმართო აღნიშნული ვადის აღსადგენად?
პასუხი: აღნიშნული ვადის აღდგენის მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, უნდა მიმართოთ სასამართლოს. ვადის აღდგენის შემდგომ უნდა მიმართოთ ნოტარიუსს.
კითხვა: ჩემს შვილს 2009 წლის იანვარში დაუსწრებლად მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. ათი დღის წინ იგი დააპატიმრეს. გვაქვს თუ არა საქალაქო სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვინაიდან განაჩენის გამოტანის დღიდან გასულია ერთ წელზე მეტი?
პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან.
კითხვა: ჩემი მცირეწლოვანი შვილი გახდა მკვლელობის მოწმე. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამომძიებელმა ბავშვი დაკითხა ჩემი თანდასწრებით. კანონიერია თუ არა მისი ქმედება?
პასუხი: კანონმდებლობის შესაბამისად, 7 წლამდე ასაკის (მცირეწლოვანი) მოწმის დაკითხვა შეიძლება მხოლოდ მშობლის, ან, მისი არარსებობის შემთხვევაში – მეურვის, ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.