ბულგარეთში სასტუმროების მასობრივი გაყიდვა მიმდინარეობს
ბულგარეთში უკანასკნელ პერიოდში სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების გაყიდვის მასობრივი პროცესი მიმდინარეობს. უძრავი ქონების სააგენტოების მონაცემებით, ამჟამად 43 ასეთი სასტუმრო იყიდება და მათი რაოდენობა მატულობს. დღესდღეობით სამთო-სათხილამურო კურორტებს – პამპოროვოს, ბოროვცესა და ბანსკოს შორის, ეს უკანასკნელი ლიდერობს, სადაც 22 სასტუმრო იყიდება. მათი ფასი 195 ათასიდან 6,5 მილიონ ევრომდე მერყეობს. პამპოროვოში 14 სასტუმრო იყიდება, რომელთა ფასიც 198 ათასიდან 11,5 მილიონ ევრომდეა, ბოროვცეში კი – 7 სასტუმრო, ფასით 750 ათასიდან – 6,2 მილიონამდე. გასაყიდად გამოტანილ სასტუმროებს შორის ყველაზე ძვირი ვარნაში განთავსებულ კომპანია „ჰეპი ჰოუმს“ ეკუთვნის და ის 11,5 მილიონი ევრო ღირს. აღსანიშნავია, რომ ეს სასტუმრო 2 წლის წინაც გამოიტანეს გასაყიდად და მაშინ მისი ფასი 20 პროცენტით მეტი იყო. ამ 4-ვარსკვლავიან სასტუმროში 4 ვიპ-აპარტამენტი, 14 სტანდარტული ნომერი, 60 ორადგილიანი ოთახი, რესტორნები, ღამის კლუბი, ბოულინგი, საბილიარდო, სპა-ცენტრი, დახურული აუზი ჯაკუზით, ტრენაჟორები და საკონფერენციო დარბაზებია განთავსებული. მფლობელი კომპანია ძვირად ღირებული სასტუმროს სახელწოდებას არ ასახელებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მისი პოტენციური მყიდველი რუსეთის მოქალაქეა.