„ფოლკსვაგენის“ შემოსავალი 960 მილიონ ევრომდე შემცირდა
გერმანული ავტომწარმოებელი კონცერნის, „ფოლკსვაგენის“ სუფთა შემოსავალი 2009 წლის განმავლობაში თითქმის 80 პროცენტით, 960 მილიონ ევრომდე შემცირდა მაშინ, როცა 2008 წელს იგივე მაჩვენებელი 4,75 მილიარდი ევრო იყო. კომპანიამ 2009 წელს გაყიდვებით 105,2 მილიარდი ევრო მიიღო. „ფოლკსვაგენის“ დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა 2009 წლისთვის, დივიდენდის სახით, ჩვეულებრივი აქციისთვის – 1,6, პრივილეგირებულისთვის კი 1,66 ევრო გაიღოს. როგორც „ფოლკსვაგენის“ ხელმძღვანელები მოელიან, 2010 წელს გაყიდვის მაჩვენებელი და შემოსავალი წინა წელთან შედარებით გაიზრდება, მაგრამ საპროცენტო განაკვეთებისა და სავალუტო კურსების ცვალებადობა მაინც მოახდენს გავლენას ფინანსურ მაჩვენებლებზე. „ფოლკსვაგენ გრუპი“ უკვე დიდი ხანია, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია. კომპანია თავის ავტომობილებს „ფოლკსვაგენის“, „აუდის“, „სეატისა“ და „შკოდას“ ბრენდებით უშვებს. 2009 წელს „ფოლკსვაგენის“ „პორშესთან“ გაერთიანების პროცესი მიმდინარეობდა. 2010 წლის იანვარში გერმანულმა ავტოკონცერნმა იაპონური კომპანია „სუძუკი მოტორ კორპორეიშენის“ აქციათა 19,9 პროცენტი შეისყიდა და ამისათვის 2,5 მილიარდი დოლარი გადაიხადა. 2010-2012 წლებში „ფოლკსვაგენი“ ავტობიზნესში 25,8 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. აქედან 13,3 მილიარდი ევრო კომპანიის სამოდელო განახლებაში ჩაიდება, მათ შორის დიდი ნაწილი აბსოლუტურად ახალი მოდელების შექმნას მოხმარდება.