კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოახდინა გადატრიალება მსოფლიო რეკლამაში და რა აკავშირებს მას ბიძინა ივანიშვილთან


სარეკლამო ბანერები და ბილბორდები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე, საზოგადოებრივი ტუალეტები, ველოსიპედების გაქირავება და სარეკლამო ბიზნესის უამრავი სხვა სფერო. ეს ყველაფერი ერთი სახელწოდების ქვეშ არის გაერთიანებული – JGDEGAUX, ფრანგული კომპანია, რომელიც უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მსოფლიო ლიდერად ჩამოყალიბდა სარეკლამო ბიზნესში. მისმა დამაარსებელმა, ფრანგმა ჟან-კლოდ დეკომ კი რევოლუცია მოახდინა გარე რეკლამირების სფეროში. დეკო „ფორბსის“ მილიარდერთა, ჯერჯერობით ბოლო, 2009 წლის რეიტინგში, 3,2 მილიარდი ამერიკული დოლარით, 191-ე ადგილზე იმყოფება და აღსანიშნავია, რომ ამ ადგილს იგი ქართველ მილიარდერთან, მეცენატ ბორის (ბიძინა) ივანიშვილთან ერთად ინაწილებს.

საფრანგეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნესმენი, ჟან-კლოდ დეკო 1937 წელს დაიბადა ქალაქ ბეაუვაისში. ჟან-კლოდს არც პრესტიჟულ სკოლებში უვლია და არც უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტი ყოფილა. მას არც თეორიული ცოდნა გააჩნდა და თავისი ბიზნესი, უბრალოდ, საკუთარი თავისა და ინტუიციის იმედზე წამოიწყო. ეს იყო საქმე, რომელმაც ნახევარი საუკუნის შემდეგ მას დიდი აღიარება მოუტანა.

1955 წელს დეკომ დააფუძნა პატარა ფირმა, სადაც ხელმძღვანელიც და შემსრულებელიც თვითონ იყო. მან პარიზის შენობებზე მანამდე ააკრა სხვადასხვა სარეკლამო განცხადებები, სანამ ქალაქის მთავრობამ მისი საქმიანობა კანონგარეშედ არ გამოაცხადა და კინაღამ საპატიმროში გაუშვა. რაღაც დროის განმავლობაში დეკო უფულოდ და უსაქმურად იჯდა და თავის მომავალ ბიზნესპროექტებზე ფიქრობდა. ერთ წვიმიან დღეს კი მას ისეთი იდეა მოუვიდა თავში, რევოლუციურ მოვლენად რომ ითვლება სარეკლამო ბიზნესში. დეკოს იდეის შთაგონების წყარო წვიმის ქვეშ ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი ხალხი იყო – იდგნენ გალუმპულები და თავს ვერაფერს აფარებდნენ. დეკოს იდეა მარტივი იყო, უნდა აშენებულიყო მცირე ზომის ავტობუსის გაჩერება-პავილიონი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სარეკლამო ბანერების განთავსება. ამ იდეით ის ლიონის მერთან მივიდა და ის დღე გახდა გაბანკროტების გზაზე მდგარი კომპანია JGDEGAUX-ის ხელახალი დაბადების დღე. აღსანიშნავია, რომ გარდა რეკლამირებისა დეკოს იდეამ მერის ყურადღება იმითაც მიიქცია, რომ ქუჩაზე აშენებული პავილიონები ქალაქის იერს თავისებურ სილამაზეს შესძენდა.

„როდესაც მე პირველი პავილიონის კეთილმოწყობაზე ვმუშაობდი, უპირველეს ყოვლისა, არა რეკლამიდან შემოსულ თანხაზე, არამედ თვითონ რეკლამის მიწოდების ხარისხიანი ხერხების შემუშავებაზე ვფიქრობდი“, – იხსენებდა ერთ-ერთ ინტერვიუში ჟან-კლოდ დეკო. გაჩერებების კეთილმოწყობის დიზაინზე, დეკოს მიწვევით, საფრანგეთის საუკეთესო დიზაინერები მუშაობდნენ, მაგალითად, ფილიპ სტრაკი და მარიო ბელინი. დიზაინი იმდენად სტილიზებული და მოდური იყო, რომ მსხვილმა კომპანიებმა – „შანელმა“ და „ლუი ვიტონმა“ სურვილი გამოთქვეს თავიანთი სარეკლამო ბანერები განეთავსებინათ დეკოს „ნოუ-ჰაუზე“. დეკომ დაამტკიცა, რომ გარე რეკლამა სულაც არ არის მეორეხარისხოვანი, როგორც ადრე მიაჩნდათ. მისი ბიზნესი ნელ-ნელა ვითარდებოდა და საფრანგეთის ქალაქების შემდეგ, მისი კომპანიით ევროპის დანარჩენი ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატებიც დაინტერესდნენ. 1980 წელს დეკოს კომპანიამ ახალ ინოვაციურ პროექტს დაუდო სათავე და უფასო ავტომატიზებული საზოგადოებრივი „სანისეტის“ ტუალეტების დადგმა დაიწყო, რამაც აღფრთოვანება გამოიწვია ევროპულ ქალაქებში. JGDEGAUX-ის მიერ დაინერგა სისტემა „ინფობასის“ დამონტაჟება ავტობუსის გაჩერებებზე, რომელიც მოქალაქეებს მომდევნო ავტობუსის მოსვლის დროს აჩვენებს. გარდა ამისა, კომპანია ფლობს სარეკლამო ფართს მსოფლიოს 155 აეროპორტში.

ბოლო პერიოდია კომპანიის მესვეურები აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გააქტიურდნენ და პირველი პროექტები უზბეკეთში განახორციელეს. ტაშკენტის ქუჩებში, ავტობუსის გაჩერებებზე დამონტაჟდა ცნობილი არქიტექტორის ნორმან ფოსტერის დაპროექტებული პავილიონები, ზუსტად ისეთები, როგორებიცაა ჩიკაგოში, სიდნეიში, ჰონკონგში და იოკოჰამაში. მომავალში კომპანია რუსული ბაზრის ათვისებას დაიწყებს. პირველადი მოლაპარაკებები უკვე გაიმართა მოსკოვის მერთან იური ლუჟკოვთან და ავტობუსის გაჩერებებზე ახალი პავილიონები და კომპანიის სხვა სეგმენტები რუსეთში 2012 წლიდან გამოჩნდება.

დღესდღეობით კომპანია JGDEGAUX-ი მსოფლიოს 48 ქვეყნის 3 500 ქალაქშია შესული და 8 100 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. რეკლამების ყოველდღიური აუდიტორია კი 170 მილიონ ადამიანს ითვლის. 2002 წლიდან ჟან-კლოდ დეკო ჩამოშორდა კომპანიის საქმიანობას და მართვის სადავეები თავის ორ ვაჟიშვილს – ჟან-ფრანსუასა და ჟან-შარლს გადასცა. კომპანიის სათავო ოფისი ქალაქ ნეი-სურ-სენში მდებარეობს და დეკოების საგვარეულოს კომპანიის აქციების 69 პროცენტი ეკუთვნის. თვითონ კომპანიას კი მეორე ადგილი უკავია მსოფლიოში გარე რეკლამირების სფეროში მოღვაწე კომპანიებს შორის.

P.S. 2002 წელს რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე „კანის ლომები“, რომელიც ყოველწლიურად საფრანგეთში, კანის კინოფესტივალის პარალელურად იმართება, ჟან-კლოდ დეკოს ინიციატივით დაარსდა გრან-პრი – „საუკეთესო გარე რეკლამის“ ნომინაციაში და გრან-პრის პირველი გამარჯვებული დეკოს კომპანია JGDEGAUX-ი გახდა.


скачать dle 11.3