რატომ გაუთეთრდა თმა ბელადის შვილიშვილს – ნადიას 17 წლის ასაკში
შეძლებული, ძალაუფლების მქონე, თუ ცნობილი ადამიანების გარდაცვალების შემდეგ, არცთუ ისე იშვიათად, გამოცხადდებიან ხოლმე, მათი წარსულის შეცდომად წოდებული – ხან შვილები, ხან შვილიშვილები და შვილთაშვილებიც კი. დიდი ბელადის, იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგაც მრავალჯერ გათამაშდა მსგავსი სცენარი. თუმცა, რა გვიკვირს, სტალინი, შეძლებულისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ძალაუფლების მქონე და ცნობილი ხომ უდავოდ იყო.
ალექსანდრე, იგივე საშა ბურდონსკი, ალბათ, ერთად-ერთია იოსებ სტალინის ნამდვილ, თუ თვითმარქვია შთამომავლებს შორის, ვინც მიიჩნევს, რომ ბელადის შვილიშვილობამ, მის ცხოვრებას მოუშუშებელი დაღი დაასვა. მეტსაც გეტყვით, როგორც კი იგი სრულწლოვანი გახდა, მაშინვე უარი თქვა სტალინის გვარზე და დღესაც დედის გვარს ატარებს. უკვე დიდი ხანია, რაც იგი ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატებით მოღვაწეობს. საშა ბურდონსკი სტალინის უმცროსი ვაჟის, ვასილი სტალინის შვილია პირველი ქორწინებიდან.
დაახლოებით, 70 წლის წინათ, მაშინ, როდესაც ალექსანდრე (საშა) ბურდონსკი მოევლინა ქვეყანას, ყველას ეგონა, ცხოვრებაში მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნებოდა. თუმცა, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. ბურდონსკის მშობლების სიყვარულის ისტორია ძალიან რომანტიკულია...
1940 წელს 19 წლის ვასილი სტალინი ლიპეცკში ჩავიდა უმაღლეს საავიაციო კურსებზე გადასამზადებლად. ერთხელ მან საციგურაო მოედანზე შემთხვევით გაიცნო მისი თანატოლი, მოსკოველი სტუდენტი – გალინა ბურდონსკაია. მალე მათ თავდავიწყებით შეუყვარდათ ერთმანეთი. შეყვარებულებმა ლიპეცკშივე იქორწინეს, იმ იმედით, რომ ქორწინების ამბავს საიდუმლოდ შეინახავდნენ. თუმცა, სტალინმა ყოველივე მალევე შეიტყო. იოსებ სტალინმა რძალს, დეპეშა გაუგზავნა: „ვწუხვარ, რომ ცოლად „დურაკს“ გაჰყევი“, – ეწერა მასში.
ამ ამბის შემდეგ დიდი ბელადი კარგა ხანს აღარ დაინტერესებულა შვილის ცხოვრებით. ვასილს იგი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის მეტისმეტად უპასუხისმგებლო პიროვნებად მიიჩნევბდა. მამა-შვილს შორის ურთიერთობა ვერც შვილიშვილის, ალექსანდრეს დაბადებამ დაათბო. პატარა 1941 წელს მოევლინა ქვეყანას, ორი წლის შემდეგ კი გაჩნდა მისი და – ნადია. ახალშობილებს მამის გვარი მისცეს. წლების შემდეგ, როდესაც ალექსანდრე სრულწლოვანი გახდა, მან უარი თქვა სტალინის გვარზე და პასპორტი დედის გვარით აიღო. ასე გაცვალა დიდი საბჭოთა ბელადის შვილიშვილმა სტალინის გვარი ბურდონსკიზე. რაც შეეხება, მის დას, ნადია სიცოცხლის ბოლომდე სტალინის გვარს ატარებდა.
ვასილი სტალინისა და გალინა ბურდონსკაიას ოჯახი თბილი ურთიერთობებით არ გამოირჩეოდა. მართალია, ვასილს უყვარდა მეუღლე, მაგრამ ის ვერც სასმელზე ამბობდა უარს და გამოუსწორებელი მექალთანეც იყო. ალექსანდრე ბურდონსკი იხსენებს: „დედაჩემი ეხვეწებოდა მამას გონს მოსულიყო და ღირსეულად მოქცეულიყო. ის კი პასუხობდა: „გალკა, მე ხომ მანამ ვიცხოვრებ, სანამ იცოცხლებს მამაჩემი“.
ვასილი სტალინი მართალიც გამოდგა, იგი იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მალე წავიდა ამ ქვეყნიდან. ეს მოხდა 1962 წელს. მანამდე სტალინი-ბურდონსკაიას ოჯახს სხვა წინააღმდეგობები ჰქონდა გადასალახავი. 1945 წელს, როდესაც საშა 4 წლის იყო, გალინამ ვეღარ აიტანა ქმრის ღალატი და გადაწყვიტა ბავშვებთან ერთად გასცლოდა მას. ვასილი სტალინმა ცოლი არ დააკავა, მაგრამ ბავშვები თავისთან დაიტოვა. „ამ დღის შემდეგ ჩემი და ჩემი დის ცხოვრებიდან დედა გაქრა“, – იხსენებს ალექსანდრე ბურდონსკი.
ცოლთან დაშორების შემდეგ ვასილი იშვიათად იცლიდა შვილებისთვის. ბავშვები მოსკოვთან ახლოს, ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე იზრდებოდნენ. ეს პერიოდი მწარედ ახსენდება ალექსანდრეს: „მე და ნადია სულ მოწყენილები ვიყავით. ჩვენ ირგვლივ არც ერთი ახლობელი არ იყო. მამა იშვიათად მოდიოდა ჩვენთან და სათევზაოდ დავყავდით, ხან ნავით გვასეირნებდა. ის გულადი იყო და სიჩქარე უყვარდა. მახსოვს ერთხელ, როგორ ამოყირავდა მისი მანქანა, მას კი წარბიც არ შეუხრია, საერთოდ არ შეშინებია.“
ბურდონსკაიასთან დაშორების შემდეგ, ვასილი სტალინს რამდენიმე რომანი ჰქონდა. მამის ცხოვრების წესს ნაკლები სიხარული მოჰქონდა მისი შვილებისთვის. „მე და ნადიას ორი დედინაცვალი გვყავდა“, – იხსენებს საშა ბურდონსკი – „პირველს ეკატერინე ტიმოშენკოს, გულახდილად რომ გითხრათ, ფეხებზე ვეკიდეთ. მას შეეძლო სამი დღის განმავლობაში ვეშიმშილებინეთ. დიდი მადლობა ჩვენს მზარეულს, რომელიც მალულად გვაპურებდა ხოლმე. ამის გამო მან სამსახურიც კი დაკარგა. ჩვენი მეორე დედინაცვალი, კაპიტოლინა ვასილევა, ცნობილი მოცურავე იყო. ის ჩვენთან თავის გოგონა, ლინასთან ერთად ცხოვრობდა. კაპიტოლინა, კიდეც გვივლიდა და სპორტულადაც გვზრდიდა.“
როდესაც საშამ სასკოლო ასაკს მიაღწია, ვასილმა შვილები აგარაკიდან მოსკოვში გადაიყვანა საცხოვრებლად და იმხანად პრესტიჟულ 59-ე ვაჟთა სკოლას მიაბარა ბიჭი აღსაზრდელად. საშას ძალიან ეთაკილებოდა, რომ მანქანა ემსახურებოდა. მალე მისი თხოვნა შეისმინეს და სკოლაში თანმხლები პირების გარეშე დაიწყო სიარული. „ვასილი ჩვენთან დროგამოშვებით ჩნდებოდა“, – იხსენებს მამას იგი, „ჰქონდა მცდელობებიც, რომ შვილების მიმართ სითბო გამოეხატა, თუმცა ჩემი აზრით, ეს მას არ გამოსდიოდა. მე ის კი არ მიყვარდა, მეშინოდა მისი. ჩვენ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებები ჩამოგვიყალიბდა. ის რაც მოსწონდა მას, არ მომწონდა მე და პირიქით. მამას ძალიან უყვარდა ფეხბურთი. ჩემთვის კი სტადიონზე ჯდომა და გულშემატკივრობა სასჯელი იყო. მე არასპორტული ბავშვი ვიყავი. სამაგიეროდ, ძალიან მიყვარდა ხატვა“.
ერთხელ, ალექსანდრეს სკოლაში მიაკითხა ბებიამ დედის მხრიდან, რომელსაც შვილიშვილებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ. მაშინ საშა 10 წლის იყო. მან ბავშვი გვერდით გაიყვანა და ჰკითხა: დედა გახსოვს? გინდა, მასთან შეხვედრა? შემდეგ დედა შეხვდა შვილს სკოლისგან მოშორებით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში. თუმცა, მათ დალაპარაკება ვერ მოახერხეს. ორივეს ცრემლები ახრჩობდა.
რა თქმა უნდა, ამ შეხვედრის შესახებ ვასილი სტალინს დაუყოვნებლივ აცნობეს. რის შემდეგაც საშა ბურდონსკი, დედისგან შორს, კალინინში (დღევანდელი ტვერი), სუვოროვის სასწავლებელში გაგზავნეს. სწორედ ამ სასწავლებლის სცენიდან გაისმა პირველად სტალინის შვილიშვილის სახელი.
1953 წლის 5 მარტს გარდაიცვალა იოსებ ბესარიონის ძე სტალინი. ალექსანდრე მაშინვე გადმოაფრინეს მოსკოვში. „მე უფროსებს შორის ვიჯექი იმ დარბაზში, სადაც საბჭოთა ბელადი ესვენა. ვხედავდი, როგორ ტიროდა ხალხი და შეძრწუნებული ვიყავი, რომ ცრემლიც არ მომდიოდა. მაშინ ვერ ვითავისებდი, რომ გარდაიცვალა არა მხოლოდ საბჭოთა ხალხის ბელადი, არამედ ჩემი ღვიძლი ბაბუა. ჩემთვის იოსებ სტალინი, ისეთივე მიუწვდომელი და შორეული იყო, როგორც მილიონობით საბჭოთა ადამიანისთვის, მხოლოდ წითელ მოედანზე აღლუმის დროს რომ ხედავდნენ მას“, – იხსენებს სტალინის შვილიშვილი.
ბელადის სიკვდილის შემდეგ ვასილმა ცოლს უფლება მისცა შვილები მასთან გადაეყვანა საცხოვრებლად. „ამ დღის შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში, ისევ გამოჩნდა დედა. მე და ჩემი და უკვე დიდები ვიყავით, მაგრამ მაინც გამოვნახეთ დედასთან საერთო ენა და დავმეგობრდით კიდეც“ – იხსენებს საშა.
იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, თითქმის ერთი თვის თავზე, 23 აპრილს დააკავეს სტალინის, მანამდე ხელშეუხებელი ვაჟი – ვასილი სტალინი. იგი გაასამართლეს და სამშობლოს ღალატისთვის ლუბლიანაში გადაასახლეს. მასთან მოსანახულებლად ხშირად ჩადიოდნენ საშა და დედამისი. ვასილი სტალინი 1960 წელს გაათავისუფლეს. 1961 წელს კი კავკასიაში გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც ერთი წლის შემდეგ. ვასილი სტალინის სიკვდილის ამბავი შოკის მომგვრელი იყო ყველა მისი ახლობლისთვის. დაკრძალვაზე დასასწრებლად ალექსანდრე, მისი და და კაპიტოლინა ერთად გაემგზავრნენ, საიდანაც 17 წლის ნადია სრულიად გაჭაღარავებული დაბრუნდა. ვასილი, ერთი ღარიბული ოთახიდან გამოასვენეს, ირგვლივ თითო-ოროლა ყვავილს თუ დაინახავდით. ვასილი სტალინის საფლავის ქვას ასეთი წარწერა ამშვენებს: „ერთადერთს“.
მას შემდეგ რუსეთის არმიის თეატრის წამყვანი რეჟისორისთვის თეატრი იყო და რჩება ყველაზე დიდ სიყვარულად. სტალინის შვილიშვილს მრავალჯერ ჰქონდა შეთავაზება, კინოში დიდი ბელადი განესახიერებინა. ამ წინადადებებზე მისი პასუხი ყოველთვის ერთია: „არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, არანაირი თანხის სანაცვლოდ!“
იგორ კვესელავას მასალების მიხედვით