როდის ვაზიანებთ ავტომობილის სავალ ნაწილს ძალით
ავტომობილში ყველაზე მეტ „სახლაფორთოს“ მისი სავალი ნაწილი ქმნის. განსაკუთრებით – წინა წამყვანი ბორბლებით აღჭურვილ მანქანებში, რომლებსაც ძირითადად პრობლემები ყუმბარებზე ექმნებათ. თავისი პრობლემები აქვთ უკანა წამყვანებსაც, მაგრამ, ელემენტარული ყურადღების გამოჩენა, თავიდან აგვარიდებს სავალ ნაწილში შექმნილ შესაძლო პრობლემებს.
მევლუდ მელაძე: გზების უსწორმასწორობისა და თხრილების გამო, ჩვენს ავტომობილებს ძალიან ხშირად აქვს სავალი ნაწილის პრობლემები. თუმცა, რაც უნდა მოვინდომოთ, ალბათ, ყველა ორმოს მაინც ვერ ავარიდებთ თავს (იცინის), საერთოდ, მანქანას რომც არაფერი აწუხებდეს, ვგულისხმობ ყუმბარის კაკუნს ან რაიმე მსგავს გაუმართაობას სავალ ნაწილში, ერთ ან ორ თვეში ერთხელ მაინც უნდა შეახედოთ ხელოსანს. ყუმბარების უკან არის „პაჩებნიკები“, რომელსაც ასევე ძალიან ხშირად სჭირდება შემოწმება. იგივე ყუმბარები აქვს უკანა წამყვანი ბორბლებით აღჭურვილ ავტომობილებსაც, მაგრამ, ისინი არ უხვევენ – ბრუნავენ, თუმცა, არ დადიან, ანუ, არ არიან მოძრაობაში. წინა წამყვანი კი, პირიქით, სულ დადის. ყუმბარებს აქვს რეზინები, ეგრეთ წოდებული „პილნიკები“, რომლებიც ძალიან ხშირად ზიანდება, დროთა განმავლობაში ცვდება, ანუ გამომშრალია. ეს „პილნიკი“ შიგნიდან შეზეთილია, ანუ იქ „სმაზკაა“. მას ორ-სამ თვეში ერთხელ მაინც სჭირდება გადამოწმება, დაკვირვება, თუ რა მდგომარეობაშია. ამას მაინცდამაინც ხელოსანთან მიყვანა არ სჭირდება. თუ საჭეს ბოლომდე მოუხვევთ ერთ მხარეს და შეიხედავთ, ყუმბარასაც დაინახავთ და „პილნიკსაც“, გახეული ხომ არ არის. ძირითადად, ზიანდება გარე ყუმბარები, რადგან შიდა ყუმბარები ისე ინტენსიურად არ მოძრაობენ, მაგრამ თავისი ცვეთა მათაც აქვთ. შიდა ყუმბარები შედარებით უფრო ძვირი ღირს. გარე კი, შედარებით გაიაფდა, ვინაიდან ხშირად ფუჭდება და ამიტომ, ბევრი პატენტი შემოვიდა. როცა „პილნიკი“ იხევა, მისი შეზეთილი ნაწილი შრება. ამას დროულად უნდა მიაქციოთ ყურადღება, მით უმეტეს, რომ მისი შეცვლა 10-15 ლარი ღირს. არადა, თუ არ გამოცვლით, შესაძლოა, ყუმბარების გამოცვლა დაგვჭირდეს, რომელიც უფრო ძვირი ჯდება და, შეიძლება, ხარჯი 100-120 ლარამდე ავიდეს.
– და ამაში ფულის ხარჯვა ღირს? არ ჯობია, იაფფასიანი ვიყიდოთ, რადგან, რამდენადაც მე ვიცი, საკმარისია ერთხელ მოუხვიო მაღალი გაზით და ყუმბარა უკვე დაზიანებულია.
– ასე არ არის. თუ ავარიაში მოყევით და მანქანას ბორბალი საერთოდ მოსძვრება, იქ გინდა სამოცლარიანი ყუმბარა დააყენე და გინდა – ასოციანი. თუმცა, რა თქმა უნდა, მაინც ძვირიანი ჯობია და, გეტყვით, რატომ. ისევ თავიდან მივყვეთ: ყუმბარა ზიანდება, თუ „პილნიკი“ გამოშრა და რკინა რკინაზე მუშაობს. სწორედ ეს გამოსცემს მოხვევის დროს კაკუნის ხმას სავალი ნაწილიდან. ამიტომ, თუ ის გახეულია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თვითონ მექანიკური გაფუჭება კი შემდეგნაირად ხდება, აქ ვგულისხმობ მხოლოდ წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილ ავტომობილს – ბოლომდე მოხვეული საჭით მაღალი ბრუნით მოხვევა. ამის თავიდან არიდება კი ძალიან მარტივია: ბოლომდე მოხვევის დროს შეარჩიეთ სასურველი სიჩქარე, ისე, რომ ძრავის მაღალ ბრუნზე მუშაობა არ მოგიწიოთ. ამ დროს ყუმბარა მთლიანად გაშლილ მდგომარეობაშია და მასზე დიდი დატვირთვა მოდის, დიდი ძალა ადგება. ტექნიკურად ამის აღწერა შორს წაგვიყვანს, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ დროს სერიოზული ცვეთა ხდება. ბოლომდე „დაკეცილი“ საჭით და მაღალი სიჩქარით მაინცდამაინც ნუ შევარდებით მოსახვევში. ზოგიერთი დამწყები მძღოლი ამას თავისდაუნებურად აკეთებს, რადგან უჭირს მკვეთრი მოსახვევის გავლა, მეტ გაზს აძლევს, მოდებიდან ფეხს კი არ უშვებს. ისიც მცდარი აზრია, რომ ერთ ასეთ შემთხვევას ყუმბარა მწყობრიდან გამოჰყავს (იცინის). იმის თქმა მინდოდა, რომ, თუ ყუმბარა დაბალხარისხიანია და, პირობითად, ასი ასეთი ქმედებით გამოვიდოდა მწყობრიდან, მაღალხარისხიანი ორასს გაუძლებს – აი, ასეთი სხვაობებია მათ შორის.
– ხშირად გამიგია, რომ ამა თუ იმ მოდელის ყუმბარა სხვა მოდელს ერგება. მართალია ეს?
– არის მოდელები, რომელთა ყუმბარებიც სხვა მოდელსაც ერგება, მაგალითად, „პეჟოსა“ და „სიტროენის“ არა მხოლოდ ყუმბარები, არამედ ბევრი დეტალი სავალი ნაწილიდან. არა იმიტომ რომ ორივე ფრანგულია: „ძმა“ კომპანიებია, ანუ, მათ ერთი კონცერნი აწარმოებს და, შესაბამისად, მათი სხვადასხვა კლასში გამოსული მოდელები ერთნაირი ძრავებითა და სავალი ნაწილებით არის აწყობილი. კიდევ უამრავი მოძმე კომპანიებია, თუმცა, ამ შემთხვევაში, პარადოქსებიც არის: „ჰონდას“ ზოგიერთ მოდელს საბჭოთა წარმოების ზოგი მოდელის ყუმბარები ერგება. ასევე, შეგიძლიათ, „აუდის“ „პილნიკები“ მოარგოთ „ფოლკსვაგენს“ შეიძლება, ცენტრში მიხვიდეთ და 50 ლარი დაგიფასონ, არადა, მთავარია, ის ზომაში ემთხვეოდეს იმას, რაც თქვენ გჭირდებათ და, აუცილებელი არაა, ის იმ მოდელის იყოს, რომელი ავტომობილიც გყავთ, ეს თვალითაც იოლი შესამჩნევია. მაგალითად, „ჰონდაზე“ „ნივის“ „პილნიკი“ დამიყენებია, რომელიც 3 ლარი ღირს. რაც შეეხება „პაჩებნიკებს“, მასაც თავისი რესურსი აქვს, თუ ვისაუბრებთ „სტუფიცის“ „პაჩებნიკზე“, ანუ – საკისარზე. ეს არის რგოლები, რომლებშიც შეზეთილი ბურთულებია. ამაზე ჯდება ყუმბარები. დროთა განმავლობაში ისიც წურავს თავის რესურსს და ამ დროს ერთგვარი წუილის ხმას უშვებს. ამას მაშინვე უნდა მიექცეს ყურადღება. ეს ხმა ნელ-ნელა იმატებს, მაგრამ, თუ მაინც უყურადღებოდ დატოვეთ, რასაც ძალიან ბევრი აკეთებს, შეიძლება, უცებ გაჭედოს ბორბალი. წარმოიდგინეთ, მაღალი სიჩქარით მიდიხართ და ერთი ბორბალი ჩერდება. ეს ძალიან ბევრჯერ გამხდარა ავარიის მიზეზი. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ ამ დეტალებს.