კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთელების ცოლების ომი დაიწყო


მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, მთავარ საფეხბურთო ფორუმზე გასამგზავრებლად ფეხბურთელების ცოლები თუ მათი მეგობარი გოგონებიც ემზადებიან. ყველამ იცის, რომ სეუკეთესო ფეხბურთელებისა და სიმბოლური გუნდის გამოვლენის გარდა, ჟურნალისტები გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოებს ქალებს შორისაც დაასახელებენ და მათ სიმბოლურ გუნდსაც შეადგენენ.

ამ საკითხში ყველაზე მეტად ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების მეორე ნახევრები აქტიურობენ, რომელთა „ატამანიც“ დევიდ ბექჰემის ცოლი – ვიქტორია ადამსი გახლავთ. ვიკას მეთაურობაში ვერავინ შეეცილება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას საუკეთესოდ დაასახელებენ. თანაც, ამ მხრივ ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული იქნება, რადგან ქალების გამო ინგლისის ნაკრებმა კაპიტანი დაკარგა და, როგორც ვივარაუდეთ, ეს უკანასკნელი დანაკარგი არ ყოფილა. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანმა ჯონ ტერიმ, თავისი საუკეთესო მეგობრის, უეინ ბრიჯის საცოლე, ვანესა პერონსელი შეაცდინა. პრინციპში, რაღა შეაცდინა, ქალთან ყოველ საღამოს ადიოდა და, როგორც თავად ამბობს, ანუგეშებდა, თუმცა ეს ნუგეში თავიდან საუბრებით შემოიფარგლებოდა, მერე კი წყვილმა საძინებელში გადაინაცვლა და „ნუგეშისცემას“ სიგარეტის გაბოლებაც მოჰყვებოდა ხოლმე. ეს ამბავი გასკდა და ტერის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს, თუმცა...

„იმის გამო, რომ ნაკრებში ჩემი გამოძახების შემთხვევაში იქ მუდმივად დაძაბული გარემო იქნება, ნაკრებში თამაშსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლაზე უარს ვაცხადებ. ამით საკუთარ თავს დიდ რამეზე ვეუბნები უარს, მაგრამ ამ ნაბიჯით ნაკრები იხეირებს“, – განაცხადა ბრიჯმა და ინგლისელთა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ თავში ხელი შემოირტყა.

საქმე ისაა, რომ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი, ეშლი კოული, დაიმტვრა და მის შემცვლელად კაპელოს სწორედ ბრიჯი სურდა. ახლა ბრიჯმა ნაკრებზე უარი თქვა და იტალიელს დაცვის მარცხენა ფრთა მოუშიშვლდა. წესით, კოულმა გამოჯანმრთელება კი უნდა მოასწროს, მაგრამ უკეთეს სიტუაციაში არც ისაა. დიდი ალბათობით, ეშლი და მისი მეუღლე, შერილ ტვიდი, ერთმანეთს დაშორდებიან. უკვე მერამდენედ, მომღერალმა ქმარი ღალატში გამოიჭირა და ახლა მთელი ინგლისი იმაზე მარჩიელობს, შერილი ცდუნებას აჰყვება და გაჰყვება კოულს მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუ განქორწინებას მანამდე გააფორმებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ხათრით, ქმარს შეურიგდა ელენ რივესი. ფრენკ ლამპარდის მეუღლე სახლიდან დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა და გამოაცხადა, ქმარი აღარ მიყვარს და რა ვქნაო. ელენს ორი სოლიდური არგუმენტის, უფრო ზუსტად კი, მკერდის წყალობით, მეგობარი მამაკაცის მონახვა არ გასჭირვებია, მაგრამ, რად გინდა – ფეხბურთელის ცოლის საპატიო წოდებიდან იგი რიგით ქალამდე ჩამოქვეითდა. ახლა ელენი დაბრუნდა და სამხრეთ აფრიკაშიც წაკეკლუცდება.

ცალკე სასაუბრო თემაა უეინ რუნი და მისი მეუღლე. კოლინ მაკლაფლინი დედა გახდა, მაგრამ, როგორც ირკვევა, არც მას და არც მის ქმარს პატარასთვის არ სცალიათ. როცა რუნი ვარჯიშს ასრულებს, მას ბაზის გასასვლელთან ცოლი ელოდება და ისინი გასართობად მიდიან. ოჯახიდან უკვე დაითხოვეს ის ძიძა, რომელსაც პრესასთან წამოსცდა, რომ ცოლ-ქმარმა ახალშობილი ერთხელ სამი დღის განმავლობაში არ ნახა, რადგან ისინი ან ღამის კლუბში იყვნენ, ან სახლში დაბრუნებულებს ეძინათ. ახალმა ძიძამ კი ენას კბილი დააჭირა და პრესასთან კოლინი ურთიერთობას აღარ განაგრძობს. პირადი დიეტოლოგი დაიქირავა და მშობიარობის შემდეგ ბიკინებითაც გამოჩნდა. მართალია, იგი ამტკიცებდა, ზედმეტი წონა არ მაწუხებსო, მაგრამ, მის თეძოებზე არსებულმა ცელულიტებმა ყველა დაარწმუნა, რომ ძველ ფორმებამდე კოლინს ბევრი უკლია. მსოფლიოს ჩემპიონატამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება და, იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ აფრიკაში გოგონებს პლაჟზე გასვლაც მოუწევთ, კოლინს წინ სერიოზული „სამუშაო“ ელის.

სხვათა შორის, მნიშვნელობა არა მარტო იმას აქვს, ვინ როგორ ფორმაშია, არამედ, იმასაც, თუ ვინ რა თანხას დახარჯავს მაღაზიებში სიარულში და ვინ რით მოიწონებს თავს. ჯერჯერობით, რეკორდსმენი ვიქტორია ადამსია, რომელმაც მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე ერთ დღეში ნახევარი მილიონი გირვანქა „გაისროლა“ და, ეს მაშინ, როცა იმავე ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის, ანუ ვიქტორიას ქმრის, დევიდ ბექჰემის თანაგუნდელის, თეო უოლკოტის მეგობარმა გოგონამ მელანი სლეიდმა, მთლიანობაში სამი ათასი გირვანქა დახარჯა.

წელს ფულს არ დაიშურებს „ჩელსის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის – ჯო კოულის ცოლი კარლი ცუკერი. თუ მისი ქმარი ადრე კვირაში 70 ათას გირვანქას იღებდა, ახლა ჯამაგირი ასი ათასამდე გაეზარდა და „სუფრის თავში“ მისთვის ადგილი აუცილებლად გამოინახება. კარლი დილაობით სამ მცველთან ერთად დარბის, მაქსიმალურად ცდილობს, მუნდიალს ფორმაში შეხვდეს და, ყველაზე ლამაზი თუ არა, ყველაზე სპორტული ცოლის სახელი მაინც მოიპოვოს.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩასული ქალბატონებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება ძიძების ინსტიტუტი. ყველას, ვისაც შვილი ჰყავს, თან ძიძა მიჰყავს, მაგრამ, არსებობს ნორმები თუ ფორმები, რომლის დარღვევაც არავის სურს: ძიძა არანაირად არ უნდა სჯობდეს თავისი აღსაზრდელის დედას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი ასაკოვანი უნდა იყოს. პირიქით, ახალგაზრდა ძიძა მოდაშია, მაგრამ, ცოტა დაბალი, ცოტა მსუქანი და სახეზე მაკიაჟის გარეშე; არ უნდა ეცვას „ვერსაჩესა“ და „არმანის“ სამოსი და, უნდა იგრძნობოდეს, რომ თავის ქალბატონთან ახლოსაც ვერ მივა. მოკლედ, ფეხბურთელების ცოლების გამოფენამდე სულ სამი-ოთხი თვე დარჩა და ჩვენც დაველოდოთ. ამბობენ, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, თვალსასეირო ამბები გველისო.

P. S. ბრიჯის საცოლესთან გახმაურებული რომანის შემდეგ, ცოლი ჯონ ტერისაც გაექცა, მაგრამ მან მოახერხა და მისი შემორიგება შეძლო. ჯონმა გაქცეულ ცოლს დუბაიზე მიაგნო, სამი დღის განმავლობაში ხელისგულზე ატარებდა და, ვინ იცის, რას არ ჰპირდებოდა. საბოლოოდ, ტონი ტერი ისევ ლონდონში დაბრუნდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იქნება.


скачать dle 11.3