საყიდლების საქომაგოდ
ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილმა ტურინის „იუვენტუსმა“ ევროპის ლიგაზე გადაინაცვლა და მეთექვსმეტედფინალის პირველ შეხვედრაში ამსტერდამში „აიაქსს“ მოუგო. იტალიური კლუბის ლიდერებს, ჯანლუიჯი ბუფონის, ალესანდრო დელ პიეროსა და დევიდ ტრეზეგეს ჰოლანდიის დედაქალაქში თან მეორე ნახევრებიც გაჰყვნენ – აქაოდა, ქმრებს უნდა ვუქომაგოთ, მათ ჩვენი მხარდაჭერა იტალიის გარეთაც სჭირდებათო. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამივე ქალბატონს მატჩზე დააგვიანდა და მათ შეხვედრის მხოლოდ მცირე მონაკვეთს უყურეს. ამის მიზეზი კი ამსტერდამული მაღაზიები გახდა.
სამეული ისე გაერთო მაღაზიებში სიარულითა და ქმრების ნაოფლარის ხარჯვით, ვერც გაიგეს, როგორ გავიდა დრო და როგორ დაიწყო მატჩი. მომხდარს მათთვის სულაც არ შეუშლია ხელი, რომ ტურინისკენ მიმავალ გზაზე სოლიდური ბარგით გამგზავრებულიყვნენ, – წერს იტალიური მედია.
სონია დელ პიეროს, ბეატრის ტრეზეგესა და ალიონა სერედოვა-ბუფონს, საერთო ჯამში, სულ რაღაც ორასი ათასი ევრო დაუხარჯავთ, რაც, მათი ქმრების ხელფასების გათვალისწინებით, მოკრძალებული თანხაა.