კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეზღუდვები უნდა დაუწესოს საკუთარ თავს ორსულმა ქალმა და როგორ ამოვიცნოთ შესაძლო საფრთხე


ორსულობა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდია, რომლის განმავლობაშიც ის ემზადება თავისი მთავარი ფუნქციის შესასრულებლად – იყოს კარგი დედა. დედობისათვის მზადება დაოჯახებამდე გაცილებით ადრე იწყება, ამიტომ ორსულობის პერიოდი უნდა განვიხილოთ როგორც მიზნის კარგად დაგვირგვინება. ორსულობა ხასიათდება თავისი სტადიებით და თავისებურებებით, რის შესახებაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რადგან ზოგიერთ ფაქტორს სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. ორსულთათვის შესაბამისი რჩევების მისაწოდებლად გადავწყვიტეთ გავსაუბრებოდით „ავერსის კლინიკის“ მეან-გინეკოლოგს, ქალბატონ სვეტლანა აბრამიშვილს.


– როგორ უნდა განვიხილოთ ორსულობის მოვლენა ქალის ცხოვრებაში?

– ორსულობა სპეციფიკური მოვლენაა, რომელიც ხასიათდება მრავალი თანმდევი ფაქტორით. ორსულს მეტი საკვები და დასვენება ესაჭიროება, ვიდრე ჩვეულებრივ ქალს. ოჯახი და საზოგადოება მას განსაკუთრებულად უნდა ეპყრობოდეს. აუცილებელია, გათვითცნობიერება იმ საშიშ სიმპტომებში, რომლებიც შესაძლოა, გამოვლინდეს ორსულობის მიმდინარეობისას, სამშობიარო მოქმედებების დაწყების, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომი პერიოდის განმავლობაში. ამგვარად, შესაძლებელი გახდება, ორსული ქალისთვის, საჭიროების შემთხვევაში, დახმარების აღმოჩენა მაშინ, როდესაც ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებია და გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.

– როგორ უნდა განსაზღვროს ქალმა ორსულობის სასურველი მიმდინარეობა?

– ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებით, ქალს შეუძლია როგორც საკუთარი, ისე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება. ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და ორსულობასთან დაკავშირებულ გართულებებში ქალბატონების გარკვევა მნიშვნელოვანი ფაქტორია სასიკეთო გამოსავლის მისაღწევად. ეს ფაქტორები სასიცოცხლო მნიშვნელობას იღებს ისეთ საცხოვრებელ პირობებში, სადაც გაძნელებულია დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და მაღალია გართულებების რისკი. ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი ხანაა. ყველა დედის სურვილია მისი შვილი ჯანმრთელი დაიბადოს, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ აცნობიერებს, რომ მომავალ შვილზე ზრუნვა მუცლადყოფნის და უფრო ადრინდელი პერიოდიდანაც იწყება.

– როგორ უნდა ამოიცნოს მომავალმა დედამ შესაძლო საფრთხე და რა მნიშვნელობა ენიჭება ექიმთან ურთიერთობას?

– არსებობს ორსულების სხვადასხვანაირი მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური სიმპტომები, რომლებიც შესაძლებელია, საფრთხე იყოს დედისა და ნაყოფისათვის. ეს ისეთი მდგომარეობაა, როგორიცაა მწვავე ტკივილი მუცლის არეში, სისხლდენა საშოდან, მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, კიდურების შეშუპება, სანაყოფე წყლების ნაადრევი დაღვრა, ნაყოფის მოძრაობის გაიშვიათება. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც შეიძლება ადრეულ კონტაქტს მომავალ დედასა და ექიმს შორის. მშობიარობამდელი მეთვალყურეობა მიზნად ისახავს ორსულისა და მისი ოჯახის წევრების კონსულტირებას, რისკ-ფაქტორების დროულ გამოვლენას, გამოვლენილი დარღვევების მოწესრიგებას. ორსულობის დადგენა სასურველია მოხდეს მის ადრეულ ეტაპზე, ვინაიდან ჩასახვიდან მესამე, მეხუთე და მეთორმეტე კვირა მეტად საპასუხისმგებლო და კრიტიკული პერიოდია. ამ დროს ხდება ნაყოფის ორგანოების ჩამოყალიბება და აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორსულის მავნე ფაქტორებისაგან დაცვას.

– რა შეზღუდვები უნდა დაუწესოს საკუთარ თავს ორსულმა ქალმა?

– ჯანმრთელი ორსულისთვის დასაშვებია მუშაობა და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. დაუშვებელია, სიმძიმის აწევა, მუშაობა სიცხეში ან მაღალი ტენიანობის პირობებში, ხანგრძლივად ფეხზე დგომა. აბსოლუტურად დაუშვებელია, მუშაობა ჯანმრთელობისთვის მავნე საწარმოებში, განსაკუთრებით, ორსულობის პირველ ნახევარში. ზომიერი ან მცირედი ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა უკუნაჩვენებია იმ ქალბატონებისთვის, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ორი ან მეტი ხელოვნური აბორტი, საშვილოსნოს ყელის უკმარისობა, გულის უკმარისობა, ნაადრევი მშობიარობა, შაქრიანი დიაბეტი გართულებული მხედველობის პრობლემებით, ტყუპი ნაყოფით ორსულობა, სისხლიანი გამონადენი ორსულობის ნებისმიერ ვადაზე. გართულების გარეშე მიმდინარე ორსულობისას, დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშები. უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულთა უმოძრაობამ შეიძლება გამოიწვიოს გაცხიმოვნება, ყაბზობა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე და სხვა. ორსულობის დროს ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება 25-30 პროცენტით, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა სეირნობა სუფთა ჰაერზე, სულ მცირე დღეში 1-1,5 საათით, წლის ნებისმიერ დროს და ძილის წინ. ღამის ძილის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 9-10 საათზე ნაკლები. ორსულობის დროს საძილე საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული.

– როგორ უნდა მოუაროს ორსულმა საკუთარ თავს?

– ზოგადად, ძალზე მნიშვნელოვანია ორსული ქალისთვის ემოციურად კეთილსასურველ გარემოში ცხოვრება, რაზეც ოჯახმა აქტიურად და გამუდმებით უნდა იზრუნოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავის არიდება ინფექციურ ავადმყოფთან კონტაქტისგან. დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ კანის მოვლას. სასარგებლოა, ტანის ხშირად დაბანა თბილი და არა ცხელი წყლით. ორსულობის პერიოდში საჭიროა, სარძევე ჯირკვლების კერტების ნახეთქებისა და მასტიტის პროფილაქტიკის დაწყება, რაც გულისხმობს ჯირკვლების ყოველდღიურ ჩამობანას საპნით და უხეში პირსახოცით დაზელვას. ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული და თავისუფალი, უმჯობესია ბამბის. ორსულობის მეორე ნახევარში რეკომენდებულია სპეციალური ელასტიკური სამოსის ტარება, რომელიც აკავებს, მაგრამ არ უჭერს მუცელს. მისი ჩაცმა ხდება დილით მწოლიარე მდგომარეობაში. ფეხსაცმელიც უნდა იყოს მოსახერხებელი და დაბალქუსლიანი. ნორმალურად მიმდინარე ორსულობის დროს სქესობრივი ცხოვრება უარყოფითად არ მოქმედებს მის მიმდინარეობაზე. სქესობრივი კავშირისაგან თავის შეკავება ხორციელდება შემდეგი რისკ-ფაქტორების არსებობისას: გადატანილი ხელოვნური აბორტები, გადატანილი ნაადრევი მშობიარობა, უცნობი მიზეზის სისხლდენა საშოდან, პლაცენტის წინმდებარეობა, მრავალნაყოფიანი ორსულობა.

– რა უნდა განვიხილოთ განსაკუთრებით საშიშ ფაქტორად ორსულობის განმავლობაში?

– კიდევ ერთხელ უნდა გავახსენოთ ქალებს, რომ ალკოჰოლი და თამბაქოს მოხმარება ზრდის მცირეწონიან ახალშობილთა დაბადების ალბათობას და შემდგომში ახალშობილთა ავადობის სიხშირეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ორსულობის დროს ნებისმიერი მედიკამენტი მივიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. განსაკუთრებით სახიფათოა მედიკამენტის მიღება ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში, როდესაც პლაცენტური ბარიერი არ ფუნქციონირებს და როდესაც ნაყოფი თავისი განვითარების ყველაზე კრიტიკულ და მნიშვნელოვან პერიოდში იმყოფება.

– რა ადგილი უჭირავს ოჯახს ორსულის ცხოვრებაში?

– უდიდესი როლი ორსულის მხარდაჭერაში ენიჭება მეუღლეს. არცთუ ისე შორეულ წარსულში მამის როლი ორსულობის მიმდინარეობაში შემოიფარგლებოდა ტკივილის დაწყებისას მეუღლის სამშობიაროში წაყვანით. ორსულობის ცხრა თვის განმავლობაში ქალისათვის მამაკაცის დახმარება დიდი შვებაა არა მარტო იმიტომ, რომ ის მეუღლეს ეხმარება პრობლემის დაძლევაში, არამედ იმიტომ, რომ მონაწილეობს ქალის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში, ბავშვის დაბადებაში. როდესაც მამაკაცი მონაწილეობს მეუღლის მოვლის, მშობიარობის და ბავშვის დაბადებისათვის მომზადების პროცესში, დაბადების შემდეგ ის უფრო აქტიურად ერთვება ბავშვის აღზრდაში და უფრო მზრუნველი მამაა, რაც საყურადღებო ფაქტია.

– როგორია კვებასთან დაკავშირებული რჩევები?

– ორსულობის განმავლობაში, ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისთვის და მშობიარობისთვის მზადყოფნის მიზნით, აუცილებელია სრულფასოვანი კვება. საკვებ რაციონში განსაკუთრებით უნდა მივაქციოთ ყურადღება ისეთი ინგრედიენტების არსებობას, როგორიცაა ხორცი, რძის ნაწარმი, ხილი, ბოსტნეული. ზოგიერთ ორსულს სპეციფიკური კვება სჭირდება. მაგალითად, სრული ვეგეტარიანელები საჭიროებენ B12 ვიტამინს და თუთიის დანიშვნას, რაც ხორცის მიუღებლობის გამო განვითარებულ დეფიციტს აღმოფხვრის. ხშირია ასევე, ვიტამინების დამატება საკვებში, რაც თერაპიული ჩარევაა, და ქალისათვის საჭიროების საფუძველზე ხორციელდება.


скачать dle 11.3