კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცვლილებებს იწვევს სხვადასხვა სურნელის მოქმედება ადამიანის ორგანიზმში და როგორ გამოვიყენოთ მისი ზეგავლენა ჩვენ სასარგებლოდ


ადამიანის ორგანიზმი და ემოციური მხარე ათასწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა მასზე მოქმედი ფაქტორების მიხედვით. ამ ფაქტორთაგან გამოირჩევა არომატთა მრავალფეროვნება, რომელთაც სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება ან მათი თანაფარდობა ქმნის. არომატი მართავს გუნება-განწყობას, მეხსიერებასა და სურვილებს. შესაბამისი ცოდნის წყალობით, არომატის სასარგებლო თვისებების გამოყენება ყველას შეუძლია. ამ საკითხზე გვესაუბრება ფიტოთერაპევტი თორნიკე მარგიანი.


– რა განაპირობებს არომატის ეფექტს ადამიანის განწყობაზე?

– მხოლოდ მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში შეძლეს მეცნიერებმა გაერკვიათ, რომ სუნის „დამუშავება“ მიმდინარეობს არა ცხვირში, არამედ თავის ტვინში, ხოლო, როდესაც საქმე თავის ტვინს ეხება, შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ არომატის კავშირი მრავალ ფიზიოლოგიურ მოვლენასთან. არომატის ზემოქმედების ორი მექანიზმია ჩამოყალიბებული: ასოციაციური და რეფლექსური. ნაცნობი არომატის შეგრძნებისას, მაგალითად, ძველი სუნამოსი, გვახსენდება ის პერიოდი, როდესაც ამ სუნამოს ვხმარობდით. სწორედ ეს არის ასოციაციური მექანიზმი. რეფლექსური მექანიზმი დაკავშირებულია ცხვირის ღრუში მდებარე განსაკუთრებულ რეცეპტორებზე, რომელთა მგრძნობელობა სუნების მიმართ ყალიბდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში. მაგალითად გარკვეულ მცენარეებს ჩვენზე დამაწყნარებელი ზეგავლენა აქვს, მიუხედავად ასოციაციისა.

– შეიძლება თუ არა ყოველდღიურ ცხოვრებაში არომატების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება?

– არომატები ადამიანს უქმნის განსხვავებულ წარმოდგენას სხვადასხვა პიროვნების შესახებ. მაგალითად, გამოირკვა, რომ ის ქალბატონები, რომელთა სუნამოში გრეიპფრუტის არომატი ერია, მამაკაცების შეფასებიდან გამომდინარე, 5-6 წლით ახალგაზრდები აღმოჩნდნენ, რეალურ ასაკთან შედარებით. ქალებს მიაჩნიათ, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლები უძლურნი არიან სხვადასხვა ხილის არომატის მიმართ. გამოცდილი ქალბატონები, გასული საუკუნის ევროპაში, რამდენიმე წვეთ ვარდის ზეთს ან ატმის წვენს აწვეთებდნენ ელექტრონათურაზე საწინააღმდეგო სქესის სამართავად. იმავე ეფექტს მივიღებთ, თუ თბილი წყლით სავსე ლარნაკში მოვათავსებთ ძლიერი არომატის მქონე ყვავილებს, მაგალითად, ჟასმინს. მაგრამ, გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან მკვეთრმა არომატმა შეიძლება, თავის ტკივილი გამოიწვიოს. ყველასათვის საერთო მაგიური არომატი მამაკაცის დასაპყრობად არ არსებობს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, ინდივიდუალურად შეარჩიოთ ის: სთხოვეთ მას, ამოარჩიოს თქვენი სუნამოებიდან საუკეთესო. გამოიყენეთ ეს სუნამო რომანტიკულ და მნიშვნელოვან სიტუაციებში – ამით მამაკაცს გამოუმუშავდება ზემოთ ნახსენები ასოციაციური ყნოსვა, რაც თქვენს სასარგებლოდ შეგიძლიათ, გამოიყენოთ. მაგალითად, მეუღლის მივლინებაში წასვლის წინ, თქვენი სუნამოს ორი-სამი წვეთის დაპკურება მის სამგზავრო ჩანთაზე, სრულიად საკმარისი იქნება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმივად ახსოვდეთ.

– შესაძლებელია თუ არა არომატის გამოყენება კომერციული მიზნებისათვის?

– ეს არა მარტო შესაძლებელია, არამედ უკვე აპრობირებულიცაა. არომატებით მანიპულირება წარმატებით გამოიყენება კომერციულ საქმიანობაში. პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიყენეს არომატიზატორები კვების პუნქტებში. დადგენილია, რომ კარტოფილი „ფრის“ ჭარბი მოხმარება სწორედ მის სუნთანაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ დაინერგა ტექნოლოგიები მომზადების დროს არომატის შესანარჩუნებლად. ფეშენებელურ რესტორნებში გავრცელებულია გადასაფარებლის „მთის ჰაერის“ არომატიზატორებით გაჟღენთვა, რადგან ეს შიმშილის გრძნობას აძლიერებს. საკონდიტროებიდან გამოსული ვანილისა და დარიჩინის სურნელი კი საკმაოდ დიდი მანძილიდან გვიზიდავს. არომატების გამოყენება შესაძლებელია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების ჩვენს სასარგებლოდ გადასაწყვეტად, გონებრივი სამუშაოს გასამარტივებლად და ცალკეული პიროვნების მანიპულირებისათვისაც კი.

– რომელ სურნელს გააჩნია ყველაზე ეფექტური მოქმედების უნარი და რა შემთხვევებში გამოიყენება ისინი?

– სხვადასხვა ტიპის არომატი ადამიანებზე განსხვავებულად მოქმედებს, მაგრამ, ბუნებრივი სუნების ეფექტი გამოცდილი, დამტკიცებული და პოპულარულია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ პიტნა მოქმედებს ტვინის იმ ზონაზე, რომელიც პასუხისმგებელია დილით გაღვიძებაზე. ექსპერიმენტულმა ცდებმა დაადასტურა, სპორტსმენები ამ არომატის წყალობით უფრო ჩქარა დარბოდნენ და დიდხანს იტანდნენ ფიზიკურ დატვირთვას. ეს მოვლენა ჩვენს სასარგებლოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუ ფიზიკური დატვირთვა მოგვიწევს. ვანილისა და დარიჩინის სუნი ეხმარება ადამიანს წონის დაკლებაში. ისინი გაგვიცვლიან იმ სიამოვნებას, რომელსაც ჩვენ გარკვეული ტკბილეულის მიღებით განვიცდიდით. თუ ვანილის არომატს შევისუნთქავთ მშიერ მდგომარეობაში, ეს მხოლოდ გააძლიერებს შიმშილის გრძნობას, მაგრამ მათი გამოყენება სადილის შემდეგ დაგვეხმარება დესერტზე უარის თქმაში. მოცვი არაჩვეულებრივად ასტიმულირებს ყნოსვის მგრძნობელობას და დადებითად მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. მოცვის გამოყენებას სასარგებლო ეფექტი ექნება გონებრივი სამუშაოს შესრულებისას, მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ ეს არომატი თქვენთვის არაფერთან არ ასოცირდება. გუნება-განწყობას ასევე ამაღლებს ციტრუსების სურნელი, ადამიანი მომენტალურად განეწყობა პოზიტიურად რაიმე ნეიტრალური საკითხის მიმართ. მეცნიერებმა განსაკუთრებული მაღვიძარაც კი გამოიგონეს, რომელიც ზარის დარეკვის ნაცვლად, მონიშნულ დროს ციტრუსის არომატს აფრქვევს. ციტრუსი მედიცინაშიც გამოიყენება. ცდის მიხედვით, ქალბატონები ბევრად უფრო პოზიტიური განწყობით იყვნენ დანტისტთან ვიზიტისას სტომატოლოგიურ კაბინეტში ციტრუსის არომატის მოფრქვევის შემთხვევაში. ასე რომ, თუ სიზარმაცე შემოგეპარებათ, ფორთოხალი გაფცქვენით. ექსპერიმენტებმა ასევე უჩვენა, რომ საძინებელში ჟასმინის არომატის თანხლებით ძილი ღრმაა. ასეთი ღამის შემდეგ ადამიანები ბევრად უფრო დასვენებულად გრძნობენ თავს. ეს არომატი ასტიმულირებს ტვინის იმ მონაკვეთს, რომელიც პასუხისმგებელია ძილის ღრმა ფაზაზე. ბალიშზე ჟასმინის რამდენიმე წვეთის დაწვეთებით, შეგიძლიათ, უძილობას ებრძოლოთ. ჟასმინის არომატი ასევე წარმატებით გამოიყენება ძვირად ღირებულ სასტუმროებში.

– შესაძლებელია არომატების გამოყენება მედიცინაში?

– არომატების ერთ-ერთი განმაცვიფრებელი თვისებაა ტკივილის მოხსნა. ლიმონის არომატი გვეხმარება თავის ტკივილისას, იასამანი – კბილის ტკივილს ამსუბუქებს. მაგრამ, უკანასკნელი ინფორმაციით, „ტკბილი სუნები“, ისეთები, როგორიცაა ვანილისა და შოკოლადის არომატი, ყველაზე ეფექტურია ტკივილის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის შესამცირებლად. მათი ზემოქმედების წყალობით, ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ტკივილის გამაყუჩებელ ნივთიერებებს. არომათერაპია დიდი წარმატებით გამოიყენება ფსიქოლოგიური პრობლემების დროს, რადგან, ეს მეთოდი განწყობის ამაღლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ზოგადად, განწყობის გაუმჯობესება და უარყოფითი აზრებისაგან გათავისუფლება ნებისმიერი სასიამოვნო არომატის დამახასიათებელი თვისებაა, მაგრამ ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტის ქონა ოდითგანვე დამტკიცდა ვარდისა და კატაბალახას შემთხვევაში. არომატებით ზემოქმედება, გემოვნებიან მუსიკასთან ერთად, ფართოდ გამოიყენება დასავლეთ ევროპაში ქალების მშობიარობის დროს, ტკივილის შესასუსტებლად.

– რას ურჩევთ მკითხველს?

– სტრესისაგან სწრაფად გასათავისუფლებლად, ამოირჩიეთ რაიმე სპეციფიკური, თქვენთვის სასიამოვნო არომატი. შეისუნთქეთ ის, როდესაც იმყოფებით კარგ ხასიათზე. რამდენიმე სეანსის შემდეგ მისი მოქმედება თქვენგან დამოუკიდებელი გახდება – როგორც კი შეიგრძნობთ გარემოში ამ სურნელს, უმალვე გაგიუმჯობესდებათ განწყობა. გერმანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ არომატის მეშვეობით დამახსოვრებული ინფორმაციის აღდგენაში ყველაზე მეტად გვეხმარება ვარდის სურნელი. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა დაემახსოვრებინათ რამდენიმე სურათი. ადამიანები, რომლებიც ღამით ვარდის სურნელს იყნოსავდნენ, დილისთვის სურათებზე არსებულ გამოსახულებებს 97,2 პროცენტის სიზუსტით იხსენებდნენ, დანარჩენები კი ძალზედ შორს იყვნენ ამ მაჩვენებლისგან. დაახლოებით ასეთივე ეფექტი აქვს პიტნას. საკუთარ თავზე ცდის ჩატარება სტუდენტებსაც შეუძლიათ: თუ იმეცადინებენ ამ მცენარის ზეთის არომატის თანხლებით, ხოლო გამოცდაზე წასვლის წინ ტანსაცმელზეც მიიპკურებენ მას, შედეგი ნამდვილად განსაცვიფრებელი იქნება.


скачать dle 11.3