კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ისჯიან საკუთარ თავს ადამიანები სხვისი განკითხვით

დიდი ბოროტებაა ძვირის თქმა. როგორც ხომალდის პატარა საჭეს მიჰყავს გემი, საითაც სურს, ასევე ენა უძღვის ადამიანს სიკეთისა ან ბოროტებისკენ. წმიდა მამები ძალიან განაქიქებენ სხვების ცოდვების, ნაკლისა თუ ცუდი ჩვევის განკითხვას.

ძმის განკითხვისათვის დიდი ცოდვით დავისჯით საკუთარ თავს. როდესაც ვფარავთ ძმას, ჩვენც დაგვიფარავს ღმერთი დიდი ცოდვებისგან, როცა ვააშკარავებთ მას, ღვთის მადლს განვდევნით ჩვენგან – უფალი ჩვენს იმავე ცოდვებში ჩავარდნას დაუშვებს, რათა ვისწავლოთ, რომ უძლურები ვართ და ღვთის მადლი გვფარავს. ვინც იცავს ენას, ის თავის სულს დიდი ცოდვებისა და დაცემისაგან იცავს.

განკითხვისა და ძვირის თქმის ძირითადი მიზეზი ამპარტავნება და ეგოიზმია, რადგან ადამიანს საკუთარი თავი სხვებზე უკეთესი ჰგონია. ამიტომ ძალზე სასარგებლოა, თავი ყველაზე მცირედ ჩავთვალოთ, რათა ძმა მივიჩნიოთ უკეთესად და ღვთის შეწევნით შევძლოთ ამ ბოროტებისგან თავის დახსნა.

ფრთხილად იყავი, შვილო, არავინ განიკითხო! ყველა ჩვენგანს განამტკიცებს ღვთის მოწყალება და თუ ამპარტავნება მოგვეძალება, ღმერთი აღიღებს მადლს და სხვებზე უარესები გავხდებით.

სხვა რამაა, განიკითხავდე და სხვა – გებრძოდეს განკითხვა. განკითხვა საშინელი ვნებაა, ხოლო განკითხვასთან ბრძოლა და მისი წინააღმდეგობა გვირგვინის მინიჭების მიზეზი ხდება.

ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან სახარების რჯულს გადადიხართ და „ყოველმან სჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო სასჯელი კუალადგებისაი“ (ებრ. 2,2). „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?“ (რომ. 14,4). არ იცით, რომ, ვინც განიკითხავს, ამპარტავნებისგანაა შეცდომილი და რომ „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 14,11) უფლის მიერ, როცა ის განსაცდელში აღმოჩნდება?

ერთმა მეორის უძლურებები უნდა მოითმინოს. ვინ არის სრულყოფილი? ვის შეუძლია დაიქადოს, რომ გული შეუბილწავად აქვს დაცული? მაშასადამე, ყველანი სნეულები ვართ და, ვინც ძმას განიკითხავს, ვერ გრძნობს, რომ თავადაც ავადაა, რადგან ავადმყოფი ავადმყოფს არ განიკითხავს.

განკითხვა მნიშვნელოვანი ცოდვაა, ისევე, როგორც მნიშვნელოვანია მოყვასის უძლურების მოუთმენლობა.

გიყვარდეთ, მოითმინეთ, თვალი დახუჭეთ სხვის შეცდომებზე, ნუ განრისხდებით, ნუ აენთებით ბრაზით, ერთმანეთს შეუნდეთ, ქრისტეს რომ მიემსგავსოთ და სასუფეველში მის სიახლოვეს ყოფნის ღირსი გახდეთ.

მოერიდეთ, შვილებო, განკითხვას, ის ძალიან დიდი ცოდვაა. როცა განვიკითხავთ და გვძულს ადამიანები, ღმერთი ძალიან დამწუხრებულია. მხოლოდ საკუთარ შეცდომებზე ვიზრუნოთ, ისინი გვტკიოდეს, საკუთარი თავი განვიკითხოთ და მაშინ ვპოვებთ ღვთის წყალობასა და მადლს.

ერთმანეთი გიყვარდეთ და ეგოიზმის გამო ნუ გამწარდებით. სიმდაბლე საიმედო მეგზურია. იგი არ აძლევს მდაბალს საშუალებას, შეეჯახოს დაუდევრობის წყალქვეშა ქვებს და დაიმსხვრეს იმ შეჯახებისას, არამედ, როგორც ნათელი მეგზური, შეუცდომლად მიუძღვის უსაფრთხოებისკენ!

ეგოიზმი ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ურჩი გულის სიტყვების მეშვეობით იგი ყველა შეცდომას თვალსაჩინოს ხდის. გეშინოდეთ მისი და შეეცადეთ, გათავისუფლდეთ მისგან, რადგან, რაც უფრო დიდხანს რჩება ჩვენში თავის ნებაზე მიშვებული, მით მეტ ჭრილობას გვაყენებს შესაბამისი ტკივილებით.

გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ეს სიამაყეა. ძმის მიერ ძმის შეცდომის გამართლება სიმდაბლისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, რომელიც ამას აკეთებს, ღვთისგან დიდ მადლს ჰპოვებს; მან კი, ვინც განიკითხავს და აბრკოლებს მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ არათუ მადლს ვერ ჰპოვებს, არამედ, რაც აქვს, იმასაც დაკარგავს, რათა ტანჯვით ისწავლოს სიმდაბლის გაკვეთილი.

ყველაზე მეტად შინაგანი – გულისსიტყვათამიერი განკითხვისა გეშინოდეთ. და ეს იმიტომ, რომ სხვისთვის საცნაური არ ხდება სიტყვის მეშვეობით და მსმენელის მიერ მისი გამოსწორების შესაძლებლობა არ არსებობს. ერიდეთ შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად მომაკვდინებელ დამნაშავედ გვაქცევს. გვწყვეტს ღვთაებრივი მადლის ცხოვრებას და უმწარეს სასმელს – სულიერ ტკივილს გვთავაზობს.

განკითხვის შესახებ წმიდა სახარება და მამები ბევრს გვეუბნებიან. უმჯობესია სიმაღლიდან დაცემა, ვიდრე ენისაგან.

გამოცდილებამ აჩვენა, რომ, თუ დამნაშავემ ბრალდებისას თავი არ იმართლა, იჩაგრება. როგორც ამბობს წმიდა სახარება: „ნუუკე სჯული ჩვენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?“ (იოან. 7,51).

თუ უყურადღებოდ ვიქნებით, ბევრი განკითხვა დაგროვდება და მაშინ სინანულია საჭირო. რამდენჯერ დაულაპარაკია ადამიანს და მოსანანიებლად არ გახდომია ეს? გავიხსენოთ აბბა არსენის სიტყვები: „რამდენჯერაც დავილაპარაკე, ვინანე, თუკი დავდუმებულვარ, არასოდეს მინანია“.

თუ შეხებითაც ვცდებით, რაოდენ უფრო სიტყვებით, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან ეშმაკი, „ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს“ ჩვენს გადასაყლაპავად. ქრისტიანი მოვალეა, მრავალთვალა ქერუბიმს დაემსგავსოს – ბოროტება ძალიან მომრავლდა, განსაკუთრებით განკითხვის ცოდვა – პური და ყველივით არის. ღმერთმა განგვანათლოს და წმიდა გვყოს მის სადიდებლად.

ხედავთ იმ ძმას, რომელიც იყო უდები და მცონარე, ეკლესიაში არ დადიოდა და ღამისთევის ლოცვებზე არც მონაზვნურ მოვალეობებს აღასრულებდა? მას იცნობდნენ ძმები და ზარმაცად მიიჩნევდნენ. როცა იგი დასნეულდა და სიკვდილის დრო მოუახლოვდა, მასთან შეიკრიბნენ ძმები რამე სულისთვის სარგოს მოსასმენად, ან მის სანუგეშებლად, ან იქნებ მომაკვდავთან გამოსათხოვებლად. მაგრამ ნახეს, რომ იგი მხიარულია. ერთი ძმა დაბრკოლდა და ამბობს: „ამას რას ვხედავ, ძმაო? მხიარული ხარ მაშინ, როცა სიკვდილს უახლოვდები. გულისსიტყვა კი გვეუბნება, რომ არ იყავი მოღვაწე ადამიანი. აბა, საიდან გაქვს ეს სიმხნევე და მხიარულება? რა არის ამის მიზეზი?“ „დიახ, ძმებო, – ამბობს იგი, – მართლაც ზარმაცი ვიყავი და არ ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. მაგრამ ღვთის მადლით, ერთი სიკეთე მქონდა – არც ერთი ძმა არ განმიკითხავს და არ დამიბრკოლებია. მზის ჩასვლამდე არასოდეს ვაძლევდი გულს უფლებას, რამე მქონოდა მონასტრის რომელიმე ძმის წინააღმდეგ. და რაკი არ განვიკითხავდი, არც განვიკითხები“ (მათ. 7,1) . განცვიფრდნენ ძმები და თქვეს: „ძმაო, ძალიან ადვილად გიპოვია ცხონების გზა“. დიდი სიხარულით მიიცვალა ის ძმა.

ხედავ, როგორ იღვწოდნენ მამები, როგორ პოულობდნენ ცხონების გზას?!

მომზადებულია ახალი

შუამთის დედათა მონასტერში

скачать dle 11.3