როგორ ვებრძოლოთ ნაოჭებს
წლების მატებასთან ერთად სახესა და ყელზე ჩნდება ხაზები, რომელთა დანახვაც ყოველ ქალბატონს ასაკს ახსენებს და, აქედან გამომდინარე, მეტად არასასიამოვნო განწყობაზე აყენებს.
ცხადია, ოდესმე მაინც ვერ ავცდებით ამ არასასურველ ხაზებს, მაგრამ, თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს დავიცავთ და ცოტა მეტ დროს დავუთმობთ საკუთარ თავს, გვერწმუნეთ, ხანდაზმულობის ეს არასასურველი „სიგნალი“ მაქსიმალურად, გვიან იჩენს თავს და, თანაც, საკმაოდ მსუბუქად.
დღეს ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე წესს, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფს თქვენი ახალგაზრდობის ხანგრძლივობას. ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული წესების დაცვა ახალგაზრდა ქალბატონებს უფრო ეხებათ, რათა ეს ბედნიერი ასაკი გაიხანგრძლივონ და მხნედ და ლამაზად გამოიყურებოდნენ.
მაშ, ასე: რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მარად ახალგაზრდები დავრჩეთ:
1) მოიწესრიგეთ კვება და, შესაბამისად, კუჭ-ნაწლავის მოქმედება; მოერიდეთ შემწვარს, ცხარე-მწარე საკვებს; ნუ მიირთმევთ საღამოს 8 საათის შემდეგ.
2) კონტროლი გაუწიეთ თქვენს მიმიკებს.
3) წესად შემოიღეთ დილით და საღამოთი გამამხნევებელი ვარჯიშების ჩატარება და დღეში ერთხელ წყლის პროცედურები. სასურველია, კვირაში ორჯერ მაინც, აუზსაც ესტუმროთ.
4) არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ მაკიაჟით. გაიწმინდეთ სახე ტონიკით ან ლოსიონით და წაისვით ღამის მკვებავი.
5) დიეტის დროს ნუ იქნებით სულსწრაფი. ერთბაშად გახდომა ადუნებს და ანაოჭებს კანს. ამიტომ, ჯობია, ნელ-ნელა გახდეთ. გახდომის შემდეგ კი შეეცადეთ, აღარ გასუქდეთ, რომ სხეულზე სტრიები არ გაგიჩნდეთ.
6) თქვენი კვების რაციონში მთავარი ადგილი დაუთმეთ რძის პროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს. ფორთოხალი, გრეიპფრუტი, კივი და ანანასი თქვენს ორგანიზმს მრავალი არასასურველი „სტუმრისგან“ დაიცავს, რაც, უპირველესად, თქვენი სახის კანსა და ყელზე აისახება.
7) ქალაქში ყოფნისას მოერიდეთ მზეს. პლაჟზე გასვლის წინ კი აუცილებლად მოიშორეთ სახიდან მაკიაჟი და წაისვით მზისგან დამცავი კრემი. ეცადეთ, არ მიიღოთ დამწვრობა, სახეზე ლაქები რომ არ გაგიჩნდეთ.
8) გამორიცხეთ სოლარიუმი – ესაა პირველი მტერი არა მარტო კანისთვის, არამედ, საერთოდ, ჯანმრთელობისთვის.
9) ყოველდღე გაიკეთეთ იმ პროდუქტის ნიღაბი, რაც იმ წუთას გაქვთ ხელთ: ხილის, ბოსტნეულის, რძის ნაწარმის, კვერცხის, თაფლის, მაიონეზისა და ასე შემდეგ. ამით დაიცავთ კანს გამოშრობისგან.
10) ყოველ დილას და საღამოს გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი – ამას თვითონაც შეძლებთ. კვირაში ერთხელ კი საჭიროა, სერიოზული მასაჟი გაიკეთოთ სახესა და ყელზე, რაშიც სპეციალისტის დახმარება დაგჭირდებათ.
11) აიღეთ მიტკლის ნაჭერი ან ოთხად დაკეცილი დოლბანდი, გამოჭერით სამი „ბუბლიკი“, (ორი – თვალებისთვის, ერთი – პირისთვის), კარგად გაპოხეთ მკვებავი კრემით (რომელსაც წინასწარ 10-15 წვეთ ლიმონის წვენს შეურევთ), წამოწექით და დოლბანდის რგოლები დაიდეთ თვალებსა და პირზე. თუ არ ჩამოგივარდებათ, შეგიძლიათ, მთელი საღამო არ მოიხსნათ. ასეთივე „კომპრესი“ გაიკეთეთ ყელსა და დეკოლტეზე.
შესაძლოა, ზოგიერთ ქალბატონს ირონიულად გაეღიმოს და თქვას, სად მაქვს მაგის დროო. მართალია, ძნელია, უაღრესად დატვირთულ დღეს თუნდაც ერთი საათი გამოსტაცო საკუთარი თავისთვის, მაგრამ, იმდენად დიდია გარეგნული და შინაგანი ეფექტი, რომ, გვერწმუნეთ – ჩიტი ბდღვნად ნამდვილად ღირს.