მიიღეთ საჭირო რაოდენობის მარილი
მარილი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პროდუქტია. მისი შემადგენელი ნაწილები, კერძოდ, კი ნატრიუმი და ქლორიდი, არეგულირებს ადამიანის ორგანიზმში წყლისა და მარილის ცვლას.
ქლორის იონები ხელს უწყობს კუჭში მარილმჟავას წარმოქმნას, ნატრიუმის იონები კი უზრუნველყოფს უჯრედებში გლუკოზის დროულად მიტანას.
მარილის დღეღამური დოზა დაახლოებით 10 გრამია. მისი ჭარბი გამოყენება ზრდის ჰიპერტონიის რისკს, ხელს უშლის ორგანიზმიდან წიდებისა და სითხის გამოდევნას, აძნელებს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობას, აღიზიანებს შარდსადენ გზებს. მარილის დეფიციტი კი იწვევს საჭმლის მონელების ტრაქტის მოშლას, ორგანიზმის გაუწყლოებას, წნევის ვარდნას, თავბრუსხვევას, სისუსტეს, მეხსიერების დაქვეითებას, უმადობას, არაჯანსაღ ძილს.
ჯანმრთელობა რომ შეინარჩუნოთ, აუცილებელია, მარილი ზომიერად და ყოველდღიურად გამოიყენოთ.
როგორც ყველასთვის ცნობილია, იოდის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით კი ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ მუშაობაზე. ამ დეფიციტს შეგივსებთ იოდიზებული მარილის კერძებში გამოყენება.
მარილს, ასევე, გამოიყენებენ არაერთი დაავადების სამკურნალოდ, მაგალითად, ყელის ტკივილის, სურდოსა და ხველების დროს გამოივლეთ ყელში და გამოირეცხეთ ცხვირი, დაახლოებით სამ-ოთხ საათში ერთხელ, ერთი მესამედი ჩაის კოვზი მარილის, ხუთი წვეთი ლიმონის წვენისა და ერთი ჭიქა ანადუღარი წყლის ნარევით.
კბილის ტკივილის დროს ერთი ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ ერთ ჩაის ჭიქა ანადუღარ თბილ წყალში და კარგად მოურიეთ. გამოივლეთ პირში ჭამამდე და ჭამის შემდეგ.
თუ ფეხები დაგისივდათ, დაახლოებით 40-50 გრამი მარილი გახსენით ერთ ლიტრ წყალში, კარგად დაასველეთ პირსახოცი და ფეხებზე შემოიხვიეთ. გაიჩერეთ ნახევარი საათით და ფეხები აუცილებლად დაგიცხრებათ.