რატომ არ უნდა ისურვოს ქრისტიანმა განსაცდელისგან გათავისუფლება
როდესაც შენზედ მოწევნილ განსაცდელს მადლობით ითმენ, გაფრთხილდი, მტერმა მისგან გათავისუფლების პატივმოყვარე სურვილით არ აღგძრას, რამეთუ ამის გამო ორგვარი დანაკარგი გექნება: პირველი, თუკი შეიწყნარებ ამგვარ სურვილს, მოთმინების სათნოებას მყისვე არ დაკარგავ, მაგრამ მნიშვნელოვნად შეარყევ მას, რადგან განსაცდელისაგან თავის დახსნის განუხორციელებელი სურვილი თანდათან მოაუძლურებს მას, საბოლოოდ კი მოუთმენლობაში შთაგაგდებს; მეორე: მოთმინება ამ ჟამიდან იძულებითი გახდება: უფალს კი კეთილად გამცემი უყვარს და მისაგებელსაც მას ანიჭებს. ამის შემდეგ კვლავ განაგრძობ მოთმენას, რადგანაც ერთი მხოლოდ სურვილი – თავი დაიხსნა განსაცდელისაგან – ვერ გაგათავისუფლებს მისგან, მაგრამ შენი მოთმინება ჯილდოს გარეშე დარჩება. ღმერთი მოთმინებისთვის სანაცვლოს მოგაგებს მხოლოდ იმ დრო-ჟამამდე, ოდეს ღმრთივსათნოდ ითმენდი, მისგან არიდებას არ ეძიებდი, ხოლო მას შემდეგ, რაც მსგავს ზრახვას შეიწყნარებ, ღმერთი აღარაფერს მოგიზღავს იმიტომ, რომ უხალისოდ ითმენ. პირიქით, თუკი განსაცდელისაგან თავის დაღწევის მოძალებულ სურვილს განაგდებ და აშთობ, სრულად მიენდობი უფლის ნებას, ამჟამინდელზე ასჯერ უფრო მძიმე განსაცდელის დასათმენად მზადყოფნას გამოხატავ – უკეთუ უფალი ინებებს წარმოგიგზავნოს იგი, – მაშინ, ამჟამინდელი განსაცდელი ხანმოკლეც რომ იყოს და სულ რამდენიმე საათი გაგრძელდეს, ღმერთი ისე მიიღებს, თითქოს ყველაზე ხანგრძლივი განსაცდელი დაგეთმინოს და მას შეუფარდებს საზღაურს შენთვის.
მსგავსად ამისა, ყოველ სხვა შემთხვევაშიც ნუ მიუშვებ შენს სურვილებს თავის ნებაზე, არამედ იპყარ ისინი შენს ხელქვეით იმგვარად, რომ ერთი მთავარი მიზნისკენ მიმართო – განმტკიცდე ღმერთის ნების აღსრულებაში და ხვიდოდე მისი ნების თანახმად, რამეთუ მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შენი სურვილები წრფელი და კეთილი და, ყოველი უსიამოვნო შემთხვევისას მშვიდად იქნები, ღმრთის ნებას მინებებული. გწამს რა გულწრფელად, რომ ღმრთის ნების გარეშე არაფერი მოიწევა შენზე და გსურს რა, რომ საქმითაც მხოლოდ ღმრთის ნების აღმსრულებელი იყო, ცხადია, რაც უნდა შეგემთხვას, მუდამ შენთვის სასურველ ვითარებაში აღმოჩნდები.
ჩვენს სიტყვებში, რომ არაფერი შეგემთხვევა ღმრთის ნების გარეშე, არ იგულისხმება პირადი და სხვა ადამიანთა ცოდვები იმდენად, რამდენადაც ღმერთი არ არის ცოდვის მოსურნე, არამედ, იგულისხმება განსაცდელი და კვეთება, რომლებიც ან გულისხმყოფისა და განსწავლისათვის, ან ცოდვათა ჩვენთა გამო, სასჯელად გვეგზავნება. ისინი კეთილად მოქმედებენ ჩვენზე და სამართლად იწოდება, როგორც მაცხოვნებელი ჯვარი, რომელსაც ის ყველაზე ხშირად თავის უახლოეს და უსაყვარლეს მოღვაწეებს აკისრებს და რომლის ზიდვაც ფრიად სათნო უჩნს მას.
ჩვენი გამონათქვამის მიხედვით, რომ არ გსურდეს, განევლტო ღმრთისგან მოვლენილ განსაცდელს, იგულისხმება ღმრთის ნების მორჩილება. ჩვენ არ ძალგვიძს, არ შევთხოვოთ მას განსაცდელთაგან გათავისუფლება, რამეთუ ჩვენს ბუნებაში თვით უფალმა ჩადო კეთილდღეობის სურვილი, ამიტომ ინება ჩვენთვის მოცემულ ლოცვაში ჩაერთო სიტყვები: „ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“, რომელთაც ყოველდღე რამდენჯერმე ვიმეორებთ კიდეც. თუკი ამ ლოცვის წარმოთქმის შემდეგ, რომელსაც, რა თქმა უნდა, შეისმენს ღმერთი, განსაცდელს წარმოგვიგზავნის, ცხადია, ის მისი ნებით არის დაშვებული, რომელსაც, როგორც მის ნებას დამორჩილებული ქმნილებანი, ამჟამადაც გვმართებს, დავმორჩილდეთ და წარმოგზავნილი განსაცდელი ვიტვირთოთ ისე, როგორც ჩემი და შენი გადარჩენისთვის აუცილებელი საშუალება. თვით ლოცვაც – „ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“, – გულისხმაჰყავი ამგვარად: „არა ვითარცა მე მნებავს, არამედ, ვითარცა შენ“ – მსგავსად მაცხოვრისა, ესე იგი, გმართებს, წართქვა არა იმიტომ, რომ წარგხადოს განსაცდელი და არანაირი სახით არ გსურდეს იგი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ესრეთ გვიბრძანა ლოცვა უფალმა; ამავე დროს, სულში უნდა გაქვნდეს სრული მზადყოფნა, დიდსულოვნად მიიღო ის, რაც უფლის ჯერჩინებით წარმოიგზავნება შენზედ და არ განებივრდე პატივმოყვარე სურვილით მარადიული კეთილდღეობისა, რომელიც არ იპოვება დედამიწაზე, რამეთუ მისი საუფლო მომავალი საუკუნო ცხოვრებაა.