როდის უჩნდება ადამიანს ცოდვის ჩადენის მკაფიო სურვილი და რატომ არის ნევროზი ვნებების მიშვებული ფორმა
ყოველმა ქრისტიანმა კარგად ვიცით, რომ ღმერთმა ადამიანი თავის ხატისამებრ და მსგავსებისამებრ შექმნა, ამიტომ, შექმნისას ადამიანს უცოდველი ბუნება ებოძა. მაგრამ, ჯერ კიდევ პირველი ადამიანი – ადამიც არ დარჩენილა უცოდველი. დაკარგა რა პირველქმნილი სიწმიდე, ცოდვიანობის ამ საწამლავმა შემცოდე წინაპართაგან წარმოშობილი კაცობრიობის მთელი მოდგმა დაასნებოვნა. რადგან თითოეული ადამიანი წინაპართაგან მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვებს თავის საკუთარ, პირად ცოდვასაც უმატებს, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წმიდა ბიბლია ყოველი ჩვენგანის მიმართ ამბობს: „არ არსებობს ადამიანი, თუნდაც ერთი დღე იცოცხლოს და არ შესცოდოს“.
– მამაო, როგორ წარმოიშობა ადამიანში საცდური?
მამა გიორგი (ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): ცოდვა – სულიერი კეთრია, ავადმყოფობა და წყლული, რომელმაც დააზიანა მთელი ადამიანური ბუნება, მისი სულიც და ხორციც. ცოდვამ დააზიანა სულის სამივე უნარი, ძალა: გონება, გრძნობა (გული) და ნებისყოფა. მაგრამ, შესაძლებელია ცოდვით უფრო მეტად დაზიანდა ადამიანის გული – ცენტრი მისი განცდებისა, კეთილისა და ბოროტის, ნაღველისა და სიხარულის შეგრძნებებისა და, გულმაც ქრისტიანულად ამაღლების შეგრძნების უნარი დაკარგა. მაგრამ, ცოდვით ასევე მძიმედ ზიანდება ადამიანის ნებისყოფა. როგორ ვითარდება ცოდვა ადამიანის სულში? ქრისტიანული ასკეტიზმისა და ღვთისმოსაობისთვის მოღვაწე წმიდა მამები ცოდვის სამ სტადიას – ხარისხს განსაზღვრავენ: პირველი მომენტი ცოდვისა არის ნდობა, როცა ადამიანის ცნობიერებაში მხოლოდ გამოისახება ესა თუ ის საცდური. თუკი ადამიანი პირველ მომენტშივე მტკიცედ და დაუყოვნებლად უარყოფს ცოდვას, ის კი არ შესცოდავს, არამედ დაამარცხებს ცოდვას, ამ დროს ყველაზე ადვილია საცდურის დაძლევა. თუ ნდობა უარყოფილი და დაძლეული არ იქნება, ის გადადის გაურკვეველ მისწრაფებაში, შემდეგ კი – ცოდვის ჩადენის მკაფიო სურვილში. ამ დროს ადამიანი ცოდვისკენ მიდრეკას იწყებს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია, არ აჰყვეს ცოდვის საცდურს და არ შესცოდს, რაშიც მას საკუთარი სინდისი და ღმერთი დაეხმარება, თუკი მას მიმართავს. გაცილებით ძნელია ცოდვასთან ბრძოლა მაშინ, როცა ის ხშირი გარემოების გამო ადამიანს ჩვევად გადაექცევა. საერთოდ, ადამიანი ნებისმიერი ჩვევის შეძენის შემდეგ, ჩვევად გადაქცეულ ქმედებას ძალზე იოლად სჩადის, თითქოს შეუმჩნევლად, თავისთავად. ამიტომაცაა, რომ ჩვევად ქცეული ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლა უჭირს, რამდენადაც მისთვის უკვე ძნელია არა მხოლოდ საკუთარი თავის დაძლევა, არამედ მოახლოებული ცოდვის შემჩნევაც. უმაღლესი ხარისხის ცოდვაა, როცა ის უკვე სრულებით იმონებს ადამიანს. არის ვნება ამ თუ იმ ცოდვისმიერი ტიპისა, ამ მდგომარეობაში ადამიანს უკვე აღარ შეუძლია, ეზიზღებოდეს საკუთარი თავი, როგორც მანკიერება და მთლიანად ემორჩილება მას თავის განცდაში, მოქმედებასა თუ განწყობაში. აქ უკვე ადამიანი პირდაპირ უღებს გულის კარს სატანას და მას, ასეთ შემთხვევაში, კურთხეული ეკლესიის გარეშე უკვე ვერაფერი უშველის. მაგრამ, არსებობს ცოდვის კიდევ ერთი განსაკუთრებული, თავზარდამცემი და დამღუპველი სახე – ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა ადამიანისა, რომელიც ისეთ ცოდვილ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მას ეკლესიური ლოცვაც აღარ უშველის.
როცა ადამიანის წინაშე საცდური წარმოიშობა, ის ძირითადად სამი წყაროდან იღებს სათავეს: საკუთარი სხეულიდან, წუთისოფლისგან და ეშმაკისგან. ადამიანის სხეული არის წყარო ზნეობის საწინააღმდეგო მიდრეკილებისა და მისწრაფებისა. წინაპართა ცოდვა – ეს ჩვენი საერთო მიდრეკილებაა ცოდვისკენ, მემკვიდრეობითობა ჩვენი წინაპრების ცოდვებისგან. ამას ემატება ჩვენი საკუთარი ცოდვები, ყველაფერი ეს გროვდება, ერთმანეთს აძლიერებს და ჩვენს სხეულში ქმნის საცდურს, ცოდვიან განწყობილებას. უფრო ხშირად ცოდვის წყაროდ ჩვენი გარემომცველი წუთისოფელი გვევლინება, რომელიც, იოანე მოციქულის სიტყვით: „ბოროტებაშია ჩაფლული“, რომელთან მეგობრობაც, მეორე მოციქულის აზრით, ღმერთთან მტრობაა. თუმცა, ძირითადი წყარო ცოდვისა, რა თქმა უნდა, ეშმაკია, რომლის შესახებაც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: „ცოდვის ჩამდენი ეშმაკი არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა“.
– მამაო, შეიძლება, ნევროზი ცოდვით იყოს გამოწვეული?
– ნევროზს სამართლიანად უწოდებენ ვნებათა მიშვებულ ფორმას. წმიდა მამები ამ სიტყვას განმარტავდნენ, როგორც სულის ცოდვიან განწყობას. ნერვული სიმპტომატიკის სიღრმეში ადამიანის გულში არსებული სიყვარულის განლევა დევს საფუძვლად, ხოლო იქ, სადაც სიყვარული არ არსებობს, ყვავის გულგრილობა, მოუთმენლობა, გაღიზიანება და მრისხანება. ნევროზით დაავადებულმა ერთმა ადამიანმა აღიარა: „მე მღუპავს შური, როცა დავინახავ, რომ მეზობელს ან ნაცნობს უკეთესი რამ აქვს, ადგილს ვერ ვპოულობ, თითქოს ვიწვი შიგნიდან“. ეს კარგად მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად რეალურია კავშირი ნევროზსა და ვნებებს შორის. ნევროზის ღრმა არსი საიდუმლოებაა, რომელიც მხოლოდ ღვთისთვის არის ცნობილი. მაგრამ, ბევრი ადამიანი ამ სენისგან განკურნებას ღვთის შეწევნისა და ქრისტეს რწმენის გარეშე ცდილობდა და ცდილობს. ნევროზით შეპყრობილი ბევრი ადამიანი გულგრილობასა და სიცივეზე ჩივის. ღირსი სერაფიმ საროველი გვასწავლის: „ღმერთი ცეცხლია, რომელიც ადამიანის გულსა და შინაგან სამყაროს ათბობს და ახურებს. ასე რომ, თუ გულში სიცივეს ვგრძნობთ, ეს ეშმაკისგან არის, რამეთუ ეშმაკი ცივია. ამიტომ ღმერთს მოვუხმოთ, რომელიც მოვა და ჩვენს გულს გაათბობს სრულყოფილი სიყვარულით არა მარტო ღვთისადმი, არამედ მოყვასისადმი. სითბო სიკეთის მოძულე ეშმაკეულ სიცივეს გაანადგურებს“. ნევროზისგან განკურნების ერთ-ერთი გზა – ღვთისადმი სიყვარული, მორჩილების გრძნობა და მომეტებული სურვილების დათმობაა. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმიდა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი: „სხეული შემდგარია მრავალი, თანაც, სხვადასხვანაირი ნაწილებისგან, რომელნიც, თავის მხრივ, ოთხი სტიქიისგანაა შექმნილი. როდესაც ის შეუძლოდ გახდება, სხვადასხვა წამლობას საჭიროებს სხვადასხვა სამკურნალო მცენარის გამოყენებით. სულს კი, უნივთოსა და მარტივს, დაუძლურების ჟამს ერთადერთი წამლობა კურნავს – სულიწმიდა, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“.
– როგორც თქვენ თქვით, ხშირად შური ხდება ადამიანის დასნეულების, გაბოროტების მიზეზი. რას გვეტყვით ამ ცოდვის შესახებ?
– როცა უფალი მოციქულებთან უკანასკნელ დღეებზე საუბრობდა, ამბობდა: „მაშინ გამრავლებითა უსჯულოებისაითა განხმეს სიყვარული მრავალთა“. ეს წინასწარმეტყველება უკვე სრულდება ჩვენს დღეებში, როდესაც ქრისტიანული რწმენის მტერთა მიერ ხალხში გულმოდგინედ ინერგება შური და ბოროტისმოსურვეობა. ხოლო „შურიანი თვალი“ თავად მაცხოვარმა მიათვალა უმძიმეს ცოდვათა რიგს. შური, თავისი არსით, დაუშვებელია ქრისტიანულად განწყობილი ადამიანისთვის. ყოველ კარგ ოჯახში, მის შიგნით, შეუძლებელია შური არსებობდეს, იქ ყველა ხარობს. ასევე უნდა იყოს ყველა ქრისტიანის ურთიერთდამოკიდებულებაში – როგორც ერთი ზეციური მამის შვილთა შორის. ამიტომაც გვეუბნება პავლე მოციქული, რომ არა მხოლოდ ვიტიროთ მოტირალებთან ერთად, არამედ გავიხაროთ მათთან ერთად, ვინც გახარებულია, იმის საპირისპიროდ, ვისაც სხვათა წარმატებები შურს. ხოლო იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ შურისგან, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ცოდვიან გრძნობას ჩვენი პატივმოყვარეობა და ეგოისტური მეტოქეობა უდევს საფუძვლად.