როგორ ახერხებს მირიან გუჯაბიძე თავისი თბილისური ბინიდან ყოველდღე მესტიის ყველა კოშკის დანახვას და როგორი მწვადი იწვება მეთექვსმეტე სართულზე
მირიან გუჯაბიძე კოსტავას ქუჩაზე, სასტუმრო „ვარაზის“ უკან, მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობს, მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე სართულებზე განლაგებულ დუპლექსში.
მირიან გუჯაბიძე: ეს ბინა დაახლოებით 4-5 წლის წინ ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ მაჩუქეს. მითხრეს: სადაც გინდა, იქ ამოირჩიე ბინა – მოსკოვში, კიევში, თბილისში, ბათუმში და ჩვენ გიყიდოთო. ჰოდა, დავდიოდი მთელ თბილისში და, მგონი, სადაც კი მაღალი სახლი იდგა, ყველა შემოვიარე – ხედებს ვეძებდი. მანამდე, ჯერ ვსწავლობდი რუსეთში. შემდეგ იქ დავოჯახდი და ვცხოვრობდი. მხოლოდ 1992 წელს დავბრუნდი საქართველოში. მეუღლე რუსი იყო არ გამომყვა – იქ სამუშაო არ გაქვთ, სინათლე არ გაქვთ, არაფერი არ გაქვთ და სად მიდიხარო. ავდექი, გავეყარე და მარტო ჩამოვედი.
ეს ბინა რომ ვნახე, მითხრეს, მხოლოდ ბოლო სართულებზე არის დარჩენილი ფართიო. გამიხარდა, რადგან სწორედ მაღალი სართული მაინტერესებდა. თავიდან აქ მხოლოდ კედლები იყო და სხვა არაფერი.
– სულ რამდენი კვადრატული მეტრი ფართისაა ეს ბინა?
– ორივე სართული მთლიანად 200 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სახლის აივნიდან და ვერანდიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს ნახევარი თბილისი, ფუნიკულიორი, ლურჯი მონასტერი, ფილარმონია, სამების ტაძარი... წლის ყოველ დროს მშვენიერია აქედან დანახული თბილისი.
– თქვენ ითავეთ ბინის მოწყობა?
– არა, ეს საქმე დიზაინერმა გივი დეკანოიძემ ითავა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენს აზრს ითვალისწინებდა და ერთად ვაკეთებდით საბოლოო დასკვნას. მოსკოვიდანაც ჩამოიყვანეს ახალგაზრდა დიზაინერი გოგონა, რომელიც, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ კარგად უძღვებოდა თავის საქმეს. მანაც შეიტანა გარკვეული კორექტივები ჩვენს დასკვნაში. საბოლოოდ, შედეგით კმაყოფილები ვართ, მეც და ჩემი სტუმრებიც.
– კედლისა და ფარდების ფერები ვინ შეარჩია ბინისთვის?
– ფერები ჩემი ქალიშვილის შერჩეულია. დიზაინერი სულ სხვა, გაცილებით მყვირალა ფერებს გვთავაზობდა.
ბინის ქვედა სართულზე განთავსებულია სამზარეულო-სასადილო ოთახი, ჰოლი, მისაღები ოთახი, იქვეა მარანიც, შემდეგ აუყვებით მასიურ, ხის კიბეებს და მოხვდებით ბუხრიან ოთახში, რომელსაც აქეთ-იქიდან ესაზღვრება კაბინეტი და საძინებელი ოთახები.
სასტუმრო ოთახსა და სარკეებიან ჰოლს პირობითად ყოფს მეტად ორიგინალური და მაღალ დონეზე შესრულებული ქართული ჭედურობის ნიმუშები.
– დიდხანს ვუხსნიდი ხელოსანს, თუ როგორი მინდოდა ყოფილიყო ეს ჭედურობა და, საბოლოოდ, ლამაზი გამოვიდა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაც დაჯდა. მისი დამზადებისთვის ოსტატს კვადრატულ მეტრში 500 დოლარი გადავუხადეთ, მაგრამ, ნახეთ როგორი ნამუშევარია!
ოჯახში შემოსვლისთანავე ყურადღებას იპყრობს ხეზე შესრულებული აპლიკაციები, მოჩუქურთმებული ნივთები. მათ ნახავთ როგორც მარანში. ასევე სასადილო, და ბუხრიან ოთახებში.
– ალბათ, დამეთანხმებით, რომ არაჩვეულებრივი სურნელი აქვს ამ ყველაფერს და ვიზუალურადაც მშვენიერია. მე ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს ხე. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მამაჩემთან ერთად სახერხში დავდიოდი და ნახერხით ვავსებდით ხოლმე ტომრებს, შემდეგ კი მთელი ზამთარი ამ ნახერხით ვანთებდით ღუმელს. სუნით ვარჩევ ხეების ჯიშებს. ეს სურნელი ჩემთვის დღესაც ოჯახთან და სითბოსთან ასოცირდება.
– ყველაზე მეტ დროს რომელ ოთახში ატარებთ?
– ყველაზე დიდ დროს სასტუმრო ოთახში ვატარებ, ჟურნალების მაგიდასთან, ტელევიზორის წინ, ან კომპიუტერთან – კაბინეტში.
– მეთხუთმეტე სართულზე მარნის მოწყობა ვისი იდეა იყო?
– ამ იდეის ავტორი მხოლოდ მე ვარ. მისი მოწყობა აქ ყველას შეუძლებელი ეგონა, მაგრამ, როგორც ხედავთ, საპირისპირო დავამტკიცე.
რაც აქ ღვინოა, ყველა შარშანწინაა დაყენებული, შარშან ვერ დავწურე. რაც შეეხება ამ ჩუქურთმებს, ესეც ჩემი იდეით შეასრულა ერთ-ერთმა მხატვარმა. მხოლოდ ძველი ქართული ორნამენტები შევარჩიე მასზე წარმოსადგენად. ასევე, ჩემი იდეაა აივანსა და ვერანდაზე მწვადის შესაწვავი ადგილისა და მაყალის მოსამარაგებელი კუთხის გამოყოფა.
– რაც შეეხება ბუხარსა და ბუხრის ოთახს?
– ბუხრის მეთექვსმეტე სართულზე გაკეთება ჩემმა სიძემ მოინდომა. მე ქვემოთ მინდოდა, მაგრამ ხელოსნებმა არ მირჩიეს. ამ ბუხრის დიზაინი ჩემს სიძეს ეკუთვნის.
მისაღები ოთახის კედლებს საქართველოს ხედების უზარმაზარი ფოტოები ამშევენებს, რომლებიც ჩვენი მასპინძლის, ბატონი მირიანის გადაღებულია.
– ჩემი ჰობია ძველი ადგილების აღბეჭდვა ფოტოებზე. ერთ ფოტოზე მცხეთის სალოცავი ადგილებია გამოსახული, ხოლო მეორეზე – მესტია. მესტიაში არსებული ყველა სვანური კოშკი მოჩანს ამ ფოტოზე. ევროპაში ერთ კოშკს აქა-იქ განახვებენ და თვითონვე უკვირთ... ამას შეხედეთ, ეს ანახეთ მსოფლიოს!
მსოფლიოსი რა გითხრათ, მაგრამ თქვენი ოჯახის სტუმრები ნამდვილად არ დაიკლებენ მესტიისა და მცხეთის მშვენიერი პანორამების ნახვის სიამოვნებას.
ბატონი მირიანი მის მიერ მომზადებული არაჩვეულებრივი ღვინის ლიქიორით გაგვიმასპინძლდა და რეცეპტიც გაგვიმხილა, რომელსაც სხვა დროს და სხვა რუბრიკაში გაგაცნობთ.