რა არ აკმაყოფილებს ზოგიერთ გათხოვილ ქალს საკუთარ ქმარში და რა არის ამ დროს მისთვის რელაქსაციის საშუალება
ორი ადამიანის ურთიერთობა ორი ადამიანის ურთიერთობაა და, რაც მათ შორის მოხდება, ყველაფერი დასაშვებია. მით უმეტეს, თუკი ერთად თავს კომფორტულად გრძნობენ, – ამტკიცებენ ფსიქოლოგები. ანუ, თუ თქვენს მეზობლად ოჯახი ისე არ ცხოვრობს, როგორც თქვენ მიგაჩნიათ მართებულად, ნუ იტყვით, რომ ისინი სცოდავენ. არავინ იცის, რა არის კანონზომიერება, მაგრამ მორალი არ უნდა ვუქადაგოთ იმას, ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვს ცხოვრებაზე. ადამიანები ზოგჯერ უცნაურად იქცევიან. თუმცა, მათ სრული უფლება აქვთ, ისე წარმართონ საკუთარი ცხოვრება, როგორც თავად სურთ.
როცა ქმარი ცოლს ღალატობს, მაგრამ ამას სიყვარულს არ ეძახის, არ აღიარებს იმას, რასაც საკუთარი ცოლის მიმართ განიცდის. ხოლო თუ ცოლი ღალატში დასდებს ბრალს, ძალიანაც სწყინს. აქ ბუნებრივია შეკითხვა: ქალსაც ხომ შეიძლება ჰქონდეს ცხოვრებაში ასეთი „ლირიკული გადახვევა“?
მადონა (43 წლის): ჩემი ამბის მოყოლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მინდა, საბოლოოდ დავანგრიო სულელური სტერეოტიპი, თითქოს მამაკაცებს ყველაფრის უფლება აქვთ, ქალებს კი – არაფრის. აბსოლუტურად თანასწორები დავიბადეთ. თუკი მათ უჩნდებათ სურვილები, გამონაკლისები არც ჩვენ ვართ. მე იმის თქმა არ მინდა, რომ ყველა ქალი ჩემსავით უნდა მოიქცეს, მაგრამ, თუ ვიღაც ისე არ ცხოვრობს, როგორც სხვებს მოეწონებათ, ეს არ ნიშნავს, რომ კოცონზე უნდა დავწვათ კუდიანობისთვის. არის რაღაც მომენტები, როცა დინების საწინააღმდეგოდ მოგინდება ცურვა და აკეთებ კიდეც ამას, იმ წუთში ასე გინდა და მორჩა, თორემ, მერე შეიძლება, გაკიცხო ამისთვის საკუთარი თავი.
– ანუ, საკუთარ თავთან მოდიხარ წინააღმდეგობაში?
– რაღაც ამდაგვარია, მაგრამ, როგორც გითხარით, ზოგჯერ სწორედ ეს გჭირდება. ცხოვრება გღლის თავისი ერთფეროვნებით. პრობლემები, რომლებიც ცოლ-ქმარს შორის მათი ერთად ცხოვრების პერიოდში ჩნდება: გაუცხოება, მობეზრება, მოწყენა, ვნების განეიტრალება – სწორედ ამის ბრალია. კაციც ამიტომ ცდილობს, ფლირტი ან რომანი გააბას უცხო ქალთან. სწყინდება ერთფეროვნება, თორემ, განა ცოლი აღარ უნდა.
– მოწყენილობის გამო იჩენს კაცი საყვარელს? საინტერესო მოსაზრებაა.
– საინტერესოც არის და რეალურიც. ოჯახი, მით უმეტეს, ისეთი ოჯახი, სადაც თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს, ყველა კაცს უნდა და სჭირდება. ის ძალიან ძნელად დაანგრევს ასეთ ოჯახს, თუ მართლა თავი არ დააკარგვინა საყვარელმა, რაც იშვიათ შემთხვევაში ხდება. ეს არ არის სადავო თემა, იმიტომ, რომ ისედაც ყველამ იცის. თუ ჩემი არ გჯერათ, მამაკაცებს ჰკითხეთ. მთავარია, ქალმა, ანუ ცოლმა არ გახადოს მისი ყოფნა გაუსაძლისი, რასაც, ბევრი ქალი „ახერხებს“. მე მესმის მათი, თანაც, ძალიან კარგად მესმის, იმიტომ, რომ მეც მქონდა პერიოდი, როცა ტვინს ვუბურღავდი ჩემს ქმარს. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდი, რომ „სტერვა“ ვარ და ქმარი არ მიყვარს. უბრალოდ, თუკი ცოტათი მაინც ემოციური ადამიანი ხარ, ასეთი რაღაც გარდაუვალია. კონფლიქტი და კამათი ყველა ოჯახშია, მით უმეტეს, თვითონ ცხოვრებაა ისეთი, სულელი „ფისუნია“ ვერ იქნები.
– საყვარლები ახერხებენ ამას.
– საყვარლები იმიტომ ახერხებენ ამას, რომ საგანგებოდ ამაზე აქვთ მთელი ენერგია და ყურადღება კონცენტრირებული. მათი საზრუნავიც და პრობლემაც ეს არის. ხვდებით, ხომ, რაზეც ვლაპარაკობ? როცა ცოლიც ხარ, დედაც, მეგობარიც, ფინანსისტიც, მოსამსახურეც, მზარეულიც და კიდევ საყვარელიც, სადღაც აუცილებლად მოისუსტებ. მანქანა ხომ არ ხარ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს მოუხსნა რეკორდი. საყვარლობა შედარებით მარტივია. მართალია, იმას თავისი სირთულეები აქვს, მაგრამ, ცოლობა რომ გაცილებით რთულია, რად უნდა ამას ლაპარაკი! მე საყვარელიც ვიყავი და ცოლიც ვარ. ამიტომაც ვლაპარაკობ ასე დარწმუნებით.
– აღიარებთ, რომ ქმარს უღალატეთ?
– იცით, რაშია საქმე? მოდი, ამ საკითხს ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ: მამაკაცები ისე „ცელქობენ“ თავისი ცხოვრების განმავლობაში, რომ მათ ამისთვის არავინ ლანძღავს. ქალებიც, ანუ ცოლებიც, ხშირ შემთხვევაში, თვალს ვხუჭავთ და ვპატიობთ. მე მესმის, რომ ამას ისევ ჩვენთვის ვაკეთებთ, მაგრამ, ჩვენც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გრძნობები ჩვენც გვაქვს და არაფრისგან არ ვართ დაზღვეული. ვის შეუძლია თქვას, ხვალ ამას არ გავაკეთებო?!
– გეთანხმებით, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.
– რა თქმა უნდა. თქვენც ხომ ქალი ხართ. მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ. რომელი ქალი არ ოცნებობს ველურ, მგზნებარე სიყვარულზე, მით უმეტეს, 40 წელს ზემოთ ასაკში? თანაც, როცა ხედავს, რომ მისი საუკეთესო წლები თვალსა და ხელს შუა უფერულად გაილია, გავიდა. წინ კი სიბერე ელის. ძალიან მტკივნეული განცდაა, ხომ მეთანხმებით?
– იმ ქალზე ამბობთ, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ იპოვა ცხოვრების თანამგზავრი?
– არა, გათხოვილზე. 43 წლის ქალს თუ არც ქმარი ჰყავს და არც მეგობარი მამაკაცი, მისი საქმე წასულია, ეს უიმედო შემთხვევაა, ნამდვილი „სტიქიური უბედურება“. ჩემს სიტუაციაში საქმე სხვანაირად იყო. ჩემი ქორწინება, რომელიც თვრამეტი წელია, გრძელდება, დიდი ხანია, რუტინად იქცა. არ ვიცი, მე ვიყავი ამაში დამნაშავე თუ ჩემი ქმარი ამის განსაზღვრა რთულია. ალბათ, ორივე. მაგრამ დამნაშავის პოვნაც არაფერს ცვლის.
– სიყვარულით გათხოვდით?
– დიახ. მაგრამ, ოცი წლის ასაკში სიყვარული აბსოლუტურად სხვანაირია და ორმოცდასამი წლის ასაკში – სხვანაირი. ერთმანეთს ვერ შეადარებ. ბავშვებს განსხვავებულად უყვართ.
– ოცი წლის გოგონა რომ თხოვდება, ის უკვე აღარ არის ბავშვი.
– ალბათ. მაგრამ მან ჯერ ძალიან ბევრი რამე არ იცის. რაც მთავარია, წარმოდგენა არა აქვს, რა არის ოჯახი. რამდენიც უნდა გელაპარაკონ „გამოცდილი“ მეგობრები, რამდენიც უნდა იკითხო შესაბამისი ლიტერატურა და მოემზადო, ოჯახი ყოველთვის სიურპრიზია. ადამიანსაც ბოლომდე ვერ გაიცნობ, სანამ მასთან ერთად, ერთ ჭერქვეშ არ დაიწყებ ცხოვრებას. მე არ ვარ უკმაყოფილო საკუთარი არჩევნით. გაცილებით უარესსაც შეიძლებოდა გავყოლოდი, მაგალითად, ლოთს, უსაქმურს, ნარკომანს, უხეშ და ეჭვიან ხეპრეს...
– საშინელი სურათი დახატეთ.
– რატომ? არ ჰყავთ ასეთი ქმრები? რამდენიც გინდათ. იმისთანებს იტანენ და უძლებენ, თუკი იმას გაძლება ჰქვია, გადაირევი. შეიძლება, ამ ყველაფრის შემდეგ მკითხოთ, თუკი ხვდებოდი, რომ სხვებზე უკეთესი ქმარი გყავდა, სხვასთან რაღატომ ეძებდი გასართობსო, მაგრამ ცნება – „სხვაზე უკეთესი ქმარი“, – საერთოდ არ მესმის. ის, ვინც შენთვის კარგია, შეიძლება, ჩემთვის საერთოდ მიუღებელი იყოს. ამაში არ არის საქმე. მე მართლა მქონდა იმის შეგრძნება, რომ ცხოვრება დამთავრდა...
– გათხოვილი ქალისთვის მაინც შვილებია პრიორიტეტი.
– გეთანხმებით, მაგრამ, თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, მაშინ საერთოდ არავის სჭირდები, არც შვილებს, სხვათა შორის. ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე ქალს არ ჰქონია მსგავსი პერიოდი. თუ მათ სხვასთან ერთად გააბეს ხანმოკლე რომანი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამის შანსი საერთოდ არ არსებობდა. მეც შანსი მომეცა და იმიტომაც მოხდა, რაც მოხდა, თორემ, სპეციალურად კი არ გამოვსულვარ სახლიდან ქმრის საღალატოდ. ჩემს ქმარს სულ უფრო ხშირად ვეკითხებოდი: ისევ მოგწონვარ და გინდივარ, როგორც ქალი თუ არა-მეთქი. არასრულფასოვნების კომპლექსის „შემოტევა“ მქონდა. ქალს სჭირდება, რომ კაცმა შეახსენოს, სასურველი ხარო, მასზე ეს ძალიან დადებითად მოქმედებს.
– შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ეს მხოლოდ მოცლილი ქალების პრობლემაა, იმათი, ვინც არ ფიქრობს იმაზე, ხვალ შვილებს რა აჭამოს.
– მე იმ შემთხვევებზე არ ვლაპარაკობ, როცა ცხოვრება უმოწყალოდ გექცევა და ქალობას გაკარგვინებს, ეს საერთოდ საშინელებაა. არავის, აბსოლუტურად არც ერთ ქალს არ ვუსურვებ ამას. ნორმალურ მდგომარეობაში ხომ ისეა საქმე, როგორც ჩემს შემთხვევაში. ქმრებს ძირითადად, ეზარებათ, ცოლებს კომპლიმენტი უთხრან. ხომ არანაირ ძალისხმევას არ მოითხოვს და თითქოს რა უნდა ამას, ხომ? – მაგრამ, აბა, ერთი ათქმევინეთ! თუ სხვამ, ანუ სხვა კაცმა არ შეამჩნია მისი ცოლის ღირსებები, თვითონ ყურადღებას არ აქცევენ. გამონაკლისებზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩემს ქმარს ისიც ვკითხე, შემთხვევით, ხომ არ მღალატობ-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? – რა იყო, ჩხუბი გინდაო?! რატომ იწყებ ლაპარაკს ასეთ იდიოტურ თემებზეო.
– აქედან გააკეთეთ დასკვნა, რომ გღალატობდათ?
– არანაირი დასკვნა არ გამიკეთებია, მაგრამ გული ძალიან მეტკინა. ეთქვა არაო. ჯანდაბას, თუნდაც მოეტყუებინა. თმაზე ხელი რომ გადაესვა და სულ ცოტა სითბო გამოეჩინა, მე რელაქსაცია აღარ დამჭირდებოდა. მისმა გულგრილობამ მიბიძგა სხვა მამაკაცის მკლავებისკენ. ქმრისთვის საკუთარი დანაშაულის გადაბრალება გამომდის, მაგრამ, ასეა.
– თუმცა, რაღაც ლოგიკაც იყო მის პასუხში.
– რაღაც ლოგიკა არ არის მთავარი. ამ „რაღაც ლოგიკას“ ყველა პასუხში იპოვი, თუ მთლად სულელს არ ელაპარაკები. მე და ჩემს ქმარს ინტიმურ სფეროშიც გვქონდა პრობლემები. არაფერი კარგი და აღსაფრთოვანებელი ჩვენს სექსში აღარ იყო. ორივე მოვალეობას ვიხდიდით და არც ერთი არ ვაღიარებდით ამას. ალბათ, ჯობდა, უფრო გახსნილები ვყოფილიყავით ერთმანეთთან. გვეთქვა, რაც გვჭირდა და არ მივიდოდით აქამდე. მართალია, ჩემი ძვირფასი მეორე ნახევარი, კვირაში ორჯერ, რეგულარულად ასრულებდა ქმრის მოვალეობას, მაგრამ მას უკვე აღარ ჰქონდა ის ცეცხლი, რომელიც ათი წლის წინ ახლდა ჩვენს ურთიერთობას. თქვენ წარმოიდგინეთ, სექსის მერე კიდევ უფრო ცუდად ვხდებოდი – თავს ვიდანაშაულებდი იმაში, რომ ქმარს ვეღარ ვაღელვებდი. შეიძლება, ამიტომაც დამემართა ის, რაც დამემართა. ეს გარდაუვალი იყო. შინაგანად გამიჩნდა ინტერესი, გამეგო, კიდევ შემეძლო კაცის მოხიბვლა თუ არა. შანსი მომეცა და იმიტომ წავედი ამაზე. შემთხვევამ თვითონ შეგვახვედრა ერთმანეთს. ამბობენ, რომ შემთხვევა არ არსებობს, მაგრამ, მთლად ასეც არ არის. ქუჩაში გავიცანი ახალგაზრდა კაცი. ახლა მრცხვენია, ამის თქმა, მაგრამ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი. სარეკლამო ბუკლეტებს არიგებდა და ერთი მე მომაწოდა. გავუღიმე. არ დაგიმალავთ, მომეწონა. ძალიან კარგი გარეგნობა ჰქონდა. ისეთი საყვარელი იყო, ისეთი ენერგიული, თვალებში ცეცხლი უკიაფებდა. მაღაზიაში შევედი. სათვალეს ვარჩევდი ჩემთვის. ერთი ავიღე და სარკესთან მივედი. „ეგ არ გიხდებათ, ასაკს გმატებთ“, – მომესმა ზურგსუკან. შემოვბრუნდი და, დავინახე, იქვე იდგა და მიღიმოდა. გული შემიფრთხიალდა გოგონასავით: „მე შემომყვა. ესე იგი, მოვეწონე“... თვითონ ამარჩევინა სათვალე – აი, ეს არის თქვენი სტილიო. მაღაზიიდან რომ გამოვედით, კაფეში დამპატიჟა. მეც ანგარიშმიუცემლად გავყევი. არ დამიმალავს, რომ გათხოვილი ვიყავი. საქორწინო ბეჭედიც ხომ მეკეთა. ან, რა აზრი ჰქონდა დამალვას. ტელეფონის ნომერი მთხოვა. მივეცი და მისიც ჩავიწერე. ღამით პირველი მესიჯი რომ მომწერა საათებს ვითვლი შენთან შეხვედრამდეო, ისეთი ბედნიერი ვიყავი, თავიდან დავიბადე. ათი წელი მაინც მომაკლდა. ჩემს ქმარს უკვე ეძინა. დილამდე მწერდა მესიჯებს, თანაც, ისეთებს, შეყვარებულობის პერიოდშიც რომ არ მომწერდა ჩემი ქმარი. მივხვდი, რომ სწორედ ეს მჭირდებოდა. ამიტომ, წინააღმდეგობის გაწევა არც მიფიქრია და, როცა მეორე დღეს, სეირნობის შემდეგ, შემომთავაზა, ჩემთან ავიდეთ, მარტო ვცხოვრობო, უარი არ მითქვამს.
– იცოდით, რაზეც მიდიოდით?
– რა თქმა უნდა. იმის ილუზია არ მქონდა, რომ ერთი ნახვით შევუყვარდი და დაფეთდა ჩემზე. ეს არც არაფერში მჭირდებოდა. სულაც არ ვაპირებდი ოცი წლით ჩემზე უმცროსი სტუდენტის გამო ქმრის მიტოვებას. მასთან ურთიერთობა ჩემთვის რელაქსაცია იყო, ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი და სასიამოვნო ეპიზოდი. ახალი სიცოცხლე შთამბერა. რამდენი ხანია, ჩემთვის სასიამოვნო არავის არაფერი გაუკეთებია, რომანტიკულ ვახშამზე ხომ საერთოდ არ არის ლაპარაკი – ჩემი ქმარი ასეთი რაღაცეებისგან ძალიან შორს არის. რამდენჯერ ვცადე, მე გამეკეთებინა რაღაც განსაკუთრებული მისთვის, მაგრამ, – ნუ აფრენ, რა საჭიროა, ზედმეტი ხარჯები დიდი სისულელეაო. ზედმეტ ხარჯად ერთი ბოთლი ღვინო და სალათა მიიჩნია. ხომ მაგარია? გამიჩნდებოდა ასეთ კაცთან რაიმე ექსპერიმენტის სურვილი?! ამიტომაც ვამბობ, მან მიბიძგა სხვა კაცის მკლავებისკენ.
– ვეჭვობ, ეს მაინც არ გაგამართლებთ ბევრის თვალში.
– არც მჭირდება. მე თავს კი არ ვიმართლებ, მინდა, აგიხსნათ, რას განვიცდიდი ქმართან და რა მომცა სხვა კაცთან ხანმოკლე რომანმა.
– ანუ რომანი გქონდათ?
– დიახ, გვქონდა. თავბრუდამხვევი და არაჩვეულებრივი. ისეთი რომანტიკული ვახშამი მომიწყო, ლამის გული გამიჩერდა. სექსზე, ჯობია, არ ვილაპარაკო. ასეთ რამეზე ყველაზე თამამ ეროტიკულ ფანტაზიებშიც კი ვერასოდეს ვიოცნებებდი. მითხრა, არაჩვეულებრივი ქალი ხარ, ისეთი, რომ ვერც ერთი ახალგაზრდა გოგო ვერ შეგედრება ლოგინშიო. ეს ჩემთვის ისეთი სტიმული იყო, რომ ქმართან სასწაული მოვახდინე – გაგიჟდა, რა დაგემართაო.
– ექსპერიმენტმა გაამართლა, ამისი თქმა გინდათ? თუ, კომპლექსი მოიხსენით, რადგან ქმარს უღალატეთ?
– სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობაზე ეს რომანი ძალიან პოზიტიურად აისახა. ბედნიერი ვიყავი და აღარ ვჯაჯღანებდი. სულ ვიღიმებოდი. ოჯახის წევრებს ბევრ ისეთ რამეზე ვუხუჭავდი თვალს, რაზეც მანამდე აყალმაყალს ვტეხდი. ჩვენს ოჯახში სრული იდილია გამეფდა. სინდისი სულ ცოტათი მაწუხებდა, როცა ქმრის კმაყოფილ და მშვიდ სახეს ვხედავდი, მაგრამ, იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რომ მასაც აუცილებლად ექნებოდა ასეთივე ცოდვები ჩადენილი. ვიცი, რომ ამას არ უნდა ვამბობდე, რომ ყველა ადამიანი საკუთარ თავზე თავად არის პასუხისმგებელი, მაგრამ, მე არ მიმაჩნია, რომ რაღაც ისეთი ჩავიდინე, რისი პატიებაც არ შეიძლება, თუმცა, საამისოდაც არ გამიხდება საქმე, იმიტომ, რომ ჩემი ქმარი ვერასოდეს გაიგებს, რა გადამხდა.
– რატომ ხართ ასეთი დარწმუნებული?
– იმიტომ, რომ ორივეს გვაწყობს, ეს ამბავი საიდუმლოდ დარჩეს – ჩემს საყვარელს ვგულისხმობ. ჩვენი ურთიერთობა უკვე დასრულდა და მას გაგრძელება აღარ ექნება. ყოველ შემთხვევაში, ახლა დარწმუნებული ვარ ამაში. მას საცოლე ჰყავს, რომელიც უცხოეთში იყო წასული სასწავლებლად და ჩამოვიდა. ამიტომაც დავშორდით. მითხრა, ვერ მოგატყუებ, ძალიან მიყვარს და, არ მინდა, ოდნავ მაინც გული ვატკინოო. სხვათა შორის, ის გოგო მასზე ხუთი წლით უფროსია. არ მოსწონს თავისი თანატოლი გოგოები ქარაფშუტები და თავქარიანები არიან. არც ცხოვრებაზე აქვთ წარმოდგენა და ლოგინშიც ზედმეტად ინაზებიანო. ვაღიარებ, რომ კიდევ სიამოვნებით გავაგრძელებდი მასთან ურთიერთობას ცოტა ხნით, მაგრამ, არც ის მინდა, რომ მას შევუქმნა რამე პრობლემა. თუმცა, რა თქმა უნდა, არ მიყვარს. მე ჩემი ქმარი მიყვარს.
– უცნაურია, ამას რომ ამბობთ.
– რატომ არის უცნაური? ცხოვრება მარტო სექსი ხომ არ არის! მე და ჩემს ქმარს იმდენი რამ გვაქვს საერთო და იმდენი რაღაც გვაკავშირებს, სულელი ვიქნები, ვთქვა, მის თავს სხვა კაცს ვამჯობინებ-მეთქი. სიყვარულიც ხომ ეს არის!